შოუბიზნესი

რა ნაპერწკალი აანთო გიორგი ჭიალაშვილის ცხოვრებაში მისმა მეუღლემ და როგორ შეიცვალა წყვილის ცხოვრება

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 59 წუთის წინ

გიორგი ჭილაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ გიორგი ჭიალაშვილის ცხოვრება მთლიანად მუსიკასთან არის დაკავშირებული, თუმცა ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა, როგორც მისთვის, ისე მისი მეუღლისთვის – ლალიტა ლომთაძისთვის.

გიორგი ჭიალაშვილი: სიყვარულია ის, რაც ჩვენს მსმენელთან გვაკავშირებს. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, არა მგონია, შეძლო და ასეთი კონკურენციის პირობებში ადამიანების გულებამდე მიხვიდე. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვასრულებ მხოლოდ ქართულს და მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, სხვა ენაზე არ ვმღერი.

როცა მეუღლე გყავს მომღერალი, ადამიანი, რომელიც შენი მთავარი შემფასებელია, შეუძლებელსაც შეძლებ. მე და ლალიკო ყოველთვის ვცდილობთ, პირველ რიგში, ერთმანეთს მოვაწონოთ ნამღერი, შემდეგ კი – მსმენელს. გულწრფელობა და სიყვარული გვამოძრავებს, რაც ხალხს ყველაზე მეტად უყვარს, ამას ვგრძნობთ, რადგან უკან ასმაგად გვიბრუნდება.

ჩვენ ურთიერთობაც სიმღერით დავიწყეთ. ერთმანეთი სცენაზე გავიცანით. მერე, როცა უკვე ცოლ-ქმარი გავხდით, აღმოვაჩინეთ, რომ ბაღშიც ერთად ვყოფილვართ სიმღერის ჯგუფში. ოჯახის სიძე რომ გავხდი, ძველი ფოტოები გადმომილაგეს დასათვალიერებლად და მათში ჩემი თავი აღმოვაჩინე. ყველაფერი ბედია და ასე უნდა მომხდარიყო. ზუსტად ამ სიყვარულის ნაყოფია ჩვენი შვილებიც, ჩვენი სიმღერაც და ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც.

– როგორ მოგხიბლათ, პირველი ეტაპი გავიხსენოთ...

– ლალიკოსთან ამაზე არაერთხელ მისაუბრია. მეკითხება ხოლმე – მომიყევი, როგორ შეგიყვარდიო?! ყველაზე რთული კითხვაა, რადგან კონკრეტული მომენტის დასახელება ძნელია. ყველაფერი ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებაში ჩანს, მაგრამ გადმოცემა რთულია. მთავარია, იმეგობრო საყვარელ ადამიანთან და მის მიმართ გულწრფელი იყო. კონკრეტულ მომენტს რაც შეეხება, სამსახურში ვიმყოფებოდი, ლალიკომ შემოაბიჯა და... რთულად საურთიერთო ადამიანი ჩანდა. მეგონა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა მისთვის თავის მოწონება. თურმე, მხოლოდ სიმღერა მჭირდება ამისთვის (იცინის). მერე უკვე გადავწყვიტეთ დუეტში გვემღერა. ჩვენი ხმები ძალიან კარგად შეერწყა ერთმანეთს. თურმე, ჩვენ ერთი ჟანრი, ერთი აზრი, ერთი სიყვარული გვაერთიანებს – ყველაფერში თანხვედრა ვიპოვეთ. ასე რომ, ყველაფერი პირველივე შეხვედრიდან დაიწყო. ორ თვეში ცოლად მოვიყვანე.

– ერთი შეხედვით, ძალიან მოკლე დროა სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად...

– ძალიან. მაგრამ ნდობა გვქონდა. ძალიან გულწრფელები ვიყავით ერთმანეთის მიმართ, დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა სიმღერა, საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. სეირნობა-სეირნობაში ერთმანეთში ბევრი კარგი თვისება აღმოვაჩინეთ. ერთ დღეს სახლში რომ მივედი, ვთხოვე, რამე ფილმი ერჩია და მისი რეკომენდაციით ვუყურე „ლეგენდა 1900“ და ვიფიქრე, რატომაც არა? ხომ შეიძლება მსგავსი სიყვარული მეც შევიგრძნო-მეთქი?! აქედან დაიწყო ფიქრი და ეს ადამიანი აღმოჩნდა ის, ვინც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გაამრავალფეროვნა.

– ძალიან ლაღები და პოზიტიურები ხართ ეკრანზე, რა ხდება თქვენს ოჯახში?

– სახლშიც ზუსტად ასეთები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 24 საათი გარეთ ვართ და ვმღერით, სახლისთვის აპარატურა შევიძინეთ და კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ ჩვენს რეპერტუარს. სახლშიც მუდმივად კონცერტები გვაქვს. დილას სიმღერით ვიწყებთ ან მე, ან ლალიკო და ამ სიმღერების ფონზე ვიღვიძებთ ჩვენც და ბავშვებიც. რაც უფრო პოზიტიურად დაიწყებ დილას, მით უფრო მხიარულად გრძელდება და ლამაზად გიღამდება. ჩვენ თვითონ ვქმნით ამ განწყობას.

– ვაღიაროთ, რომელია კონფლიქტური და ვინ დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ?

– კონფლიქტი ყველა ოჯახშია, კამათის გარეშე სიყვარული წარმოუდგენელია. სხვა შემთხვევაში ოჯახი ყალბი იქნება. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ეს, რა თქმა უნდა, მამაკაცმა უნდა გააკეთოს და მეც ასე ვიქცევი. ლალიკო რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, მირჩევნია, მის სახეზე ღიმილს ვუყურებდე. რთულია, საყვარელ ადამიანს უხასიათოს ხედავდე, ამიტომ ყოველთვის მივდივარ და ბოდიშს ვუხდი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, დამნაშავე არ ვიყო. მე ვფიქრობ, მამაკაცების მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ჩვენს მეორე ნახევრებს.

– ორივეს უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ, რაც ძალიან კარგია და პროფესიიდან გამომდინარე, ასეც უნდა იყოს. თუმცა, თუ იწვევს ეს თქვენში ეჭვიანობას?

– ეგ კითხვა ჩემს მეუღლესაც დაუსვამს ჩემთვის, არ ეჭვიანობო?! როდესაც გვერდით გყავს მანდილოსანი, შენთვის ძვირფასი ადამიანი, მეუღლე, მას ბოლომდე ენდობი. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ საჭიროცაა ადამიანმა მსმენელისგან დაფასება იგრძნოს. აუცილებელია, რომ სცენაზე მდგარ მადილოსანს მათმა შემოქმედების გულშემატკივარმა მამაკაცებმა ყვავილი აჩუქონ. მეუღლეს დაურეკავს და უკითხავს, ყვავილები მაჩუქეს და შეიძლება, სახლში მოვიტანოო? რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოიტანოს, რადგან ის ღირსია, მსმენელისგან დაფასება მიიღოს. ამაში ცუდი არაფერია. ეჭვიანობა სხვა რამეა. სადაც ნდობაა, იქ ყველაფერი დამთავრებულია. არსებობს კატეგორია, რომელსაც შეიძლება, საერთოდ არ აინტერესებდეს, ქალბატონი გათხოვილია, შვილი ჰყავს თუ არა და ასე შემდეგ. ლალიკოს უამრავი ვიდეო და ფოტო უდევს სოციალურ ქსელში – ქმრისაც, შვილებისაც, მაგრამ ამის მიუხედავად, მოუწერიათ მისთვის. გულწრფელად გითხრათ, ამ კატეგორიას ნორმალურად არ მივიჩნევ, ვფიქრობ, რომ არ ღირს მათთვის ყურადღების მიქცევა, რადგან მე ზუსტად ვიცი ჩემი მეუღლის დამოკიდებულება. არც მე და არც ის ისეთს არაფერს არ გავაკეთებთ, რაც მეორე ჩვენგანისთვის საწყენი იქნება. ჩვენ ერთობა გვაქვს და ამის მიზეზი ჩვენი სიყვარულია. ლალიკოსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ.

– თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ემიგრანტებთან შეხვედრა სხვადასხვა ქვეყანაში... როგორია თქვენი ცხოვრების გეოგრაფია?

– ძალიან მიყვარს, როცა ადამიანებს სულსა და გულს დადებითი ემოციებით ვუვსებ და ამისთვის სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაშიც სიამოვნებით ჩავდივართ მეც და ჩემი მეუღლეც. მახსოვს, ერთხელ შვილთან ერთად წავედით იტალიაში; ჩემს მეუღლეს დედა ემიგრანტი ჰყავს, ბაღში ქართველ ქალბატონებს შევხვდით და ყველა ჩვენს შვილს ეფერებოდა. მოგვიანებით კარგად დავფიქრდი ამ ამბავზე, ჩემს შვილთან შეხვედრამ ამ ქალბატონებს თავიანთი შვილები და შვილიშვილები გაახსენა, მათ გარეშე დაბადებული შვილიშვილები, რომელთა ჩახუტებასაც ნატრობდნენ და ცრემლით ვიტირე, თავი ვერ შევიკავე.

– წარმატების გზაზე, ალბათ, დიდი როლი ჰქონდა მუსიკალურ პროექტებსაც.

– ამაზე ძალიან ბევრჯერ ვიწვალე. თითქმის ყველა პროექტში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა უშედეგოდ დასრულდა. „საქართველოს ხმა“ რომ დაიწყო, ჩემს მეუღლეს არ ჰქონდა სურვილი, გავსულიყავი, რადგან პროექტში ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდა. მეგობრები იყვნენ ჩემთან და მითხრეს, რომ მეორე დღეს ბოლო ქასთიგი იყო. ლალიკოს რომ ვუთხარი, უნდა გავიდე-მეთქი. მითხრა, ძალიან გთხოვ, არ გინდაო. აი, მაშინ გავებუტეთ ერთმანეთს (იცინის). მერე ჩემს მუსიკოს ძმაკაცს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, ნუ აკავებ, ზუსტად ვიცი, იქ რასაც იზამსო. ლალიკო მოვიდა და მითხრა, გადი, მაგრამ თუ გახვალ, უნდა მოიგო, ისე არაო. მეც ზუსტად ამ მუხტით წავედი. ვუთხარი, არ წავალ, თუ შენ არ წამომყვები-მეთქი, და როგორც კი დამთანხმდა, წავედით. ქასთინგზე გავედი, ვიმღერე და იქიდან ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მარტო სიმღერაში არ არის საქმე. ასეთ დროს საჭიროა ფინანსები, გვერდში დგომა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება. ამ ყველაფერს ლალიკო აკეთებდა. მე თუ დღეს ჩემს პროფესიაში რამეს წარმოვადგენ, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა და ამ ამაგს მთელი ცხოვრება არ დავუკარგავ. ძალიან ბევრი იშრომა, თუნდაც იმისთვის, რომ საჭირო ფინანსები მოეპოვებინა, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. იმიტომ არა, რომ მოგვეგო, იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული სიმღერა, იმ სცენაზე დგომა. მართალია, მეორე ადგილზე გავედი, მაგრამ თავს წაგებულად საერთოდ არ მივიჩნევ, პირიქით, გამარჯვებული ვარ, რადგან ხალხის საოცარ დამოკიდებულებას ვგრძნობ, თუ მანამამდე ათასი გულშემატკივარი მყავდა, ახლა ასი ათასი მყავს. ეს ძალიან დიდი ძალაა, თუმცა მე ისევ ის გიორგი ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, თავში ხომ არ აგივარდაო და ვპასუხობ, მასწავლეთ, ეგ როგორ ხდება, იქნებ კარგია-მეთქი (იცინის). ჩემი აზრით, მთავარია, თავმდაბალი იყო, ეს ყველა საქმეში ასეა.

გულწრფელად რომ ვთქვა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ნაპერწკალს აანთებდა და გზაზე დამაყენებდა. ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა. მან საოცარი შთაგონება მომცა. ჩვენ ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ და წინაც ერთად მივდივართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი