შოუბიზნესი

ნინი ქარსელაძე: უკვირთ ადამიანებს, როცა ვამბობ, ღმერთს მადლობა, რომ ეს დაავადება მოვიდა ჩვენთან-მეთქი

№28

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:01

ნინი ქარსელაძე
დაკოპირებულია

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ონკოლოგიური დავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდის შექმნაზე ფიქრი შვიდი წლის წინ, დედის დიაგნოზის გაგების შემდეგ დაიწყო, როცა მიხვდა, რა კოლოსალურ ფინანსებთან იყო დაკავშირებული მისი მკურნალობა.

ნინი ქარსელაძე: ფონდ „არ დანებდეს“ შექმნის იდეა მე მეკუთვნის. ხათუნას ავადმყოფობის დროს იმდენ პრობლემას შევეჯახე, ძალიან მინდოდა, ჩემი გამოცდილება, რაც მაშინ ვისწავლე, რა ინფორმაციაც მივიღე, იმ ადამიანებისთვის გამეზიარებინა, ვინც იმავე გზას გადის და იმავე პრობლემის წინაშეა. მინდოდა, ეს ყოფილიყო უფრო ფართომასშტაბიანი და არა მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით მიწოდებული ინფორმაცია. მინდოდა, ადამიანების დახმარება ყოფილიყო არა მხოლოდ დაკვალიანების, სწორი გზის ჩვენებითა და რჩევების მიცემით, არამედ მათ მატერიალურადაც დავხმარებოდი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დაავადება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული და როცა ადამიანი ამ დაავადებასთან ბრძოლას იწყებს, გარდა ფსიქოლოგიური სტრესისა, უამრავი პრობლემა იჩენს თავს, მათ შორის მატერიალური. წარმოიდგინეთ, როცა დიაგნოზის პასუხს იგებს, ადამიანი ფსიქოლოგიურად განადგურებულია და იმავდროულად, იწყება ფიქრი იმაზე, საიდან მოიტანოს ის კოლოსალური თანხა, რომელიც მკურნალობისთვისაა საჭირო. ეს არის თანხები, რომელიც ყოველწამიერად სჭირდება ასეთი დაავადების მქონე ადამიანს და არა მხოლოდ გადასხმისთვის, ანალიზისთვის ან წამლისთვის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძნა ივანიშვილს, დიტო აბდუშელიშვილს, პატარკაციშვილების ოჯახს, ჩემს ახლობლებს, ხათუნას ახლობლებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას. რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ამ გზას ნამდვილად ვერ გავივლიდით, რადგან მატერიალური კუთხით ძალიან რთულია ამ გზის გავლა. მოკლედ, იმ პერიოდში დავიწყე ფიქრი ამ ფონდის შემქნაზე. ფონდის თანადამფუძნებელი გახლავთ მარიამ ბულუტი, რომელიც წლებია, სტამბოლში ცხოვრობს. მარიამი ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო, როცა მე და ხათუნა ერთ-ერთ კვლევაზე ვიყავით ჩასული. ამ ადამიანმა სრულიად შემთხვევით მოისმინა ფონდის შექმნის იდეა და დღეს ის ჩემთან ერთად ამ ფონდის თანადამფუძნებელია.

სხვათა შორის, მარი წლებია, სამედიცინო სფეროშია დაკავებული და თურქეთში ქართველებს მისი კომპანიით – TSV health group-ით – ეხმარება და ამისთვის, მე პირადად ვუხდი მადლობას. მინდა, ადამიანებს ვუთხრა, თუ საჭიროება გაქვთ, მარიამის კომპანია აბსოლუტურად ყველაფერში დაგაკვალიანებთ, დაგხვდებათ, აგიწყობთ თურქეთში ანალიზებს, დაგიდგებათ გვერდში, მოგახვედრებთ თურქეთის საუკეთესო ექიმებთან და მაქსიმალურად დაგეხმარებათ და არა მარტო ონკოპაციენტებს. თან, ეს არ იქნება კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, როგორც სხვა კლინიკებში ხდება, სხვა შუამავლების საშუალებით.

– ესე იგი, ფონდი უკვე დაარსებულია და პრეზენტაციას როდის გეგმავთ?

– დიახ, ფონდი დაარსებულია და პაციენტებს ოქტომბრის თვიდან მიიღებს, რადგან ჩვენი ფონდი მუშაობას იწყებს თანმიმდევრული სისტემური მიდგომით და არა ქაოტურად. შესაბამისად, სანამ ფონდი შეძლებს პაციენტების მიღებას, მანამდე მთელი რიგი საკითხებია გასავლელი. თავად ავირიდე თავიდან და იმ ჯგუფში არ შევდივარ, ვინც წყვეტს, პაციენტი როგორ დაფინანსდეს. არ მინდა, დაპირება ტყუილი იყოს, ამიტომ, სრულად ყველა პაციენტის დაფინანსება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება, დაიწყება 30 პროცენტიდან და ზემოთ. როგორც გადაწყდება ჯგუფის წევრების მიერ ადამიანის დაფინანსების საკითხი, თანხები ისე გაიცემა. ჯგუფში კი შედიან რამდენიმე ქართველი ონკოლოგი, უცხოელი ონკოლოგები და სხვა ადამიანებიც. მე კი ეს რთული გადაწყვეტილებები როგორც გითხარით, თავიდან ავირიდე, რადგან ჩემზე ძალიან მოქმედებს თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობა და ვინც კი მწერს, იმდენად გულთან ახლოს მიმაქვს, ფაქტობრივად, იმავეს გავდივარ, განვიცდი და მიმეორდება, რასაც ხათუნას დაავადების დროს გავდიოდი და განვიცდიდი.

– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფონდის დამფუძნებელი ზუკა ხუციშვილიც არის.

– დიახ, სოციალურ ქსელში გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ არ არის სწორი. ფონდში ზუკა არის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი წევრი და იქნება ჩვენი ფონდის სრულუფლებიანი წევრი და არა დამფუძნებელი.

– ადრეულ ასაკში მოგიწია საკმაოდ რთულ პრობლემასთან შეჭიდება, რასაც დედის ჯანმრთელობა ჰქვია და ხათუნასთან ერთად საკმაოდ რთული გზაც გაიარე. იმ პერიოდმა, რას მიგახვედრა, რა შეცვალა შენს ცნობიერებაში?

– სულ ვამბობ, რომ ეს დაავადება ჩვენს ოჯახში, ყველასთან რაღაც მიზეზით მოვიდა. ზოგს რა გვასწავლა და ზოგს – რა. მე, პირადად, დიდი გამოცდილება მივიღე. დამოუკიდებელი ადამიანი ისედაც ვიყავი, თუმცა იმ პერიოდში და მას მერე უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ძალიან დიდი ფილტრაცია მოხდა, ძალიან ახლო ადამიანების, რომლებმაც სწორედ იმ რთულ პერიოდში დამანახვეს მათი ნამდვილი და რეალური სახე. მივხვდი, დედაჩემის პატრონი ვიყავი მე. გავხდი მეტად მიმნდობი და უფრო ღრმად შევედი რწმენაში. უფალმა ისეთი სასწაულები მაჩვენა ხათუნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დაუშვებელი იქნებოდა, ღმერთთან უფრო ახლოს არ მივსულიყავი. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ხათუნას გადარჩენას ვგულისხმობ, ნამდვილად ღვთის სასწაულია, რადგან იყო ონკოპაციენტი, რომელზეც საკმაოდ უიმედოდ იყო განწყობილი ყველა ონკოლოგი და არა მარტო ქართველი.

– როდის მიხვდი, რომ ძალიან ძლიერი გოგო ხარ?

– ზოგადად, სულ ვამბობდი არ ვარ ძლიერი, სუსტი ვარ-მეთქი. მაშინ რომ არ მოვკვდი, როცა ხათუნას დიაგნოზი მითხრეს, იქ მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. ხომ არის ნათქვამი, რაც არ კლავს, აძლიერებსო და მეც ასე დამემართა. ამან გამხადა ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე ვიყავი. მეშვიდე წელი დაიწყო და ეს შვიდი წელი ჩემთვის საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. უკვირთ, როცა ვამბობ, ღმერთს მადლობა, რომ ეს დაავადება მოვიდა ჩვენთან-მეთქი. მაგრამ, რეალურად, ამ დაავადების წყალობით, თითოეული ჩვენგანი გაცილებით უკეთესები გახდა, ვიდრე ადრე ვიყავით.

– ძალიან რთული გზა გაიარე და ამას თან ახლდა ბულინგი, ჭორები, ნეგატივი თქვენი ოჯახის მიმართ. ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები და ზოგადად, მსგავსი ნეგატიური განწყობა, თუ მოქმედებს შენზე?

– ბევრი წელია, ბულინგი ჩემზე აღარ მოქმედებს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ერთ-ერთი გადაცემის მერე რამდენიმე კომენტარს გადავავლე თვალი. ბულინგი ჩემთვის შექების ტოლფასია. ყველა იმ ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ, ვინც კომპეტენტურია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არ მაქვს „ფეისბუქი“, ამით ჩემს თავს ვიცავ და შესაბამისად, იქ რა სიბინძურეც ხდება, კერძოდ, ადამიანები ერთმანეთს ისეთ რაღაცებს უწერენ და უსურვებენ, რომ არ წაიკითხება. ამაზე მეტი გულსატკენი რა უნდა იყოს, ქართველი ქართველს სიკვდილს რომ უსურვებს? მსგავსი ადამიანებისგან რა უნდა გეწყინოს?! „ინსტაგრამზე“ ვარ, თუმცა, იქაც ფილტრაციას ვახდენ და არ მომდის აგრესიული ტიპის ესემესები. თუ რაიმე გაიპარა, ასეთ ადამიანებს მომენტალურად ვბლოკავ. ადამიანები ვართ და როცა მსგავს უმსგავსობას კითხულობ, გული როგორ არ გეტკინება? ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ კბილები იმიტომ მოგვცა ღმერთმა, ზოგჯერ უნდა დავაჭიროთ ენას და ყველაფრის თქმის უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. სამწუხაროდ, ეს ზღვარი არ არსებობს. სხვათა შორის, ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ემოციის მართვა ვისწავლე. ჩემი ემოციები გადადებული მაქვს უკან და ყველაფერს ძალიან ცივი გონებით ვუყურებ.

– და, რაც წლები მოგემატა რას მიხვდი ცხოვრებაში?

– რა თქმა უნდა, ნერვიულბის გარეშე ეს ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ მივხვდი, რომ პატარ-პატარა რაღაცებზე აღარ უნდა ვინერვიულო და ამით გავუფრთხილდე ჩემს ჯანმრთელობას. საერთოდ, ადამიანებს ჯანმრთელობის ფასი არაფერი გვაქვს, ყველაფრის ყიდვა შეიძლება ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარდა. რაც წლები მომემატა, შემეცვალა შეხედულებები. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გაიფილტრა, რაზეც ძალიან მტკივა გული. მე ადამიანი დღეს მიყვარს და ხვალ არა – ასე არ შემიძლია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანის წასვლა ჩემი ცხოვრებიდან, ძალიან მტკივნეულია, რადგან მე სიყვარულს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები მე არასდროს გადამიყვარდება და ეს სიყვარული სულ ჩემს გულში იქნება. მიმაჩნია, ამ ადამიანების წასვლა ჩემი ცხოვრებიდან იმიტომ მოხდა, რომ სხვადასხვა ღირებულებები და პრინციპები გვქონდა და ჩვენი გზები ამის გამო გაიყარა, თორემ ნამდვილად არ ყოფილა ეს დაკავშირებული კონფლიქტებთან. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი გადაფასება მოხდა და ორიენტირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანებსა და ოჯახზე. მეტ დროს ვუთმობ იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ახლა კი, ის ეტაპი დგას, როცა ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, მადლობა ამისთვის ღმერთს. დგას პერიოდი, როცა სიმშვიდესთან ერთად, ჩამოყალიბებული მაქვს მიზნები, ვიცი, რა მინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი