შოუბიზნესი

თამთა კვარაცხელია: ჩემი ცხოვრება ადრეული ასაკიდან ჩემდა უნებურად იმდენი ტკივილითა და ტრაგედიით აივსო, არჩევანის შესაძლებლობა არც მქონია, სუსტი ვყოფილიყავი თუ ძლიერი

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.11, 2022 წელი

თამთა კვარაცხელია
დაკოპირებულია

თამთა კვარაცხელია „პოსტივზე“ შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი გახლდათ, თუმცა, ახლახან დატოვა ეს გადაცემა. მას წინ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს, რომელსაც თავად გაგვიზიარებს.

– თამთა, როგორც ვიცი, შუადღის გადაცემა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც იყავით, დატოვეთ. რა გახდა ამის მიზეზი, არ იყო ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება?

– ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ძალიან ბევრი ფიქრი და ვნებათაღელვა ახლავს ხოლმე, მანამ, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდები საკუთარ თავში და სურვილებში. მარტივი პროცესი ნამდვილად არაა, სწორი ანალიზი გაუკეთო რეალობას, ობიექტურად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, წახვიდე გააზრებულ კომპრომისებზე და გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. ნამდვილად რთული იყო შუადღის გადაცემის დატოვება. გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი ხასიათი დამეხმარა, ცოტა კი დამღლელია მაგრამ საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილო ვარ, ყოველ ჯერზე მეტი და მეტი მინდა. ეს თვისება მეხმარება, ყველა საქმიდან მაქსიმუმი ავიღო, ვისწავლო, მოკლე დროში გავიზარდო, სიამოვნება მივიღო საკუთარი თავის ძიების პროცესით და მუდმივად ვისწრაფვოდე განვითარებისკენ. საერთო ჯამში, დრო ყველაფრის საუკეთესო მასწავლებელია, ერთ ადგილზე გაჩერების დრო არაა, მე მხოლოდ წინ უნდა ვიარო, რადგან უკან დასახევი არც დრო მაქვს და არც გზა. დღეს ვფიქრობ, რომ არსებული ფორმატის შუადღის წაყვანის გამოცდილება საკმარისია ჩემი კარიერისთვის. დრო მოვიდა მომდევნო ეტაპზე გადასვლის, ახალი პასუხისმგებლობების აღების, რომელიც უფრო დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემი დასახული მიზნების მისაღწევად. „პოსტივის“ ხელმძღვანელობისგან მივიღე შემოთავაზება, გავაკეთო საკუთარი გადაცემა, რომელიც ახალი, 2023 წლის პირველივე დღეებში გავა სატელევიზიო ეთერში, ისეთი ბედნიერი ვარ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სატელევიზიო თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში.

– ცოტა ხნის წინ დროებით გაქრით ეკრანიდან და მგონი, ყველას აინტერესებს მიზეზი – რა მოხდა?

– მუდამ ვიმეორებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს, თითქმის 3 წელია, „პოსტივზე“ არც ერთი დღით, დილის თუ შუა დღის ეთერი არ გამომიტოვებია. ვფიქრობდი, რომ მუდამ ასე იქნებოდა ყოველდღე მივესალმებოდი მაყურებელს და არასოდეს დამეზარებოდა, თუნდაც, დილის 7 საათზე ჩიტივით საწოლიდან წამოფრენა. თურმე, როგორ ვცდებოდი. ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ისეთი მძიმე ჟამი, როდესაც შენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც საყვარელი საქმე, კარიერა და მიწიერი საჭიროებები მეორეხარისხოვანი ხდება. სწორედ მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემა გახდა მიზეზი, რის გამოც მომიწია ტელეეკრანებთან და ჩემს საყვარელ მაყურებელთან გამომშვიდობება და თურქეთში გამგზავრება. თითქმის ერთი კვირა საავადმყოფოში ვცხოვრობდით, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ძალიან სუსტად, შეშინებულად და უმწეოდ. ყველაზე რთული პერიოდი გამოვიარე. უცხო ქვეყანაში, მარტო, ცრემლიან დედასთან და ავადმყოფ მამასთან ერთად, როცა საათების განმავლობაში ველოდებოდი უცხოელი ექიმებისგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოზის მოსმენას. არადა, სწორედ მაშინ უნდა ვყოფილიყავი ყველაზე ძლიერი და რაციონალური, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი მშობლების იმედები არ გამეცრუებინა, რომლებიც ძალას ჩემში ეძებდნენ და იმედით თვალებში მიყურებდნენ. დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი. და მე ის ვიპოვე, ვიპოვე საკუთარ თავში, ვიპოვე ძალაც და შევძელი ამ მოგზაურობას მოეცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი – იმედი, იმედი იმისა, რომ ჩვენი ოჯახი ერთად გაუმკლავდება მისი ღირსეული წინამძღოლის ვერაგ დაავადებას. მიუხედავად ყველაფრისა, ის მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს. მამას სიმსივნე აქვს. ამ მწარე გამოცდილებამ უფრო შეკრა ჩვენი ოჯახი, მეტად მაგრძნობინა თითოეული მისი წევრის მხარდაჭერა და სიყვარული, დამაფასებინა ჩემი მეგობრები, რომლებიც გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. მე კი შინაგანად უფრო მეტად გამზარდა და გამაძლიერა.

– თამთა ფსიქოლოგიურად ძლიერი გოგოა? როგორ ხვდებით ასეთ სირთულეებს?

– სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება ადრეული ასაკიდან, ჩემდა უნებურად, იმდენი ტკივილითა და ტრაგედიით აივსო, არ მქონია შესაძლებლობა, ამერჩია – სუსტი ვყოფილიყავი თუ ძლიერი. დიდი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები სისუსტეზე დაფიქრების ფუფუნების საშუალებასაც არ მაძლევდა. ეს, ალბათ, ბედისწერაა და ეს გზა მე უნდა გამევლო, რადგან მე ის ნამდვილად არ დამიმსახურებია. ყველა თავის გზას გადის ამ ცხოვრებაში, ჩემი გზა კი, რომელსაც ყოველდღე თავად ვიკვალავ, დასაწყისშივე რთული ჩანდა, დღესაც ასეა და იმედი მაქვს, ოდესმე მაინც გამარტივდება. ვფიქრობ, რომ თამთა ძლიერი გოგოა, რადგან ვგრძნობ ჩემში იმ ძლიერ ხასიათს, რომელიც ჩამომიყალიბდა, რომელიც მივიღე და რომლისაც მჯერა. მჯერა საკუთარი თავის, უფლის, ჩემი შვილისა და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომის, რომლებიც ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე ყოველ წამს მაძლიერებენ.

– დიდი ტრაგედია გაქვთ გადატანილი, ჩვენმა მკითხველმა, ალბათ, იცის, რომ მეუღლე გარდაგეცვალათ. გაგაძლიერათ ამ რთულმა პერიოდმა?

– დიახ, ჩემი მეუღლე წლების წინ მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამ ამბავმა ყველა გაგვანადგურა, განსაკუთრებით კი ჩემი შვილი განიცდის, რომელიც უკვე მერამდენე წელია, თითქმის ყოველღამე, ძილის წინ მამის ნახვას მთხოვს, თუნდაც ერთხელ მასთან ჩახუტებაზე ოცნებობს, თითქმის 7 წელია, ის ტირილით იძინებს. ამ ამბის მერე ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, ბებიასთან და პაპასთან გადასულიყო საცხოვრებლად, რათა მისი არსებობით მათთვის მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი შეემსუბუქებინა. ძალიან ვამაყობ მისით, ძალიან გონიერი, შეგნებული და ღირსეული ბიჭია. ჩვენს ოჯახებს დიდი ტკივილი აერთიანებთ, რომელიც გვასუსტებს და გვაძლიერებს კიდეც.

– არის თამთა კვარაცხელია ძალიან მაღალანაზღაურებადი წამყვანი? ვიცი, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ „ივენთის“ წამყვანობისთვის 25 000 ლარი გადაგიხადათ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი ციფრია…

– ყველაფერი შედარებითია, ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ძალიან მაღალანაზღაურებადი წამყვანი, რადგან არ ვიცი, სხვა წამყვანებს რა სირთულის ღონისძიებაში რამდენს უხდიან, მე მხოლოდ ჩემს ფინანსებზე შემიძლია საუბარი. სხვადასხვა სახის ღონისძიების წაყვანაში სხვადასხვა ოდენობის თანხას მთავაზობენ, ზოგჯერ სამ ენაზე მიწევს წაყვანა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, საიდანაც ანაზღაურების ოდენობა გამომდინარეობს. ჩვენი ქვეყნისთვის 25 000 ლარი ნამდვილად დიდი ციფრია, მაგრამ, ვადასტურებ, რომ ჩემთვის ამ ოდენობის თანხა კერძო კომპანიას ნამდვილად გადაუხდია. დაბალ ბიუჯეტიან და იაფფასიანი ღონისძიებების წაყვანას არასოდეს ვთანხმდები, რადგან ვიცი საკუთარი თავის, შრომისა და შესაძლებლობების ფასი.

– ეკრანზე ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურებით, დიდ დროს უთმობთ გარეგნობაზე, სტილზე, სამოსზე ზრუნვას? ეკრანს მიღმაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ვიზუალს?

– მადლობა კომპლიმენტისთვის. ყოველ დილით, როცა ტელევიზიაში მივდივარ, განსაკუთრებით დილის 7 საათზე, ისე გამოვიყურები, როგორც კონკია, იქ მყავს ჩემი ჯადოქარი მეიქაფ არტისტი და თმის სტილისტი, რომლებიც პოზიტიური ენერგიით თავს მევლებიან, მალამაზებენ, მხატავენ და მვარცხნიან თმას. მერე მე თვითონ ვერ ვცნობ საკუთარ თავს სარკეში. ეს ორი ადამიანია ჩემი სილამაზის საიდუმლო. რაც შეეხება სამოსს, ძირითადად, ქართველი დიზაინერები მანებივრებენ, როგორც კი შექმნიან ახალ კოლექციებს, უმეტესობა მიგზავნის და მეც მათ სამოსში ამაყად ვიწონებ თავს ტელეეკრანებიდან თუ სცენიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი