შოუბიზნესი

თამარ ურუშაძე: მცდარ ნაბიჯად მივიჩნევ დუმილს მაშინ, როცა ყვირილია საჭირო

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.04

თამარ ურუშაძე
დაკოპირებულია

თამარ ურუშაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის თამარ ურუშაძე?

თამარ ურუშაძე: ქალი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოყენებას. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სხვების ისტორიებს ყვება და ხანდახან საკუთარი ისტორიის მოყოლა ავიწყდება. ემოციური მაქსიმალისტი. თუ რამეს აკეთებს, აკეთებს ბოლომდე. ქალი, რომელიც არც საკუთარ თავს აძლევს მოდუნების უფლებას და არც გვერდით მყოფებს. ბევრი რამ გამოიარა და ისწავლა მთავარი – ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ადამიანური ნდობაა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– საოცნებო ცხოვრება ჩემთვის ნიშნავს განვითარებას, თავისუფლებასა და შინაგან სიმშვიდეს. როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს, აქვს მიზნები და ამავე დროს შეუძლია, ცხოვრებით სიამოვნების მიღება; სადაც სიმშვიდე და „დრაივი“ ბალანსშია – ალბათ, სადმე ხმაურიან ქალაქში, ხმაურიან ქუჩაზე, სადაც ფეხს გადაადგამ და ენერგეტიკული მუხტი პიკს აღწევს, მაგრამ როგორც კი შენს სივრცეში შეაბიჯებ ხმაური წყდება. მიყვარს ქალაქის ენერგია, მაგრამ დღის ბოლოს ადამიანი მაინც სიმშვიდეში უნდა ბრუნდებოდეს, იქ, სადაც საკუთარი თავი ელოდება. ისე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ემოციური სტაბილურობა და ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობები.

– რამდენად გულჩვილი და ემოციური ხართ?

– ვფიქრობ, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ. ხშირად ძალიან მძაფრად განვიცდი როგორც კარგს, ისე რთულ მომენტებს. თუმცა, ვცდილობ, ეს ძალად ვაქციო და არა სისუსტედ. ემოცია ხომ საწვავია – მთავარია, მართვა ისწავლო.

– როდის გიტირიათ ბედნიერების და მტკივნეული ცრემლებით, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– ბედნიერებისგან – როცა დედა გავხდი.

ბედნიერების ცრემლები მაშინ მოდის, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აღწევ ან საყვარელი ადამიანების წარმატებას ხედავ. მტკივნეულია მომენტები, როცა ადამიანს იმედი გაუცრუვდება ან რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ალბათ, პირველ რიგში, დროს ვიყიდდი – თავისუფლებას, რომ მხოლოდ ის საქმეები ვაკეთო, რაც მართლა მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– არა, მშვიდი ცხოვრება მირჩევნია. გავლენა პასუხისმგებლობაა, თუმცა, თუ ეს გავლენა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში დამეხმარება – კი. მარტო ცნობადობისთვის – არა.

– რა მიგაჩნიათ, საკუთარი თავის ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

- დუმილი მაშინ, როცა ყვირილი იყო საჭირო. საკუთარი თავის დაჩაგვრა სხვისი კომფორტის გამო. ყველა ადამიანს აქვს შეცდომები და ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის მომენტები იყო, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული. თუმცა, სწორედ ასეთმა გამოცდილებებმა ბევრი რამ მასწავლა. მაგრამ, ალბათ, შეცდომებიც უნდა შევიყვაროთ. შეცდომების გარეშე ვერ გავიზრდებოდით.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– ხშირად მემართება, როცა ფიქრებში ვარ გართული მანქანები მერევა და შემთხვევით უცნობი ადამიანების მანქანაში ვჯდები და მერე ნერვიულად, წავედით-მეთქი, დაჟინებით ვითხოვ. შარშან პრესკონფერენციაზე წავედი ცალ-ცალი ფეხსაცმლით. ორივე შავი იყო, მაგრამ ერთს ჰქონდა მაღალი, ოქროსფერი ქუსლი და მეორეს დაბალი და შავი. რაც მთავარია, ერთი თვის მერე მივხვდი (იცინის).

ეთერშიც არის ხოლმე უხერხული შემთხვევები. ერთხელ მეგონა, კადრებით ვიყავი გადაფარული. ყურში ხმა შემოდიოდა, თან ანონსური გამოშვება იყო, პაუზების გარეშე და ვერ ვხვდებოდი, როგორ მიმეხვედრებინა რეჟისორისთვის, რომ რაღაც არასწორად იყო. ხელებისა და ფურცლების ქნევა დავიწყე. მერე გავიგე, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა – ანუ მაყურებელმა ჩემი პანტომიმაც ნახა.

– სახალისო შემთხვევა, რომელიც პაემანზე გადაგხდათ…

– ერთ პაემანზე წინა კბილი მოვიტეხე. დეტალებში არ შევალ, მაგრამ პაემანი ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება თქვენში ეს თვისება გააღვიძოს?

– ზოგჯერ ადამიანი მკაცრი ხდება მაშინ, როდესაც უსამართლობას ან უპატივცემულობას აწყდება. ასეთ დროს ვცდილობ, მკაფიოდ და პირდაპირ დავიცვა ჩემი პოზიცია. ვერ ვიტან სუსტს რომ ჩაგრავენ ან სხვისი წესიერებით სარგებლობენ.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– მარცხი არის ის მომენტები, როდესაც რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდი. გამარჯვება კი ის არის, როცა ასეთ სიტუაციებში მაინც ახერხებ წამოდგომას და წინსვლას. მარცხი დროებითია, თუ ადამიანი წინსვლას არ წყვეტს.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რამაც გაგახარათ და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?

– კარგი – რომ ჩემი ენერგია ადამიანებს მუხტავს. ცუდი – რომ ზედმეტად რთული და „ეკლიანი“ ხასიათი მაქვს. სიმართლე გითხრათ, ორივე მომეწონა. ყველაზე სასიამოვნოა, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ შენი შრომა და დამოკიდებულება მათთვის მნიშვნელოვანია. კრიტიკა, რომელიც უსამართლოდ გეჩვენება, ბუნებრივია, რომ გულს გტკენს.

– პროფესიის მიღმა, რის კეთება გიყვართ ყველაზე მეტად და რა არ გიყვართ?

– მიყვარს ახალი გამოცდილებების მიღება, კითხვა, მოგზაურობა და მშვიდ გარემოში დროის გატარება. არ მიყვარს ლოდინი და როცა რამეს მაიძულებენ. არ მიყვარს ზედაპირულობა და უსამართლობა. ასევე არ მიყვარს მანქანის ტარება.

– რა გამოსცადეთ ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად?

– გავსინჯე ერთ-ერთი ცნობილი კერძი. გადმოვხტი პარაშუტით.

მიყვარს ახალი გამოცდილებები, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მომენტები გვავითარებს და გვაძლევს ახალ ხედვებს.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– ყველაზე დიდი შიში, ალბათ, მაშინ მოდის, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დაკარგვის საფრთხეს გრძნობ. საშიში იყო ომი, დაბომბვები. ერთხელ შემეშინდა, როცა ანალიზები აერიათ და სანახევროდ, მაგრამ მაინც საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დამისვეს. რა ვიცი, შიში ბევრია, მაგრამ მთავარი შიშის დათრგუნვაა. უნდა მოერიო და მერე ყველაფერი მარტივია.

– რაიმე ფობია თუ გაქვთ?

– როგორც ბევრ ადამიანს, მეც მაქვს გარკვეული შიშები, თუმცა ვცდილობ, რომ მათზე მუშაობით დავძლიო. მეშინია გველის და მეშინია დახრჩობის – რამე რომ გადამცდეს, აი, მაგ დროს ვინმე თუ არ მყავს გვერდით, ძალიან ცუდად ვხდები.

– რა გახსენდებათ ყველაზე დიდ ტკივილზე?

– ყველაზე დიდი ტკივილი, როგორც წესი, იმ მომენტებთან არის დაკავშირებული, როდესაც ადამიანს იმედგაცრუება ან დანაკარგი უწევს. ყველაზე დიდი ტკივილი, ალბათ, ადამიანების დაკარგვაა.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე მეტად ვამაყობ ჩემი შვილებით. ზუსტად ისეთები არიან, როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად. ალბათ, იმითაც, რომ არც ერთ ეტაპზე საკუთარი თავი არ დამიკარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი