ნანა კუხალეიშვილი: ოჯახიდან მარტო მე დავრჩი და რთულია ამ ტკივილთან გამკლავება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.07
ნანა კუხალეიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნანა კუხალეიშვილი?
ნანა კუხალეიშვილი: მებრძოლი ქალი, ძალიან ძლიერი და ცოტათი განსხვავებული ადამიანი. მართალია, ჯერ ბოლომდე თვითონ ვერ ვხვდები ჩემი განსხვავებულობის მიზეზს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც სხვანაირია.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ცოტათი ახლოს არის ახლანდელ ცხოვრებასთან. დღეს ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ვაპირებ, კიდევ უფრო წინ წავიდე. გაჩერება ჩემს გეგმებში არ შედის. თუ მიზანი გაქვს, მას აუცილებლად მიაღწევ, ეს ცხოვრებამ მასწავლა. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩემი ოცნება რეალობად იქცეს.
მინდა, მქონდეს ჩემი თეატრი და სულ დაკავებული ვიყო როლებით. მინდა, აქ, ესპანეთში, მონაწილეობა მივიღო ფილმებში. ზუსტად ვიცი, რომ შევძლებ. ისიც ვიცი, რომ ამისთვის ბევრი ბრძოლა და შრომა მჭირდება.
პირველ რიგში, ჩემი ოცნება ჩემს შვილებს უკავშირდება. ისინიც ჩემს გზაზე დგანან, მათაც ეს პროფესია აირჩიეს, სარეჟისოროზე სწავლობენ, ჩვენს დასში არიან დაკავებული და აქტიურად მუშაობენ. ყველაზე ბედნიერი ვიქნები, როცა მათ ვნახავ იქ, სადაც ბედნიერები იქნებიან.
– როდის გიტირიათ ბედნიერებისგან და ტკივილისგან?
– ბევრი მტკივნეული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბოლოდროინდელი ამბებიდან, რაც ყველაზე მტკივნეულად განვიცადე, ეს ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. რთული სიტუაცია იყო, რომელიც წარმატებით და ბედნიერად დამთავრდა, რა დროსაც მე ნამდვილად ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შვილის გადარჩენა, ჯანმრთელობა და ბედნიერად ცხოვრებაა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია, რომ მუდმივად პოზიტიურად ვფიქრობ და ყოველთვის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. უკან არ ვიხევ და ვცდილობ, საკუთარ თავს პატარ-პატარა ბედნიერებები მოვუტანო.
ასევე, ჩემი გამარჯვებაა მოთმინების უნარი. ეს თვისება, იმავდროულად, შეიძლება, მარცხადაც ჩავთვალოთ. ხშირად ძალიან მიშლის ხელს. ძალიან ბევრი დავკარგე მოთმინების უნარის გამო. არის რაღაცები, რაც არ უნდა დათმო. ახლა უფრო გააზრებულ ასაკში ვარ, მით უმეტეს ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც საშუალებას მაძლევს, სხვა მხრიდანაც შევხედო საკუთარ თავს და მეტად დავაფასო ის. ვხედავ, რომ უფრო მეტად გამბედავი რომ ვყოფილიყავი, ბევრად უკეთესად წავიდოდა ჩემი ცხოვრება, გაცილებით წინ ვიქნებოდი.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს შეცდომად?
– ზედმეტ მიმნდობლობას. ეს ჩემი დიდი შეცდომაა, ყოველთვის მაზარალებდა. ვფიქრობ, რომ ახლა, წინანდელთან შედარებით, ნაკლებად მიმნდობი ვარ და სიმართლე გითხრათ, ეს მიხარია. მიმნდობლობა ჩემი მანკიერი მხარეა, ჩემი სისუსტე და თუ ამით რამე დამიშავდა, ჩემივე ბრალია. პირადად მე ვეთაყვანები მიმნდობ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ ისინი უფრო კეთილები არიან, მაგრამ ამ თვისების წყალობით ისევ და ისევ ჩვენ ვზარალდებით. ახლა, ამ მხრივ, ცოტა მეტად ვისწავლე ჩემი თავის ფლობა. ასე ვამბობ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არ ვიცი...
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ ახერხებთ მის გარეშე ცხოვრებას?
– საშინელი დამოკიდებულება მაქვს მატყუარა ადამიანებთან, სასწაულად უარყოფითი. ადრე, როცა მატყუებდნენ, ვითმენდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაქალი იყო, მეზობელი, პატარა თუ დიდი, უბრალოდ, „გავატარებდი“. სინამდვილეში ეს დიდ დაღს გასვამს, ძალიან გაზარალებს ამ ემოციის შიგნით შენახვა. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, თუ შენ „თავს იტყუებ“, თვითონ გამარჯვებულია, შენ კი გაგასულელა. ეს დამოკიდებულება მათ ძალიან აზარალებს. როცა ვხვდები, რომ ადამიანი ქრონიკული მატყუარაა, მე არ ვერჩი, ტყუილზეც არც გამოვეკიდები, მაგრამ საერთოდ ვწყვეტ მასთან ურთიერთობას და მისი არაფერი მაინტერესებს.
რომ გითხრათ, მე ტყუილი არასდროს მითქვამს-მეთქი, მართალი არ იქნება. შეიძლება, ვთქვა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ან მიზერული ტყუილი. ცხოვრებაში სხვის დამაზიანებელ ან გულსატკენ ტყუილს, შემიძლია დავიფიცო, რომ არასდროს ვამბობ.
– რა მოგისმენიათ თქვენ შესახებ განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რაზეც ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით და გული გატკინათ?
– ერთხელ, ახალ წელს ერთმა ადამიანმა საკუთარ ოჯახში დამპატიჟა და იქ ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა. მან ყველას წინაშე მითხრა, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი ადამიანის ოჯახში ხართ შესული და რამდენს უყვარხართო. ძალიან სასიამოვნო იყო იმის მიუხედავად, რომ ჩემი პერსონაჟი სერიალში ძალიან დადებითი პიროვნება არ იყო. ქუჩაში რომ მხვდებოდნენ, მიღიმოდნენ და სითბოს გამოხატავდნენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო.
სხვათა შორის, აქ ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ერთ დილას მოუწესრიგებელი გავედი მაღაზიაში, ყავაზე და ათი ქართველი მაინც შემხვდა გზაში. ვაიმე, თქვენ აქ რა გინდათო, გაოცებულები მეუბნებოდნენ (იცინის). აქაც დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ.
საწყენი? ისევ პროფესიული თვალსაზრისით ვიტყვი – ბავშვებთან მუშაობას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. საქართველოში უფრო თავისუფლად მიდიოდა ეს საქმე, აქ უფრო რთულია, რადგან აქაური ქართველი ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან. თავისუფლად ვიტყვი, რომ არ არიან შეჩვეული დიდ შრომას. ის, რასაც მაგალითად, ჩემი პედაგოგი, ქალბატონი ლილი იოსელიანი გვაკეთებინებდა ლექციაზე, მათთვის წარმოუდგენელია. მეც ძალიან მიჭირდა მაშინ, მაგრამ ეს საჭირო იყო. როცა ცდილობ, ბავშვებს უფრო მეტად შევაყვარო სცენა, საქართველო, ენა, რადგან ისე ლაპარაკობენ, რომ გული მტკივა, ზოგი ამას ვერ იგებს სწორად – ფიქრობენ, რომ მე ცოტა რთული ადამიანი ვარ, რომ ძალიან ბევრს ვითხოვ. სიმართლე გითხრათ, არც მიკვირს.
– პროფესიის მიღმა რისი კეთება გიყვართ?
– გამორჩეულად მიყვარს სეირნობა ბარსელონას ქუჩებში. არის ერთი ქალაქი – სიჯესი, ძალიან მომწონს და მიყვარს იქ შვილებთან ერთად ყოფნა. ამ ქალაქში სასწაულად ვისვენებ, ვბედნიერდები და თავს სხვა სამყაროში ვგრძნობ. ბარსელონა სასწაულია, მაგრამ პატარა-პატარა გასვლები ძალას მმატებს. პრობლემები რომ მაქვს, ყველაფერი მოსაწესრიგებელია და უამრავი საფიქრალი, როგორც კი გარეთ გამოვალ, ქუჩაში სეირნობა, ხალხი, ურთიერთობები, ძალიან მაბედნიერებს. ასევე, მაბედნიერებს ჩემი თეატრი, ჩემი სტუდიის ბავშვებთან ყოფნა – ამაში ძალიან დიდებულ მომენტს ვხედავ.
– რუტინული საქმეებიდან რისი კეთება არ გიყვართ?
– ამ ეტაპზე ჩემი რუტინული საქმე რემონტს უკავშირდება (იცინის). საკმაოდ გაგვიგრძელდა, მესამე თვეა, ამ პროცესში ვარ, ყველა დღეს რემონტი, რეპეტიცია, რემონტი და უკვე გაგონება აღარ მინდა. ჩვენ ფართი ავიღეთ სტუდიისთვის, საკმაოდ კარგი სივრცეა საგრადა ფამილიასთან ახლოს და გვინდა, ჩვენი პატარა ქართული კუთხე გავაკეთოთ. მინდა, განსაკუთრებით ლამაზი იყოს, ჩვენს სამყაროდ ვაქციო. ძალიან დამღლელი პროცესია, მაგრამ ღირს.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ჩემთვის დიდი შიში ახლობლების დაკარგვას უკავშირდება და ეს განცდა საკმაოდ გამძაფრებული მაქვს. მეტი არაფრის მეშინია ამ დედამიწაზე.
– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადეთ?
– ერთმანეთს მიეწყო ტრაგედიები ჩემს ცხოვრებაში. პირველი დედაჩემი გარდაიცვალა, მერე – მამა, შემდეგ – ჩემი და. ეს ჩემი მოურჩენელი ტკივილია. ოჯახიდან მარტო მე დავრჩი და რთულია ამ ტკივილთან და მონატრებასთან გამკლავება. ხშირად მახსენდება ჩემი ბედნიერი ბავშვობა და ძალიან მიჭირს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ყველაზე მეტად რითაც ვამაყობ ჩემი შვილებია. მართლა განსაკუთრებული შვილები მყავს, ჩემი სულის ნაწილები არიან, ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. ისინი არიან ჩემი წარმატების თუ ბედნიერების მიზეზები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





