შოუბიზნესი

თამთა კვარაცხელია: კონკურსის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს უკვირდათ, რომ ჩემნაირი ქალები ჯერ კიდევ არსებობენ

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 01.04

თამთა კვარაცხელია
დაკოპირებულია

16 მარტს ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ ჟურნალ Glamour Georgia-ს საგაზაფხულო ნომერი წარადგინა. ულამაზესი პრეზენტაციის შესახებ დეტალებს თავად მოგვიყვება და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავსაც გაგვიზიარებს.

თამთა კვარაცხელია: „გლამური“ საქართველოში დარეგისტრირებული ჟურნალია, რომლის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ მომივიდა.

ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც „გლამურის“ დაარსების პირველივე დღიდან სამუშაო პროცესში გზადაგზა მხვდებიან, მგულშემატკივრობენ და ჩემი იდეების ხორცისშესხმაში მეხმარებიან,. „გლამურზე“ მუშაობამ მოკლე დროში კიდევ უფრო გამზარდა, საინტერესო და ახალი გამოცდილებები მომცა. დროსთან ერთად უფრო და უფრო მასშტაბური და ამბიციური იდეები მომდის თავში. ვნახოთ, „გლამური“ სადამდე მიმიყვანს.

ამჯერად „გლამურის“ ახალი, საგაზაფხულო ნომერი GEORGIAN WOMEN & WOMEN FOR GEORGIA პროექტის ფარგლებში წარვადგინეთ და მივუძღვენით ქალბატონებს, რომლებიც დღეს საკუთარი მიღწევებით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიას წერენ საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის მმართველობაში, კულტურაში, ხელოვნებაში, ბიზნესში, სპორტში და არა ერთ საინტერესო მიმართულებაში. ამ ქალბატონების სიმბოლოდ კი შევქმენით „გლამურის“ ჩემთვის ყველაზე საამაყო ყდა, რომელზეც გამოვსახეთ ყველა დროის ლეგენდარული ქართველი ქალი ნინო რამიშვილი. ეს ყველაზე ძვირფასი ყდაა ჩემთვის, რომლის შექმნაშიც კი ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. პრეზენტაციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერის, მარიამ ტარტარაშვილისა და ქართული ბრენდის, „ქომოუდის“ უახლესი, სპეციალურად ჟურნალ „გლამურისთვის“ შექმნილი კაფსულა-კოლექციის ჩვენებაც გავმართეთ.

– როგორ ემზადებოდი ამისთვის და ახლა არ აპირებ დამსახურებული დასვენების მოწყობას?

– სამზადისი ძალიან რთული იყო, რადგან ცუდ პერიოდს დაემთხვა. ცხოვრებაში პირველად შემექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ამ გარემოებების გამო კლინიკაში ვიწექი და გლამურის საგაზაფხულო პროექტის დედლაინს ორი კვირით ჩამოვრჩი. როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გამიჭირდა, გამეაზრებინა მომხდარი, რამე რომ მომსვლოდა, რა ეშველებოდა ჩემს ოჯახს ან ჩემს შვილს, ამიტომ საქმეზე გადავერთე და ამ გზით გადავლახე კიდევ ერთი რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბევრი ვალდებულება მქონდა. გამოწერიდან სამ დღეში დისტანციურად, სახლიდან მომიწია პროექტზე მუშაობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მიჭირდა, ხელში ტელეფონის დაჭერაც კი არ შემეძლო და რეაბილიტაციის პერიოდში ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა. მე კი 8-9-საათიან გადაღებებს ვესწრებოდი, წაქცევამდე ვმუშაობდი და ყველაფერი მაინც იდეალურად გავაკეთე. რაც შეეხება დასვენებას, სიმართლე გითხრათ, ამჯერად არ დავღლილვარ, იმ საშინელ დღეებში ყველაფერი ისე მენატრებოდა, გონზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, გადავწყვიტე, ყველა დაწყებული საქმე დამესრულებინა. რადგან ღმერთმა მეორე შანსი მომცა, აღარასოდეს დავიწუწუნებ დაღლაზე, ძალიან მიყვარს ჩემი საქმის კეთება, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– რატომ აღმოჩნდი კლინიკაში?

– ერთ საღამოს სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებდი დროს, უცებ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს, გადასარჩენად ოპერაციების გაკეთება დამჭირდა. ცხოვრება მართლა ერთი წამი ყოფილა. როცა ამბობდნენ, ვერ ვიაზრებდი, თორემ ასე ყოფილა, ერთ წამში შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს ან დასრულდეს. არ მინდა, მკითხველი დავძაბო და არ ჩავუღრმავდები დეტალებს, იმ პერიოდიდან კარგი მხოლოდ ის მახსენდება, რომ აღმოვაჩინე, ჩემი შვილი უკვე დიდი, საიმედო ბიჭია, გაიზარდა, რადგან ის ზრუნავდა ჩემზე და მივლიდა, როგორც პატარა ბავშვს. მართლა აღარაფრის მეშინია ამ ცხოვრებაში. ისეთი კარგი გეგა გამიზრდია. მარტო მისთვის ღირდა ეს ცხოვრება.

– იტალიის ამბებიც გავიხსენოთ, სადაც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობდი და დიდი მოლოდინი გვქონდა, თუმცა, გადაწყვიტე, კონკურსი დაგეტოვებინა. რატომ?

– ძალიან რთული ყოფილა მოდელის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიიდან და ჟურნალიდან შეჩვეული ვარ შრომატევად გადაღებებს, იქ პირველად ვიყავი მოდელის ამპლუაში და სილამაზის კონკურსის პირობებიც არ მომეწონა. მე ძალიან მიყვარს კომფორტი, მაქსიმალურად ვანებივრებ ჩემს თავს, „მის ევროპაზე“ კი რთული და დატვირთული რეჟიმი დამხვდა. ვერ ავიტანე დაუსრულებელი რეპეტიციები და გადაბმული, დამღლელი გადაღებები, ღამე, საშუალოდ, ალბათ, 5 საათი მეძინა. ისეთ საჭმელს გვაჭმევდნენ, თითქმის მშივრები ვიყავით. არანაირი თავისუფლება – ყველაფერი შეზღუდული გვქონდა, ამინდებიც არ დაგვემთხვა კარგი, რაც ჩემს განწყობაზე მოქმედებდა. მე არასოდეს მომწონდა იდეა, საზოგადოებაში ჩემი გარეგნობით მომეწონებინა თავი, იქ კი გოგოები მხოლოდ ამას აკეთებდნენ. ვცდილობდი, მომეთმინა და კალენდარს ვუყურებდი, ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს სიგიჟე ჩემს ცხოვრებაში. წუთითაც ვერ წარმომედგინა კონკურსის მოგება და ასეთი ცხოვრების სტილით მომდევნო წლის გატარება, რადგან მოგებულ მისს სააგენტოსთან კონტრაქტზე ხელის მოწერის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც იტალიაში ცხოვრებასა და სააგენტოზე მუშაობას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე ჩემს შვილსა და საქმეს საქართველოში ვერ დავტოვებდი. ასე რომ, დავბრუნდი, იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა.

მაგრამ განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე, მონაწილეებიდან მარტო მე ვიყავი ნატურალი, თითს მადებდნენ, მამოწმებდნენ, არ სჯეროდათ, რომ არაფრის პლასტიკური ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული. მათგან ინტელექტით, ღირებულებებით, ყველაფრით განვსხვავდებოდი, საკუთარ სამშობლოში რეალიზებული ქალი ვიყავი, რომელსაც თან, 12 წლის შვილი ჰყავდა. მე მგონი, ჩემს ახალ ნაცნობებს, კონკურსის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს უკვირდათ, რომ ჩემნაირი ქალები ჯერ კიდევ არსებობენ და კარიერის ასაწყობად ცხრა მთის გადალახვა არ სჭირდებათ, რადგან თვითონ მსოფლიოს 60 ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები და ჩემ გარდა ყველა ოცნებობდა კონკურსის მოგებაზე.

– ძალიან აქტიური და წარმატებული ხარ, არაჩვეულებრივი გარეგნობით. როგორი მამაკაცი სჭირდება გვერდით ასეთ ქალს?

– მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით წარმომიდგენია, უნდა იყოს ძალიან განათლებული, ჭკვიანი, კულტურული, ყურადღებიანი და სიმპათიური. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გვქონდეს საერთო მიზანი, საერთო ღირებულებები და ფასეულობები, უნდა ვგავდეთ ერთმანეთს ხასიათებითა და ცხოვრების სტილით, უნდა გვქონდეს ბევრი საერთო - უნდა ვიყოთ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩართულები. ახლა ვფიქრობ; რომ მხოლოდ ასეთი მამაკაცი შეძლებს, შემაყვაროს თავი.

– უამრავი თაყვანისმცემელი გყავს და როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?

– ბავშვობიდან მათი მოგერიებით ვიყავით დაკავებული ჯერ მე, მერე ჩემი ოჯახი და მერე – მეგობრებიც. შეიძლება, უხეშად გამომდის, მაგრამ სხვის გრძნობებზე დარდით ძალიან დავიღალე, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს თაყვანისმცემლებთან, არც მქონია. მერე რომ არ შემაწუხონ, სიურპრიზებით ვცდილობ, თითოეულ მათგანს ყოველ ჯერზე ავუხსნა მიზეზი, თუ რატომ არ მომწონს და არ წარმომიდგენია მასთან ურთიერთობა. აქამდე ვდარდობდი, ვღელავდი, ზოგჯერ მეშინოდა, გავრბოდი, ვიმალებოდი. ახლა გავიზარდე და შევეჩვიე ერთნაირ ისტორიებს. ასე რომ, უკვე შემიძლია მათთან ერთად უემოციოდ თანაარსებობა.

– როგორ ცდილობენ ისინი შენი ყურადღების მიპყრობას?

– ჩემი მოხიბვლა არაა მარტივი. ასე რომ, ძალიან იბნევიან, ვერ ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ, რომ ყურადღება მივაქციო. ძირითადად, ძვირად ღირებული საჩუქრებით იწონებენ თავს, რაზეც ძალიან ვბრაზდები. რომანტიკულ სიურპრიზებს იგონებენ ან წლების განმავლობაში ჩასაფრებულები მელიან. ხალხი ილუზიებში ცხოვრობს, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემ ირგვლივ ადამიანები საერთოდ არ მიცნობენ, რადგან თავიანთი ინიციატივით ყველაფერს პირიქით აკეთებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი