შოუბიზნესი

ლენუკა ყიფშიძე: ასეთი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე

№24

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:32

ლენუკა ყიფშიძე
დაკოპირებულია

ვინც ლენუკა ყიფშიძეს ახლოს იცნობს, დამეთანხმება, რომ ძალიან ემოციური, გულახდილი, თბილი და მზრუნველი ადამიანია. მის ცხოვრებაში წარმატებისა და ცნობადობის მიღმა, იყო ტკივილი, განცდა, წარუმატებლობა, თუმცა არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი და ყოველთვის გრძნობდა ახლობელი და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომას.

ლენუკას სასიამოვნო სიახლე აქვს, ახლახან ძმისშვილმა, ნატალია ყიფშიძემ სიურპრიზი გაუკეთა და ახალი მანქანა აჩუქა.

ლენუკა ყიფშიძე: რაც წლები მომემატა, პირველ რიგში, დროს ვაქცევ ყურადღებას. გავახელ თუ არა თვალს, ყოველ დილას, მადლიერების გრძნობა მაქვს. 40 წლის მერე დავაკვირდი და მივხვდი, რა ტკბილი და კარგი ასაკია და რამდენი რამ გადავაფასე. ადრე, სულ დრამაში ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი და ვნერვიულობდი, ახლა კი, ისე შევიცვალე, ჩემს თავს ვერ ვცნობ. მინდა, ყოველი წუთი და წამი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩემს გარემოში გავატარო, შევიგრძნო ის დადებითი აურა და დავტკბე საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნით. ცხოვრება, მართლაც რომ, წუთისოფელია და რატომ ვხოცავთ ხალხი ერთმანეთს, ვერ ვხვდები. ადამიანი დღეს არის, ხვალ – არა და ხომ შეიძლება, დავაფასოთ ერთმანეთი? სულ ვამბობ, მეტი სიყვარული რომ გავცეთ და ამ ბოღმასა და ერთმანეთის ლანძღვაში და საშინელი კომენტარების წერაში არ ვხარჯოთ დრო, ხომ უკეთესი იქნება. ადრე, რაღაცებზე რომ ვნერვიულობდი და ვბრაზობდი, ახლა ხასიათი შემეცვალა და ვდილობ, ნაკლებად მივაქციო ადამიანების ნეგატიურ განწყობას ყურადღება და არ ვინერვიულო. აღარ მაქვს ასეთ ხალხზე აგრესია, ყველა მიყვარს. 44 წლის გავხდი და ვინც ცხოვრებაში შემრჩა და ვისაც ჩემთან უნდა დარჩენილი წლების გატარება, მის გვერდით ვიქნები. შეხმატკბილებულებას ვაფასებ ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი და მათ ვუფრთხილდები. განვლილმა წლებმა, დიდი გამოცდილება მომცა და ამიტომ, ვაფასებ იმას, ვინც მყავს, რაც მაქვს და აღარ ვიშლი უაზრობებზე ნერვებს.

– წლებმა, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ადამიანების გაფილტვრაც მოახდინა?

– რასაკვირველია, რა თქმა უნდა! წლებმა, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ადამიანების გაფილტვრაც მოახდინა. იმდენი რაღაც დავინახე ხალხში – კარგიც და ცუდიც, იმდენი რამ გადავაფასე, რომ მივხვდი, დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც უაზრობებზე არ უნდა ხარჯო. ბევრ დროს ვახარჯავდი სხვებს, ზედმეტად ვიცოდი თან გადაყოლა და ახლა დედაჩემი მეუბნება: კიდევ კარგი, მიხვდიო. ის წლები და ძვირფასი წუთები ჩემი განვითარებისთვის, მეტი განათლების მიღებისა და წინსვლისთვის რომ გამომეყენებინა და ზედმეტად არ გადავყოლოდი სხვებს, ამდენი წელი რომ არ დამეხარჯა, დღეს უფრო კარგად ვიქნებოდი და უფრო მეტს შევძლებდი.

– დღეს ამას, ნანობ?

– ბევრად მაღალ საფეხურზე ავიდოდი, წლები სისულელეებში რომ არ დამეხარჯა. კარგი იქნებოდა, ასე მოვქცეულიყავი, თუმცა, არ ვნანობ – ალბათ, ასე იყო საჭირო. ამიტომ, ყველას ვურჩევ, საკუთრ თავზე იმუშაონ, რომ ბოლოს კარგი შედეგი მიიღონ. დაკავდით თქვენი თავით და არა სხვისი ცხოვრებით. დილით რომ თვალს ახელ, გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და აზროვნების უნარი, ხომ შეგიძლია, შენც გააკეთო საქმე და გახდე წარმატებული. ყველა ადამიანს შეგვიძლია რაღაცის კეთება და საკუთარ თავს უნდა მივცეთ სტიმული და ჩვენს თავზე ვიმუშაოთ. ამის წამალი არ არსებობს, რადგან ადამიანია საკუთარი თავის წამალიც, ექიმიც, სტიმულიც, ძრავაც და ყველაფერიც. „რაც ხდება, ალბათ, ისეა საჭირო“. ყოველ შემთხვეაში, იმ დროს ასე ვფიქრობდი, ახლა კი, რომ მივხვდი, ასი გრადუსით შევიცვალე დამოკიდებულებები. ნიკუშას მერე, სადღაც ოცი წლის ასაკიდან, დამეწყო პრობლემები და ყველა მეუბნებოდა: რა არის, რა სულ ექიმებში დარბიხარო. უამრავი წელი დავხარჯე ექიმებში და მეგობრები დამცინოდნენ: რა არის, ახალგაზრდა გოგო რა სულ წნევის აპარატით დადიხარო. ასე თუ ისე, ეს ფობიაც გადავლახე, თუმცა, ახლაც ვსვამ ანტიდეპრესანტს, მაგრამ მინდა, მოვიშორო, რადგან მივხვდი, წამალი არ კურნავს, უბრალოდ, იმ მომენტში აყუჩებს იმ ფონს, რაც მე მჭირს. მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, ყველაზე და ყველაფერზე ვნერვიულობ.

იმდენად ემოციური ვარ, რომ მიხარია თუ მწყინს, ერთნაირად მოქმედებს ჩემზე. მერე ვხდები ცუდად, გული მიჩქარდება, ჰაერი არ მყოფნის და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან მარტოობას, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ეს ერთგვარი დოპინგია, რითიც ვიმუხტები, ამ დროს სურვილი მიქრება, სახლიდან გავიდე. ზოგადად, სულ მიკვირდა, ლენას რატომ უყვარდა მარტო ყოფნა. ყველას სჭირდება განმარტოება, მაგრამ სულ მარტო რომ არიან, ასეთი ადამიანების არ მესმის. მე მარტოობას ვერ ვიტან, არ შემიძლია. ზოგადად, წლების განმავლობაში ბევრი წყენა დამიგროვდა და ერთი წლის განმავლობაში მქონდა პერიოდი, როცა არ მინდოდა გარეთ გასვლა, მემართებოდა პანიკური შეტევები, მქონდა რაღაცების მიმართ მიუღებლობა. სხვათა შორის, როცა მე და ნიკუშა ნაგირავებ ბინაში გადმოვედით, გამიჭირდა დიდ ოჯახთან განშორება, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს ვარ მათთან, მაინც გამიმწვავდა ემოციური ფონი.

არასოდეს გქონია სურვილი, წასულიყავი სხვა ქვეყანაში და იქ გაგეგრძელებინა ცხოვრება და კარიერა?

– შემოთავაზებაც მქონდა და შემეძლო, უცხო ქვეყანაში წარმატებული კარიერა მქონოდა, მაგრამ უარი ვთქვი. ნებისმიერი ქვეყნის კუთხეში მყავს მეგობრები და მეუბნებოდნენ, აქ ჩამოდიო, მაგრამ არ წავედი. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. სამოგზაუროდ – კი ბატონო, სიამოვნებით წავალ. დეიდაჩემი ცხოვრობდა კვიპროსზე და იქ ჩავდიოდი სამ-სამი თვე. მივხვდი, უცხოეთში ცხოვრება ჩემი არაა, მე ჩემს ქვეყანაში მინდა. ზურასაც ბევრ ქვეყანაში შეეძლო კარიერის გაგრძელება, მაგრამ არ ისურვა. კიდევ ვამბობ, უცხოეთში სიამოვნებით ვიმოგზაურებ და ყველა ქვეყნით ქუდსაც დავიხურავ, მაგრამ საცხოვრებლად მხოლოდ ჩემს ქვეყანას ვამჯობინებ.

– სასიამოვნო სიახლე გაქვს, ძმისშვილმა – ნატალია ყიფშიძემ ახალი მანქანა გაჩუქა...

– სულ მინდოდა და ოცნებად მქონდა ახალი მანქანა. რაღაც პერიოდი ნატალია მანქანებს მაჩვენებდა: ნახე, ეს როგორ მომწონს, ის როგორ მომწონსო. მეუბნებოდა: ტარება მინდა მასწავლო და ხომ მასწავლიო. რას ვიფიქრებდი, რომ ნატაშკა ჩემთვის არჩევდა ახალ მანქანას. ერთი სიტყვით, ნატალიას კომპანია Ggeely aris kompania-თან ყველაფერი გაურკვევია და ერთ მშვენიერ დღეს, გასული კვირის ოთხშაბათს გამომიცხადა, წამყევი კომპანიაშიო. ისე წავყვევი, მართლა აზრზე არ ვიყავი, რა სიურპრიზს მიმზადებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ძველი მანქანა დავტოვე და ახალი „ჯილი ატლასით“ დავბრუნდი უკან. ასეთი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში. კიდევ გეუბნებით, ბოლომდე არ მჯეროდა, მეგონა, ნატალიას თავისთვის უნდოდა და რომ მითხრა, ხომ მოგწონს და შენიაო, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ. ძალიან გახარებული ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი