თამუნა გომართელი: ჩემი ქმარი ამბობს, შენში ერთდროულად ხუთი სხვადასხვა ქალი ცხოვრობსო. მეც ვპასუხობ - რომელსაც როდის გააღვიძებ, ის შეგრჩება-მეთქი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
„ტყუპების“ მთავარი მახასიათებლებია კომუნიკაბელურობა, გამჭრიახობა, გონიერება, ამბიციურობა, მუდმივი მოძრაობა. სიყვარულში მათთვის აუცილებელია ინტრიგა, რთული და საინტერესო ურთიერთობები.
ვნახოთ, არის თუ არა თამუნა გომართელი „ტყუპების“ ტიპური წარმომადგენელი.
– „ტყუპების“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია კომუნიკაბელურობა და ვფიქრობ, ნამდვილად ასეთი უნდა იყოთ...
თამუნა გომართელი: ნამდვილად ასეა. ჩემი პროფესიული არჩევანი, ცხოვრების წესი, ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მთელი ციკლი ბავშვობიდან მთლიანად კომუნიკაციაზეა აწყობილი. ეს თითქოს უნარ-ჩვევა კი არა, იდენტობის ნაწილია, ცხოვრების წესია და სრულიად არ არის ზრდასრული ასაკიდან შეძენილი თვისებება, ეს თანდაყოლილია. სულ პატარას ქუჩაში შემეძლო სრულიად უცნობებთან კომუნიკაციის დამყარება – უცხო ადამიანისთვის, გამვლელისთვის კომპლიმენტის თქმა, ვინმეს დატუქსვა, საყვედურის თქმა ან შექება. ასეთი უამრავი ფაქტია, რასაც არაერთხელ ჩაუგდია უხერხულობაში ჩემი მშობლები და დღემდე დედაჩემი ხალისით მიყვება (იცინის). ზოგადად, კომუნიკაცია ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა, ისაა, რაც უნაკლოდ გამომდის.
– „ტყუპების“ წარმომადგენლები ინტელექტუალი და იმავდროულად, ორბუნებოვანი ადამიანები არიან – რა იგულისხმება აქ?
– ზუსტად ასეა, ჩვენთან საინტერესოა საუბარი, ყოველთვის შეიტყობთ რაიმე ახალს, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, სრულიად აგიყირაოთ ძველი შეხედულებებიც და მთელი ცხოვრებაც, ამიტომ „ტყუპებთან“ არასდროს მოიწყენთ. ის იმდენად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია, ყოველწამიერად შეიძლება, ახალი თვისება აღმოაჩინოთ, სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო იმისგან, რაც აქამდე იცოდით ან მასში ხედავდით. ის არასდროს მოგბეზრდება, თუმცა მას მარტივად შეიძლება მობეზრდე (იცინის). ზუსტად ეს არის ერთადერთი ჩემი თვისება, რომელიც ერთდროულად, უზომოდ მიყვარს და თან უზომოდ მაშინებს. მე მუდმივად მჭირდება მძაფრი ემოცია, თავგადასავალი, შთაბეჭდილება. არ მიყვარს ერთი და იგივე გზით სიარული, ბევრად მირჩევნია ახალი გამოწვევები, ახალი სირთულეები, ახალი მიზნები. მარტო ასეა ცხოვრება საინტერესო.
– რამდენად ცვალებადია თქვენი ხასიათი?
– ძალიან. დღეში შეიძლება რამდენჯერმე შემეცვალოს განწყობა, ამაზე მოქმედებს ამინდიც, ტანსაცმელიც, პირველივე ხედი ფანჯრიდან, ყავის გემო, პირველი სიტყვა, რასაც გაღვიძებისთანავე გავიგებ. ჩემი ქმარი ხშირად ამბობს: შენში ერთდროულად ხუთი სხვადასხვა ქალი ცხოვრობსო და რეალურად ასეა, მეც ვპასუხობ – რომელსაც როდის გააღვიძებ, ის შეგრჩება-მეთქი (იცინის)
– როგორც „ტყუპებს“ ახასიათებთ – თავგადასავლების მაძიებელი ხართ?
– კი, ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს შემოვლილი და ყოველთვის ვცდილობ, ისეთი ადგილები მოვინახულო, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი. ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არასდროს მივდივარ. არ ვიცი ცურვა და წყალში ყოველთვის შევდივარ – ესაა ჩემი მახასიათებელი კონკრეტულადაც და ზოგადადაც. ასე ვიქცევი ყველა სიტუაციაში.
– „ტყუპები“ ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, სიმართლის მოსმენა კი ბევრს არ უყვარს. როგორია თქვენი მიდგომა და გამოცდილება ამ კუთხით?
– სიმართლე უალტერნატივოა, მას არ გააჩნია შემცვლელი. არც შელამაზება სჭირდება და არც შემოვლითი გზით მიდგომა. სიმართლე წამალია, რომლის მიღებაც უნდა შეგეძლოს და გაცემაც. სხვა შემთხვევაში ვერც საკუთარ თავს გამოადგები და ვერც სხვას.
– „ტყუპები“ საინტერესო მოსაუბრეებად მიიჩნევიან, მათი ისტორიები ხშირად იწვევს ხალისს - რამდენად ეთანხმებით?
– სრულიად ვეთანხმები, ჩვენ საათობით ქაქანი შეგვიძლია, ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა, ისეთი ამბების მოყოლა საკუთარ თავზე, რასაც სხვისგან ვერასოდეს გაიგებთ. ამიტომ, „ტყუპებთან“ ყოველთვის ერთობი, ერთ წამში შეიძლება აგატიროთ, მერე გაგაცინოთ, წამის მერე დაგაფიქროთ, მერე გაიძულოთ გულწრფელი იყოთ მასთან, ეს არაა მანიპულაცია, ეს მისი ბუნების ნაწილია, რითიც ის სრულიად განსხვავდება სხვებისგან.
– „ტყუპები“ - ადამიანი სიურპრიზები არიან, შეუძლიათ ყოველ ჯერზე გაგაოცონ. ასეა?
– ზუსტად ასეა. ჩვენ შეგვიძლია, ვაპატიოთ ადამიანს ის, რასაც სხვა არავინ აპატიებს. ზუსტად მეორე წუთში კი უკომპრომისო ვიყოთ ისეთ საკითხში, რაშიც ნებისმიერი ადამიანი დათმობაზე წავიდოდა. ამაშია ჩვენი უნიკალურობა და ამიტომ ვართ ყოველთვის არაპროგნოზირებადი და ამოუცნობი.
– ეს ნიშანი საკმაოდ ამბიციურად მიიჩნევა, ასეა თქვენს შემთხვევაშიც?
– დიახ, ასეა. ჩვენი თვითშეფასება მთლიანად აგებულია ჩვენივე საკუთარ თვითცენზურასთან. ჩვენ თავად ვართ საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი და ობიექტური შემფასებლები, არასოდეს ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ სხვა რას იფიქრებს ან როგორ შეაფასებს ჩვენს ამა თუ იმ ნაბიჯს. სწორედ ამიტომ გამოვიყურებით ამბიციურ ადამიანებად, არადა, რეალურად, ეს ჩვენივე პროექციაა ყველა საკუთარი საქციელის, ათასჯერ გადამოწმებული და გაზომილი.
– ალბათ, უნდა გიყვარდეთ მუდმივად მოძრაობაში ყოფნა, არა?
– პერპეტუუმ მობილე. არ შეიძლება გაჩერება, მუდმივად უნდა იმოძრაო, სტაგნაცია ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. შეიძლება, მოტყუვდე, შეგეშალოს, შეცდომა დაუშვა, წაიქცე, წაბორძიკდე, გეტკინოს, მთავარია, არ გაჩერდე, წამოდგე და გზა განაგრძო, ყველა სიტუაცია ან გაახლოებს ბედნიერებასთან, არ ჭკუას გასწავლის და გამოცდილებას გძენს, რომ დაუახლოვდე ბედნიერებას, მესამე ვარიანტი არ არსებობს.
– სიყვარულში „ტყუპებისთვის“ აუცილებელია ინტრიგა... საერთოდ, გიყვართ რთული და საინტერესო ურთიერთობები, არა?
– ასეა, ცხოვრება არაპროგნოზირებადი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში რუტინად გადაიქცევა, რაც ჩვენთვის მომაკვდინებლად დამთრგუნველია. სიცოცხლე წიგნს უნდა ჰგავდეს, სადაც არასოდეს იცი, რა ხდება მომდევნო თავში. პროლოგშივე თუ იცი ეპილოგის შინაარსი, წიგნი უნდა დახურო და ახალი წიგნი გადაშალო. არასოდეს მეშინია ცხოვრების თავიდან დაწყება და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესოა ხოლმე.
– როგორც წესი, ისინი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები არასდროს არიან და მუდმივად მეტი უნდათ. ეთანხმებით?
– ყოველი დღე ახალი ფურცელია, რომელსაც თავისი წილი სიხარული და წყენა მოაქვს. დღეს რაც ჩემთვის საკმარისია, ხვალ უკვე უინტერესო და გავლილი ეტაპია. წარსულზე აღარასდროს ვფიქრობ და ეს ბოლო წლებია, აღარც მომავალზე, იმიტომ რომ არავინ იცის, ხვალ რა იქნება. ვარ ახლა და აქ.
– თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა მათ ხელს უშლით ურთიერთობების აწყობაში. ასეა?
– ჩვენი ბედნიერება გადის თავისუფლებაზე. სადაც გვზღუდავენ, გვიჭერენ, გვაკავებენ, ჩარჩოებში გვაქცევენ, იქიდან გავრბივართ, იქ არ ვჩერდებით. თუკი ეს პარტნიორისთვის დამთრგუნველია, ჩვენ ასეთ პარტნიორს არ ვირჩევთ, ჩვენ ნდობასა და თავისუფლებაზე აგებული ურთიერთობები გვჭირდება. სადაც ნდობაა, იქ თავისუფლებაცაა. სადაც არაა თავისუფლება, იქ არც ნდობაა. ასეთ გარემოში ჩვენ არ ვჩერდებით. მარტო ყოფნა ჯობია ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენას. მე ასეთი მეგობრებიც კი მოვიშორე.
– „ტყუპების“ გაბრაზება ძალიან რთულიაო. ეთანხმებით? და როგორი ხართ გაბრაზების შემთხვევაში?
– გაბრაზებული ფეთქებადსაშიში ვარ, მე თვითონ რომ მეშინია საკუთარი თავის, ზუსტად ისეთი. უბრალოდ, დიდხანს არ მიმყვება ბრაზი, მალე მავიწყდება ისიც კი, რაზე ვიყავი გაცოფებული. შიგნით არ ვიტოვებ და ეს თვისება ყველაზე მეტად მიყვარს საკუთარ თავში.
– ამ ზოდიაქოს რა თვისებებია, რომელიც საკუთარ თავში ძალიან მოგწონთ და რას გამოასწორებდით სიამოვნებით?
– არაფერს არ გამოვასწორებდი. მიყვარს ჩემი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ, ყველა ჩემი თვისებით. არა მარტო მიყვარს, არამედ მავსებს და მაცოცხლებს ჩემი ჰარმონია საკუთარ თავთან. ჩემი თამუნა ლაღი, თავდაჯერებული, ძლიერი, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ქალია, რომელსაც დიდი გზა აქვს გამოვლილი, კიდევ უფრო დიდი წინ აქვს და ყველა უკვე გადადგმული და აწი გადასადგმელი ნაბიჯისთვის მადლიერი ვარ ღმერთისა და სამყაროსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





