შოუბიზნესი

როგორ ცდილობს ნინორე გიორგობიანი ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას და მოქმედებს თუ არა მასზე ნეგატიური კომენტარები

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 48 წუთის წინ

ნინორე გიორგობიანი
დაკოპირებულია

ინფლუენსერ ნინორე გიორგობიანის ცხოვრება სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე ბევრი ადამიანისთვის გახდა საინტერესო. ის ზოგისთვის მოტივაციაა, ზოგი კი პირიქით, მის მიმართ, რატომღაც, ნეგატიურად განეწყო. მიზეზებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ნინორესთან საუბარი მისი ულამაზესი დაბადების დღით დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა.

ნინორე გიორგობიანი: წლევანდელი წელი ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და ცვლილებებით დატვირთულია, ამიტომ გადავწყვიტე, დაბადების დღეც გადამეხადა. მზადება ორი თვით ადრე დავიწყე და მეგონა, ბევრი დრო მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ ყოფილა. მოგეხსენებათ, მაისი ბანკეტების თვეა და ამის გამო ჩემს გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა დამჭირდა, მაგალითად, ვერ შევძელი ცოცხალი მუსიკა მქონოდა, რაც ძალიან მინდოდა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გამოვიდა, ყველაფერი პრინცესული იყო.

– ცვლილებები ახსენეთ და ბევრმა იცის, რომ წონასთან დაკავშირებული ცვლილება იგულისხმება. გითქვამთ ხოლმე, რომ ჭარბი წონით ბედნიერი და ლაღი იყავით, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილების დრო იყო?

– სოციალურ ქსელში გამოჩენის დღიდან ვამბობ, რომ ძალიან კომფორტულად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს ჩემს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის წონა ჩემთვის მისაღები იყო. უბრალოდ, მე ასეთი ვარ – რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ვირგებ და ვცდილობ, მაქსიმალური გამოვტყუო ცხოვრებას. მაშინაც ვამბობდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩემს წონაზე ვიზრუნებდი. უბრალოდ, იმ მომენტისთვის, ჩემი მორალური თუ ფსიქიკური მდგომარეობა ამისთვის მზად არ იყო. მე გარდატეხის ასაკის შემდეგ მქონდა წონის პრობლემა და დიეტები თუ ვარჯიში – მუდმივი მცდელობები მქონდა დასაკლებად, მაგრამ საბოლოოდ ისევ საწყის წონას ვუბრუნდებოდი. ვისაც ჭარბი წონა აქვს, დამეთანხმება, რომ ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, თითქოს, წრეზე ტრიალებ. ბოლო პერიოდში დავიწყე ბარიატრიაზე ფიქრი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფიქრი, რადგან არც ფინანსური მზაობა მქონდა და თან მეშინოდა. მესმოდა, რომ ძალიან საშიში ნაბიჯი იყო, ცუდი დასასრულით და ასე შემდეგ. საბოლოოდ, კონსულტაციაზე რომ მივედი და კარგად გავერკვიე, გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. ბარიატრია, როგორც ყველა ოპერაცია, რისკებს უკავშირდება. არცერთი ოპერაცია არ გაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ეს გააზრებული მქონდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში რატომღაც ჰგონიათ, რომ ბარიატრია მხოლოდ ვიზუალის ცვლილებას ემსახურება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ოპერაციის გაკეთება, ჯანმრთელობის გამო გადავწყვიტე. მიწერენ ხოლმე, შენ ხომ მოგწონდა შენი თავი და რატომ გაიკეთე ოპერაციაო?! მე ახლაც მომწონს ჩემი თავი, მაგრამ კიდევ მინდა რაღაცების გაკეთება და ამის შემდეგ, უფრო მეტად მომეწონება. ერთი რაღაც უნდა გავიგოთ, რადგან ვამბობ, რომ იმ წონაშიც ჰარმონიულად ვიყავი ჩემს თავთან, არ ნიშნავს, რომ უკეთესობა არ მინდოდა. ადამიანი იმის გამო არ უნდა გააკრიტიკო, რომ სურს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს. მე არ ვიღვწი იდეალურობისკენ. მგონია, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ უკეთესობა, რა თქმა უნდა, მინდა. შესაბამისად, ოპერაციის შედეგი ვიზუალური თვალსაზრისითაც მომწონს, თუმცა ბარიატრიის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ აბსოლუტურად უენერგიო ვიყავი. შვილთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ვერ მქონდა, რადგან ამას დიდი ენერგია სჭირდებოდა, მე კი ისე მალე ვიღლებოდი, რომ ნენსის, ფაქტობრივად, მამა და დეიდა ზრდიდა. ამან გადამაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადამედგა. რა უნდა იყოს იმაზე საშიში, როცა 6 წლის ნანატრი შვილის რიტმს ვერ ჰყვები. ეს მშობლისთვის ძალიან რთულია. ახლა უშრეტი ენერგია მაქვს და ეს ზუსტად ოპერაციამ მომიტანა. გარდა ამისა, წონა არ მქონდა ჯერ დაკლებული, როცა ინსულინი და წნევა დამირეგულირდა. ასე რომ, გარეგნობის მიღმა, კიდევ ბევრი საკითხია. ერთსაც ვიტყვი, რადგან ახლა ვამბობ, ჩემი თავი მომწონს-მეთქი, არ ნიშნავს, რომ ვერ ვამჩნევ ჩემს ჩამოწელილ კანს, ღაბაბს და ასე შემდეგ. სარკეც მაქვს, თვალებიც და ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ეს არ მაფიქრებინებს, რომ ცუდი ვარ. საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი, არცერთ მდგომარეობაში. ამიტომაცაა, რომ მე არასდროს ვიპრანჭები ვიდეოში. შემიძლია, ლოგინიდან წამომდგარმა, დაუვარცხენილი თმით ჩავწერო ვიდეო, იმიტომ, რომ ჩემს თავთან ნებისმიერ სიტუაციაში ვარ ჰარმონიაში.

– 6 წელი რომ ელოდით პატარას, ისევ და ისევ წონას და ჯანმრთელობის პრობლემას ხომ არ უკავშირდებოდა?

– მე გენეტიკური თრომბოფილია მაქვს და შესაბამისად, ნაყოფის შენარჩუნების ძალიან დიდი პრობლემა მქონდა. თუმცა, ექიმების არასწორი მიდგომების პრობლემაც იყო. ბოლოს ვისთანაც მივედი, მხოლოდ მას გაუჩნდა აზრი, რომ შესაბამისი ანალიზი გამეკეთებინა, მანამდე, საკმაოდ დიდი ხანი, ყველა მეუბნებოდა, რომ წონის ბრალი იყო. წონა, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, მაგრამ მთავარი მიზეზი სხვა იყო. რეალურად, მე არ მქონდა გაანალიზებული, რომ ჭარბი წონაც ამხელა პრობლემა იყო. მთელი ორსულობა ჩემს პრობლემას ჭარბი წონაც ემატებოდა და სულ იმის ცდაში ვიყავი, რომ ნაყოფი შემენარჩუნებინა. ამ ყველაფრის გამო, ბევრი ექიმი მართავდა ჩემს ორსულობას, მთელი გუნდი ცდილობდა, ორსულობა ბოლომდე მიმეყვანა და საბედნიეროდ, გამოვიდა.

რაც შეეხება ჩემს გამოჩენას სოციალურ ქსელში, „ფეისბუქი“ დიდი ხანია, მაქვს და ჩემს ამბებს ყოველთვის ვაზიარებდი, მაგრამ ჩემი აუდიტორია ჩემივე სანაცნობო წრისგან შედგებოდა. „ტიკ-ტოკი“ რომ გავაკეთე, არც მაშინ მქონდა გათვლა უცნობ ადამიანებზე. პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა, გარეთ ვერ გავდიოდი იმ დოზით, რა დოზითაც მანამდე და ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით გავაკეთე, რომ სოციუმში აქტიური ვყოფილიყავი. თურმე, ჩვენს ვიდეოებს სრულიად საქართველო უყურებდა. სხვა სოციალურ ქსელებში ამ დოზით კიდევ არ ხდება ნეგატივის ფრქვევა, როგორც „ტიკ-ტოკზე“. იქ ისე შეუძლიათ გადაგიარონ, რომ საერთოდ არაფერზე დაფიქრდებიან. მეგონა, კომენტარები ჩართული მქონდა, თუმცა ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ასე არ იყო და რომ ჩავრთე, უარყოფითი კომენტარების ისეთი ტალღა წამოვიდა, ცივი შხაპის ეფექტი მივიღე, შოკში ვიყავი. არ მეგონა, თუ ამხელა ნეგატივი საერთოდ არსებობდა. ასეთი ზღვა ნეგატივით შეიძლება, ადამიანს ძალიან ბევრი დაუშავო. უბრალოდ, ამ მხრივ, მე საკმაოდ სტრესგამძლე ვარ.

– ნეგატივი, ძირითადად, ჭარბ წონას უკავშირდებოდა, მეუღლესთან ასაკობრივ სხვაობას თუ რის მიმართ არის საზოგადოება აგრესიულად განწყობილი?

– ჩემი აზრით, საზოგადოება აგრესიულად არის განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეძლო და გააკეთა ის, რაც მათ ვერ გაბედეს. მე არც განსაკუთრებული ცხოვრების სტილი მაქვს, არც ფინანსები, რომ ამის შეშურდეთ, არც განსაკუთრებულად სიმპათიური მეუღლე მყავს, რომ ამის გამო გადაირიონ, უბრალოდ, რითაც მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ვარ, ისაა, რომ ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ, ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა. ეს არ ნიშნავს, რომ კომპრომისებზე არ მივდივარ, სოციუმში ამის გარეშე ვერ იარსებებ. სხვისი აზრიც მაინტერესებს, უბრალოდ, რასაც ვხედავ და ვკითხულობ, ვფილტრავ. ძირითადი ბულინგი იმის გამო წამოვიდა, რომ გავბედე და ცოლად გავყევი ასაკით უმცროს მამაკაცს, რომელიც სიმპათიურია. უამრავი სიმპათიური ბიჭი დადის გარეთ და ამ კომენტარების ავტორებს ვინმე მათთან ურთიერთობას უშლის? უბრალოდ, თვითონ რაღაცებს ვერ ბედავენ, რადგან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები ცხოვრობენ ისე, როგორც „ჟუჟუნა დეიდას“ უნდა. მე გავბედე ისე მოქცევა, როგორც თავად მინდოდა და ამის გამო გაუჩნდათ აგრესია. რეალურად, ეს ჩემთვისაც საკმაოდ რთული იყო, მეც ხომ ჩემი რისკები მქონდა, ყველაფერზე ვფიქრობდი, პატარა გოგო არ ვიყავი, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ გავბედე, არ შემშინებია. როგორც არ უნდა წარმართულიყო მოვლენები, მზად ვიყავი. სამუდამო არაფერია და ხვალ რა მოხდება, არავინ ვიცით, ამიტომ დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ზუსტად ამიტომ გაუჩნდათ ჩემ მიმართ აგრესია – როგორ გავბედე და გავხდი ბედნიერი...

– თქვენი სიყვარულის ამბით შევაჯამოთ, რომელმაც ასე გაგაბედნიერათ.

– ჩვენი სიყვარულის ამბავი ძალიან სპონტანურია, დღევანდელი დღით ცხოვრებას რომ შეესაბამება. ერთმანეთი სოცქსელში გავიცანით. ალექსი გამომეხმაურა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი არ მიმიქცევია ყურადღება. რადგან ჩემზე პატარა იყო, სერიოზულად არ აღმიქვამს. მისი დაჟინებული თხოვნით შევხვდი და პირველივე წამიდან შეყვარებულები ვართ. „გამარჯობა, მე თქვენი შეყვარებული ვარ“ – დაახლოებით, ასე დაიწყო (იცინის). ქიმია ორივემ პირველივე წამიდან ვიგრძენით. არაფერი დაგვიგეგმავს – არც შეყვარებულობა და არც ოჯახის შექმნა. დინებას მივყევით, უბრალოდ, კარგად ვიყავით ერთად. ურთიერთობა რომ დავიწყეთ, იმ მომენტში არც სიყვარული იყო, ურთიერთობამ გამოზარდა გრძნობა. დღეს ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე, როდის შეგვიყვარდა, მაგრამ კონკრეტულ მომენტს ვერ ვიხსენებთ. საბოლოოდ, ოჯახით დავაგვირგვინეთ. ჩემი გადმოსახედიდან, ამით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, აქ იყო ქართული თემა – ოჯახები ცოტა ნერვიულობდნენ, რადგან ძველი თაობისთვის სტაბილური ურთიერთობა მაინც ოჯახთან ასოცირდება და უფრო ამ მიზეზით გავაოფიციალურეთ ჩვენი კავშირი.

ახლა უკვე ნენსისთან ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას და ის ჩვენი სიყვარულის, ბედნიერებისა და სწორი გადაწყვეტილების საბუთია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი