შოუბიზნესი

როგორ ჩააბარა იაკობ საფარაშვილმა ამერიკის 7 საუკეთესო უნივერსიტეტში და რა ჯილდო მიიღო მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 54 წუთის წინ

იაკობ საფარაშვილი
დაკოპირებულია

ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო AP პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლე იაკობ საფარაშვილი ამერიკის 7 პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მიღებული დაფინანსება ჯამურად მილიონ დოლარს აღემატება.

– იაკობ, პირველ რიგში, გილოცავთ და მოგვიყევით მეტი დეტალი ამ წარმატების შესახებ…

იაკობ საფარაშვილი: დიდი მადლობა! ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია. როდესაც გავიგე, რომ ამერიკის შვიდმა პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა მიმიღო და საერთო დაფინანსებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა, პირველ რიგში, გამახსენდა ის გზა, რომელიც ამ შედეგამდე გამოვიარე. ეს არ ყოფილა ერთ დღეში მიღწეული წარმატება. ამ ყველაფრის უკან დგას წლების განმავლობაში მუდმივი შრომა, უძილო ღამეები, პროექტები, საერთაშორისო ოლიმპიადები, კონკურსები, კვლევები და ძალიან დიდი შრომა. ისეთმა უნივერსიტეტებმა მიმიღეს და დამაფინანსეს როგორებიცაა: Illinois Institute of Technology, Chicago; University of Massachusetts Amherst, Massachusetts; Baylor University, Texas; University of Arizona, Arizona; University of Connecticut, Connecticut; Reed College, Oregon; და University of California, Los Angeles. თითოეულ მათგანს ძალიან ძლიერი აკადემიური პროგრამა და შესაძლებლობები აქვს, რაც დიდი პატივი და მოტივაციაა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნივერსიტეტებმა მხოლოდ აკადემიური შედეგები არ შეაფასეს. მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი პროექტები, საერთაშორისო გამოცდილება, ოლიმპიადებში მონაწილეობა, ლიდერული უნარები და ჩემი შეხედულებები ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

– რომელ უნივერსიტეტსა და პროფესიაზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ?

– საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე Illinois Institute of Technology-ზე, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ის გარემო და შესაძლებლობები, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა პრაქტიკულ განათლებაზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და ტექნოლოგიური სფეროს თანამედროვე გამოწვევებთან ჰქონდეთ პირდაპირი შეხება. ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში შეიქმნა პირველი პენტიუმის ჩიპი, პირველი მობილური ტელეფონი და ისეთი ინოვაციები, რომლებმაც ტექნოლოგიური განვითარება სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ვფიქრობ, ეს გარემო მომცემს შესაძლებლობას როგორც აკადემიურად, ისე პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე და მომავალში შევქმნა ისეთი ტექნოლოგიური პროექტები, რომლებიც რეალურ პრობლემებს გადაჭრის.

– რომელი სკოლა დაამთავრეთ და რამდენად დიდი იყო სკოლის როლი ამ პროცესში?

– 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, რომელსაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი მამუკა მესხიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ამ სკოლამ და მისმა ხელმძღვანელმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. ეს იყო გარემო, სადაც მუდმივად გვაძლევდნენ მოტივაციას, მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მივიღე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, როგორებიცაა IJSO, Regeneron ISEF, ICYS, Model UN (NHSMUN), STEM ოლიმპიადა და ESI MILSET. სწორედ ამ გამოცდილებებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს აზროვნებასა და განვითარებაზე. ბოლო, მე-12, კლასი გავატარე ქართულ ამერიკულ სკოლაში, რომელსაც ქალბატონი ირმა მესხიშვილი ხელმძღვანელობს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ამერიკულ სასწავლო პროგრამაზე გადავსულიყავი და AP საგნები შემესწავლა. AP საგნები ძალიან დამეხმარა როგორც აკადემიურ განვითარებაში, ისე ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაბარებაში.

დღეს ძალიან მადლიერი ვარ ჩემი სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლების, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი ხელმძღვანელების ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ მამუკა მესხიშვილისა და ქალბატონ ირმა მესხიშვილის, რადგან სწორედ მათ შექმნეს გარემო, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, განმევითარებინა ჩემი შესაძლებლობები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმომეჩინა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ საქართველო.

– არ არის მარტივი ასეთ უნივერსიტეტებში ჩაბარება და მოგვიყევით, რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა ეტაპები გაიარეთ ამ გზაზე?

– ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაბარება ნამდვილად ძალიან რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. უნივერსიტეტები მხოლოდ ნიშნებს არ აფასებენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის სრული პროფილი – აკადემიური შედეგები, პროექტები, ოლიმპიადები, კვლევები, ლიდერული გამოცდილება, საზოგადოებრივი აქტივობები და პიროვნული ხედვები. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო SAT-ისა და ინგლისური ენის გამოცდები, ასევე, ესეების, რეკომენდაციების, აქტივობებისა და მიღწევების სწორად წარდგენა. თითოეულ უნივერსიტეტს საკუთარი მოთხოვნები და სტანდარტები აქვს, ამიტომ თითოეულ აპლიკაციაზე ინდივიდუალური მუშაობა მიწევდა. განსაკუთრებით რთული იყო დროის თანაბარი განაწილება, რადგან ამ ყველაფერს, პარალელურად, სკოლა, პროექტები და საერთაშორისო კონკურსებისთვის მომზადებაც ემატებოდა. თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიზანდასახულობა და შრომა. როდესაც ზუსტად იცი, რას და რატომ აკეთებ, ბევრად მარტივია სირთულეების გადალახვა.

– ოლიმპიადებში მიღებული გამოცდილებებიც რომ გაგვიზიაროთ…

– საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო IJSO – International Junior Science Olympiad, სადაც საქართველოს სახელით, საერთაშორისო ოლიმპიადის ღირსეული წევრი გავხდი და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ასევე მონაწილეობა მივიღე Regeneron ISEF-ში, სადაც ფინალისტი გავხდი და გამარჯვების შედეგად, გუნდთან ერთად, მოვიპოვე სამეცნიერო პროექტის დაფინანსება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო გამოფენაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ICYS-ის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მათემატიკის მიმართულებით ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან დიდი კვლევა, ანალიზი და ლოგიკური აზროვნება დასჭირდა. ამ პროექტში ჩემს ხელმძღვანელთან, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან, ბატონ მამუკა მესხიშვილთან ერთად ვცადე უფრო ღრმა გეომეტრიული ხედვის ჩვენება. სწორედ ამ წარმატებამ ყველაზე მეტად დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო გაეროს მოდელირებაც UN Model (NHSMUN) ნიუ-იორკში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ საკითხებზე ვმუშაობდით. ასევე, საქართველოს STEM ოლიმპიადაში ჩემმა გუნდმა, რომლის კაპიტანიც ვიყავი, ვიცე-ჩემპიონობა და ფულადი პრიზი მოიპოვა. ESI MILSET-ზე წარვადგინე ჩემი საინჟინრო პროექტი. სწორედ ამ პროექტმა მომაპოვებინა კიდევ ერთი ოქროს მედალი და დუბაის პრინცის დიდი დაინტერესება გამოიწვია. თითოეულმა ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ პასუხისმგებლობა, კომუნიკაცია, ლიდერობა და საერთაშორისო გარემოში მუშაობის უნარები შემძინა. სწორედ ამ ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე მოპოვებულმა ოქროს მედლებმა და ჯილდოებმა მომაპოვებინა ეს წარმატება.

– იაკობ, თქვენ მიიღეთ თეთრი სახლისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმაღლესი აკადემიური მიღწევის ოქროს ჯილდო. როგორ მოხდა ეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე, რომ ასეთი ჯილდოს მფლობელი გახდეს?

– ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი, მნიშვნელოვანი და ემოციური აღიარება იყო. აღნიშნული ჯილდო გაიცემა მაღალი აკადემიური მიღწევების, ლიდერული უნარების, საერთაშორისო აქტივობებისა და განსაკუთრებული საგანმანათლებლო შედეგებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი პირველ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მიიღეს. როდესაც ოფიციალური წერილი და ჯილდო მივიღე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის განცდა გამიჩნდა. მსგავსი აღიარება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის – ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი იშრომო, განვითარდე და შენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინო.

– ამ ყოველივესთან ერთად გამომგონებელი ხართ – რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების არსი და რას უკავშირდება ეს პროექტი?

– ჩემი ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო პროექტია „ჭკვიანი ლიფტი და ინოვაციური დაცვის სისტემები“, რომელიც თანამედროვე უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური სისტემების გაერთიანებას წარმოადგენს. პროექტი დაფუძნებულია არდუინოს ტექნოლოგიებზე და მოიცავს სხვადასხვა უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის სისტემებს. მაგალითად, RFID ტექნოლოგიის გამოყენებით კონტროლდება უსაფრთხოების სისტემა, სენსორები აკონტროლებენ მოძრაობას, კვამლს, შენობის დახრას და სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებს. პროექტს, ასევე, აქვს სარეზერვო ენერგიის სისტემა, რაც უსაფრთხოების დონეს კიდევ უფრო ზრდის. ასეთი უსაფრთხოების ინოვაციურმა სისტემებმა ღირსეული შედეგი მომიტანა საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია მხოლოდ თეორიული იდეა არ იყოს. ვცდილობ, ისეთი პროექტები შევქმნა, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში იქნება გამოყენებული. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო და საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შევიტანო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი