სალომე კოკუაშვილი: პატარა ასაკში იმდენად ბევრი ტრაგიკული ამბავი გადავიტანე, ძალიან შევიცვალე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
მსახიობი სალომე კოკუაშვილი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე განსაკუთრებულად უყვარს და მას ყოველთვის სიხარულით აღინიშნავს.
სალომე კოკუაშვილი: დაბადების დღე 12 თებერვალს მაქვს და ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს დღე. ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ პოზიტივით ავივსო. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ეს დღე და ეს ძალიან მიკვირს. მე ჩემი დაბადების დღე ახალი წელივით მიყვარს და ორივე ერთად – სიგიჟემდე (იცინის).
– წლევანდელი დაბადების დღე როგორი იყო?
– სხვათა შორის, წლევანდელი დაბადების დღე არ იყო ისეთი, როგორიც მე მიყვარს ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ დაბადების დღე ზამთარში მაქვს, სულ ცივა და ამ დროს სულ ჩაფუთნული ვარ, ამ დღის თბილისში აღნიშვნა არ მიყვარს. ამიტომ, ყოველ წელს ვცდილობ, დაქალებთან ერთად უცხოეთში, ტროპიკებში გავიპარო და ეს დღე იქ აღვნიშნო.
წელს ისე დაემთხვა, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრმა საქმემ მოიყარა თავი და ფიზიკურად ვერ მოვახერხე ვერსად წასვლა. უფრო მეტიც, გადაღებაზე შევხვდი დაბადების დღეს და მეორე დღესაც გადაღება მქონდა (იცინის). საღამოს გოგონებმა სიურპრიზი გამიკეთეს და ჩემი დაბადების დღე დაქალების ძალიან ვიწრო წრემ ერთ-ერთ ბარში აღვნიშნეთ. იქაც ძალიან კარგი დრო გავატარე. ტორტი ჩავაქრე და ერთი სანუკვარი სურვილი ჩავიფიქრე. სადაც არ უნდა ვიყო, ეს ჩემი ტრადიციაა. ეს სურვილი წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ამიხდეს.
– რამდენი წლის გახდი და როგორ ხვდები ასაკის მატებას?
– ასაკის მატებას ფანტასტიკურად ვხვდები. ახლა 35 წლის გავხდი. ასაკს არასდროს ვმალავ, პირიქით, სიამაყით ვამბობ. ჩემი აზრით, ყოველი წლის მატება პრივილეგიაა.
– როგორია შენი 35 წელი?
– როგორიც 25 (იცინის).ასაკის მატება ნამდვილად არ მაშინებს. გულწრფელად ვამბობ, მართლა ასეა.
– ვიზუალურად მართლა ასე გამოიყურები, მაგრამ შინაგანად თუ მოხდა შენში მნიშვნელოვანი ცვლილებები?
– ვერ ვიტყოდი, რომ ჩემში განსაკუთრებული ცვლილებები მოხდა. ძალიან პატარა ასაკში იმდენად ბევრი ტრაგიკული ამბავი გადავიტანე, რამაც ისე შემცვალა და გამზარდა, რომ მას შემდეგ, ვფიქრობ, ჩემში მნიშვნელოვანი გარდატეხა აღარ მომხდარა. პატარა ასაკში გავხდი დიდი. ისე კი, ყოველ წელს მოაქვს სიახლეები, განვითარება და ყოველთვის ვცდილობ, ყველა სიტუაციიდან დადებითი ავიღო. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები: „ეს იმიტომ მოხდა, რომ წინ ძალიან კარგი რაღაც მელოდება“. თუ რამე არ გამომივა, ვფიქრობ: იმიტომ, რომ ჩემთვის უკეთესია განკუთვნილი. უკვე ბევრი წელია, ამ განწყობით ვცხოვრობ.
– რთულ გამოცდილებებში რას გულისხმობ?
– ძალიან ადრე გარდამეცვალა მამა, 15 წლის ვიყავი. სიმსივნე ჰქონდა და ბოლო წელი ძალიან მძიმე იყო. დიდი ტრავმა მივიღე და დიდი დრო დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ეს ურთულესი გამოცდილება იყო, თან თინეიჯერობის პერიოდში. მას შემდეგ მართლა ძალიან შევიცვალე და გავიზარდე. რეალურად, მაშინ გავხდი დიდი, რადგან მარტო დავრჩი და უკვე მე უნდა ვყოფილიყავი ჩემი თავის პატრონი.
– გასაგებია. დაბადების დღის განუყოფელი ნაწილია საჩუქრები და რამდენად ემოციური ხარ მათი მიღების დროს?
– საშინლად ემოციური ვარ. ძალიან მიყვარს საჩუქრების როგორც მიღება, ისე გაცემა. ჩემთვის საჩუქარში ყველაზე მნიშვნელოვანი შეფუთვაა. თუ საჩუქარს საჩუქრის ფორმა არ აქვს, თუ ლამაზად არ არის შეფუთული, რაც არ უნდა იყოს, ისე ძალიან არ გამიხარდება, როგორც ლამაზად შეფუთული. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეა. შეფუთვა, ბაფთა – ეს ყველაფერი ისეთ განწყობას მანიჭებს, ვერც აღვწერ, ასე ვგრძნობ, რომ იზრუნეს, იფიქრეს, არ დაეზარათ და ჩემს საჩუქარში გული ჩადეს.
– გამორჩეული დაბადების დღეც გავიხსენოთ...
– ბავშვი რომ ვიყავი, სულ ვოცნებობდი, რომ ჩემი დაბადების დღე ზაფხულში ყოფილიყო. ჩემი თანაკლასელების დაბადების დღეები რომ იყო თბილ თვეებში და სარაფნებით მივდიოდი მათთან, გარე სივრცეში ვცეკვავდით და ვერთობოდით, ეს იმდენად მომწონდა, სულ ვოცნებობდი, მეც ამ დროს მქონოდა დაბადების დღე. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ დაბადების დღის თარიღს ვერ გამოვცვლი, მაგრამ შემიძლია, იმდენი ვიმუშავო, რომ საჭირო თანხა მოვაგროვო დაბადების დღეს ისეთ ადგილზე გასატარებლად, სადაც ზაფხულია (იცინის). ამიტომ სულ ვცდილობ, ასე მოვიქცე.
ჩემს 30 წელს ტაილანდში შევხვდი. როგორც კი ჩავედი, რაღაც ვირუსი ავიკიდე და სიცხე მომცა. არც მეტი, არც ნაკლები, 40 გრადუსი მქონდა. ჩემი მეგობრები მეხვეწებოდნენ, არა უშავს, სხვა დღეს აღვნიშნოთ, დღეს ნურსად წავალთო. არა-მეთქი, – დავიჩემე, – მივდივართ, ტორტზე სანთლები აუცილებლად უნდა ჩავაქრო-მეთქი. მართლა ვამბობ, ვკვდებოდი, მაგრამ ისე ვიჯექი, თითქოს, არაფერი მაწუხებდა. არადა, ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე წამოდგომაც არ შემეძლო. ანტიბიოტიკებს ვსვამდი და ფოტოებისთვის ხელში ლამაზი ჭიქა მეჭირა. ვგრძნობდი, რომ ყოველწამს შეიძლებოდა გული წამსვლოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ტორტი, დაბადების დღის სიმღერა, ტაში და სანთლის ჩაქრობა უსიკვდილოდ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც (იცინის).
– საკუთარ დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა დასაორგანიზებლად რთული არ არის?
– ყოველთვის ვერ გამოდის, თუმცა ყველამ იცის, რომ დაბადების დღის უცხოეთში აღნიშვნა მინდა. ჩემს ერთ დაქალს 4 თებერვალს აქვს დაბადების დღე, მეორეს – 14 თებერვალს და ჩვენ სამნი ყოველთვის ვცდილობთ, ერთად წავიდეთ 3-დან 15 თებერვლის ჩათვლით, რომ ყველას დაბადების დღე იქ გავატაროთ. ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე ვგეგმავთ ხოლმე, სად გვინდა წასვლა და ფულის დაგროვებასაც ადრიანად ვიწყებთ. დანარჩენებმაც იციან ჩვენს გეგმაზე და ვინც ახერხებს, სიამოვნებით გვიერთდება. შარშან ორნი ვიყავით, ბაჰამაზე აღვნიშნეთ. მესამემ ვერ მოახერხა, რადგან ამერიკის ვიზა არ ჰქონდა. შარშან ამერიკაში პირველად ვიმოგზაურე, თუმცა ტრადიცია რომ არ დაგვერღვია და ეს დღე ტროპიკებში აღმენიშნა, იქიდან ბაჰამაზე გადავედით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თავს განსაკუთრებული საჩუქარი ვაჩუქო. რამდენადაც შემიძლია, იმდენად ძვირიანი (იცინის).
– ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავზე აკეთებს ეკონომიას. როგორი მიდგომა გაქვს ამ საკითხის მიმართ?
– ჩემი აზრით, არაფრით არ შეიძლება საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთება. მე, პირადად, ახალ წელსაც კი, როცა სხვებისთვის ვყიდულობ საჩუქრებს, იმავეს ვაკეთებ ჩემი თავისთვისაც.
განა ისე, რომ ვიყიდე, რაც მჭირდებოდა, ეს ჩემი საჩუქარია, რომელსაც ისევე ვაფუთინებ, როგორც სხვისთვის შეძენილს. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ დააფასებ და არ გაანებივრებ, სხვა მით უმეტეს არ გააკეთებს ამას. ამიტომ „ჯერ თავო და თავოო...“, ტყუილად არ არის ნათქვამი.
– დაბადების დღეზე გასული წლის შეჯამება და ახალი მიზნების დასახვა გახასიათებს?
– არა, ამას ახალ წელს ვაკეთებ. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. ყოველთვის მეტს ვითხოვდი, მუდამ უკმაყოფილო ვიყავი და ცოტა უმადურობაშიც გადამდიოდა. უკვე ბევრი წელია, რაც ამ მხრივ შევიცვალე. ყველაფერს ვაფასებ და უკიდეგანოდ მადლიერი ვარ. ახალი წელია თუ ჩემი დაბადების დღე, პირველ რიგში, მადლიერებით ვიწყებ იმ ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია და მე მთელი არსებით ვგრძნობ ამ მადლიერებას.
– საოცრად გამოიყურები და გარდა იმისა, რომ ბუნებრივად ხარ არაჩვეულებრივ ფორმაში, როგორ უვლი თავს?
– მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდხანს უნდა ვეცადოთ, ბუნებრივი გზებით შევინარჩუნოთ ჩვენი გარეგნობა, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რას ვსვამთ და ვჭამთ. მე არ ვსვამ, არ ვეწევი, არ ვიღებ არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას, არც ბალახეულს, არც კლუბურს. კვების მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მწვანეს მივირთმევ, ვიცი, რომ სასრგებლოა, ვცდილობ, მაგრამ უფრო 50/50-ზეა, რადგან ფასტფუდი და ტკბილეული ძალიან მიყვარს.
ძალიან პატარა ასაკში დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა და შესაბამისი გრიმის გამოყენება. ამიტომ სულ რომ ვკვდებოდე, არ არსებობს, გადაღების შემდეგ მაკიაჟი არ მოვიშორო და პირი არ დავიბანო. 20 წელია, ამ რუტინას პატიოსნად ვიცავ. უფრო 30 წლის შემდეგ დავიწყე დამატებით თავის მოვლა. გავერკვიე, გარდა დამატენიანებლისა, რომელი საცხები უნდა გამოვიყენო და რატომ. ერთადერთი, რასაც 30 წლის შემდეგ ვიკეთებ, არის ბიორევიტალიზაცია. ასევე, სახის წმენდა მდგომარეობის მიხედვით და თუ დრო მაქვს, სიამოვნებით ვიკეთებ პილინგსაც. სულ ეს არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





