შოუბიზნესი

რა წარმატებას მიაღწია დათო სოფიამ უზბეკურ „ვოისში“ და როგორ ცდილობს ის ყველა ქვეყანაში საქართველოს წარმოჩენას

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00

დავით სოფია
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ, ქართველი მომღერალი დათო სოფია უზბეკეთის „ვოისში“ ვიხილეთ – მის მიერ შესრულებულმა „ჩიტო-გვრიტომ“ ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.

დათო სოფია: აფხაზეთიდან გახლავართ, დევნილების ოჯახიდან. უცხოეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლები ქართულად მზრდიდნენ. კარგად ვლაპარაკობ ქართულ ენაზე და მინდა გითხრათ, რომ მეგრულიც ვიცი. ყოველ ზაფხულს ბებიასთან, ქუთაისში ვატარებდი და ბუნებრივია, ჩემს სანათესაოსთანაც მჭიდრო კონტაქტი მაქვს.

ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურას და ქრისტიანულ სარწმუნოებას. ხატებთან ერთად, საპატიო ადგილს იკავებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სურათები და რაც მთავარია, ქართული დროშა.

ასევე, ჩვენი ოჯახი წარმოუდგენელია ყანწის, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულის გარეშე.

მე ბავშვობიდან ვმღერი, ჩემი ძმა კი მოცეკვავეა, ქორეოგრაფი. მოსკოვში არის ასეთი ანსამბლები „კოლხიდა“ და „ივერია“, რომელთა დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლდათ რევაზ ჯანიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია. ჩვენ ამ ანსამბლში აღვიზარდეთ ქართულად, აქ ვისწავლეთ ცეკვა და სიმღერა.

მე ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ხალხური სიმღერები და გალობა. ეკლესიაში მისი მოსმენისას ჟრუანტელი მივლიდა.

სიმღერის ნიჭი ჩემში ბაბუამ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვმღეროდი, პროფესიით მუსიკოსი არ ვარ. უმაღლესი განათლება ეკონომიური განხრით მივიღე.

მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ჰობი, სწორედ მისი მეშვეობით გამოვხატავ ჩემს გრძნობებს, ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ამიტომ ბავშვობიდან ვოცნებობდი, მომღერალი ვყოფილიყავი, მაგრამ მშობლები სხვანაირად ფიქრობდნენ. მადლიერი ვარ ღმერთის იმის გამო, რომ დღეს ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემს გულს ახარებს, თუმცა მშობლებისაც მადლიერი ვარ, რადგან ეკონომიური განათლება მივიღე. ჩემი აზრით, განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე, ზოგადად, მშობლებს ვურჩევდი, რომ შვილების გულწრფელ სურვილებსაც მხარი დაუჭირონ (იცინის).

– აქტიურად როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება მუსიკას?

– ზოგადად, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ვარ. ათი წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს, ასევე, ლათინოამერიკულებს. დავდიოდი ფეხბურთზე და საკმაოდ მრავალფეროვანი ინტერესები მქონდა. ძალიან აქტიური ვარ, ერთ ადგილას და უსაქმოდ ვერ ვჩერდები, თუმცა, ახლა ეს გზა ავირჩიე და დიდი იმედი მაქვს, ჩემს მიზნებს მივაღწევ. ამ ეტაპზე ბევრ პროექტზე ვმუშაობ, მათ შორისაა საავტორო სიმღერები. მინდა გითხრათ, რომ სიმღერები მივუძღვენი აფხაზეთს, რომელიც მალე გამოვა და ვფიქრობ, თითოეული ქართველის გულს შეეხება.

– როგორია თქვენი ოჯახის მოგონებები აფხაზეთზე?

– აფხაზეთში ნამყოფი ვარ. მამაჩემის მხრიდან ბებია ახლა იქ ცხოვრობს. მამა გალიდანაა, დედა – სოხუმიდან. საქართველოს ყველა კუთხე განსაკუთრებულად ლამაზია, მაგრამ აფხაზეთი საოცარია. ეს ჩვენი სიყვარული და ტკივილია. აფხაზები ჩვენი ძმები არიან.

ძალიან მინდა, თითოეულ ქართველს ჰქონდეს აფხაზეთში ჩასვლისა და ამ სილამაზის საკუთარი თვალით ხილვის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება.

მთელ მსოფლიოში უნდა იყოს სიმშვიდე, ძმობა და სიყვარული – ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი.

ჩემს ერთ-ერთ სიმღერაში, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება, მე ბებიაჩემის ისტორიას ვყვები. ბებია მიყვებოდა ხოლმე, როგორი ძმური სიყვარულით ცხოვრობდნენ იქ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. მათ შორის: ქართველები, აფხაზები, სომხები, ბერძნები...

– რაც შეეხება თქვენს მონაწილეობას უზბეკურ „ვოისში“, სადაც თქვენმა ნამღერმა ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა, როგორი მოლოდინი გქონდათ?

– მე ხშირად დავდივარ გასტროლებით საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში. ჯერ ერთ ქვეყანაში დამპატიჟეს, მერე – მეორეში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი თითოეულ ქვეყანაში ქართული სიმღერის პოპულარიზებაა. ამ ქვეყნებში ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს კულტურასა და მენტალიტეტს. მათ ძალიან მაგრად უყვართ საქართველო, ჩვენი ადამიანობა, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო...

სიმართლე გითხრათ, ყველა ქვეყანაში ჩავატარე კონცერტი, ევროპაშიც არაერთხელ მიმღერია, მაგრამ იქ ნაკლები მოთხოვნაა ქართულ სიმღერაზე, რადგან ისინი შედარებით შორს არიან ჩვენი კულტურისგან.

უზბეკეთში მანამდე ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან ვიმღერე, რომელმაც იქ დღესასწაულზე დამპატიჟა და საკმაოდ პოპულარული გავხდი. იქაც, რა თქმა უნდა, ქართული სიმღერა შევასრულე. მე ჩემს ყველა კონცერტზე ვყვები საქართველოსა და ქართულ კულტურაზე. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ჩვენ ყველაფრით ყველაზე მაგრები ვართ.

რაც შეეხება კონკურსს, ველოდი, რომ ოთხივე მწვრთნელი მობრუნდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ ვახტანგ კიკაბიძის, უმაგრესი ადამიანის, ძალიან ცნობილი სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ შევასრულე. ძველი თაობის ნებისმიერმა ადამიანმა იცის ეს სიმღერა. მე ის ჩემებური სტილით შევასრულე და ვაჩვენე ქართული ქარიზმა, სიყვარული და ცეცხლი, რომ ხალხი ამყოლოდა. დარბაზში მაყურებელი ჩემთან ერთად მღეროდა და ყველა ცეკვავდა. ეთერში ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ რეალურად, სამი მწვრთნელი ერთად შემომიბრუნდა, შემდეგ მეოთხე. მეოთხე მწვრთნელი, ვის გუნდშიც მე წავედი, ვახტანგ კიკაბიძის უახლოესი მეგობარი იყო.

– გამარჯვებასთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ?

– არ მიყვარს გაზვიადება, ჩემთვის მთავარია, ვაჩვენო ქართველობა, ქართული სიყვარული და კულტურა. მინდა, ყველამ კიდევ ერთხელ გაიგოს, როგორი განათლებული, მუსიკალური და კარგი ხალხი ვართ. ეს ყველამ უნდა იცოდეს, ევროპაშიც, აზიაშიც და ამერიკაშიც. ძალიან მიხარია, როცა ჩემი კოლეგები გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ პროექტებში და საქართველოს ასახელებენ. სამწუხაროდ, ბევრი ემიგრანტი ვართ და ჩვენ უნდა გავახაროთ და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. ყველგან უნდა ჟღერდეს საქართველოს სახელი, ჩემი მთავარი მიზანი ეს არის. რაც შეეხება, ჩემს პირად მიზანს, რა თქმა უნდა, გამარჯვების სურვილი მაქვს.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ წარმატებას საქართველოში?

– ცოტა შოკში ვარ, უამრავი ნახვა აქვს ჩემს ვიდეოს. ნეგატიური შეფასებებიცაა და პოზიტიურიც, თუმცა საბედნიეროდ, ძირითადად, დადებითი კომენტარებია. სცენაზე საკმაოდ ქარიზმატული ვარ, ხალხს ვჩუქნი სიყვარულს, ღიმილსა და დადებით ატმოსფეროს, რაც დროის კარგად გასატარებლად მნიშვნელოვანია. ჩემთან ერთად სულ ქეიფი, გართობა და დადებითი განწყობაა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდით მიდგას, ვინც დადებით კომენტარებს არ იშურებს, მგულშემატკივრობს და ეს ყველაფერი ახარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი