თამაზა ლოხიშვილი: ძალიან ცუდებსაც რომ ამბობენ ჩემზე, მგონია, ვიმსახურებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 49 წუთის წინ
თამაზა ლოხიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თამაზა?
თამაზა ლოხიშვილი: ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სიცილი და მხიარულება.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე არ მიფიქრია. ასე მგონია, საოცნებო ცხოვრება არასდროს მექნება, ამიტომ ტყუილად არ ვფიქრობ (იცინის).
– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?
– მე ისეთი ბედი მაქვს, ვერასდროს ვერაფერს მოვიგებ. რომც მოვიგო, ალბათ, დამირეკავენ და მეტყვიან: სამწუხაროდ, არასწორად ამოვიღეთ თქვენი ნომერი, ბოდიშს გიხდითო (იცინის). აქამდეც არაფერი მომიგია, ამ კუთხით უიღბლო ვარ.
– რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი დიდი გამარჯვებაა ის, რომ შრომა ვისწავლე. ყოველთვის მიზანზე ვარ ორიენტირებული: თუ რამეს ვაკეთებ, პირველი უნდა ვიყო და ხარისხიანი შედეგი უნდა დავდო.
მარცხად მიმაჩნია ის, რომ ზოგიერთ ადგილას იმაზე დიდხანს გავჩერდი, ვიდრე უნდა ვყოფილიყავი. ამან ბევრი რამ დამაკარგვინა. ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ, საკუთარი ცხოვრებიდან უნდა წაშალო – გააღე ფანჯარა და გააფრინე (იცინის).
– რა გსმენია საკუთარ თავზე განსაკუთრებულად სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინა, რადგან ფიქრობდი, რომ არ იმსახურებდი?
– ხალხმა იცის ქება, მაგრამ მე იმდენად მიყვარს ჭორების მოსმენა, ცუდსაც რომ ვიგებ, ეგეც მსიამოვნებს; მთავარია, რამე მოსაყოლი იყოს (იცინის). გული არაფერს უტკენია: რასაც ამბობენ ხოლმე, ყველაფერს ვიმსახურებ. ძალიან ცუდებსაც რომ ამბობენ, მგონია, რომ ამასაც ვიმსახურებ (იცინის). რეალურად, სხვისი ნათქვამი ჩემთვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამაზე არ ვდარდობ – ის თქვან, რაც უნდათ. ადრე ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა – ალბათ, ტვინის ერთი ნახევარსფერო გამეთიშა და ეს პრობლემაც მოგვარდა (იცინის).
– როდის იტირე ბედნიერების და ტკივილით გამოწვეული ცრემლით?
– ბედნიერების ცრემლებით ტირილი არ მახსენდება. არაფერს გავუბედნიერებივარ ისე ძალიან, რომ მეტირა. არავის არაფერი უჩუქებია, განსაკუთრებული სიურპრიზი ჩემთვის არ გაუკეთებიათ. საჩუქარი, როგორ არა, ყოფილა, მაგრამ ცრემლებამდე რომ მივსულიყავი სიხარულისგან – ეგეთი არა. ახლა წარმოვიდგინე, ეზოში რომ ჩადიხარ და მანქანა გხვდება გაბანტული – 5 000-დოლარიანი კი არა, 50-80 000-დოლარიანი!.. ვიტირებ კი არა, შეიძლება სახე დავიხოკო (იცინის).
რაც შეეხება მტკივნეულ ცრემლს, ბევრი იყო... რაც ზრდასრულ ასაკში მოხდა და რაზეც ყველაზე მეტად ვინერვიულე, დედაჩემს უკავშირდება. რომ ჩამოვიდა, სასეირნოდ წავიყვანე მცხეთაში, ძალიან კარგ კაფეში შევედით. სამწუხაროდ, იქ კიბეზე დაგორდა და მენჯი მოიტეხა. ძალიან უსუსური აღმოვჩნდი, ვერ გავიგე, რა უნდა გამეკეთებინა. ადამიანს მგონია, რომ მთებს გადავდგამ, ამ დროს დედას, რომელსაც ჩემს თვალწინ ასეთი რამ ემართება, ვერაფრით დავეხმარე. კიდევ, ჩემი ძმის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ძალიან მძიმე იყო და მაშინაც ბევრი ვიტირე.
ბავშვობაში ხომ სულ ცრემლები მდიოდა, ბაგაბუგი გამდიოდა, სულ მცემდნენ და აბა, რა იქნებოდა. ამიტომ ამას უკვე აღარ ვთვლი. ზოგჯერ ისე მწარედ დამარტყამდნენ, მეზობლები ჩემებს ეუბნებოდნენ: ეგ ბავშვი თქვენთვის არ გინდათო?! (იცინის). ყველაფერს ვაფუჭებდი და ჭკუიდან გადამყავდა ჩემები. ერთხელ, მგონი, კომბოსტო გამომიქანეს, მუცელში მომხვდა და ვერ ვიშლებოდი ამ ცამოწმენდილზე (იცინის). სინამდვილეში, ისეთ ადგილებში მირტყამდნენ, სადაც სასიკვდილო ზიანს ვერ მივიღებდი (იცინის). რაც მთავარია, თავში არ მიმიზნებდნენ (იცინის).
– რა გამოსცადე ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?
– ის, რომ ნიჭიერი ადამიანის გვერდით ნიჭიერი ადამიანი წარმატებას აღწევს, როგორც ჩემსა და ნაზღოს შემთხვევაში მოხდა. ორივე ნიჭიერები ვართ და საქმე კარგად გამოდის. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია, მაგრამ თან, ძალიან სასიამოვნო. ხალხს ძალიან მოსწონს ჩვენი გადაცემა. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, იდეიდან – განხორციელების ჩათვლით. ერთი შეხედვით, შეიძლება, ჩანდეს, რომ ჩვენი ხუმრობების გამო ვიღაც „მწარდება“, მაგრამ რეალურად, ჩვენ ხომ ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და საბოლოო ჯამში, ყველა ხალისობს, ბედნიერია და ყველას უნდა ჩვენს გადაცემაში მოხვედრა. ბოროტი იუმორი არ გვაქვს, ამიტომ დასაწყისში შეიძლება ცოტა გაბრაზდნენ, მაგრამ შემდეგ იუმორში გადასდით.
– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადე?
– რაც ბავშვობაში მცემეს, მაგის მეტი არაფერი – მეყოფა მთელი ცხოვრება (იცინის). ახლა ვის აქვს ორი თავი, რომ მე რამე დამმართოს? ჩათვალე, შეიძლება, სახლის გაყიდვა და ოჯახის საზღვარგარეთ სამუშაოდ გაგზავნა დასჭირდეს ჩემთვის ფულის მოსაცემად. ერთი პატარა რომ წამომარტყან, იმდენ რამეს წამოვიტკიებ, ყველაფერს გამოვაკვლევინებ. თან მე ჯანმრთელობის დაზღვევა არ მაქვს და ძალიან ძვირი დაუჯდებათ (იცინის). მერე კიდევ, რომ წამოვწვები და 3-4 თვე გარეთ არ გამოვალ, სანამ მკურნალობა-რეაბილიტაცია არ დამთავრდება, უნდა მომხედოს (იცინის).
– რას მიიჩნევ საკუთარ თავს მცდარ ნაბიჯად?
– ძალიან ბევრი მეშლება. ხანდახან ისეთ აბდაუბდა რამეებს ვაკეთებ, მერე მიკვირს ხოლმე: ნეტავ, იმ მომენტში რაზე ვფიქრობდი-მეთქი? დროსთან ერთად ყველაფერს ვაანალიზებ და ეს მზრდის. თუმცა მე არ ვარ ტიპი, რომელიც შეცდომას გააანალიზებს და მასზე ჩაიციკლება. შემეშალა? არა უშავს, წინ გავაგრძელებ გზას. რას უშველის ჩაციკვლა და დარდი?!
– ყოველდღიურად ყველაზე მეტად რისი გაკეთება გიყვარს?
– მაგალითად, სტუმრად ვარ ან ჩემთან არის ვინმე: დილით გავიღვიძე და გემრიელი კერძის სუნი დგას – ჩემი დღე უკვე კარგად იწყება, ბედნიერი ვარ. გავიღვიძე და ჩიტების ჭიკჭიკმა და ნიავმა ზღაპრულ განწყობაზე დამაყენა, ასე რომ ამბობენ ხოლმე, ეს ჩემთვის გაუგებარია, ერთიც და მეორეც გინდ ყოფილა, გინდ არა, მე რას მაძლევს?! რომ ვიღვიძებ, ყველა და ყველაფერი მეზიზღება. ვინც არ უნდა დამირეკოს, არ ვპასუხობ, მგონია, რომ მარტო დავრჩი ამ სამყაროში და ასე შემდეგ – საშინელ განცდებში ვარ. მაგრამ როგორც კი გემრიელი საჭმლის სუნს ვიგრძნობ და კარგად გამოვიბესკვები, თვალებს ვახელ და მერე ვამჩნევ ადამიანებსაც და სამყაროსაც, მანამდე – ვერა (იცინის).
თუ, დავუშვათ, დილით ძალიან ადრე ადგომა დამჭირდა, მაგალითად, 5-6 საათზე, მგონია, რომ პირველი საათისთვის უკვე მკვდარი ვიქნები. მუცელი მტკივა, მამცივნებს, სისუსტე მაწუხებს – მოკლედ, რაც არსებობს, ყველაფერი მემართება (იცინის). ამიტომ თავი რომ კარგად ვიგრძნო, კარგადაც უნდა გამოვიძინო და გემრიელადაც ვჭამო.
საქმის კუთხით თუ შევხედავთ, მიყვარს ყველაფრის კეთება, რაც ჩემს პროფესიას უკავშირდება. ადრე ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვიყავი – მიყვარს ანალიტიკა, ციფრები, დათვლა, ბუღალტერია, ბევრი ფულის შოვნისთვის გეგმის შემუშავება. დღეს უკვე მიყვარს კონტენტის შექმნა, სიცილი, მეგობრებთან ერთად დროსტარება, რჩევების გაცემა, ინტრიგები მეგობრებს შორის – მოწყენის საშუალება არ უნდა გვქონდეს (იცინის). მარტო რომ გამოვდივარ გარეთ რაღაც საქმისთვის, თუნდაც ნაგვის გადასაყრელად, მაშინაც ვიღაც უნდა გამოვიჭირო და ველაპარაკო, რომ ეს რამდენიმეწუთიანი საქმეც ხიხი-ხახაში და საუბარში გავატარო.
– რით ამაყობ ყველაზე მეტად?
– ვამაყობ ჩემი ოჯახით, მშობლებით, ბებიით – განსაკუთრებული სიყვარულითა და ძალიან თავისუფლად გვზრდიდნენ. მეგობრებით, რომლებიც ბავშვობიდან მომდევენ ან მერე და მერე შევიძინე – მათი იმედი ყოველთვის მაქვს.
ჩემს სამეგობროში ბანძ-ბუნძ ადამიანებს ვერ ნახავთ. არ მიყვარს ბანძი-ბუნძი და აფერისტი ხალხი, ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ საქმის კეთება, ცუდი ქცევები აქვთ, ქურდბაცაცები არიან და ასე შემდეგ. მე ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ მაქვს. მე მიყვარს მშრომელი და ხალისიანი ადამიანები, რომ არ შეგარცხვენენ, რომლებმაც წესები იციან. მეზიზღება, ორ ჭიქას რომ დალევენ და დორბლი სდით, ყველაფერს რომ ურევენ. ასეთებთან კონტაქტიც არ შემიძლია. მე გვერდით ყველა კარგი მყავს და ამ ადამიანებით ვამაყობ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





