თამო ვაშალომიძე: თუ დედას აქვს საშუალება, ამ მსხვერპლზე წასვლა აუცილებელია
ავტორი: ეთო ხურციძე 18:58 15.12, 2020 წელი
მოდელი თამო ვაშალომიძე მეორე ბავშვის დედა გახდა. პატარა მაქსიმე რამდენიმე დღის წინ დაიბადა. როგორც თავად თამო „თბილისელებს" უყვება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უკვე სახლში არიან და თავს ორივე მშვენივრად გრძნობს.
თამო ვაშალომიძე: ძალიან რთული ყოფილა ორი ბავშვის დედობა, სოფიას ყურადღებას არ ვაკლებ, რომ არ იეჭვიანოს. ეგოისტი შვილები რომ არიან ხოლმე და სულ დედა უნდათ, ასე იყო ხოლმე სოფია. როცა სახლში ვიყავი, ძიძა სულ აღარ ახსოვდა, სულ ჩემთან იყო, გიჟივით ვთამაშობდით, ვცეკვავდით და ვხტუნავდით. მომენტალურად მისი ჭკუის ვხდებოდი. როცა აკა სახლშია, მაქსიმეს მას ვუტოვებ და სოფიას ვეთამაშები. ყველაფერში მბაძავს: ქუსლებიანს იცვამს, მაკიაჟს იკეთებს. მაქსიმე რომ მიჭირავს და ვაჭმევ, თვითონაც უჩნდება ჭამის სურვილი (იცინის). არ მინდა, რომელიმეს ყურადღება მოვაკლო და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი დრო სწორად გადავანაწილო. ჯერ სოფიაც შეგუების პერიოდშია.
– დამხმარე გყავს?
– ყველა მეხმარება და მიწყობს ხელს: დედა, აკა, ძიძა. მაგრამ რადგან პატარა ბუნებრივ კვებაზე მყავს, ძირითადად, ყველაფერი დედაზეა დამოკიდებული. ბუნებრივი კვება ჩემი გადაწყვეტილება იყო – თუ დედას აქვს საშუალება, მისი შვილი ცოტა ხანი მაინც კვებოს ბუნებრივად, ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლოა და ამ მსხვერპლზე წასვლა აუცილებელია, თუმცა მსხვერპლსაც ვერ დავარქმევ, სასიამოვნო გრძნობაა და ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. მერე უკვე სამსახურისა და დატვირთული რეჟიმის გამო, დამატებითი კვების მიცემაც შეიძლება.
– როგორი მამაა აკა და რამდენად ჩართულია ბავშვის მოვლის პროცესში?
– აკა არის არაჩვეულებრივი მამა, უფრო – „სუპერ“ მამა. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. ყველანაირად ჩართულია ბავშვის მოვლის ამბებში. ხომ არიან ოჯახში კაცები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთვებიან ბავშვების გაზრდაში, მოვლასა და ასე შემდეგ, აკა ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. ბავშვიც მშვიდია, ღამე არ იღვიძებს, ტირილიც კი ეზარება, დინჯია, უკვე კაცობს (იცინის).
– როგორც ვიცი, სახელის შერჩევა გაგიჭირდათ. ბოლოს რომელმა გადაწყვიტეთ მაქსიმეს დარქმევა?
– მთელი ცხრა თვე ვფიქრობდით, რა დაგვერქმია. აკას პასპორტში აკაკი უწერია და სახლში კაკოს ეძახიან. ბავშვსაც დაბადებამდე ყველა პატარა კაკოს ეძახდა. მერე იმდენად შევეჩვიეთ კაკოს, სხვა სახელს ვერც ვფიქრობდით, მაგრამ მამის სახელის დარქმევაც არ გვინდოდა. უცხო სახელების მოძიება რომ დავიწყეთ, არაფერი მოგვეწონა. აკას მამამ გვითხრა, მაქსიმე დაარქვითო და უცებ ჩაგვიჯდა გონებაში. მაქსიმე არის პატარა აკა. ვფიქრობ, ჩემი რა გამოჰყვა, რა გამოჰყვა და მგონი, არც არაფერი. თეთრი იყო თავიდან და მიხაროდა, დედის ფერი ექნება-მეთქი, ახლა ფერიც გადაუვიდა და ხორბლისფერი დაჰკრავს. ყველა ამბობს, რომ მამის კოპირებაა.
– ბუნებრივად იმშობიარე?
– კი. მშობიარობა რომ დამეწყო, უკვე კომენდანტის საათი იყო, თუმცა, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ჩვეულებრივად მივედით სამშობიარომდე. მინდა, დავამსხვრიო მითი, რომ პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ მეორე გაცილებით მარტივია. პირველი იმდენად მარტივად და უცებ გავაჩინე, მეგონა, მეორეზეც იგივე იქნებოდა, თან ანალოგიურად ვვარჯიშობდი, დავდიოდი და წონაშიც ბევრი არ მომიმატია. ყველაფერს ისე ვასრულებდი, როგორც სოფიაზე. ახლა უკვე მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ მშობიარობის დროს იტანჯებიან. ექიმს ვუთხარი, გაუტკივარება არ მინდა-მეთქი, რადგან მეგონა, ეს პროცესი 20 წუთზე მეტი არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ექვსი საათი გაიწელა. მეუნებიან, რომ ეს ნორმალური დრო იყო, თუმცა პირველი გამოცდილებიდან გამომდინარე, მერთულა. ისე მოხდა, გაუტკივარების გაკეთებაც დამჭირდა, იძულებული გავხდი, ვტიროდი ტკივილებისგან, ლამის კედლებზე გავდიოდი.
– აკა დაესწრო მშობიარობას?
– არა, აკა იყო იქამდე, ვიდრე გაჩენის პროცესი დაიწყებოდა. ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა ჩემს მდგომაროებას. დარჩენას რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ კაცი ან სხვა ვინმე, მეგობარი, დაქალი და ასე შემდეგ, მშობიარობის პროცესს უნდა ესწრებოდეს. ეს ისეთი პირადული თემაა, მხოლოდ პაციენტმა და ექიმმა უნდა იცოდნენ. ამ დროს არც გაპრანჭვის თავი გაქვს, არც მორიდების და არც ვინმეზე ფიქრის, ერთადერთი, გინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ნერვიულობ, ცუდად ხარ და ასეთ მდგომაროებაში რა საჭიროა, ვინმემ გნახოს.
– უკვე აცნობიერებ, რომ ორი შვილის დედა ხარ?
– ბოლომდე ჯერ ვერა, ყველაფერი ეტაპობრივად მოვა, ჯერ დიდი სიახლეა. სოფიაზეც ასე ვიყავი, ყველა მეკითხებოდა, როგორი შეგრძნებაა დედობაო. ეს უკვე დროის ამბავია.
– ძალიან კარგად გამოიყურები, მგონი, ზედმეტი კილოგრამებიც დაიკელი.
– ხუთი კილოგრამი დამრჩა დასაკლები. ჯამში, 11 კილოგრამი მქონდა მომატებული, ნახევარზე მეტი სამშობიაროშივე დავტოვე და რაც დამრჩა, მაგასაც მალე მივხედავ, უბრალოდ, ამ ეტაპისთვის დიეტას ვერ ვიწყებ, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. თუმცა, წონის კლების გამოცდილება მაქვს და ეტაპობრივად დავიკლებ, კორონა რომ მორჩება, მერე ვარჯიშსაც მივუბრუნდები. ამ ეტაპზე პატარა ბიჭს ვჭირდები, მის გვერდით უნდა ვიყო და მსგავს საკითხებზე ჯერ დიდად არ ვფიქრობ.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ზურა მოდებაძეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი
22:09 18.12, 2024 წელი
15:16 17.12, 2024 წელი