გიორგი მარშანია: ჩემს მეგობარს უთხრეს, გიორგი მძიმედაა, ნარკოტიკს მიეძალა და მდგომარეობიდან ვერ გამოდისო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
გიორგი მარშანიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის გიორგი მარშანია?
გიორგი მარშანია: თუ ფილოსოფიურად შევხედავთ, ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე გიორგი მარშანია არის ადამიანი, რომელიც აკეთებს მულტფილმებს და სხვადასხვა პროდუქტს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის საოცნებოა ცხოვრება, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად არიან და მე მაქვს საშუალება, ვაკეთო საყვარელი საქმე. ხანდახან დავისვენო კიდეც.
– როდის იტირეთ სიხარულით და ტკივილით გამოწვეული ცრემლით, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
– ამ ბოლო დროს ფილმების ყურებისას იმაზე მეტად ემოციური ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. ცოტა ხნის წინ, ძალიან ემოციური ფილმი ვნახე – „მამა“, სადაც ენტონი ჰოპკინსი თამაშობს და რამდენჯერმე თვალები ამიცრემლდა.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– გააჩნია, რამდენ მილიონზეა საუბარი (იცინის). ალბათ, ფინანსური ვალდებულებებისგან გავთავისუფლდებოდი. ასევე, საყოფაცხოვრებო დანაკლისებს შევივსებდი. აუცილებლად მოვიწყობდი კარგ დასვენებას, რომ გონება ცოტა „გადავტვირთო“. თანხის ძალიან დიდ ნაწილს ჩემს საქმეში ჩავდებდი და კარგ საბავშვო პროექტს გავაკეთებდი. მაქვს რამდენიმე იდეა, რომლის დაფინანსებაც ვერ მოვიპოვე, რადგან ეს ძალიან რთულია. ამასთან ერთად, გარშემო ვისაც დახმარება სჭირდება, რამდენადაც შევძლებდი, იმდენად დავეხმარებოდი. თანხის რაღაც ნაწილის ინვესტირებას გავაკეთებდი, რომ მოგებული თანხა ერთბაშად არ დაიხარჯოს. როგორც ამერიკის სტატისტიკა აჩვენებს, უცბად, ანუ, ლატარიაში მოგებული თანხით გამდიდრებული ადამიანების უმეტესობა ძალიან მალე უბრუნდება საწყის ფინანსურ მდგომარეობას, არსაიდან მოსული ფული მალე იფლანგება. ამიტომ ვეცდებოდი, შემოსავლის წყაროდ მექცია.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს, მაგრამ ამას ვუყურებ, როგორც გამოცდილებას. თითოეულმა მცდარმა ნაბიჯმა რაღაც შეცვალა ან მასწავლა, ამიტომ არაფერზე ვფიქრობ, ნეტავ ეს არ გამეკეთებინა-მეთქი. არავინ იცის, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, დღეს რა იქნებოდა. რაც დღევანდელი გადმოსახედიდან სწორი ნაბიჯი ჩანს, წარსულშიც სწორი იქნებოდა თუ არა, ამის თქმა ძალიან რთულია. არის ის, რაც არის და მე ამით უკმაყოფილო არ ვარ.
თუ მაინცდამაინც რამის გამოსწორებაზე ვისაუბრებთ, ერთადერთი, რასაც აღვნიშნავ ისაა, რომ კარგი იქნებოდა, მეტი წიგნი წამეკითხა, მეტი ფილმი მენახა, უკეთესი განათლება მიმეღო, თუნდაც, რამდენიმე ენა მესწავლა უკეთ, მაგრამ არავინ იცის, რა სჯობდა. მაგალითად, დრო რომელიც წიგნის წაკითხვის ან ფილმის ყურების ნაცვლად სხვა საქმისთვის გამოვიყენე, გარკვეული შედეგის მომტანი აღმოჩნდა და აქამდე მომიყვანა. საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ ყველა ნაბიჯი სწორი იყო და იდეალურად ვიცხოვრე, მაგრამ წარსულში დაშვებულ შეცდომებს სინანულით მაინც არ ვუყურებ. ვფიქრობ, ამას აზრი არ აქვს.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– კონკრეტული ისტორია არ მახსენდება, მაგრამ სკოლაში სწავლის ან სტუდენტობის დროს, ალბათ, ყველას გამოგვიცდია, როდესაც გოგოს ხვდები და აღმოაჩენ, რომ საკმარისი თანხა არ გაქვს ან თავიდანვე იცი ეს და სასაცილო ხერხებით ცდილობ უხერხული სიტუაციებიდან გამოძრომას (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ყველა კითხვას ჩემს საქმესთან ვაკავშირებ. ამ ეტაპზე, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ „ჟოზე“ შედგა, როგორც პროექტი და როგორც ბრენდი. თუმცა, მარცხიც „ჟოზეს“ უკავშირდება. არის რაღაცები, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მაგალითად, საგზაო უსაფრთხოების წესები, რომელიც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ჟოზეს სრულმეტრაჟიანი ფილმი, რაზეც ახლაც ვმუშაობ, მაგრამ რადგან ჯერჯერობით არ შემდგარა, ვერ ჩავთვლი გამარჯვებად.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– ყველაზე სასიამოვნო, რაც ჩემს შესახებ მახსენდება, ჩემი მეგობრისა და კოლეგის სიტყვებია, რაც მან ჟოზესთან დაკავშირებით მითხრა: ისეთ საქმეს აკეთებ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ შვილებს აღსაზრდელად შენ განდობთო. ეს მართლა ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შვილის აღზრდაში მე პოზიტიური როლი მაქვს, არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე კარგი მოსასმენი. ჟოზესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი კარგი რამ უთქვამთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. ნებისმიერი მესიჯი, რომელსაც ვიღებ და საბედნიეროდ, ამ შინაარსის შეტყობინებებს ძალიან ხშირად ვიღებ, ჩემთვის სტიმულია.
რაც შეეხება გულისტკენას, ალბათ, ასეთიც ყოფილა, მაგრამ ახლა განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. საერთოდ ვცდილობ, წყენა გულში არ ჩავიდო და მალევე დავივიწყო. ერთადერთი, რაც უცებ გამახსენდა არის ჭორი, რომელიც ჩემს მეგობარს უთხრეს, თურმე გიორგი მძიმედაა, ნარკოტიკს მიეძალა და მდგომარეობიდან ვერ გამოდისო. ეს გულსატკენი არა, მაგრამ ძალიან სასაცილო და აბსურდული იყო, რადგან ალკოჰოლსაც კი ძალიან იშვიათად და მცირე რაოდენობით ვიღებ, არამცთუ ნარკოტიკს. ასეთი არსაიდან მოტანილი ამბების დამახსოვრება და გულში ჩადება, არასწორი მგონია.
– რა გიყვართ ყოველდღიურობაში სამსახურეობრივი საქმიანობის გარდა?
– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ რასაც სამსახურში ვაკეთებ, ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემი ჰობიც და სამსახურიც. ამის გარდა, თუ დრო მაქვს, მსიამოვნებს ბუნებაში გასვლა, სოფელში დასვენება, მეგობრებთან შეხვედრა, სამაგიდო თამაშები და ჩემს შვილთან თამაში. სამწუხაროდ, ამის დრო ხშირად არ მაქვს ხოლმე, რადგან სამსახურს ძალიან დიდი დრო მიაქვს.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი?
– ერთ- ერთი ყველაზე დიდი ფიზიკური ტკივილი განვიცადე მაშინ, როცა რეკლამის გადაღების დროს ხელში ფეიერვერკი ამიფეთქდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩი. მცირე დამწვრობა მივიღე, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო. თან თებერვალი იყო, ციოდა და გაყინულ თითებში აფეთქება კიდევ უფრო ამძაფრებდა ტკივილს.
რაც შეეხება სულიერ ტკივილს, არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ეს საყვარელი ადამიანების დაკარგვას უკავშირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





