როგორ შეიცვალა ნუგზარ ყურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად და რას განიცდიდა ის ბოლო პერიოდში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.06
ნუგზარ ყურაშვილი, მისი საოცარი პროფესიონალიზმისა თუ ადამიანური თვისებების გამო, ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მსახიობი გახლდათ. ორი წლის წინ, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და ბატონი ნუგზარი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელად, მსახიობი გარდაიცვალა.
თამუნა ყურაშვილი: ძალიან მოულოდნელი და მტკივნეული იყო ის, რაც მოხდა. ასეთ რამეს არ ველოდით, რადგან მამა თავს კარგად გრძნობდა. ალბათ, გახსოვთ, ბოლო პერიოდში, პროექტ „მიმღერეში“ მონაწილეობდა და ეკრანზეც ჩანდა, რომ კარგად იყო. ფიზიკურადაც მშვენივრად გამოიყურებოდა და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდა.
სამწუხაროდ, ბოლო თვე-ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ღვიძლზე მეტასტაზი წავიდა და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. იმუნოთერაპია უნდა დაგვეწყო, მაგრამ უცებ ძალიან დასუსტდა. ანალიზებში იმდენად ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა, რომ ორგანიზმი ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ ვეღარ გავუკეთეთ, თუმცა მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის და კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიასთან ერთად, იმუნოთერაპიის დაფინანსებისთვის.
ბოლოს უკვე ძალიან ცუდად იყო. ჯერ სახლში გვეწვინა, შემდეგ კლინიკაში გადავიყვანეთ და ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა დადნა. ისე წავიდა პროცესები, რომ სამწუხაროდ, ვეღარ ვუშველეთ.
– თვითონ ყველაფერი იცოდა?
– არა, არ იცოდა. არაფერს ვეუბნებოდით, რადგან ვიცოდით, რომ ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. მე ვფიქრობ, მდგომარეობიდან გამომდინარე, თქმის გარეშეც ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ კიდევ ჩვენ გვინდობდა და არაფერს გვეუბნებოდა.
ბოლო სამი დღე ძალიან მძიმედ იყო – ყველაფერი ესმოდა, საღად აღიქვამდა მოვლენებს, მაგრამ ისეთი დასუსტებული იყო, რომ ლაპარაკი და მოძრაობა აღარ შეეძლო.
– მოახერხეთ მასთან გამომშვიდობება?
– ფაქტობრივად, ოჯახი კლინიკაში ვცხოვრობდით, თუმცა გამომშვიდობებას რაც შეეხება, რთულია, ამის თქმა და ამაზე ფიქრიც რთული იყო, რადგან ბოლომდე მაინც არ ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. მამამ ცოტა ხნის წინ იმხელა რაღაც გადაიტანა, ნამდვილად არ გვეგონა, თუ ახლა ყველაფერი ასე დასრულდებოდა.
ორი წლის წინ გაიკეთა ოპერაცია და ახალნაოპერაციებზე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მერე ფეხზე დადგა და მთელი ეს დრო ძალიან კარგად იყო. პროფესიულადაც აქტიური იყო. მოგეხსენებათ, „ცხელი ძაღლის“ გაგრძელებას იღებენ და იტალიაში იყო წასული გადაღებებისთვის. შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდანაც წავიდა გასტროლზე. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა და სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა...
– ბატონ ნუგზარს, როგორც მსახიობს, ვფიქრობ, ყველა არაჩვეულებრივად იცნობდა, როგორი მამა და მეოჯახე იყო?
– მამა სასწაული მეოჯახე იყო, საოცრად მოყვარული საკუთარი მეუღლისა და შვილების, ყოველთვის პირველ ადგილზე გვაყენებდა. ყველაფერში გვერდით გვედგა და მისი დამსახურებით, არაფრის შიში არ გვქონდა. გულწრფელად ვამბობ, სანამ მამა იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ის ჩვენი ძალიან დიდი საყრდენი იყო. სულ უნდოდა, რომ მოჰფერებოდი. ძალიან მოსიყვარულე და გულჩვილი იყო. თუმცა, მკაცრიც, მაგრამ ცოტას რომ ვიკამათებდით, ბრაზი მალე გადაუვლიდა ხოლმე.
ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო. არ უყვარდა ჭორაობა, სიმართლის თქმა პირში იცოდა. ადამიანზე მის ზურგსუკან არასდროს ისაუბრებდა.
– ბევრ ცნობილ ადამიანს უთქვამს, რომ ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება...
– არა, მამა მართლა მაქსიმალურად ცდილობდა, დრო ოჯახთან ერთად გაეტარებინა. თუ გასტროლზე არ იყო, ამას ყოველთვის ახერხებდა. მისი დანაკლისი არასდროს გვქონია, სულ მეუღლისა და შვილების გვერდით იყო, ნებისმიერ სიტუაციაში. უარის თქმა არ შეეძლო. ცუდადაც რომ ყოფილიყო, ფეხზე წამოდგებოდა და რასაც სთხოვდი, გაგიკეთებდა. მახსოვს, ერთხელ უარი არ მითხრა და ცირკში წამიყვანა მიუხედავად იმისა, რომ 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე.
– შვილებისა და შვილიშვილის აღზრდის პროცესში აქტიურად იყო ჩართული?
– როცა მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, მაშინ მამა უფრო ახალგაზრდა იყო, ბევრი გასტროლი და გადაღება ჰქონდა, მაგრამ შვილიშვილს რაც შეეხება, მის აღზრდაში, უბრალოდ, დიდი როლი კი არ მიუძღვის, ის ჩემი შვილისთვის, ფაქტობრივად, მამა იყო. ერთადერთი შვილიშვილი ჰყავს და ზედაა გადაყოლილი. ბაბუის ამპლუაში კიდევ უფრო მოსიყვარულე იყო. მამა და ჩემი შვილი ძალიან მეგობრობდნენ, შვილიშვილის მესაიდუმლე იყო.
– პროფესიას რომ ირჩევდით, რას გეუბნებოდათ?
– სხვათა შორის, თვითონაც არაერთხელ უთქვამს, რომ არ უნდოდა, მსახიობი გავხდარიყავი, თუმცა ბოლო პერიოდში ნანობდა, რომ წინააღმდეგობა გამიწია. მე ძალიან მინდოდა მსახიობობა, თუმცა, ალბათ, იმდენადაც არა, თორემ სავარაუდოდ, მაინც ჩემსას გავიტანდი.
– სერიალ „ცხელი ძაღლიდან“ გამომდინარე, მისი პერსონაჟის გვარის გაგონებისაც ბევრს ეშინოდა, რეალურად როგორ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ მის მიმართ?
– არსებობს „ცხელი ძაღლის“ ჯგუფი, დღესაც ვკითხულობ ხოლმე პოსტებს და ვხედავ, როგორ განიცდიან მამას გარდაცვალებას. გიჟდებოდნენ ზერაგიაზე, ეს ძალიან კარგად იგრძნობა. ორი წლის წინ, ურთულეს მომენტში, როცა მამას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობისთვის დიდი თანხა იყო საჭირო, ამ ჯგუფმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. მათი ძალიან მადლიერები ვართ.
– ბედნიერი ადამიანი იყო, საზოგადოების ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა. ალბათ, ეს ძალიან ახარებდა.
– როგორც ვთქვი, ორი წლის წინ, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, „ცხელი ძაღლის“ ჯგუფში ერთი ამბავი ატყდა, უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, თანხა ააგროვეს მამას დასახმარებლად და ამას რომ ხედავდა, თვალებაცრემლებული ამბობდა ხოლმე, როგორ ვყვარებივარ ხალხს. რით დავიმსახურე ამხელა სიყვარულიო – პატარა ბავშვივით უხაროდა.
– პროექტ „მიმღერეში“ უკვე მთელი ოჯახი გაგიცნოთ საზოგადოებამ და ბატონი ნუგზარიც ახალ ამპლუაში წარსდგა მაყურებლის წინაშე. ეს პერიოდი როგორ გახსენდებათ?
– კი, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა არც იცოდა, რომ მამა მღეროდა და მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ ოჯახში ყველა ვმღერით. ჩემი ძმაც მღერის, მაგრამ მიუხედავად დიდი თხოვნისა, „მიმღერეში“ არ წამოვიდა.
საოცარი სიყვარული ვიგრძენით მთელი ოჯახის მიმართ, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. ეს პროექტი და გადაღებები, რომელიც წეღანაც ვახსენე, ოპერაციის შემდეგ იყო და მამას ძალიან უხაროდა თითოეული აქტივობა. სხვათა შორის, ამ პროექტში ძალიან ნერვიულობდა. ამბობდა, სცენაზე რამდენჯერ გავსულვარ, მაგრამ ახლა სხვანაირად განვიცდიო. მეც ვეუბნებოდი ხოლმე, ყოველდღე სცენაზე დგახარ და აქ რა განერვიულებს-მეთქი, მაგრამ ახალ ამპლუაში იყო და სხვანაირად განიცდიდა. შვილიშვილიც რომ მასთან ერთად იყო, ძალიან უხაროდა. მეც ვეხუმრებოდი: ხომ მაინც დავდექი სცენაზე შენთან ერთად-მეთქი და ეცინებოდა.
ოპერაციის შემდეგ თავს შემოუძახა, რომ ფეხზე უნდა დამდგარიყო და ასეც მოხდა, ძალიან კარგად იყო. სანამ ფიზიკურად მხნედ გრნობდა თავს, იმედიანად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტა გატყდა. ცალკე იმას ნერვიულობდა, რომ სცენაზე დგომა არ შეეძლო და ეს ყველაფერი მოქმედებდა მის ხასიათზე.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ახმეტელის თეატრს მისი საოცარი გაცილებისთვის. თუ მამა ამას იქიდან უყურებდა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებული წავიდოდა. ასევე, მადლობა მოზარდ მაყურებელთა თეატრს იმ სიყვარულისთვის, რომელიც მამას მიმართ გამოავლინეს.
და ბოლოს, ყველაზე დიდ მადლობას ჩემს ძმას გადავუხდი. რა თქმა უნდა, შვილები ვალდებულები ვართ მშობლებს მოვუაროთ, მაგრამ ის, რაც ჩემმა ძმამ შეძლო, არ გამიგია, რომ რომელიმე ბიჭ შვილს გაეკეთებინოს მშობლისთვის. მამას თურქეთში ჩემი ძმა გაჰყვა, კლინიკაში მასთან ერთად ცხოვრობდა და მასაც პალატაში ეძინა. იქიდან რომ ჩამოიყვანა, მერეც ყველაფერს ჩემი ძმა უკეთებდა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაშიც მხოლოდ ჩემმა ძმამ იცოდა მდგომარეობის სიმძიმე. სანამ შეეძლო, ჩვენ გვიმალავდა, რომ არ გვენერვიულა. დათომ შეუძლებელი შეძლო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მამა ამდენი ხანი გვერდით გვყავდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





