ეკა კვალიაშვილი: ერთი წამით არ დამიშვია, რომ ეს დაავადება მჭირდა და არც განვიცდიდი
ავტორი: ნონა დათეშიძე 12:07
ბევრჯერ მსმენია მომღერალი ეკა კვალიაშვილი უხეში, ხისტი ხასიათის ადამიანია, უკარება და ამპარტავანიო. თუმცა, ვინც მას იცნობს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ის თბილი, ადამიანური და მოსიყვარულე პიროვნებაა. უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას. ათი წლის წინ ექიმებმა მომღერალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ახლახანს კი თურქეთში გაკეთებულმა ანალიზებმა ეს დაავადება გამორიცხა და გლუტენის აუტანლობა დაუდგინა, რომელიც ალერგიას იწვევდა და საშინელ რეაქციას აძლევდა. ეკა საკმაოდ ახლოს იყო პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა, მეგობრობდა და სწორედ მისი რჩევები გახდა საწინდარი, ცხოვრებაში სიმშვიდე მოეპოვებინა. ჩვენ მას დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
ეკა კვალიაშვილი: ადრეულ ასაკში, რაღაც-რაღაცები უფრო მეტად მიმქონდა გულთან, უფრო მეტად განვიცდიდი, გულს მტკენდა. მერე, როცა სამყაროს პრინციპების შესწავლა დავიწყე და გავაცნობიერე, ადვილი გახდა ჩემთვის ცხოვრება. ამ ყველაფერში ჩემთვის პირველი ბიძგი და სტიმული პატრიარქი გახლდათ. პატრიარქის ხშირი სტუმარი ვიყავი, ვმეგობრობდით, ძალიან ვუყვარდი, სიმღერებს პირველად მასთან მივარბენინებდი, რომ მოესმინა და რაიმე შინაარსობრივი შეცდომა არ ყოფილიყო. ჩემი სიმღერების ტექსტები, ცხოვრებისეული, ღრმა აზრის მატარებელია. სხვათა შორის, არტისტიზმი, სიმღერა, მუსიკალური და წერის ნიჭი, ზოგადად, ხელოვნებისადმი მიდრეკილება, მთელს ოჯახს გენეტიკაში გვიდევს და ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი ჯერ მამაჩემი იყო, მისი გემოვნების ძალიან მჯეროდა და შემდეგ პატრიარქს ვასმენინებდი. არასოდეს მოუცია შენიშვნა, თუმცა ერთხელ მითხრა: იცი, როგორი სიმღერა მინდა დაწერო საქართველოზე? აი, „ბარსელონა“ რომ არისო. იგულისხმა ფრედი მერკური და მონსერატ კაბალიე რომ ასრულებდნენ. ისეთი სიმღერა რომ დამეწერა, ლაღიძე უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ვუთხარი: ყველანაირად შევეცდები, მაგრამ ეჭვი მეპარება, შევძლო-მეთქი. შევქმენი უფლის სადიდებელი. ის რომ მივუტანე და მოუსმინა, არ დამავიწყდება, ფეხზე წამომიდგა და ტაში დამიკრა. სასულიერო პირების დელეგაცია იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, დედაოებმაც მოისმინეს და იტირეს. პატრიარქმა დამლოცა და მითხრა: წინაწარმეტყველური სიტყვებია ამ გალობაში, საიდან მოგივიდა აზრადო. ვუპასუხე, არ მიმაჩნია, რომ ასეთ ლექსი დამოუკიდებლად დავწერე, ეს, ალბათ, უფლის ნება იყო, ზემოდან წამოსული-მეთქი.
– როგორც ვიცი, ხატვის ნიჭიც გაქვს და ესეც გენეტიკურია? რომ არა მომღერალი, ალბათ, მხატვარი იქნებოდი.
– სხვათა შორის, ბაბუა, მამის მამა – კოტე კვალიაშვილი, დამსახურებული მხატვარი იყო და მეც ძალიან კარგად ვხატავდი. ადრე ვხატავდი. დიდი ხანია, აღარ დამიხატავს და რომ ვცადო, ალბათ, ისევ კარგად გამომივა. გარდა ხატვისა, კომპოზიციის ნიჭიც მაქვს, პოეზიის, ძალიან კარგად ვწერ სცენარს და პროექტს. წერის ნიჭი მამიდისგან, მარიკო კვალიაშვილისგან დამყვა. ასე რომ, ოჯახიდან დამყვა ის ნიჭი, რაც მაქვს და რითიც ვამაყობ.
– ბევრჯერ გატკინეს გული, თუნდაც, შენი პრინციპული ხასიათის გამო. ყველაზე მეტად როდის დაითრგუნე?
– უამრავი რამ თქვეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერცერთხელ ვერ დამთრგუნეს. იცით, რატომ? რაც არ უნდა ელაპარაკათ, მე ხომ ვიცოდი, რომ მოგონილი და შეთხზული იყო ის ყველაფერი, რასაც ამბობდნენ. ჩემზე, როგორც მომღერალზე, ვერ მოქმედებდნენ, რას იტყოდნენ – ეკა ცუდად მღერისო? აქედან გამომდინარე, დაიწყეს მცდელობები ჩემი ავტორიტეტის დაკნინების – ცუდი ხასიათი აქვს, ამპარტავანია, მოჩხუბარია... არ მიესალმოთ, თორემ გაგლანძღავთ და ათასი სისულელე. ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ არცერთი ეს ბრალდება არ იყო მართალი. ყველას უკვირს, საიდან მოიტანეს მსგავსი რამეო.
– მახსოვს, შენს დაავადებაზეც თქვეს, იგონებსო...
– როცა უნდათ, შენი ავროტიტეტი შელახონ, ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს კადრულობენ. სწორედ იმ პერიოდში, ბევრი უღირსი ამოტივტივდა და ბევრიც ჩატივტივდა. მე მაინც ვერაფერი დამაკლეს, ასეთი გენეტიკა მაქვს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ მაინტერესებს, ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდაო, ხომ გაგიგიათ? იყეფონ, იყმუვლონ, მე მაინც წინ მივდივარ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის საქმეში. მე ეს პრინციპი მაქვს – მებრალებიან.
– სოციალურ ქსელში წერდი, ჩემი დაავადების – გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი – შეცდომით დასმული დიაგნოზი იყოო. სად გადაამოწმე და რა აჩვენა ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა?
– ახლახან თურქეთში გახლდით, სამსუნგის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ცუდად წავიქეცი, ფეხი დავიზიანე, სიარული მიჭირდა და ამ ტრავმის გამო, წავედი თურქეთში. საქართველოში, ვისთანაც მივედი, ვერაფერი მომიხერხეს; გავაკეთე კონცერტები, შევაგროვე თანხა, თურქეთში რომ გამეგო, რის გამო მიჭირს სიარული, რისი ბრალია და რა მკურნალობაა ჩასატარებელი. რომ ჩავედი, ძალიან კარგ ენდოკრინოლოგთან მოვხვდი, გამიკეთა ანალიზები და მითხრა: 25 წლის გოგოს ანალიზებიაო. აღმოჩნდა, რომ გაფანტული სკლეროზი არ მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი ანალიზები არ მექნებოდა. იმ ექიმმა ანალიზების პასუხები მაინც გადაამოწმა სტამბოლის მთავარ კლინიკაში, რომ რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო და იქიდანაც, იგივე პასუხი მოვიდა. არადა, სულ ალერგია მქონდა, არცერთი მედიკამენტი არ მშველოდა, ორგანიზმი „გამიგიჟდა“. მოკლედ, პასუხებში წერია: არანაირი გაფანტული სკლეროზი, ეს არის ავტოიმუნური დაავადება, ოღონდ არა გენეტიკური, უბრალოდ, ეს არის გლუტენის აუტანლობა, ანუ ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს. მთელი ათი წელი მაცხოვრეს იმ ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა. სხვათა შორის, რომ ამბობდნენ გაფანტული სკლეროზიო, ჩემს თავზე არ ვიღებდი, ასე მეგონა, სხვაზე საუბრობდნენ. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ეს დაავადება მჭირდა და არც განვიცდიდი. გადავედი უგლუტენო საკვებზე, ჩაწყნარდა ორგანიზმი და დავისვენე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ ვამბობდი: ჩემი განკურნება სასწაულებრივი იქნება-მეთქი და ასეც მოხდა. სულ სხვა საკითხზე ჩასული, სულ სხვა პრობლემა აღმოჩნდა. ფეხზე კი ფიზიოთერაპიით უნდა ვიმკურნალო.
– უახლოეს მომავალში დაგეგმილი თუ გაქვს კონცერტი ან რაიმე სიახლეები თუ არის შემოქმედებითი კუთხით?
– ჩემი პრინციპია, ჩემს გეგმებზე ხმამაღლა არასდროს ვსაუბრობ. იმიტომ, რომ არ არის საჭირო. უბრალოდ, წინასწარ არაფერზე არ მიყვარს საუბარი. ხომ გაგიგიათ: ჯერ გადახტი და ჰოპ მერე თქვიო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





