შოუბიზნესი

თამო ვაშალომიძე: ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე გიჟურად დაიწყო და ასე ვითარდება დღემდე

№29

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 25.07

თამო ვაშალომიძე
დაკოპირებულია

ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს ხელი საკუთარ დაბადების დღეზე რომანტიკულ გარემოში სთხოვეს. როგორც თავად ამბობს, ეს მოულოდნელი იყო, რადგან მის მეორე ნახევარს, აკაკი სამხარაძეს, ნათქვამი ჰქონდა, რომ დაბადების დღეზე, ახალ წელსა და სიყვარულის დღეს მსგავს რამეს არ გეგმავდა.

თამო ვაშალომიძე: წინა წელს მეგონა, რომ დაბადების დღეზე ხელს მთხოვდა, იმის წინაზე კი – ახალ წელს, მაგრამ აკამ დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე ხელს არ გთხოვ, არ ელოდოო. შესაბამისად, ჩემთვის ეს ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო. დაბადების დღეებზე სულ სხვადასხვა სიურპრიზს მიკეთებდა. ახლაც, ტერასაზე რომ ამიყვანა, ვფიქრობდი, ფეიერვერკი იქნება-მეთქი. რომ შემოვბრუნდი და ბეჭედი დავინახე, ვერ ვიჯერებდი. როცა 2-3 წელი ადამიანი გეუბნება, დაბადების დღეზე ან სხვა მნიშვნელოვან თარიღზე ეს არ იქნებაო, შენც სხვა მოლოდინი გაქვს. მართლა შოკში ჩავვარდი. მერე იყო ხალხის საოცარი რეაქციები: შვილი ჰყავს და სხვას ხომ არ გაჰყვა, რამდენჯერ უნდა გათხოვდეს და ასე შემდეგ. გაურკვევლობაში იყვნენ, ვერ მიხვდნენ აკა იყო, თუ სხვა ვინმე.

– და თქვი – კი. აკას ხომ არ ჰქონდა ეჭვი, დათანხმდებოდი თუ არა?

– კი, მაშინვე დავეთანხმე. აკა დარწმუნებული იყო, რომ თანხმობა ექნებოდა, როგორც მეუბნება, არც ერთი წამით არ მინერვიულიაო. ეს ბუნებრივიც არის, რადგან უარს ნამდვილად არ ელოდებოდა. იმასაც ამბობს, საერთოდ, თუ კაცი უარზე ფიქრობს, რატომ უნდა სთხოვოს ქალს ხელიო. თითის ზომის გასაგებად ჩუმად წაუღია ჩემი ბეჭედი, რომელიც მეხუთზე თითზე მიკეთია ხოლმე და ვისაც დაამზადებინა, იმ კაცს უთქვამს, არ არსებობს, ამხელა თითი ჰქონდესო (იცინის). როგორი ბეჭედი წაიღო, იცით, რაღაც ზღვისფერი, სარაფანი რომ უნდა ჩაიცვა და საჩვენებელ თითზე გაიკეთო. თან, იცოდა, სადა ბეჭედი მინდოდა, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ამაზე ბევრი უფიქრია და მშვენივრად გამოუვიდა კიდეც – ჩემი ნიშნობის ბეჭედი ძალიან მომწონს.

– ანუ, მზად ხართ, თქვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეთ?

– კი, ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე გიჟურად დაიწყო და დღემდე ასე ვითარდება. საქართველოში გვაქვს ტრადიცია, რომ ბიჭმა ხელი უნდა სთხოვოს გოგოს, მერე დაქორწინდნენ, შეეძინოთ ბავშვები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ერთად ცხოვრების თემა ბევრად მნიშვნელოვანია, როგორ შეეგუებიან ერთმანეთს თანაცხოვრებისას, რამდენად გაამართლებენ იმედებს... წყვილმა ამის შემდეგ უნდა მიიღოს ოფიციალური ქორწინების გადაწყვეტილება. ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა – როცა აკა მზად იყო, მაშინ მთხოვა ხელი, მიხვდა, რომ მზრუნველი და კარგი მეუღლე ვიქნებოდი (იცინის). ორივენი მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახელი დაერქვას. თავიდან ყველა წყვილს აქვს რთული პერიოდი, ზოგი გადალახავს, ზოგიც შორდება. ჩვენ გადავლახეთ ეს მომენტები, თუმცა, რაღაც საკითხებზე დღემდე ვკამათობთ ხოლმე, რაც ბუნებრივად მიმაჩნია. ძირითადი, რაც იყო ყველაფერში გავუგეთ ერთმანეთს და მზად ვართ, ოფიციალური სტატუსით ერთად ცხოვრებისთვის.

– როგორც მახსოვს, გინდოდა, გრანდიოზული ქორწილი გქონოდა. როდის გეგმავთ?

– ყველა გვეკითხება ქორწილზე. ჯერ ზუსტად არ ვიცით, როდის იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ და, დეტალურად ამ საკითხზე არც კი მიფიქრია. ერთი, რაც ვიცი, როცა ხელს მოვაწერ, იმ კაბას საღამოს არ ჩავიცვამ და კიდევ, საქორწილო კაბების უცხოური ბრენდი მომწონს და ჩემს კაბას აუცილებლად მათ შევაკერინებ. დანარჩენი – ტერიტორიულად სად იქნება და ასე შემდეგ, ჯერ არ დაგვიგეგმავს.

– გამოდის, რომ აკას მოულოდნელი სიურპრიზები ახასიათებს.

– კი, ნამდვილად. ისე უცებ გააკეთებს ხოლმე რაღაცას, როცა საერთოდ არ ელოდები. ამ შემთხვევაშიც ასე იყო, მოულოდნელობისგან დავდუმდი, გავჩუმდი, ხმა ვერ ამოვიღე. რა მეთქვა, არ ვიცოდი. თან, ჩვენ ამ თემაზე ცოტა გვქონდა ნასაუბრები, იცოდა, რომ ხელის თხოვნა მეგობრების გარემოცვაში გამიხარდებოდა. ამიტომ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ გარემოში მთხოვდა ხელს და ასეთ საოცარ სიურპრიზს გამიკეთებდა. ეჭვიც არ შემპარვია, ვერც მივუხვდი ჩანაფიქრს, ერთი კი იყო, რაც ჩამოვედით, ჩანთა დაჰქონდა წინ და უკან, ხელს არ უშვებდა, ვფიქრობდი, რატომ დააქვს ეს ჩანთა-მეთქი, თურმე, იქ ბეჭედი ჰქონია.

– როგორ დაისვენეთ იბიცაზე?

– საკმაოდ რთული წელი გვქონდა და განტვირთვა გვინდოდა. ამიტომ იბიცაზე გადავწყვიტეთ წასვლა, თან, ეს პერიოდი ჩემი დაბადების დღესაც დაემთხვა და აკამ ამ დასვენებას ყველაფერი ერთად მიაბა. პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა. კარგად გავერთეთ და მართლა განვიტვირთეთ. ვსვამდით, ვხალისობდით, სანაპიროზე დავდიოდით და მოკლედ, უზომოდ კმაყოფილი ვარ. თან, სასტუმროც სწორად შევარჩიეთ – მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო დიჯეები ჰყავდათ და ყოველ საღამოს საოცარი საღამოები იმართებოდა.

– ბავშვები საქართველოში დატოვეთ?

– კი, ამჯერად ბავშვების გარეშე ვიყავით და როგორც კი ჩამოვედით, მაშინვე ბაკურიანში წამოვედით, რადგან თბილისში ძალიან ცხელა. ვფიქრობ, ცოლ-ქმრისთვის განმარტოება აუცილებელია, ამ დროს სულ სხვანაირად ისვენებ. ბავშვები ძალიან მენატრებოდნენ, ვიდეოთვალს ვერ ვრთავდი ხოლმე, მაშინვე მეტირებოდა. მიკვირს, როგორ ტოვებენ მშობლები პატარებს დიდი ხნით. მე წელიწადში ერთხელ მივდივარ ხოლმე და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ.

– რა შეცვალა აკასთან ურთიერთობამ შენს ცხოვრებაში?

– ბევრი რამ, ოღონდ, უკეთესობისკენ. თავიდან, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ჩემი იმიჯიდან სხვა იმიჯზე გადასვლა ცოტა რთული იყო, რაღაც დაკარგული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, საით უნდა წავსულიყავი. მთელი ცხოვრება რომ სხვა მიზანი გაქვს და უცებ ყველაფერი ირევა, მარტივი ნამდვილად არაა. ეტაპობრივად მოხდა ყველაფერი, დალაგდა ჩვენი ურთიერთობა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. კარგად გავიცანით ერთმანეთი და რაც მთავარია, ვიცით, რა გვწყინს, რა მოგვწონს ან, პირიქით, რა არ მოგვწონს. ჩვენი პლუსი ის არის, რომ ბუტიები არ ვართ, სათქმელს არ ვიგროვებთ და ერთმანეთს ყველაფერს პირდაპირ ვეუბნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი