თამთა კვარაცხელია: ჩემს მატერიალურ, ინტელექტუალურ თუ ენერგეტიკულ რესურსს ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი და გონებამახვილი ნიშანი. სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენელია თამთა კვარაცხელია და ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რა თვისებებია მასში დომინანტური.
– მორიელი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით – ზოდიაქოს ნიშნებს შორის მასზე უფრო პრინციპული ძნელად თუ მოიძებნება. თამთა, შენს შემთხვევაშიც ასეა?
თამთა კვარაცხელია: საინტერესო პარალელია. მორიელის სიმბოლიზმი მართლაც ასოცირდება შინაგან ტრანსფორმაციასთან და ძალასთან, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს თვისებები არა იმდენად ზოდიაქოს დამსახურება, არამედ იმ გარემოსა და გამოცდილების შედეგია, რომელშიც გავიზარდე. ჩემთვის პრინციპულობა არა სიჯიუტე, არამედ ხარისხის სტანდარტი და საკუთარი ფასეულობების ერთგულებაა, რომელსაც არასდროს ვწევ დაბლა. რაც შეეხება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, მჯერა, რომ ნამდვილი არისტოკრატიზმი და შინაგანი კულტურა სწორედ იმაში ვლინდება, თუ როგორ ხვდები სირთულეებს – ღირსებით, ზედმეტი დრამატიზმისა და წუწუნის გარეშე. ჩემთვის ეს ენერგიის რაციონალური ხარჯვის საკითხია. მირჩევნია, რესურსი გამოსავლის ძიებასა და ახალ იდეებს მოვახმარო, ვიდრე თავის შეცოდებას. საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმეები და ემოციური დისციპლინა უფრო მეტს ამბობენ ჩვენზე, ვიდრე ვარსკვლავების განლაგება.
– ზოგადად, ძალიან რთული და ჩახლართული ბუნება აქვთ და მათი ბოლომდე შეცნობა თითქმის შეუძლებელია...
– ვფიქრობ, ის, რასაც ხშირად „ჩახლართულ ბუნებას“ უწოდებენ, სინამდვილეში შინაგანი სიმდიდრისა და პიროვნული შრეების მრავალფეროვნებაა. ადამიანის ბოლომდე შეცნობა მართლაც რთულია, რადგან ნამდვილი ინდივიდუალობა მუდმივ განვითარებას გულისხმობს. ჩემთვის ეს „სირთულე“ არა დაბრკოლება, არამედ რესურსია, დაკვირვებული ანალიზის, ესთეტიკის, სიყვარულისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სინთეზი. საბოლოო ჯამში კი, გარკვეული დისტანცია და შინაგანი საიდუმლო სწორედ ისაა, რაც პიროვნულ ავთენტურობასა და ხიბლს განსაზღვრავს.
– მორიელებს ძალიან კარგად შეუძლიათ ადამიანების რეალური სახის ამოცნობა...
– ჩემთვის ეს „ნიჭი“ უფრო დაკვირვების უნარი და სოციალური ინტუიციაა, ვიდრე მისტიკა. მართალი ხართ, დეტალებზე, მიმიკებსა და არავერბალურ რეაქციებზე დაკვირვება ჩემთვის ბუნებრივი პროცესია. ეს მეხმარება, დავინახო ადამიანის რეალური ბუნება იმ „ნიღაბს“ მიღმა, რომელსაც ხშირად სოციალური როლები გვკარნახობს. მე ყოველთვის ავთენტურობასა და პირდაპირობას ვანიჭებ უპირატესობას. როცა ადამიანს მის „ნამდვილ ენაზე“ ველაპარაკები, ეს ხშირად გარკვეულ დისკომფორტს იწვევს მათში, ვინც რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს, მაგრამ ჩემთვის ეს ერთადერთი გზაა ნამდვილი და ღირებული კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, პროფესიულ თუ პირად ურთიერთობებში მხოლოდ ასეთი სიცხადე ქმნის სიმყარეს. ბევრი შესაძლოა, მართლაც არ იყოს მზად ასეთი გულწრფელობისთვის, თუმცა ჩემს გარემოცვაში მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, ვინც ამ პირდაპირობასა და სიღრმეს აფასებს.
– მორიელი საიმედო მეგობარი და საშიში მტერია... მოდი, მოვყვეთ ორივეზე. შენს შემთხვევაში როგორაა?
– სიმართლე გითხრათ, მე „მტრები“ არ მყავს. თუ ვინმე ჩემ მიმართ უსამართლოდ იქცევა, ამას პერსონალურად არასდროს ვიღებ. მჯერა, რომ ადამიანის ქმედება მისივე შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. ამასთანავე, საკმაოდ პრაგმატული დამოკიდებულება მაქვს ენერგეტიკული საკითხების მიმართ: არ მჯერა, რომ ვინმეს აქვს იმაზე მეტი ძალა ან ენერგია, რომ ჩემი დაზიანება შეძლოს. ჩემი შინაგანი წონასწორობა მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. ნებისმიერი უარყოფითი მუხტი, რომელსაც ადამიანი გასცემს, პირველ რიგში, მასვე ანგრევს შიგნიდან. მე არასდროს ვხარჯავ დროს სამაგიეროს გადახდაზე. სამყარო (ან, თუ გნებავთ, „კარმა“) ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად რეაგირებს მსგავს სიტუაციებზე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანური ჩარევა. ჩემი პასუხი ასეთ დროს მხოლოდ დისტანცია და საკუთარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.
– რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად?
– ძალა ჩემთვის არა სტატიკური მოცემულობა, არამედ განვითარებადი პროცესია. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ საკუთარ თავში ვგრძნობ იმ შინაგან ენერგიას, რომელიც ყოველდღიურ გამოცდილებასთან ერთად, უფრო მეტად კრისტალიზდება. ვფიქრობ, ადამიანები ამას ქვეცნობიერ დონეზე, ენერგეტიკულადაც გრძნობენ. უბრალოდ, ჩემმა განვლილმა გზამ და სირთულეებთან გამკლავებამ გამოააშკარავა ის პოტენციალი, რომელიც ჩემში ყოველთვის არსებობდა. რაც შეეხება ფიზიკურ და სულიერ მხარეს, მჯერა, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია. გენეტიკურად საკმაოდ ძლიერი მენტალური სტრუქტურა მაქვს, რაც მეხმარება ნებისმიერ ფიზიკურ გამოწვევასაც მედგრად შევხვდე. ამ ეტაპზე ჰაშიმოტოს დაავადებასთან გამკლავების პროცესში ვარ. ეს ჩემთვის მხოლოდ კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც მოითხოვს დისციპლინასა და ნებისყოფას. ამას არ აღვიქვამ სისუსტედ. პირიქით, ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ ჩემი სულიერი ძალა ბევრად აღემატება ნებისმიერ ფიზიკურ დაბრკოლებას.
– მორიელები მაგნიტივით იზიდავენ გარშემო მყოფებს. როგორ ფიქრობ, რისი დამსახურებაა ეს?
– ვფიქრობ, ეს „მაგნიტიზმი“ იმ შინაგანი მთლიანობისა და ენერგეტიკის შედეგია, რომელიც მორიელის ნიშნისთვის მართლაც დამახასიათებელია. ჩვენში არის რაღაც ამოუხსნელი, რაც ხშირად გარშემო მყოფებში ინტერესსა და მიზიდულობას იწვევს. ჩემთვის ეს იდუმალება არა ხელოვნური ნიღაბი, არამედ იმის გამოვლინებაა, რომ ჩვენი, მორიელების, შინაგანი სამყარო ყველასთვის ღია არ არის. როცა ადამიანს აქვს მკაფიო პრინციპები, ძლიერი ინტუიცია და სიმშვიდე, ეს თავისთავად ქმნის გარკვეულ მისტიკურ აურას. ადამიანებს ყოველთვის იზიდავთ ის, რაც სიღრმისეულია და რასაც ერთი შეხედვით ბოლომდე ვერ ამოხსნიან. მე მჯერა, რომ ნამდვილი შარმი სწორედ ამ დოზირებულ იდუმალებასა და იმ ენერგიაშია, რომელსაც სიტყვების გარეშე გასცემ. ეს არის მიზიდულობა, რომელიც არა ხმამაღალი განცხადებებით, არამედ შინაგანი სიმტკიცით იქმნება.
– რამდენად ეჭვიანი ხარ? მორიელი ძალიან ეჭვიან ნიშნად მიიჩნევა.
– ჩემთვის ეჭვიანობა არა ემოციური სისუსტე, არამედ მაღალი ხარისხის სელექციურობაა. ბუნებით საკმაოდ ფრთხილი ვარ და სანამ ადამიანებს ჩემს პირად სივრცეში შემოვუშვებ, დიდხანს ვაკვირდები. ეს არის ერთგვარი შემოწმების პროცესი, რომელიც მეხმარება გავიგო, რამდენად ავთენტური და სანდოა ჩემ წინაშე მდგომი პიროვნება. თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილებას ვიღებ და ადამიანს ვენდობი, ეჭვიანობა ჩემთვის აზრს კარგავს. ზედმეტი კონტროლი ენერგიის ფუჭი ხარჯვაა და დიდ დისკომფორტს მიქმნის. დროსა და რესურსს მხოლოდ ჯანსაღ, გულწრფელ ურთიერთობებს ვუთმობ. თუ ვგრძნობ, რომ ვინმე ნეგატივთან ასოცირდება ან ჩემი შინაგანი ბალანსი ირღვევა, მას, უბრალოდ, ვუშვებ. ტოქსიკურ ურთიერთობებს ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ აქვს. ჩემთვის ნდობა ფუფუნებაა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ გავცემ და თუ ის გამართლებულია, ურთიერთობა ხდება აბსოლუტურად თავისუფალი.
– მორიელი არასდროს გაპატიებს ღალატს...
– ღალატი ჩემთვის ყოველთვის ნდობის ბოროტად გამოყენებასთან ასოცირდება. საინტერესოა, რომ ჩემს შემთხვევაში ეს არა „სტანდარტული“ ფორმით, არამედ რესურსების ექსპლუატაციით გამოიხატებოდა. იყო პერიოდი, როცა ჩემს მატერიალურ, ინტელექტუალურ თუ ენერგეტიკულ რესურსს ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ, მე კი ეს გულწრფელი მეგობრობა მეგონა. დღეს ამას სხვანაირად ვუყურებ. ეს მხოლოდ მათი „ბრალი“ არ ყოფილა. მეც მქონდა ჩემი წილი პასუხისმგებლობა, რადგან მკაფიო საზღვრები არ დავაწესე და მუდმივად ხელმისაწვდომი ვიყავი ყველასთვის. ამ გამოცდილებამ მასწავლა საკუთარი ენერგიის ფასი. დღეს ჩემს ცხოვრებაში „მეგობრის“ სტატუსი პრივილეგიაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმსახურებს. ყველას დავემშვიდობე, ვინც ამ ბალანსს არღვევდა.
– ისინი საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრისთვის მზად არიან. ასეა?
– ზოდიაქოს ნიშნების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ასე ვარ. უსაზღვრო სიყვარული ვიცი. ჩემი შვილისთვის, ოჯახის წევრებისთვის და საყვარელი მამაკაცისთვის მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო. ჩემთვის სიყვარული სწორედ ეს არის – უპირობო ერთგულება და მაქსიმალური გაცემა. მჯერა, რომ სიყვარული ნახევარტონებს არ ცნობს. თუ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ მთელ შენს სამყაროს ამ გრძნობის გარშემო აშენებ. იმავდროულად, ჩემთვის სიყვარული ადამიანის უპირობო მიღებაც არის. როცა შეგიძლია, მიიღო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, გიყვარდეს მისი ბუნება და არ ეცადო მის შეცვლას. ეს არის თავისუფლება, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი გრძნობა გაძლევს.
– და ბოლოს, რა თვისებებია, რაც შენს ხასიათში ძალიან მოგწონს და რას შეცვლიდი სიამოვნებით?
– ჩემს ხასიათში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ მეშინია. თავდაჯერებული ვარ და საკუთარ თავში იმ შინაგან ძალას ვგრძნობ, რომელიც სიმშვიდეს მანიჭებს. თუმცა, ამ სიმტკიცესთან ერთად, ძალიან სენსიტიურიც ვარ. სწორედ ამ თვისებას შევცვლიდი სიამოვნებით. იმდენად სიღრმისეული მოაზროვნე ვარ, რომ ხშირად „ოვერსინქინგი“ მჩვევია, რაც სრულიად ზედმეტია. ასევე, მუდმივად ვმუშაობ საკუთარ „ეგოზე“. სულ ვუსმენ შინაგან ხმას და ვაკონტროლებ, რომ ეგომ არ დამირღვიოს ის შინაგანი ბალანსი, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





