მიშიკო რამიშვილი: ოჯახთან დისტანციას ვიცავ. უკვე წლებია, ასე გრძელდება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 27.07
ადვოკატ მიშიკო რამიშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მიზეზი კი ემიგრაციაა. როგორ შეეგუა ახალ ქვეყანაში ცხოვრებას, რა სირთულეებთან უხდება ბრძოლა და რა ენატრება ყველაზე მეტად, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიშიკო რამიშვილი: ჩემი პროფესიული საქმიანობა და პოლიტიკური პოზიცია, წინააღმდეგობაში იყო იმ ქმედებებთან, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. იყო მცდელობები, რომ გავეჩერებინეთ, რომ გავჩუმებულიყავი. ჩემი უმცროსი ძმაც კი დააკავეს და ალბათ, ჩემზე ფიქრობდნენ, ახლა მაინც გაჩუმდებაო. მე ის კანონიერად გავათავისუფლებინე. მერე მითხრეს, უნდა წახვიდე, დაკავება კიდევ იქნება, შენ წინააღმდეგობას გაგვიწევ და რაღაც ხიფათი მოჰყვებაო. უძრავი ქონება უკანონოდ ჩამომართვეს და დააკანონეს. იცოდნენ, რომ ემიგრაციაში ვიყავი და ვითომ სასამართლოში არ გამოვცხადდი.
– ემიგრაციაში წასვლა, თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი არ იქნებოდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ასეთი სიტუაცია იყო, ეს არ ყოფილა ჩემთვის ახალი. ასე იყო სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს, უკანონოდ პასუხისმგებლობაც დამეკისრა, დაპატიმრებული ვიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ბრძოლის ჟინით ვიყავი სავსე და დღესაც ასე ვარ. ოპოზიციური სიტყვის მთქმელი ვარ, არაფერში არ ვეთანხმები დღევანდელი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, თუნდაც სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ეს არის 1937 წელი, ანუ, სრული აბსურდი, მაგრამ ის, რაც ჩემ მიმართ ხორციელდებოდა, უკვე ძალიან ნეგატიურად მოქმედებდა. ჩასაფრებებს ჰქონდა ადგილი. ყველანაირ პირობებს მიქმნიდნენ, რომ იძულებული გავმხდარიყავი და ქვეყნიდან წამოვსულიყავი. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, დავრჩენილიყავი და 24 საათი რუსთაველის გამზრიზე ვიდექი.
ბოლოს, როგორც გითხარით, რთული არჩევანის წინაშე დამაყენეს – როდესაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გეუბნებიან, ჩვენ კი არ გავრისკავთ, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თქვენს დასაკავებლად მოვლენ და შეიძლება, ამას მსხვერპლი მოჰყვესო, რთულია. შენ გინდა, იბრძოლო თავისუფლებისთვის, მაგრამ ამისთვის შესაბამისი არეალი უნდა შეარჩიო. იმას ვგულისხმობ, რომ უმოქმედობით ვერ იბრძოლებ. ეს იყო ძირითადი საფუძველი, რის გამოც ემიგრაციაში წამოსვლა გადავწყვიტე. სამართლიანობისთვის ბრძოლა სხვანაირად არ გამოვიდოდა, ციხიდან ამას ვერ შევძლებდი, ხოლო თუ ცოცხალი არ ვიქნებოდი, მით უმეტეს, ვერ შევძლებდი. ამიტომ წამოვედი და რასაც საქართველოში ვაკეთებდი, პოლიტიკური თუ პროფესიული კუთხით, აქ ვაგრძელებ. ემიგრანტებთან მაქვს აქტიური ურთიერთობები და ასე შემდეგ. ემიგრაცია საკმაოდ ძლიერი ძალაა საქართველოში სამართლიანობის აღსადგენად.
– ოჯახთან დაკავშირებით რა ხდება?
– ჩემი საქმიანობიდან და პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზეც ყოველთვის ხორციელდებოდა ზეწოლა. მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, რადგან ვთვლი, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ პრობლემები და არ უნდა იყვნენ გარკვეული საშიშროების წინაშე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ლიზიკო საკმაოდ წარმატებული მუსიკოსია. ბევრი საინტერესო მიწვევა აქვს, საინტერესო კონცერტებში იღებს მონაწილეობას. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ჩამოიყვანა იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახვოს ჩვენი ქვეყანა. ლუკა ფარიკაობით ემსახურება საკუთარ ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებები ექნება. ამ სიტუაციაში მათთან დისტანციას ვიცავ. უკვე წლებია, ასე გრძელდება. არ მინდა, ყველას ისეთი დაძაბული ცხოვრება ჰქონდეს, როგორიც მე მაქვს. ჩემ მიმართ ემიგრაციაშიც იყო ზეწოლის გარკვეული მცდელობები, მუქარები და ასე შემდეგ.
წარმოიდგინეთ, ემიგრაციაში რომ მიდიხარ, მთელ შენს სამყაროს წყდები. თავიდან რომ მეკითხებოდნენ, სად ხარო, ვპასუხობდი, უდაბნოში-მეთქი. ვცდილობდი, ამ უდაბნოში გადარჩენისთვის წყალი მეპოვა, ზუსტად ასეთი განწყობა მქონდა. კი, სიცოცხლეც გრძელდება, მხიარულებაცაა, მაგრამ მაინც სულ სხვა რეალობაა. ყველაფრის აწყობა თავიდან გიწევს და ეს ძალიან ბევრ სირთულეს, ფიქრსა და უძილო ღამეს ნიშნავს. მე კარგად მესმის ემიგრანტების ცხოვრების სიმძიმე და თუ შეგიძლია, ეს გადალახო, ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. ჩემს ასაკში, მით უმეტეს, ეს ძალიან რთულია, თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დასრულდა...
დაჩქარებულად მომანიჭეს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი, ეს პირდაპირ სილის გაწნა იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, ესე იგი, მე უკანონობას გამოვექეცი. თუმცა, უსაფრთხოება ერთია და ემოციური სირთულე – მეორე. მე ვერ დავბრუნდები საქართველოში და ამაზე ფიქრი ძალიან რთულია.
– იტალიაში აგრძელებთ ცხოვრებას, ამსგავსებთ იტალიელ ხალხს ჩვენს ერს?
– დიახ, იტალიაში ვცხოვრობ. აქ პირველი ორი-სამი თვე ძალიან რთული იყო და სიმართლე გითხრათ, ყველაზე მძიმე პერიოდი იტალიელ ხალხთან კომუნიკაციამ გადამატანინა. მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად არ ვიცი, ჟესტიკულაციითა და ინგლისურის დახმარებით, ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარე უამრავ ადამიანთან. ამან ძალიან პოზიტიურად იმოქმედა ჩემზე. თითქოს თბილისში ვარ, მართლა ჩვენნაირი ხალხია – აქტიური, ხმაურიანი, კონტაქტური. თითქოს, თბილისური გადაძახილ-გადმოძახილები ისმის ქუჩაში. რაღაც მომენტში გავიხედ-გამოვიხედე და ვიფიქრე, მგონი, თბილისში ვარ, უბრალოდ, სხვა ენაზე საუბრობენ-მეთქი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ადგილობრივები ძალიან კარგი ხალხია და თავს სტუმრად არ ვგრძნობ, ოჯახის წევრივით ვარ. ბარში შევალ თუ მაღაზიაში, დაცვის თანამშრომელს გავესაუბრები თუ სხვას, ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვიღებ მათგან. ეს ისე პოზიტიურად მოქმედებს, რომ უკვე რამდენიმე სიმღერა იტალიურად ვთარგმნე. რომ მოისმინეს, ძალიან მოეწონათ, განცვიფრებულები იყვნენ.
თავიდან ვერ გავიგე ამათი სამუშაო საათები. თურმე, 9-იდან პირველამდე მუშაობენ, მერე 4-მდე ისვენებენ და 8-მდე მუშაობენ. მივხვდი, რომ მუშაობასთან ერთად, კარგადაც ისვენებენ და ამიტომაც არიან ჯანსაღად. ეს განწყობაზეც აისახება და საერთოდ ყველაფერზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქუჩაში ღიმილის მეტს ვერაფერს ვხედავ.
საერთოდ, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. სამართლის აკვანია რომი, მერე ამხელა ხელოვნება, კულტურა – როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი არ გიყვარდეს?! ალბათ, ჩემმა სიმღერებმაც განაპირობა, რომ მათაც თავისიანად მიმიღეს, ერთ-ერთი მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიის მფობელმა მითხრა, რომ სტუდია აქვს და სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა. იტალიელს რაც არ უნდა ჰკითხო, თან გადაგყვება.
როგორც იცით, სოციალური მდგომარეობაც ძალიან კარგია – ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ. სამედიცინო სფეროც მაღალ დონეზეა განვითარებული, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მჭირდებოდა შესაბამისი მომსახურება - შშმ პირის სტატუსი მომანიჭეს და პენსიაც დამინიშნეს, მედიკამენტებიც... ფაქტობრივად, არაფერს იხდი.
წელიწადი და სამი თვეა, რაც წამოსული ვარ. საერთაშორისო პასპორტიც გადმომცეს, მხოლოდ საქართველოში არ შემიძლია ჩამოსვლა, თორემ დანარჩენ ქვეყნებში ყველანაირად დაცული ვარ.
ვაპირებ, იტალიის ქალაქებში ემიგრანტებისთვის სალონური საღამოები გავმართო, სადაც იქნება პოეზია, სიმღერა, საუბრები, ურთიერთობები, რომ არ დაგვავიწყდეს ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს – ერთობა, ერთად ყოფნა.
– თუ შეგცვალათ ახალმა გარემომ?
– ახლობლებს რომ ვესაუბრები, მე თვითონაც ვამჩნევ ცვლილებებს. თუ მანამდე უცებ ვფეთქდებოდი და გადაწყვეტილებებს უცებ ვიღებდი, ახლა მეუბნებიან, რომ ძალიან მშვიდი ვარ, სახეც მშვიდი გაქვს, ცოტა წონაშიც მოგიმატიაო. ზოგადად, ეს სიმშვიდე ბევრი რამის გაანალიზების საშუალებას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ჩემ წინააღმდეგ აგრძელებს მოქმედებას, მე მშვიდად გაანალიზების შესაძლებლობა მაქვს, საქართველოში კი იმ წუთშივე ქმედებაზე გადავდიოდი.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი. ქუჩები, ჩემს ქალაქში გავლა, შეხვედრები, ადამიანები, თბილისური „კრუგლასუტოჩნი მეგობრობა“. ყველაფერი მენატრება, რაც კარგი და თბილი აქვს თბილისს. თბილისი თბილი ქალაქია, ამათ კი უნდათ, რომ გაყინონ და არ გამოვა ეგ, ბიძიკო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





