შოუბიზნესი

რამ შეცვალა ნინი გველესიანის ცხოვრება რადიკალურად და როგორ გადაურჩა ის სცენაზე მშობიარობას

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

ნინი გველესიანი
დაკოპირებულია

მომღერალი ნინი გველესიანი ახლახან პირველი შვილის დედა გახდა. მიუხედავად გამოუცდელობისა, ახალ ამპლუას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ამ საოცარი ეტაპის შესახებ დეტალებს კი თავად მოგვიყვება.

ნინი გველესიანი: ლუკას სახით, საოცარი საჩუქარი მოგვევლინა ჩვენს ოჯახს. ჩემი მეგობრები შვილის დაბადების შემდეგ რომ ამბობდნენ, არ ვიცი, აქამდე როგორ ვცხოვრობდიო, ახლა ვხვდები, ეს რასაც ნიშნავს. რაც ჩემი შვილი დაიბადა, მას შემდეგ ცხოვრება სულ სხვანაირია და თითქოს, დამავიწყდა, რა იყო მანამდე. რა თქმა უნდა, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ახლა, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, კიდევ უფრო კარგად გავიგე, რამდენად საოცარი გრძნობაა დედობა. ყველა ქალს ვუსურვებ, ეს თავად გამოსცადოს. შვილის ყოლა ნამდვილი სასწაულია.

რაც შეეხება ლუკას, წყნარი ბიჭია, თავის პატარ-პატარა პრობლემებით, რაც პატარებს, სამი თვის ასაკამდე, სტანდარტულად ახასიათებთ. სხვა მხრივ, მშვიდი ბავშვია.

– როგორ შეიცვალა შენი ყოველდღიურობა?

– ტიპურ დედების კლუბში გავწევრიანდი, დღე იწყება ლუკათი და მთავრდება ლუკათი. ღამის თენებებიც არ დაგვავიწყდეს ლუკასთან ერთად (იცინის). სანამ სამსახურში გავალ, ასე გაგრძელდება. ჯერ სამჯერ გავედი გარეთ. მინდა, ნელ-ნელა შევაჩვიო, რომ მერე არ გაუჭირდეს. თან, არ მინდა, სულ სახლში ყოფნამ ჩემს ხასიათზეც უარყოფითად იმოქმედოს და მერე ეს ბავშვზეც აისახოს.

– გამოუცდელობის გამო არ გაგიჭირდა?

– პირველი სამი დღე, სანამ მივხვდებოდი, ბავშვს როდის რა სჭირდებოდა, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ კარგად გავიცანით ერთმანეთი და აღარ მიჭირს. ისე გამოდის, რომ ერთმანეთს ვზრდით და ვასწავლით ყველაფერს. ჩემი მეუღლეც მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში. ჩემზე უკეთ უვლის ჩვენს შვილს. აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებს, ერთადერთი ვერ აჭმევს, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს.

– პირველად რომ მის გარეშე გახვედი სახლიდან, გაგიჭირდა დატოვება?

– პირველად ძალიან გამიჭირდა. ახლაც, მაქსიმუმ, ორი საათი თუ გავალ საქმეზე, თორემ ისე, სულ ვცდილობ, სახლში ვიყო. ის ფაქტი, რომ ხანდახან ცოტა ხნით ვტოვებ, პირიქით, მომწონს, რადგან არ მინდა, მერე მიჯაჭვულობის განცდა ჰქონდეს. თან, როდესაც სამსახურში მომიწევს დაბრუნება, არ მინდა, პრობლემა შეგვექმნას და ვფიქრობ, აჯობებს, ნელ-ნელა შევაჩვიო.

– ბევრი დედა საუბრობს პოსტსამშობირო დეპრესიაზე. ამ მხრივ, შენ როგორ გრძნობ თავს?

– მე საკეისრო კვეთა დამჭირდა და სხვათა შორის, ყველაფერმა ძალიან მარტივად ჩაიარა, რეაბილიტაციის პროცესიც ძალიან მარტივად გადავლახე. ბევრს უკვირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ალბათ, ყველაფერი ინდივიდუალურია. მეორე დღესვე, სამშობიაროშივე, მე ვუვლიდი ბავშვს. სახლში რომ გამომწერეს, ერთი-ორჯერ მქონდა წამოტირების მომენტი, რომ არ იცი, რაზე გეტირება, თორემ სხვა მხრივ, პოსტსამშობიარო დეპრესია არ მქონია. ფეხმძიმობის განმავლობაშიც საკმაოდ აქტიური ვიყავი, განსაკუთრებული შემართება მქონდა, კარგი განწყობა, თავი არ დამისტრესავს და ალბათ, ამანაც იქონია გავლენა.

– პატარას დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი საკუთარ თავზე ზრუნვა ცოტა მეორეხარისხოვანი ხდება, მაგრამ მაინც თუ ცდილობ?

– კი, ნამდვილად ასეა (იცინის). რადგან ლაქტაციაზე მყავს ბავშვი, პირველ რიგში, ამ საკითხში გავერკვიე. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ამ თემაზე, მაგრამ ახლა უკვე იმდენი რამ ვისწავლე, შემიძლია, დისერტაცია დავიცვა (იცინის). თავიდან კვების მხრივ ვიზღუდავდი თავს და სიმართლე რომ ვთქვა, ეს ცოტა მსტრესავდა, თუმცა უკვე ისე გავხდი, 2 კილოგრამი მაკლია ჩემს ჩვეულ წონამდე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, ვცდილობდი, ჯანსაღად მეკვება, რადგან თავიდან განსაკუთრებით ვცდილობდი ჩვილისთვის ჩემი კვებით ზიანი არ მიმეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მირჩევდა თავიდანვე ყველაფერი მეჭამა, მაინც ვარჩიე სიფრთხილე გამომეჩინა და ამასთან ერთად, გამოვიდა, რომ წონაშიც დავიკელი. სხვა მხრივ თავის მოვლას რაც შეეხება, მეორე პლანზე კი არა, ეგ ამბავი სადღაც ბოლოში მაქვს გადაჩოჩებული, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, ამ მომენტში სხვა პრიორიტეტი მაქვს. თუმცა, ახლა პატარა უნდა მოვნათლოთ და მომიწევს გაპრანჭვა და საკუთარ თავზე ზრუნვა (იცინის). მერე, უკვე სცენას რომ დავუბრუნდები, მაგ ამბავსაც მივხედავ.

– როგორც დედა, ძალიან ემოციური ხარ თუ შედარებით მშვიდად უყურებ ყველაფერს?

– ვცდილობ, რომ მშვიდი ვიყო, რადგან დედის განწყობა ბავშვზეც მოქმედებს და მე თუ ვინერვიულებ, ისიც დაისტერესება. მართლა დაკვირვებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, ყველაფერი ესმის და ყველაფერს განიცდის. ამიტომ ვცდილობ, ჩემი სიმშვიდით მანაც მშვიდად იგრძნოს თავი. ის, რომ დედა-შვილს შორის განსაკუთრებული კავშირია, ყველამ ვიცით და ვცდილობ, ეს სულ მახსოვდეს.

– რას ამბობენ შენი ახლობლები, როგორი წარმოედგინეთ დედის ამპლუაში და როგორი აღმოჩნდი?

– მოსწონთ, მაქებენ, ყოჩარი და კარგი დედა ხარო. ჩემს მეგობრებს ვერ წარმოვედგინე, როგორც დედა და ზოგს კიდევ არ სჯერა, რომ უკვე ამ ამპლუაში მიყურებს (იცინის). მეც მქონდა ჩემს დაქალებზე მსგავსი განცდა, მაგრამ რეალურად, ძალიან მაგარი დედები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით კომპლიმენტებს ვიღებ და იმედია, მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელებ (იცინის).

– ბებია-ბაბუებიც ჩართულები არიან შვილიშვილის აღზრდაში?

– ბებია-ბაბუებიც ხშირად არიან ჩვენთან, რადგან ვეღარ ძლებენ ბავშვის გარეშე. კი, ძალიან ჩართულები არიან და ლუკასაც ძალიან მოსწონს ბებიებთან ყოფნა. ბაბუები ჯერ ხელში ვერ იჭერენ, ეშინიათ, რამე არ ატკინონ (იცინის). ჩემი დედამთილი ასეირნებს ხოლმე გარეთ. დედაჩემი თავიდან ხელშიც ვერ იყვანდა, არ ახსოვს ბავშვის მოვლა, იმდენი წლის წინ გაგაჩინეთ, ყველაფერი დამავიწყდაო და ახლა თავიდან სწავლობს (იცინის). მისთვის პირველი შვილიშვილია და გამოუცდელია, ჩემი დედამთილი კი უკვე გამოცდილია, მესამე შვილიშვილია – სამი ბიჭის ბებოა.

– მეუღლეც ხომ არ დაესწრო პატარას დაბადებას?

– მეუღლეს უნდოდა დასწრება, მაგრამ სადაც მე ვიმშობიარე, იმ სამშობიაროში დასწრება არ შეიძლებოდა. როგორც კი დაიბადა, მერე გულზე დააწვინეს და მთელი 40 წუთი ნებივრობდა მასთან ერთად. მშობიარობა 39 კვირაზე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ უცებ, 37 კვირაზე დამეწყო დაუგეგმავად, ორი კვირით ადრე. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა და მე და ჩემი ქმარი გიჟებივით გავვარდით სამშობიაროში. დროულად მივასწარით. საერთოდ არ ვიყავი მზად. სამსახურიდან ერთი კვირის წამოსული ვიყავი და კიდევ კარგი, მართლა სცენაზე არ დამეწყო მშობიარობა (იცინის). რვათვე-ნახევარი ვიმუშავე. ბოლოს უკვე საკმაოდ დავმძიმდი და ვგრძნობდი, რომ 39 კვირამდე არ მოითმენდა. ასეც მოხდა (იცინის). პრინციპში, მეც არ მოვასვენე – ბავშვი მთელი რვა თვე დედასთან ერთად მუშაობდა და სამაგიერო გადამიხადა (იცინის).

– სახელის ისტორია როგორია?

– სხვათა შორის, მე და ჩემი მეუღლე სხვა სახელის დარქმევას ვფიქრობდით. ჩემმა მაზლის შვილებმა შემოგვთავაზეს ეს სახელი. გეხვეწებით, ლუკა დაარქვითო. გულის სიღრმეში მეც მომწონდა ეს სახელი და მერე მამიკოც დავითანხმეთ. გამოვიდა, რომ სახელი ბიძაშვილებმა დაარქვეს, თუ გინდათ, რომ ძალიან გვიყვარდეს, ლუკა დაარქვითო და დავარქვით (იცინის). ორივე ბიჭია და უკვე მესამე ბიჭი ჰყავთ ლუკას სახით. გარშემო სულ ბიჭები გვყავს და ტრადიცია გავაგრძელეთ. იმედია, სამომავლოდ, გოგოც იქნება, ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს, მაგრამ ჯერ ცოტა ხანი მოუწევთ ლოდინი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი