შოუბიზნესი

რა გამოხმაურება მოჰყვა ფლორენციაში ირმა ცინცაძის გამოფენას და როგორ აღმოჩნდა მისი ნახატი წინასწარმეტყველური

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:37

ირმა ცინცაძე
დაკოპირებულია

მხატვარი ირმა ცინცაძე იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფლორენციაში წარმატებული პერსონალური გამოფენა გამართა. ქალბატონი ირმა წარმოშობით გურიიდან გახლავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებულმა რთულმა პირობებმა წლების წინ მისი ბედი ემიგრაციას დაუკავშირა.

– ქალბატონო ირმა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რა კავშირი გქონდათ ხელონებასთან?

– უპირველესად, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სითბოსა და ყურადღებისთვის ჩემი ლამაზი, მონატრებული საქართველოდან ქართველი ჟურნალისტები რომ მეხმიანებით.

ბავშვობა – ეს არის ენით აუწერელი ტკბილი ეტაპი და ამავე დროს, სევდის მომგვრელი. მუდამ ნოსტალგიით ხარ შეპყრობილი, მუდამ გენატრება ბავშვობის წლები. მე ძალიან თბილ ოჯახში გავიზარდე. ყურადღებიანი და მზრუნველი მშობლები მყავდა და ამავე დროს, ძალზე განათლებულები იყვნენ. მათ ჩაუყარეს საფუძველი ჩემს, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებას.

მახსოვს, როდესაც „საბრალონი“ წავიკითხე, ისეთი ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ხელმეორედ მინდოდა, წამეკითხა. მშობლები ჩემს აზრს, დამოკიდულებას მეკითხებოდნენ გმირების შესახებ. ანალიზს და სინთეზს ვაკეთებდით. ძალიან მენატრება ის დრო.

1980-1990-იან წლებში რაც კი ჟურნალ-გაზეთები გამოდიოდა, ჩემს მშობლებს თითქმის ყველა გამოწერილი ჰქონდათ. ვეცნობოდით სხვადასხვა მხატვრის ბიოგრაფიას და მათ შემოქმედებას. ხელოვნებისა და ხატვის მიმართ ინტერესი მიღვივდებოდა. იმ პერიოდში, როგორც ყველა ბავშვი, მეც ძიებაში ვიყავი, ვფიქრობდი, როგორ დამეხატა ჩემი პატარა სამყარო... მახსოვს, ალბად, 10 წლის ვიქნებოდი, როცა სამზარეულოს რეცეპტების რვეულში დედას პორტრეტი დავხატე და სათაურიც მივაწერე – „ჩემი დედიკო“. დედას ძალიან მოეწონა.

ნელ-ნელა სხვადასხვა პორტრეტის ხატვა დავიწყე: „ფატი ბებო“, „ჩემი დაიკო“... მონაწილეობას ვიღებდი სასკოლო-სარაიონო ჯგუფურ გამოფენებში. პროფესიის არჩევის დრო რომ მოვიდა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ძალიან მინდოდა, იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ საბოლოოდ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ, ხატვას ზურგს მაინც არ შევაქცევდი.

– როგორც მხატვარმა და ხელოვანმა, სამშობლოში რამდენად მოახერხეთ რეალიზება?

– სამშობლოში ყოფნის პერიოდში ვმუშაობდი ხელოვნების პედაგოგად. ძირითად დროს სკოლას ვუთმობდი. თუმცა, პარალელურად, ვხატავდი. იმ პერიოდში შევქმენი „ჩემი ნინო“, ჩემი ბიჭი „მიშო“, ასევე მაქვს რომანტიკულ თემებზე დახატული რამდენიმე ტილო, მათ შორის „ჯეინ ეარი“.

– იტალიაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

– ჩემი გადაწყვეტილება მაშინ არსებულმა რთულმა და გაუსაძლისმა დრომ განაპირობა. ეკონომიური პრობლემების გამო გადავდგი ეს ნაბიჯი და იტალიაში წამოვედი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ქართველი ქალი. ვგეგმავდი აქ თავი შემოქმედებითად როგორმე დამეტვირთა. სურვილი გამიჩნდა, სერიოზულად დავკავებულიყავი შემოქმედებით. ამით ჩემს თავს აქ ყოფნის მოტივაციას ვუქმნიდი, უკეთეს მომავალზე ვფიქრობდი.

– ემიგრაცია რთულია, თუმცა, პირველი პერიოდი განსაკუთრებით მძიმე... როგორ გახსენდებათ თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი?

– თავდაპირველად გაუცხოებული და შეშინებული ვიყავი... თუმცა, ეს ის პერიოდია, როდესაც ნათლად ხედავ შენს რეალურ შესაძლებლობას. კარგად ხვდები, რისი გაკეთების უნარი გაქვს და რისი – არა. თან ძალიან რთულ ეტაპზე გადიხარ, თან გამოცდილებას აგროვებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, არ მიყვარდა უიმედო მდგომარეობა და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევდი. ალბათ, საკუთარ თავთან რომ არ მემუშავა, დღეს არაფერი მექნებოდა გაკეთებული. თუმცა, ეს მცირეა, უფრო მეტი მინდა ვიმუშავო და შევქმნა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გალერეებთან ურთიერთთანამშრომლობამ და აქაურ სოციუმთან ურთიერთობამ ჩემი თავი მაპოვნინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ჯერ პირველი ეტაპია.

– რამ მოგცათ ბიძგი, რომ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე გამოგეტანათ?

– წლების განმავლობაში არსებულმა დიდმა სურვილმა და მუხტმა მიბიძგა, რომ თამამი გამოწვევა მიმეღო და საკუთარი თავისთვის ეს გამეკეთებინა. როგორც მხატვარს, ინტერესი მქონდა, პერსონალური გამოფენა მომეწყო. ჩემმა შემოქმედებითმა „ამბიციამ“ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.

– მოგვიყევით საოცარ იტალიურ წარმატებაზე, თქვენს გამოფენაზე – სად გაიმართა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თქვენთვის?

– გამოფენა 7 თებერვალს ფლორენციაში, „დანტეს სახლის“ გალერეაში გაიმართა. ეს გახლდათ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელზეც საოცარი განცდა დამეუფლა. მანამდე დანტეს სახლ-მუზეუმის გვერდით არსებულ გალერეაში გავწევრიანდი სახვითი ხელოვნების საზოგადოებაში და ჯგუფურ გამოფენებში წლების განმავლობაში ვმონაწილეობდი, თუმცა პერსონალური გამოფენა კიდევ სხვა ემოციებთან ყოფილა დაკავშირებული.

პირველი გამოფენის კვალობაზე ნორმალურად ჩაიარა. აღვნიშნავ, რომ განთქმულმა ხელოვნებათმცოდნემ, სილვია რანციმ და გალერეის პრეზიდენტმა, ბატონმა ფრანკო მარგერიმ ჩემი შემოქმედება მაღალ დონეზე შეაფასეს. ეს ბედნიერების განცდაა ჩემთვის. მეტი სტიმული მომეცა, რომ არ გავჩერდე. ჩემს გამოფენაზე ნათლად დავინახე ჩემი „სულის სარკე“ – ანუ, განვლილი წლები, რამაც აქამდე მომიყვანა.

– თქვენს ნამუშევრებში ასახული სიუჟეტი რეალობადაც თუ ქცეულა?

– დიახ, ეს, ალბათ, დედის ინტუიციაა. პირველი ტილო, რომელიც ემიგრაციაში შევასრულე, ჩემი ქალიშვილის, ნინოს პორტრეტი გახლავთ. თავის დროზე, მისი პორტრეტის დასახატად ერთ-ერთი ფოტო ავარჩიე, რომელზეც ჩემს შვილს ხელში მწვანე კერამიკის ჭიქა ეჭირა.

ნახატზე ჭიქის ცენტრში იალქნიანი გემი ჩავხატე, რომ ლამაზი კომპოზიცია გამოსულიყო. მეორე დღეს კი გავიგე, რომ ჩემმა შვილმა სწავლის გაგრძელება ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში გადაწყვიტა.

– როგორ ახერხებთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე ხატვისთვის საჭირო დროის პოვნას?

– როდესაც ძლიერი სურვილი გაქვს, მას რეალობად აუცილებლად აქცევ. ძირითადად, დასვენების დღეებში ვხატავ. ვიცი, რომ ჩემი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აქ 95 წლის ქალბატონს ვუვლი და სიმართლე გითხრათ, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. ჩემთვის ესეც დიდი მხარდაჭერაა.

– თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით – ოჯახის წევრებიც ხომ არ ხატავენ?

– ოჯახის წევრებიდან ჩემი მამა ხატავდა არაჩვეულებრივად. მყავდა ძმა, არქიმანდრიტი ონოფრე წულაძე, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შარშან გარდაიცვალა და მე ის ვერ დავიტირე, რაც ჩემთვის ენით აღუწერელი ტკივილი იყო. მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა. დიდი ნიჭით გამოირჩეოდა. ჩემს ძმასთან ხშირად ვსაუბროდი. მას ძალიან უხაროდა ჩემი წარმატებები.

ორი შვილი მყავს – ნინო და მიხეილი. 2017 წელს, როდესაც იტალიაში წამოვედი, ორივე აბიტურიენტი იყო. ახლა მიხეილი თბილისში ცხოვრობს და IT სფეროში საქმიანობს, ნინო კი ნიუ-იორკში სწავლობს და მუშაობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი