შოუბიზნესი

თამუნა მუსერიძე: „ბიბისიმ“ საქართველოში ყველაზე გავლენიან ქალად დამასახელა, რვა მილიონიდან შერჩეულ ას ადამიანს შორის მოვხვდი

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 06.12, 2023 წელი

თამუნა მუსერიძე
დაკოპირებულია

„ბიბისიმ” გამოაქვეყნა 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სია, რომელშიც ქართველი ჟურნალისტი და ფეისბუკჯგუფის – „ვეძებ”, შემქმნელი, თამუნა მუსერიძე მოხვდა. სხვათა შორის, ქართველი ქალი წელს პირველად შეიყვანეს მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში. BBC-ის თანახმად, თამარ მუსერიძემ დათმო ყველაფერი თავისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. კვლევის პროცესში აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ბავშვების გაშვილების ფართომასშტაბიანი შავი ბაზარი არსებობდა. მანამდე კი თამუნამ სასამართლო დავა მოუგო ლევან ჯავახიშვილს, რომელიც უსამართლოდ მოექცა მას და მის თანამშრომლებს.

თამუნა მუსერიძე: უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გასცდა. წელს ამ სიის მეათე საიუბილეო გამოცხადება იყო და „ბიბისიმ“ გადაწყვიტა, ამ სიაში საქართველო შეეყვანა. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკვირვება, აკვირდებოდნენ მედიასაშუალებებს, სხვადასხვა კომპანიებს, ჯგუფებს და ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. მითხრეს, გამოგზავნე შენი ფოტოები და ინფორმაციაო. გავგზავნე და ამიხსნეს, რასაც აპირებდნენ, თუმცა, დააყოლეს, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, დაელოდეთ 21 ნოემბერს და მანამდე არაფერი არ თქვაო. მოკლედ, 21 ნოემბერს უნდა მომხდარიყო ამ სიის წარდგენა. ვიჯექი ღამის ოთხს საათამდე და სია არ დადებულა და ბოლოს დავიძინე. თურმე, ტელევიზიით გასულა წარდგენა და მე ეს არ ვიცოდი. დილით დამხვდა ეს ამბავი და ემოციას რაც შეეხება, არ მაცადა ხალხმა, გამეანალიზებინა ის, რაც ჩემს თავს მოხდა. შემომესივნენ ტროლები, ბოტები, წერენ სისულელეებს, ვითომ გარდავიცვალე, ტრაგიკულად მოვკვდი და ამას ვიგერიებ დღემდე.

– თუმცა, როგორც ვიცი, ამ ამბავს წინ უძღოდა კიდევ ერთი ფაქტი, კერძოდ, დოკუმენტური ფილმის გადაღება.

– დიახ, ამ ამბავს წინ უძღოდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩემზე გადაიღეს და რომელიც დეკემბრის თვეში გამოვა. ფილმი არა მარტო ჩემზე, არამედ რამდენიმე ადამიანზე გადაიღეს და მე ვიქნები ერთგვარი ხიდი ერთი ისტორიიდან მეორეზე. ანუ მოვყვები ისტორიას და ამას მოჰყვება ამ ამბის ჩაშლა, მერე – შემდეგი ისტორია და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტური ფილმი სამ ისტორიაზე ანუ სამ ქეისზეა. ერთია ტყუპების ისტორია, „ტიკ-ტოკზე“ რომ იპოვეს დებმა ერთმანეთი, ორი ეხება იმ ოჯახს, რომლებსაც უთხრეს, ბავშვები გარდაიცვალნენო და სინამდვილეში ცოცხლები არიან.

– როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი ადამიანის საქმიანობა განიხილეს, რომ მათ შორის ასი გამორჩეული დაესახელებინათ.

– დავიწყოთ იმით, რომ რვა მილიონი ადამიანიდან ასადამიანში მოვხვდი. ეს ნიშნავს, რომ „ბიბისიმ“ დამასახელა საქართველოში ყველაზე ინფლუენსერ ადამიანად, ანუ ყველაზე გავლენიან ქალად, ანუ, ქალად, რომელიც ყველაზე შეუპოვრად იბრძვის გარკვეულ საკითხზე. ამ სიაში შესული არიან ადვოკატები, ადამიანის უფლებების დამცველები, კლიმატის დამცველები, ქალბატონები, რომლებიც აპროტესტებენ ნაადრევ გათხოვებებს და ასე შემდეგ. ჩემს შემთხვევაში, ამ სიაში მოვხვდი იმიტომ, რომ ვიბრძვი გაშვილებული ბავშვების უფლებების დასაცავად. მოკლედ, წელს ამ სიაში მოხვდნენ მიშელ ობამა, ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ ქლუნი და ასე შემდეგ.

– ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი და როგორ გრძნობს თავს შენი მეუღლე, სანდრო, ყველაზე გავლენიანი ქალის გვერდით?

– მეუღლემ ეს ამბავი გადასარევად მიიღო (იცინის). როცა მეილზე ფოტოები და ინფორმაცია გამაგზავნინეს, მაშინვე თქვა: ზუსტად ვიცი, მოხვდებიო. ყველასთან ამბობდა, ყველა მილოცავდა და კინაღამ მოვკალი ამის გამო, ვეჩხუბებოდი, ნუ ამბობ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი-მეთქი.

– ოფიციალური მიწვევა ხომ არ იგეგმება, სადაც სიაში დასახელებულ ქალბატონებს მიგიწვევენ?

– ვერ გეტყვით. შარშან იყო მიწვევა ინგლისში და ამ ქალბატონების კონფერენცია გაიმართა. ვფიქრობ, უნდა იყოს და თუ დამიძახებენ, აუცილებლად წავალ.

– თამუნა, ახლახან, სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა და დავა, რომელიც შენსა და ლევან ჯავახიშვილს შორის იყო, შენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. გილოცავ და იქნებ ორი სიტყვით ამ ფაქტსაც შევეხოთ.

– გარკვეული ადამიანების წრე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ჩემი სახელის შებღალვას, იმიჯის შელახვას, ხალხს ჩემს წინააღმდეგ აქეზებდა. იყვნენ ჟურნალისტებიც, ვისაც ჩემი არ სჯეროდა და ის ფაქტი, რომ სასამართლომ და სამმა მოსამართლემ ერთპიროვნულად მე მიმიჩნია მართლად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთი საკონდიტროს მფლობელმა, ლევან ჯავახიშვილმა გადაწყვიტა, ყოფილიყო ჩვენი გადაცემის სპონსორი, ცხრა ადამიანი წამოგვიყვანა სამსახურიდან და თავის ხელში აიღო ეს გადაცემა. ერთი თვე ჩვეულებრივად ჩაგვირიცხა ხელფასი და შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი: ეს ადამიანი ჩემს თანამშრომლებს უგზავნიდა ქვითრებს და ეუბნებოდა, რომ ხელფასი გადაიხადა და ეს თანხა ჩემს ანგარიშზე იყო ჩარიცხული. ეს ადამიანები თანხას მე მთხოვდნენ. რა თქმა უნდა, ეს თანხა ჩემს ანგარიშზე არ ჩარიცხულა და გვიან გავიგე, ქვითარი, რომელსაც მიგზავნიდა, დაუსრულებელი იყო, ანუ ტრანზაქცია არ იყო დასრულებული. თუმცა, ეს იმ ადამიანმა იცოდა. როცა გავიგე, რეალურად რაც მოხდა, რომ ამდენი ხალხი მოგვატყუა, ჩავრთე ლაივი და მოვყევი ამის შესახებ. ამ ადამიანმა კი, მე მიჩივლა (იცინის). საბედნიეროდ, სასამართლო ჩემი გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილებაში წერია: უდავოა ის, რომ ლევან ჯავახიშვილს ჩემთვის თანხა აქვს გადასახდელი და ისიც, რომ ეს ქვითარი ყალბი იყო. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ სიმართლე გაირკვა. თავიდან ხალხი მე მენდობოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ცოტა ეჭვიც ეპარებოდათ ამ ყველაფერში. ამიტომ ვამბობ, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ჩემი გამარჯვებით დასრულდა-მეთქი. თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული