ნუკა მარგველაშვილი: მქონდა განცდა, რომ მთელ ქვეყანას უნდა ეთქვა მადლობა, ეს რა გმირობა ჩაიდინეო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
ნუკა მარგველაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნუკა მარგველაშვილი?
ნუკა მარგველაშვილი: უპირველესად, ჩემი ერთადერთი შვილის დედა, შემდეგ კი ჩემი ოჯახის წევრების საქმიანობის გამგრძელებელი. ძალიან ვცდილობ, მათ „თავი არ მოვჭრა“ და ისე გავაგრძელო ეს გზა, როგორც იმსახურებენ.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– შეიძლება, ჩემთვის არის ასე, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ დღეს ოცნებისთვის დრო ნაკლებად რჩება. უფრო პრაგმატულ მიზნებზე გადავედით. მე არასდროს ვოცნებობ. არ ვიცი, შესაძლოა, ეს არ არის კარგი, მაგრამ არასდროს მომნდომებია, იახტა მყოლოდა ან რამე მსგავსი. ალბათ, საოცნებო ცხოვრება მაინც ასოცირდება ბედნიერ ადამიანთან, ბედნიერი კი ხარ მაშინ, როცა ირგვლივ ყველა ჯანმრთელად გყავს, იცი, რომ თავს კარგად გრძნობენ და არაფერი უჭირთ.
– როდის იტირე ბედნიერების და ასევე, მწუხარების ცრემლებით, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
– მართლა ორივე მიზეზით ძალიან ხშირად ვტირი, მაგრამ გამორჩეულად, ბედნიერების ცრემლებით ვიტირე, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ერთია, როცა შენი პირადი სიხარულია, მაგრამ მეორეა ასეთი საერთო სიხარული, რაც ალბათ, ამ მასშტაბის ჩემს თაობას არ ახსოვს. ამას საოცარი ძალა ჰქონია. შეუჩერებელი სიხარულის ცრემლები მდიოდა. სიხარულისგან ქუჩაში ერთმანეთს ვეხუტებოდით.
რაც შეეხება მწუხარების ცრემლებს, საშინელ სევდასა და საოცარი ობლობის განცდას, ეს პატრიარქის გარდაცვალებას უკავშირდება. ალბათ, ყველა ნორმალურ ადამიანს ერთი და იგივე განცდა გვაქვს. აქაც საერთო მწუხარებაა, თურმე საერთო სიხარულს და საერთო მწუხარებას საოცარი ძალა ჰქონია. ეს სრულიად სცდება პირად განცდებს.
– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?
– ძალიან ბევრ რამეს, თუმცა, ვიცი, რომ დროის დაბრუნება არ გამოვა. ადრე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ხოლმე, ნეტავ ეს ასე გამეკეთებინა, ეს ისე არ გამეკეთებინა და მსგავსი, ახლა ასე აღარ არის. იმიტომ კი არა, რომ შეცდომა აღარ მომდის ან აღარაფრის შეცვლა მინდა, უბრალოდ, ამ მუდმივად წარსულის გამოსწორებაზე ფიქრმა იმდენად შემაწუხა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ეს აბსოლუტურად ფუჭი ფიქრია, რადგან არ არსებობს დრო დაბრუნდეს. ერთადერთი, რასაც ახლა ვცდილობ, ისაა, რომ „იმ ნუკას“ გავუგო. მაშინ ასე მეგონა სწორი და შესაბამისად ვიქცეოდი. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ძალდატანებით არასდროს არაფერი გამიკეთებია. მგონია, რომ რაღაცების გამოსწორება მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, რომ გამოცდილებად მიიღო. თუ აზროვნებ, იცი, რომ შეცდომა გადასარევი გამოცდილებაა. შეცდომებმა, რომელიც ძალიან ბევრი იყო, მომცა საჭირო გამოცდილება საიმოსოდ, რომ იგივე მეორედ აღარ გავიმეორო. მაგალითად, დღეს „ფეისბუქი“ წლების წინანდელ მოგონებებს რომ მახსენებს, ძველ სტატუსებს რომ ვკითხულობ და რაღაცები მახსენდება, მრცხვენია ხოლმე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის, ვინც ეს დაწერა, საერთოდ სხვა ადამიანი იყო (იცინის). ეს, ალბათ, კარგია. როგორ შეიძლება, 20, 30 და 35 წლის ასაკში ერთნაირად ფიქრობდე?! თუ ეს ასეა, ესე იგი, რაღაც რიგზე ვერ არის.
– რა არის ის, რაც ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად გამოცადე?
– ყველაზე მძაფრი ემოცია, რაც ბოლო პერიოდიდან მახსენდება „ჰაუსის“ პირველი ლაივის დროს იყო. პირდაპირ ეთერში აქამდეც არაერთხელ ვმჯდარვარ, წამიყვანია დილის თუ შუადღის გადაცემები, მაგრამ ის ენერგია და ემოცია, რაც ჰაუსის პირველ ლაივზე მქონდა, საერთოდ სხვა იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე ყურებადი შოუ მიმყავდა, რომლის გამოცდილებაც საერთოდ არ მქონდა. მიყურებდა ძალიან ბევრი ადამიანი და ეს იყო საოცარი ადრენალინი. ალბათ, იმ მომენტში ჩემთვის ვინმეს პულსი რომ გაესინჯა, შეიძლება, მაშინვე საავადმყოფოში გადავეყვანე. ძალიან ძლიერი ემოცია იყო. ამიტომაცაა, რომ პირველი ლაივიდან რაღაც მონაკვეთები არ მახსოვს. ბაკურ ბაკურაძე მიხვდა, რომ სანამ მართლა საკაცით გამიყვანდნენ, ცოტა უნდა „შემოელაწუნებინა“. არასდროს დამავიწყდება ის წამები, მაშინ ის ჩემს გადამრჩენელად ჩავთვალე. არ მახსოვს, რას მეუბნებოდა, როგორ მამხნევებდა, მაგრამ მახსოვს, რომ ეთერში შესვლამდე ჩემ გვერდით იყო და დიდი ძალა მომცა.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ყველაზე დიდ გამარჯვებად ჩემს თავს, რა თქმა უნდა, შვილის გაჩენას ვუთვლი. 22 წლის ვიყავი და რომ ვიმშობიარე, მქონდა განცდა, რომ მთელ ქვეყნიერებას უნდა ეთქვა მადლობა, ეს რა გმირობა ჩაიდინეო. ვის უკვირს, რაზეა საუბარი, მაგრამ რა უნდა გააკეთო ადამიანმა ამაზე მეტი?!
ჩემი ყველაზე დიდი მარცხი? ალბათ, პროფესიულად თუ შევხედავთ, ეს მაინც სიზარმაცესა და რაღაცების არასათანადოდ მონდომებას უკავშირდება. სიმღერას რაც შეეხება, მგონია, რომ სათანადოდ არ მოვინდომე, არ მოვუფრთხილდი ხმას. არაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ სცენაზე ვყოფილიყავი. მარცხიც და სინანულიც – რატომ არ გავაკეთე, ზუსტად ამას უკავშირდება. დღეს იოგებთან დაკავშირებით ისეთი პრობლემები მაქვს, საერთოდ დამთავრებულია ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი, რაც ძალიან ცუდია, რადგან ალბათ, თუკი რამის პოტენცია, ნიჭი და საშუალება მქონდა, ეს იყო. მეგონა, სულ ასე იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო ხმისა და სმენის იმედად არ უნდა ვყოფილიყავი. ხომ იცი, რაც თანდაყოლილი გაქვს, გგონია, რომ იმას გაფრთხილება არ სჭირდება. ასე რომ, ჩემი მარცხი ისაა, დღეს რომ აღარ ვმღერი.
– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, ეს თვისება გააღვიძოს შენში?
– მე „მორიელი“ ვარ. სასტიკი და მოძალადე არ ვარ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩემი ძალიან ახლობლები იყვნენ, რომელთა დაკარგვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მინდოდა, დავკარგე. შეიძლება, არ არის სწორი, როცა ადამიანს არ მიუთითებ იმაზე, რაც არ მოგწონს, რაც სწორად არ მიგაჩნია, მერე კი, როცა მოთმინების ფიალა ამევსება, უკვე სულერთი ხდება ჩემთვის ის ადამიანი. არ ვიცი, შეიძლება, მისი გადმოსახედიდან სასტიკი ან გულგრილი ვიყო, რადგან წერტილი დავსვი, მაგრამ მე თვითონ აბსოლუტურად უემოციო ვარ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემი ახლობლები იყვნენ, მაგრამ იკადრეს ტყუილი და თამაში ურთიერთობებში. თუ ზღვარი გადალახეს, იქ ყველაფერი მთავრდება, რადგან მე ზუსტად ვიცი, ეს ზღვარი ჩემთვის რას გულისხმობს. ეს არ არის, ერთხელ, ორჯერ ან ათჯერ არასწორად მოქცევა. მე ძალიან ვუფრთხილდები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. მაქსიმალურად ვცდილობ, მირჩევნია, მე მეწყინოს და კონფლიქტი არ იყოს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთონ. რადგან ასე მოიქცნენ, იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ძალიან ახლობლები იყვნენ და დღეს აღარ არიან, არც გული მწყდება და არც მენატრებიან. ერთადერთი, ჯვარი წერია, მაგრამ თუ რამე გაუჭირდებათ და მე მათთვის ხელის გამართვა შემეძლება, ამას აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ურთიერთობის აღდგენას, ყველაფერს დავასრულებ. უბრალოდ, ცუდს არავის ვუსურვებ, იყვნენ კარგად და თავისთვის. უბრალოდ, ასეთ ადამიანებთან სრულიად ვარ დაცლილი ემოციებისგან და მერე, არც ემოციები, არც ბოდიში, საერთოდ არაფერი მაინტერესებს.
– რა გსმენია საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ცოტა გულსატკენიც?
– სასიამოვნო ის, რომ სადაც ვყოფილვარ, იქ ადამიანებს კარგად უგრძნიათ თავი, კარგი დრო უტარებიათ ჩემთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენ გარემოცვაში ყოფნა უხარიათ. არასასიამოვნოზე მეტად უფრო სასაცილო რამეები გამიგია. გული არ მტკენია, მაგრამ ვაიმე, დედა-მეთქი, მიფიქრია. მაგალითად, გამიგია, რომ 100 000 მაქვს ხელფასი. არ ვიცი, ვინც ამას წერდა რა ეგონათ, მაბულინგებდნენ თუ რა იყო, მე კი ვფიქრობდი, თქვენს პირს შაქარი-მეთქი (იცინის). უფრო მცდარი შეხედულებები გამიგია ჩემ შესახებ მათგან, ვინც არ მიცნობს. ჰგონიათ ხოლმე, რომ არ ვარ უშუალო და რომ ზემოდან ვიცი ყურება. არადა ეგ თვისებები ნამდვილად არ მახასიათებს და რომ გამიცონობენ, ორ წამში ეცვლებათ ხოლმე აზრი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





