შოუბიზნესი

ნანუკა მერლანი: მეგონა, არავისთვის არაფერი არ უნდა დამეთმო და გადავაბიჯე ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00

ნანუკა მერლანი
დაკოპირებულია

ჟურნალისტსა და ინფლუენსერს, ნანუკა მერლანს ძალიან აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. სვანეთში დაბადებული და გაზრდილი ულამაზესი გოგონას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დღეს ზუსტად მშობლიური მხარის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობაა.

ნანუკა მერლანი: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. სვანეთში, ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე. ჩემი მშობლები მარადიული შეყვარებულები არიან და მათი შემხედვარე, ძალიან ჯანსაღი და სიყვარულით სავსე გარემო მქონდა. სკოლაც სასიამოვნოდ მახსენდება, ირგვლივ ყველა ჩემიანი იყო.

მთები, თავისუფლება, სილაღე – ყველაფერი კარგად მახსენდება და მადლობელი ვარ იმ წლების გამო.

ჩემები ხაზგასმით ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან მეტიჩარა და „დიდური“ ბავშვი ვიყავი. ცელქი და აქტიური. ვიღაც თუ ეზოში ბურთს თამაშობდა, მე ხან ხეებზე დავცოცავდი, ხან კოშკის სახურავზე ვთამაშობდი. თითქოს ბიჭურიც ვიყავი, მაგრამ თან პრანჭია გოგოც.

ძალიან მიყვარდა ცეკვა და ძალიან პატარობიდან მე-12 კლასის ბოლომდე ვცეკვავდი. რომ ჩავაბარე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, მაშინ შევწყვიტე.

– სკოლაში როგორი გოგო იყავი?

– ვერ ვიტანდი მათემატიკას. ვერაფრით შევიყვარე, იმის მიუხედავად, რომ ოჯახში მათემატიკოსები მყავს. ჰუმანიტარული საგნები მომწონდა. საკმაოდ მორჩილი ბავშვი ვიყავი. რადგან დეიდა და დედა მასწავლებლები არიან, ჩემი პასუხისმგებლობები კარგად მქონდა გაცნობიერებული. ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად მაკვირდებოდნენ და მეც ვცდილობდი, წესიერი მოსწავლე ვყოფილიყავი.

– ჟურნალისტობა სკოლის პერიოდიდანვე გინდოდა?

– სხვათა შორის, მსახიობობა მინდოდა. განსაკუთრებით კინო და ეკრანი მიზიდავდა. ზოდიაქოთი ლომი ვარ და მგონი, ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებულად გვიყვარს (იცინის). მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტიკაზე შევაჩერე არჩევანი. დეიდა მყავს ჟურნალისტი. მან შემაყვარა ეს პროფესია. თვითონ აღარ არის ამ საქმეში, მაგრამ მე გავყევი მის გზას.

– ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა როგორ მოგეწონა რეალობაში?

– ეს საქმე შორიდან ძალიან ვარდისფერი ჩანს, ვერ იაზრებ იმ სირთულეებს, რაც ამ პროფესიას ახლავს. ცხოვრებაში მარტივი არაფერია და ეს საქმე, მით უმეტეს, ვერ იქნება, რადგან უამრავ ადამიანთან გაქვს შეხება, შენს ნამუშევარს უამრავი აფასებს, ძალიან საჯარო ხდები და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო – იმისთვისაც, რომ ვიღაცას მოეწონები და იმისთვისაც, რომ შესაძლოა, ვიღაცას სრულიად უმიზეზოდ არ მოეწონო. ბავშვობაში ამ დეტალებზე არ ფიქრობ, უბრალოდ, კამერასთან დგომის ხიბლი გაქვს, ამიტომაც იყო ჩემს წარმოდგენაში უფრო ვარდისფერი. ვერ ვიტყვი, რომ გახუნდა, მაინც მომწონს, თუმცა ახლა სირთულეებსაც ვხედავ. მიუხედავად ამისა, ამ პროფესიამ ბევრი მომცა, მათ შორის, სითამამე, თავდაჯერებულობა, ადამიანების ცნობა მასწავლა. ამ პროფესიამ მასწავლა დათმობაზე წასვლაც, რაც ბავშვობიდანვე ძალიან მიჭირდა. მეგონა, არავისთვის არაფერი უნდა დამეთმო და ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას გადავაბიჯე.

– ჟურნალისტიკას ინფლუენსერობაც შეუთავსე. ეს როგორ მოხდა?

- შემთხვევით. თავიდან საკუთარი სიუჟეტებისა და კადრს მიღმა მონაკვეთების ატვირთვა დავიწყე სოციალურ ქსელში. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და შედეგად ჩემს სიუჟეტებზეც უფრო გაიზარდა ინტერესი. „ხელი ხელს ბანს“ ამბავი გამოვიდა.

შემდეგ, ასევე სრულიად ბუნებრივად, სვანურ ენაზე გავაკეთე აქცენტი. თითქოს, ჩემი ნიშა ვიპოვე. ალბათ, კარგია, როცა სხვებისგან რაღაცით განსხვავდები.

– სვანებისგან როგორი ემოციები მოდის?

– თბილისშიც გამოხატავენ ემოციებს და ზოგადად, შინაგანად ამის გამო დარცხვენილი ვარ. რომ მოდიან, მეხუტებიან და მეფერებიან, სულ ეს კითხვა მიჩნდება – განა რა გავაკეთე ასეთი-მეთქი?! რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, დადებითი ემოციებით მავსებენ, მაგრამ სვანებისგან კიდევ უფრო განსაკუთრებით იგრძნობა სიყვარული და მხარდაჭერა.

სადაც არ უნდა ვიყო, ყველა სვანური ტრადიცია ჩემთან იქნება და როგორც შევძლებ, ისე დავიცავ.

– სვანების ხასიათზე ლეგენდები დადის, როგორი ხასიათი აქვს ნანუკას?

– სვანების ხასიათზე ძალიან ბევრი არასწორი შეხედულება არსებობს, თუმცა სვანეთთან მჭიდრო კავშირის, ხშირი მიმოსვლისა და ურთიერთობების შედეგად ვფიქრობ, ეს სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა. ძალიან მიხარია, რომ ასეა.

ვფიქრობ, რომ სვანებს ლოგიკურად გვაქვს ჩვენებური სიმძიმე. ზოგადად, ყველა ადამიანი თავისუბურია. ლოგიკურად მძიმეს ვამბობ იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, ჩადიხარ სვანეთში, ძალიან მძიმე და მკაცრ ბუნებაში: შხარა, უშბა, თეთნულდი, სვანური კუშტი კოშკები... და გინდა მითხრა, რომ იქ სხვანაირი გავიზრდებოდი?! არა, როგორ ბუნებაშიც იზრდები, ისეთი ხასიათი გიყალიბდება. თუმცა, ზედმეტი სიმძიმე, რასაც ხაზს უსვამენ, ვფიქრობ, არცერთს არ გვჭირს.

– გარეგნობით, თითქოს, მკაცრი ხარ. სანამ ახლოს გაგიცნობენ, ალბათ, ყველას ასეთი ჰგონიხარ.

– კი, ყველას ეგ დამოკიდებულება აქვს. მეუბნებიან, რომ ცოტა ამაყი, ამპარტავანი და მკაცრი ვგონივარ. ამპარტავნული გარეგნობა – არ ვიცი... (იცინის) თითქოს, ცოტა არაჯანსაღი შეფასებაა დისტანციიდან. საერთოდ, მეც დისტანციური ვარ, არ მიყვარს ადამიანებთან ზედმეტად გახსნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომუნიკაციას ვერიდები. გაცნობის შემდეგ მეუბნებიან ხოლმე, როგორი სხვანაირი ყოფილხარ, ნანუკაო. არ ვიცი, როგორია „სხვანაირი“, მაგრამ ასეა (იცინის).

– ძალიან გამორჩეული გარეგნობა გაქვს და სილამაზის გამო, დარწმუნებული ვარ უამრავ კომპლიმენტს იღებ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

– ვის არ უხარია, როცა კომპლიმენტებს ეუბნებიან. ადამიანის ეგო ამით იკვებება, კაცია თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, გარეგნობაზე კომპლიმენტები ჩემთვის არასდროს იყო პრიორიტეტული. ყოველთვის მერჩივნა, აქცენტი იმაზე გაკეთებულიყო რაც უფრო ღირებულია. გარეგნობით არც მე ვაფასებ სხვას. თუმცა კი, მიხარია და მადლობელი ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით კომპლიმენტებს ვიღებ.

– ბოლოს იმასაც გკითხავ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, რადგან დარწმუნებული ვარ, ესეც ბევრს აინტერესებს.

– კი, ამასთან დაკავშირებით უამრავ კითხვას ვიღებ – ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე, სიწყნარე და სტაბილურობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი