შოუბიზნესი

მარიკა ბაკურაძე: ჩემთვის მიუღებელია, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო გამრიყოს ადამიანმა, რომელსაც მეგობარი ერქვა

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:30 15.04

მარიკა ბაკურაძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატების გზაზე, ამასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გაგვიზიარებს.

მარიკა ბაკურაძე: თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. მჯერა, რომ თუ ღმერთისგან და სამყაროსგან ხელშეწყობა და გამართლება არ გვაქვს, ჩვენ ნამდვილად არ შეგვწევს იმდენი ძალა, რომ დიდი საქმეები ვაკეთოთ. ამაში ყველაზე მეტად მაშინ ვრწმუნდები, როცა სამწუხაროდ, ცუდი რაღაცები ხდება, მაგალითად, ისეთი, როგორიც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაა. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცები შეგვიძლია, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ვხვდებით, რომ ვერაფერს ვცვლით. ასეთ მომენტში ადამიანი აცნობიერებ, რომ წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს რაღაცის ძალა შეგვწევს, მოჩვენებითია. მხოლოდ პატარ-პატარა საქმეებზე გვყოფნის ჩვენი ძალა, მაგრამ მთავარ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე, მშვიდობა და ასე შემდეგ, მხოლოდ უზენაესი ძალები განაგებენ – მე ამის მჯერა. შესაბამისად, მჯერა იმისიც, რომ არა ღმერთისა და უზენაესი ძალების ნება, არაფერი გამოვიდოდა. აქვე მჯერა შემდეგი სიტყვების რეალურობაც – „ხელი გაანძრიე და გეშველება“. ვფიქრობ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. თუ მართლა გულით გინდა რაღაც, ის აუცილებლად გამოდის. შეიძლება, დღეს და ხვალ არ გამოვიდეს და გეგონოს, რომ ტყუილად იშრომე, მაგრამ დრო რომ გავა, ყველაფერი სხვანაირად დალაგდება და გამოვა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ გვაქვს უნარი, ზოგად სურათში დავინახოთ ჩვენი თავი. პატარა ადამიანები ვართ, მცირე მასშტაბით ვუყურებთ ცხოვრებას და ვხედავთ, რომ დღეს რაღაც გვინდოდა და არ გამოვიდა. შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაირკვეს, რომ ჯობდა, იმ დღეს არ გამოსულიყო. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ისე უნდა იყოს, როგორცაა. ჩვენ კი ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ მიუხედავად იმისა, რომ შედეგს დღეს ვერ ვხედავთ. შრომა აუცილებლად დაფასდება.

– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?

– ძალიან. მე მაკლია სიზუსტე, არ მახსოვს გარკვეული ისტორიები წარსულიდან, არ მახსოვს, სად დავდე ტანსაცმელი – ანუ, ცხოვრებისეულად ორგანიზებული ადამიანი საერთოდ არ ვარ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ვარ საქმეში. სანამ ბოლო დეტალი არ გაკეთდება ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად, მანამდე უბრალოდ, ვერ მოვისვენებ. გამიკეთებია სიუჟეტი, ჩამიბარებია და მთელი ღამე გამითენებია ფიქრში უწვრილმანეს დეტალზე, რომელიც ისე ვერ გავაკეთე, როგორც მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარდა ამას ვერავინ მიხვდებოდა, დილით ადრე ავმდგარვარ მის ჩასასწორებლად. უმარტივეს მაგალითს გავიხსენებ, წიგნის დღესთან დაკავშირებით სიუჟეტი მოვამზადე და ციტატა მოვიყვანე „ტომ სოიერიდან“. სადღაც გულის კუნჭულში ეჭვი შემეპარა, რომ ეს ციტატა „ტომ სოიერიდან“ კი არა, „ჰეკლბერი ფინიდან“ იყო და მთელი ღამე გავათენე მის ძებნაში. წიგნი ვერ მოვიძიე, „პედეეფი“ ვიპოვე და ახლობლის დახმარებით, ორიგინალში, თარგმანში – ყველგან ვეძებე. აღმოჩნდა, რომ მართლა „ჰეკლბერი ფინიდან“ იყო. დილით ადრე წავედი და ჩავასწორე. არ ვიცი, რამდენი ადამიანი მიხვდებოდა ამას, ვინც მიხვდებოდა, არ იყო გამორიცხული, რომ არც გაემახვილებინა ყურადღება, ეს ხომ არ იყო სასწაული შეცდომა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი და ასე რომ დამეტოვებინა, არ ვიქნებოდი მართალი ჩემს სინდისთან და პროფესიონალიზმთან. ამაზე რომ მიდგება საქმე, ყოველთვის ძალიან „ვჭედავ“. მონტაჟზე თუ ვჯდები ადამიანთან, ვისთანაც ჯერ არ მიმუშავია, ვაფრთხილებ, რომ ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს. საერთოდ, ცხოვრებაში ცუდი ხასიათი არ მაქვს, არც ჩხუბი მახასიათებს და არც ბუტიაობა, მაგრამ საქმეში ძალიან ცუდი ხასიათის ვარ, რადგან არ შემიძლია დეტალებიდან გადახვევა.

– დასვენებისა და სიზარმაცის უფლებას როდის აძლევ საკუთარ თავს?

– სხვათა შორის, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ვაფასებ დასვენების მნიშვნელობას. ღამეებს აღარ ვათენებ, თუ ფორსმაჟორი არ არის და თუ გეგმით მივდივარ, ჩემს რესურსს ბოლომდე აღარ გამოვწურავ. ვიცი, რომ ერთი გათენებული ღამის შემდეგ, სამი დღე მჭირდება გონს მოსასვლელად. პატარა აღარ ვარ, 42 წლის ვხდები. თუ შემიძლია, სახლიდან ვიმუშაო, ტელევიზიაში აღარ დავრჩები. ვცდილობ, შაბათ-კვირისთვის შედარებით მშვიდი საქმეები დავიტოვო. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ გადაგიჟება სხვა რამ არის და დროის სწორად განაწილება და პროფესიონალიზმი – სხვა. დავიწყე ზრუნვა და ფიქრი იმაზე, რომ მე თუ კარგად არ ვიქნები, მერე საქმეც არ გამოვა კარგად. თან, ტელევიზია ისეთი გამჭვირვალეა, რაც არ უნდა კარგად მომზადებული ვიყო, თუ, მაგალითად, ღამე მაქვს გათენებული, ეკრანზე ეს აუცილებლად შემეტყობა – ეკრანი არაფერს გპატიობს. თუ საქმისთვის ღამე გავათენე და მაყურებელთან სათანადოდ მაინც ვერ მივიტანე, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ჩემს თავგამოდებას?! ამიტომ, მირჩევნია, საქმის კარგად გასაკეთებლად დრო სხვანაირად გადავანაწილო.

ჩემთვის ეს საქმე, უბრალოდ, სამსახური არ არის, ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. რომ ამბობენ ხოლმე, თუ საყვარელ საქმეს აკეთებ და ამაში კიდევ ფულს გიხდიან, ამას რა სჯობსო, ჩემს შემთხვევაში მართლა ასეა. იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ მიყვარს, თორემ ხელფასი შეიძლება, სხვა საქმითაც მივიღო.

საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა – მე რომ ჩემმა პროფესიამ მცა პატივი, ისე არცერთ ადამიანს არ უცია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში – არც მეგობარს, არც პარტნიორს და არც არავის. თუმცა, შვილებზე არ ვლაპარაკობ. ამ საქმემ დაინახა ყველაფერი, რაც კი მასში ჩავდე. რამდენ ადამიანში ჩამიდვია ზრუნვა და კეთილგონიერება, მაგრამ დაკარგულა, განსხვავებით ჩემი საქმიანობისა და როგორ არ უნდა დავაფასო ეს?!

– რა არის იღბლის, შრომისა თუ ორივეს ერთობლიობის შედეგად მიღწეული მთავარი გამარჯვებები?

– ეს შეიძლება იყოს პატარა დეტალიც და დიდი ამბავიც. მაგალითად, როცა გადაღება მქონდა, სადაც ბევრი ფაქტორი უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს, რომ კარგი შედეგი გამოსულიყო - თანხმობა სასურველ ტერიტორიაზე შესასვლელად (როცა უარი მქონდა მიღებული), მზე (როცა ის დღეები სულ წვიმდა), გაჩერებული მოძრაობა (იქ, სადაც უამრავი მანქანა მოძრაობს) და ასე შემდეგ...

ისე მოხდა, რომ საჭირო დროს თანხმობაც მივიღე, მზეც ამოვიდა, მოძრაობაც გაჩერდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო. ამის გარეშეც გამოვიდოდა, მაგრამ შედეგი ათჯერ უფრო ნაკლები იქნებოდა. ეს ხომ გამართლებაა?!

თუ დიდზე ვისაუბრებთ, მაშინ ვიტყვი, რომ ყველა ისეთ თემაზე და ისეთ ადამიანებთან მაქვს რეპორტაჟი გაკეთებული, ვინც ხელოვნების სფეროში მწვერვალია. ეს ხომ გამართლების შედეგიცაა?! მაგალითად, კინოფესტივალები, რომლებიც გარედან ასეთი ბრჭყვიალა ჩანს, ძალიან ბევრ შრომას, საათობით რიგში დგომას და მანამდეც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და იქ მოხვედრილი კითხვის დასასმელად ხელს ავწევ, თუ შეკითხვის უფლებას არ მომცემენ, ხომ წყალში ჩაყრილია ყველაფერი, რაც მანამდე გამოვიარე?! ესეც ხომ გამართლებაა?! ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ შრომა და იღბალი ერთმანეთს ავსებს. ამ ბოლო პერიოდში, ძალიან დიდი გამართლება იყო საქმე, რომელიც გიორგი კალანდიამ ჩამაბარა. მან მანდო ექვთიმე თაყაიშვილზე პატარა დოკუმენტური ფილმის გაკეთების იდეა. ესეც ხომ გამართლებაა?! მე კი ყველაფერი გავაკეთე, რომ გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა, მაგრამ ეს შემოთავაზება რომ არ მოეცა, ამას ხომ ვერ შევძლებდი?! „ექვთიმემ“ რომ გაამართლა, ამას სხვა შემოთავაზება მოჰყვა და ამწუთას ივანე ჯავახიშვილის იუბილესთვის ვამზადებ შესაბამის მასალას. იმავეს გავიმეორებ – იღბალი და საქმეში სულისა და გულის ჩადება, ერთმანეთთან ჯაჭვურ კავშირშია. როცა საქმეში მაქსიმუმს დებ, მერე ღმერთის ხელს ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ.

– რამდენად ახერხებ პროფესიული და ცხოვრებისეული სირთულეების ერთმანეთისგან გამიჯვნას?

– ვერ ვახერხებ. საქმე იმდენად ბევრი და მოცულობითია, ხანდახან ვამბობ ხოლმე, მგონი, იზოლაციაში ვარ-მეთქი – ან საქმეს ვაკეთებ, ან სახლში ვწევარ და ვისვენებ. თითქოს, შუალედი აღარ არსებობს. ვხედავ, ადამიანები სადღაც დადიან, ერთობიან, მეგობრები იკრიბებიან და ასე შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ერთ პროცენტამდეა დაყვანილი. არ ვგულისხმობ მოგზაურობას, რადგან მუშაობის პარალელური ცხოვრების წესზე ვსაუბრობ.

– რამდენად იღბლიანი ხარ ადამიანებში?

– პროფესიის ნაწილში ძალიან იღბლიანი ვარ. რომ არ დაენახათ ჩემი პროფესიონალიზმი, აქამდე ვერ მოვიდოდი. ყოველთვის ვახსენებ ხოლმე რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანს, თუნდაც, გიორგი კალანდიას, რომელიც ძალიან მიდგას გვერდით და საინტერესო შემოთავაზებები აქვს. ასევე, მაკა ლომიძე, ჩვენი ტელევიზიის დირექტორი, რომელიც შეუდარებელი ხელმძღვანელია; სოფო ნიკოლაიშვილი – ჩემი პირადი პროდიუსერი, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი რჩევა მოუცია და დაუნახავს კარგად გაკეთებული საქმე; შორენა შავერდაშვილი – ჟურნალისტი, რომელმაც ძალიან სწორი მიმართულება მომცა გადამწყვეტ მომენტში...

რაც შეეხება პირად ამბებს, ბოლო პერიოდში, საზოგადოება, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, რადიკალურ ბანაკებად, ძირითადად, ორ ნაწილად არის გაყოფილი და ამის დამსახურებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მაქცია ზურგი. ადამიანებმა, რომლებსაც მე მეგობრებს ვეძახდი. ეს ადამიანები ჩემს შვილებსაც ჩემი მეგობრები ეგონათ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში მოდიოდნენ სტუმრად, ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებოდით, დღესასწაულებზე ერთად ვიყავით და ასე შემდეგ. ბავშვობისა და სტუდენტობის მეგობრებსაც ვგულისხმობ და ბოლო ათწლეულში შეძენილებსაც. სამწუხაროდ, ასეთმა ადამიანებმა, ვინც მე მეგობრებად მიმაჩნდა, თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩემი გარიყვა გადაწყვიტეს. მე ამაში ვერ ჩავერეოდი, თუ მათ არ დააფასეს წინ არსებული 10, 15, 20 წელი და გამოვიდნენ იქიდან, რომ მე ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, თვითონ კი, რატომღაც, არ ეთანხმებიან ტელევიზიის პოლიტიკას. მე 17 წელია, „იმედში“ ვმუშაობ და ისინი ამაზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩემი მეგობრები. თურმე, ახლა გავხდი „პრობლემა“... თუ ისინი ასეთი მოწყვლადი საკითხის გამო შეიძლებოდა, შელეოდნენ ჩემთან მეგობრობას, ესე იგი, ასეც უნდა მომხდარიყო.

თუმცა, რომ შევაფასო, საერთო ჯამში, ადამიანებში, ალბათ, მიმართლებს – ვინც დასაყრდენი იყო, დღემდე არის, ხოლო – ვინც წამსვლელი იყო, წავიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი