მაკა ჩიჩუა: ძალიან მოვწონდი ყველას - საზღვრებს შიგნით თუ გარეთ
ავტორი: „თბილისელები“ 59 წუთის წინ
მაკა ჩიჩუა ყოველთვის არღვევდა პირველ ლედისთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ ჩარჩოებს. მის ცხოვრებაში ამის არაერთი მაგალითია.
ყოფილ პირველ ლედისთან საუბარი პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოგონებით დავიწყეთ, რომელიც ასევე, ამ თემას ეხება.
მაკა ჩიჩუა: როცა გიორგი პრეზიდენტად აირჩიეს, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით, თუმცა ყველანაირი ოფიციალურობის გარეშე და მაშინ დაიწყო კამპანიის აგორება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ოფიციალური მეუღლე უნდა ჰყოლოდა. დაიწყო ამ თემის განხილვა სრულიად გაურკვევლი მიზეზებით. გაურკვეველს ვუწოდებ იმიტომ, რომ როგორც მერე გავიგე, გერმანიის პრეზიდენტსაც ასე დაურეგისტრირებელი ჰქონდა ურთიერთობა, საფრანგეთის პრეზიდენტსაც და ასე შემდეგ.
როდესაც პატრიარქთან პირველად მივედით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საპატრიარქოში აზრი გაიყო იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა უწმიდესთან მისულიყო ჯვარდაუწერელი წყვილი. ანუ, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაში არ განიხილებოდა ეს თემა... მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ სურდა ჩვენთან შეხვედრა და ძალიან თბილად მიგვიღო. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ შევხვდით და ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
ერთხელაც ვკითხე, თქვენო უწმიდესობავ, განიხილავენ ჩვენს ურთიერთობას, როგორც არასწორს, რადგან არც ჯვარი გვაქვს დაწერილი და არც ხელი მოწერილი, თქვენ რას მეტყვით-მეთქი. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არა გადამწყვეტი. ძალიან თბილი და კეთილი სახით შემომხედა და ჭეშმარიტად ქრისტეს სიტყვები მითხრა: არა, მაკა, მთავარი ქრისტეს სიყვარულიაო. დღემდე მეტირება ამის გახსენებაზე. უმაღლესი იერარქი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება, მშვიდი და ამხელა ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, ძალიან მშვიდად მეუბნება, არა, მთავარია სიყვარულიო. ეს ძალიან შთამბეჭდავი სიტყვები იყო. სამწუხაროდ, ეს პროგრესულობა არ შეინიშნება დღევანდელ რელიგიურ სამყაროში. ძირითადად, პროგრესულობად „ჯიპებით“ გადაადგილებას, კარგი ტელეფონებით სარგებლობას და ბევრი ქონების დააგროვებას მიიჩნევენ. აქ არ აქვთ წითელი ხაზები, თუმცა რატომღაც სიყვარულს წინ გადაუდგნენ, თითქოს, ჩვენ რამეს ვაშავებდით.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, არ ველოდი-მეთქი, პატრიარქს ვუთხარი და რას ამბობ, ეს ჭეშმარიტებააო, მიპასუხა.
ძალიან კეთილი რეაქცია ჰქონდა. ძალიან კარგი დიპლომატი იყო ჩვენი პატრიარქი. მითხრა, თქვენ როცა მოინდომებთ, მაშინ გადადგით ეს ნაბიჯიო.
იცით, როგორი სიმშვიდე მომიტანა პატრიარქის სიტყვებმა?! მიუხედავად იმისა, რომ მე ისევ ჩემს აზრზე დავრჩებოდი, სადღაც მაინც გული მეტკინებოდა ჩვენი საუბარი სხვანაირად რომ წარმართულიყო. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ რბილად და მშვიდად, მაგრამ ჯვრის დაწერას მოგვთხოვდა.
აბსოლუტურად დაუძაბავი, მეგობრული და გაჯერებული ურთიერთობა იყო ჩვენ შორის. თუმცა მის გარშემო ძალიან ბევრს ჰქონდა სტერეოტიპული დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ უმეტესობა ამ აზრზე იყო – რას ამბობ, როგორ შეიძლება ასეო, განგიკითხავენ.
– სხვა სტერეოტიპებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ის, რომ პირველი ლედი ასოცირდება ხელოვნურ დავარცხნილობასთან, თქვენ ყოველთვის ინარჩუნებდით ბუნებრიობას. იყო ამის გამო გარკვეული წნეხი?
– არა, ძალიან მოვწონდი ყველას - საზღვრებს შიგნით თუ გარეთ და ჩემს გარეგნობასა თუ ჩაცმულობაზე ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ. ერთი-ორი გამოერეოდა და იტყოდა, რატომ არ აქვს თმა კარგად დავარცხნილიო, მაგრამ ძირითადად, აღტაცებას გამოხატავდნენ. უცხოურ ვიზიტებშიც რომ მივყვებოდი გიორგის, საელჩოებშიც გვეუბნებოდნენ, გვიხარია ჩვენს ქვეყანას რომ ასე წარმოაჩენთო. ცივილურ საზოგადოებაში ბუნებრიობა ყველას მოსწონს.
– ალბათ, ბევრს წარმოედგინა, რომ ფეშენებელურ უბანში უნდა გეცხოვრათ და უკვირდათ კიდეც, რატომ ცხოვრობდით რაიონში – ესეც ხომ სტერეოტიპია...
– ნამდვილად ასე იყო. სუპერმარკეტში პროდუქტების რიგში ზურგსუკან მესმოდა ჩურჩული, ის არის? სხვა გაეპასუხებოდა, არა, აქ როგორ დადგებოდა, რიგშიო. სადმე რომ შევიდოდი, როგორც „ჩვეულებრივი მოკვდავი“, როგორც მანამდე, უკვირდათ.
აქ ცხოვრებას რაც შეეხება, ჩვენ აქ მანამდე დავმკვიდრდით. შევიყვარე აქ ყოფნა. მაშინ, მით უმეტეს, ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ სეზონური მეურნეობა მქონოდა. ვშრომობდი მიწასთან და ძალიან მომწონდა. მიმეტოვებინა ეს ყველაფერი და სადღაც ბეტონის ცენტრში გადავსულიყავი, ამის სურვილი არც მე მქონდა და არც გიორგის. ჩვენ ამაზე შევთანხმდით.
ის კი არა, ამერიკაში, თეთრ სახლში მიშელ ობამამ მოაწყო პატარა ბოსტანი. პოზიტიური პროპაგანდა მიწაზე მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენ გარეშეც არსებობდა და რა სჯობს, თუ შენი ბიომეურნეობა გაქვს და ყველაფერი ბუნებრივად მოგყავს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე ძალიან დიდ და ხანგრძლივ შრომას მოითხოვს. სეზონის ბოლომდე მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო და ეს მე ძალიან მსიამოვნებდა. ეს არც აკრძალული იყო. გიორგი ყოველდღე აქედან დადიოდა სამსახურში. ოფიციალური ესკორტიც დააპატარავა, არ უნდოდა ბევრი მანქანა და ორი დატოვა. მაგალითად, წითელზე ყოველთვის ვჩერდებოდით, როცა პროტოკოლში მითითებულია, რომ პრეზიდენტის ესკორტს შეზღუდვა არ აქვს, უნდა გაიაროს. წესს არასდროს ვარღვევდით.
– ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძვირდად ღირებულ ბრენდებს მოირგებდით...
– კი, ეგ ინტერესიც იყო, აბა, რა ბრენდი აცვია?! დავიწყოთ იმით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმ ხელფასით, რაც გიორგის ჰქონდა და მეც ჩემი არასტაბილური შემოსავლით, ამ ღირებულების ტანსაცმელს როგორ გავწვდებოდი?! გიორგის 5 000 ლარი ჰქონდა ხელფასი. მეორე – ტანსაცმელში როგორ უნდა დავხარჯო დიდი ფული, ვის ვაკვირვებ ამით? გარდა ამისა, არაჩვეულებრივი დიზაინერი მყავდა, მე მხატვარი ვარ და თვითონაც ვაკეთებდი კოსტიუმებს და ჩვეულებრივ, ჩემთვის სანდრო მკერავს ვაკერინებდი. მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მომწონდა მისი ნამუშევრები. ერთად ვაკეთებდით კოსტიუმებს დიდი პრეზენტაციებისთვის. ეგ კი არა, რაც მქონდა, იქიდან რაღაცები გადავაკეთეთ და ამ ტანსაცმლით მოვწონდი ყველას. მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა შეეცადო, შენი თავისგან ტანსაცმლით შექმნა რაღაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თავი არ უნდა აწვალო და როგორიც ხარ, იმისგან უნდა შექმნა საინტერესო პერსონაჟი. ეს არის ყველაზე მთავარი.
– სროცა ყველაფერი სწორად ვითარდება, ალბათ სტერეოტიპებისთვისაც ნაკლები ადგილია და პროცესები ჯანსაღად მიდის.
– სრულიად გეთანხმებით. სტერეოტიპი, ეს არის შეზღუდვა, როცა შენ არ შეგიძლია, თვალსაწიერი გაუფართოვო, მერე იწყებ რაღაცების მოგონებას და ტრადიციად მოხსენიებას. ტრადიციაა, რომ რაც შეიძლება, ლაღად, თავისუფლად, სიყვარულითა და პატივისცემით გაზარდო ადამიანი და არა შეზღუდვებით, რომ მოკლე შარვალი არ ჩაიცვას, თმა არ გაიზარდოს ან შეიჭრას და ასე შემდეგ. ამას წინათ მოვიდა ჩემი შვილი და მითხრა, ვარდისფერი მხოლოდ გოგონებს აცვიაო?! მაისური ეცვა ვარდისფერი ზოლებით და ბავშვებმა უთხრეს: ჰა, ჰა, ჰა, ვარდისფერი გაცვიაო. ასეთი ტიპის ბულინგი მთელ მსოფლიოშია, მეტ-ნაკლებად, მაგრამ აქ – განსაკუთრებით. ეს თავისუფლებას, თვალსაწიერს და სილაღეს ბოჭავს. როგორც კი ეს სილაღე იბოჭება, მერე იწყება დევნა: „შენ გეი ხარ“, „არატრადიციული ორიენტაციის“ თუ ასე შემდეგ. ამ დროს, ძალიან მოსწონთ, როცა ძალიან მაღალი დონის მოდის ჩვენებაზე მიდიან, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტანციის მქონე დიზაინერის მიერაა შექმნილი. მოცეკვავეც შეიძლება იყოს ასეთივე, მსახიობიც, მაგრამ ძალიან მაღალი დონის და მათ ეთაყვანებიან. მაშინ მათ რაღას ეთაყვანები, რატომ განასხვავებ?! წარმატებულია თუ ნაკლებად წარმატებული, ორივე ხომ ადამიანია?! საერთოდ, ეს წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებად დაყოფა რა არის?! ის წარმატებულია და ამიტომ ჩვენ უნდა ვეთაყვანოთ, ეს არასდროს მესმოდა. ადამიანს ვულოცავ წარმატებას, მიხარია, რომ თავისი თავის რეალიზაცია მოხდინა, ჩვენი ქვეყანა ასახელა, რა თქმა უნდა, ესეც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პირველ რიგში, მაინტერესებს, რომ წესიერი ადამიანი ფასობდეს თავის ადამიანობით. მოძალადე და მანიაკი თუ არ არის, ჩემთვის ყველა ადამიანი ისეთივე მიღებულია, როგორც წარმატებული, პოპულარული თუ ასე შემდეგ...
სილაღე, სისუფთავე და წესიერება არის მთავარი – მინდა, ჩემი შვილებიც ამ ღერძზე გაიზარდნონ. თუ მოვახერხე, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. მთავარია, ჩემი ოჯახის წევრებმა არ იძალადონ, არ მოიპარონ, გული არ ატკინონ სხვა ადამიანებს. ვფიქრობ, სიბოროტეც ნაკლები იქნება, როცა ამ ძირითად ღირებულებებს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაიცავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





