თამარ ივერი: დიდ თანხებს ნამდვილად არ მოაქვს ბედნიერება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.01
როგორი დამოკიდებულება აქვს თამარ ივერს ფულის მიმართ, როდის იყო საკმაოდ მხარჯველი, როდის გახდა უფრო პრაგმატული და როგორ ეხმარება ახლობლებს, ამაზე თავად მოგვიყვება.
თამარ ივერი: ფულით ვერც ჯანმრთელობას იყიდი, ვერც სიყვარულს და ვერც ბედნიერებას. როცა ხელში ფული ჩაგივარდება, შეიძლება, საყოფაცხოვრებო კომფორტი მოიწყო, ის, რაც უცებ მოგანიჭებს სიამოვნებას, მანქანას იყიდი, სახლს შეიძენ, გემრიელად შეჭამ, ტორტსაც დააყოლებ და იმწუთას გახარებული იქნები, მაგრამ ეს განცდა მთელი ცხოვრება ვერ გაგყვება და ბედნიერად ვერ გაქცევს. სამწუხაროდ, ჩემ გვერდით ბევრია ძალიან მდიდარი ადამიანი, რომლებიც ბედნიერები არ არიან. სტატისტიკურადაც, მსოფლიო ვარსკვლავებს, მილიონერებს თუ შევხედავთ, ცხოვრებას ფსიქიატრიულში ან მძიმე მდგომარეობაში ასრულებენ. ავიღოთ: მაიკლ ჯექსონი, ელვის პრესლი, უიტნი ჰიუსტონი, ემი ვაინჰაუსი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. სულ ვფიქრობ, ამ ადამიანებს აქვთ მსოფლიო სახელი, უამრავი ფული და რატომ არიან ისეთი უბედურები, რომ ზოგი წამალში იპარება, ზოგი დამამშვიდებლების წყალობით ცხოვრობს?! თითქოს ზომიერების განცდა აქვთ დაკარგული. სახლები, ოქროები, ბრილიანტები აღარ ანიჭებთ ბედნიერებას, აღარც იახტები აკმაყოფილებთ, ამ ყველაფერს უკვე ხარახურად აღიქვამენ, მაინც უბედურები არიან და უკვე ნარკოტიკებში პოვებენ დროებით ბედნიერებას. ვიცნობ მდიდარ და მარტოსულ ადამიანებს. თავიანთ ციხესიმაგრეებში არიან ჩაკეტილი და ბედნიერები არ არიან. ზოგს უთქვამს კიდეც, ოჯახში ჩემი შესვლა ყველაზე მეტად ჩემს ძაღლს უხარია, ყველაზე მეტად მას ვუყვარვარო. როცა კაცი ოჯახში მხოლოდ შემომტანად ითვლება, შვილებისთვის მხოლოდ ფულის ქისად აღიქმება, მერე, თითქოს, მამაშვილური სიყვარული ნაკლებად ფასობს. მილიონერი როცა კვდება, მისი შვილები მხოლოდ მემკვიდრეობასა და ქონების გაყოფაზე ფიქრობენ, ნაკლებად განიცდიან ოჯახის წევრის გარდაცვალებას და პანაშვიდებს სამძიმრებს ფორმალურად უხდიან. ხოლო ღარიბ ოჯახებში შვილები მთელი გულით დასტირიან შვილებს, იმიტომ, რომ მამა შვილებს სიყვარულის გარდა ვერაფერს აძლევდა. თითქოს გაჭირვება კიდევ უფრო აახლოებს ადამიანებს. მე ამას დავკვირვებივარ. თავად მილიონერებს გაკოტრების შემთხვევაში ისეთი დეპრესია აქვთ, რომ ორი-სამი ბიზნესმენი ვიცი, ვინც ამის გამო თავი მოიკლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდ თანხებს ნამდვილად არ მოაქვს ბედნიერება.
ცოტა ხელს რომ მოითბობ და ნორმალურად ცხოვრობ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ამას მოაქვს თავდაჯერებულობაც, ნაკლები სტრესი და სანერვიულო, ეს ძალიან კარგია და ყველას ვუსურვებ, მაგრამ როცა დიდი ფული მოდის ადამიანთან, ბევრი ვერ უძლებს ამას, ისევე, როგორც ვარსკვლავობას ვერ უძლებს ბევრი.
– წარმატებასთან და აღიარებასთან ერთად, თქვენი მიზანი რამდენად იყო მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება?
– ჩემი კარიერის დასაწყისში, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩემი შრომით ოთხნიშნა რიცხვებიანი ჰონორარები მქონდა. ვშრომობდი, ვწვალობდი და მიხაროდა, რომ შემოსავალიც შესაბამისი იყო. დედა სულ მეუბნებოდა, რასაც შენ იშოვი, ის არის შენი, ის შეგერგება, რაც მამაკაცისგან, ანუ მდიდარი ქმრისგან გაქვს, ის შეიძლება, ერთ დღეს დაკარგო, შეიძლება შენგან წავიდეს და ყველაფერი ფეხქვეშ გამოგეცლებაო. ამიტომ მასწავლიდა, რომ ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია.
მაშინ რომ დღევანდელი ჭკუა მქონოდა, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი (იცინის). მიწებს ვიყიდდი, ბიზნესში ჩავდებდი. მე დავდიოდი და რაც მსიამოვნებდა, იმას ვყიდულობდა: „შანელის“ ტუჩსაცხი, „შისეიდოს“ პუდრი, ლამაზი ტანსაცმელი, ჩანთა და ასე შემდეგ. ასეთ რამეებში იმდენი ფული გადამიყრია, ის თანხა, რომ ბიზნესში ჩამედო, დღეს ძალიან დიდი ფული მექნებოდა (იცინის). ორიათასიან წლებში ბინები და სახლები 15-20 ათასი დოლარი ღირდა და ამდენ თანხას ორ-სამ სპექტაკლში ვიღებდით.
– დედა, როგორც უფრო გამოცდილი, არ გირჩევდათ?
– დედას ერთადერთი რჩევა მოუცია: შვილო, დააგროვე და ბინა ვიყიდოთო. მე ნახალოვკაში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ერთოთახიანი ბინა მქონდა დოლიძეზე, რომელიც დედამ თავის ძმისშვილს აჩუქა. თავის დროზე, როდესაც ჩემმა მშობლებმა ეს ბინა შეიძინეს, არ ჰქონდათ საშუალება და დედას ძმა უხდიდა გადასახადს. ფაქტობრივად, ბიძაჩემის ნაყიდი იყო ეს ბინა და მერე, როცა მე კარგი შემოსავალი მქონდა და ბიძაჩემის ოჯახს ცოტა უჭირდა, დედამ მითხრა, ხომ არ ჯობია, ეს ბინა მათ ვაჩუქოთო. მახსოვს, ნოტარიუსთან რომ მივედით და დედამ უთხრა, რომ ბინის ძმისთვის ჩუქებას აპირებდა, ნოტარიუსი გაოცებული იცინოდა, რაც ამ საქმეში ვარ, სულ ვიღაც ართმევს სხვას რაღაცას, თქვენ ხართ პირველი, ვინც ჩუქნითო (იცინის).
ბინა ჩვენთვის შევიძინე, ამის პრობლემა არ მქონია, მაგრამ მიწასა და ბიზნესზე არ გვიფიქრია. ახალგაზრდა გოგო ვიყავი, მამა გვერდით არ მყავდა და მაშინ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი. ახლა ოჯახი მაქვს, ქმარი მყავს და სხვა გონება მაქვს. თუმცა, მახსოვს მაშინ, ჩემი პირველი შემოსავლით ბინა რომ ვიყიდე, ძალიან გახარებულები ვიყავით. მანამდე ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 19 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა, დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და განა რა უნდა გვქონოდა. როცა ბათუმის თეატრში დავიწყე მუშაობა, პირველი კარგი ხელფასი მაშინ მქონდა – 250 დოლარი დაგვენიშნა, რაც 90-იან წლებში ძალიან დიდი თანხა იყო. პირველად მაშინ გავიმართე წელში. ამაყი ვარ იმით, რომ ბავშვობიდან თვითონ ვშოულობდი ყველაფერს. მამას განსაკუთრებული ქონება არ დაუტოვებია. ის ინტელიგენტი კაცი იყო, დამიტოვა უნიკალური ფირფიტები, წიგნები და არა ფული. თუმცა, დამიტოვა ოროთახიანი ბინა იტალიურ ეზოში.
საკმაოდ კარგი კარიერა მქონდა და რაღაც შეფერხებების მიუხედავად, დღესაც ვაგრძელებ, მაგრამ ბიზნესის შესახებ, ალბათ, რჩევა კაცმა უნდა მოგცეს. ამიტომ დამიგროვდა უამრავი ფეხსაცმელი, კაბები, ჩანთები, ბევრი – დღემდე ხელუხლებელი (იცინის). თუმცა, ერთი მომენტია, კარგი სუნამო თუ კარგი ჩანთა, ყველაფერი, რაც მაქვს, სპექტაკლების დღეს მაქვს შეძენილი, იმიტომ რომ ამ დღეს ძალიან ვნერვიულობდი და ეს განტვირთვაში მეხმარებოდა. თითქოს ამაზე გადამქონდა ყურადღება. ჩემი ყველა შოპინგი სპექტაკლს უკავშირდება. ნერვიულობის დროს ასე ვცდილობ, სიამოვნება მივიღო (იცინის).
– დღეს როგორი მხარჯველი ხართ?
– კოვიდმა ყველაფერი ძალიან შეაფერხა, მერე დედას გამო თბილისში გადმოვედი. ბავშვებისა და გარკვეული პრობლემების გამო რაღაც პერიოდით კარიერაც შევაჩერე და რომ გითხრათ, ისევ ისეთი შემოსავლები მაქვს, როგორიც ევროპაში აქტიური კარიერის დროს მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, რაღაცები დარჩა და ახლაც მეხმარება. დღეს ბევრად მომჭირნედ ვართ. ბავშვები მყავს, წრეებზე დადიან, სკოლაში სწავლობენ, უამრავი გადასახადია და ვერ ვაძლევ თავს ზედმეტის უფლებას. მაშინ ფული რომ იხარჯებოდა, ორი იმდენი შემოდიოდა, დღეს სხვა სიტუაციაა. მაშინ თუ ყველაფერს ჩემთვის ვყიდულობდი, ახლა ბავშვებია პრიორიტეტი, მათ კი, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი სჭირდებათ. ყოველთვის ასე არ იქნება, ქვეყნიდან გასვლასაც ვგეგმავ და საინტერესო შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ მე ვარ ქალბატონი, რომელიც მაღალმა ჰონორარებმა ვერ შეცვალა და არ გადარია. გამდიდრებას ყველა ვერ უძლებს. ამბიციურები ხდებიან და ავიწყდებათ, საიდან წამოვიდნენ.
– ასეთი ბუნებით უნდა იყო თუ ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა?
– ეს ადამიანის ხასიათში უნდა იყოს. მე ვიცი ადამიანები, სულ სხვები იყვნენ და კარიერა რომ გაიკეთეს და ფული იშოვეს, ძველ ნაცნობებს გამარჯობას არ ეუბნებოდნენ. ამბიციურები გახდნენ და აღარავის კადრულობენ. ასეთი ადამიანები ცუდი სახელით რჩებიან ისტორიაში. მე მინდა, კარგად მიცნობდნენ, კარგი სახელით დავრჩე. ძალიან ბევრ ჩემს ახლობელსაც დავხმარებივარ. ბიძაშვილს, საშუალება რომ არ ჰქონდა, მანქანაც ვუყიდე, მეორეს ბინაზე დავუმატე თანხა, ერთს ცენტრალური გათბობა გავუკეთე, ერთს მეტალპლასტმასის – კარ-ფანჯარა. ისე არ ყოფილა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე მეფიქრა. ვცდილობდი, ყაირათიანად გამომეყენებინა. საბედნიეროდ, ფულს ჩემთვის უბედურებები და მეტი პრობლემები არ მოუტანია. ერთადერთი, რაც ძალიან არ მიყვარს, ეს არის ვალი. თავიდან, ავსტრიაში რომ ბინა ვიყიდე, უზარმაზარი სესხი მქონდა. მერე იძულებული გავხდი, რომ გამეყიდა. ვმოგზაურობდი, ბინაში პრაქტიკულად არ ვიყავი, ვერც ვაქირავებდი და დაკეტილ ბინაში უზარმაზარ თანხას ვიხდიდი. არ მიყვარს, როცა რამე მაქვს დასაფარი, გადასახადი ან ვალი. ერთხელ მეგობარს ხუთი ლარის დამატება ვთხოვე მაღაზიაში, უცებ დამჭირდა და მთელი ღამე არ მეძინა.
– თქვენ ხშირად გთხოვენ ფულის სესხებას?
– სხვათა შორის, კი. რამდენჯერაც გამიცია, იმ ადამიანს მერე ათი მოუყვანია, თამარმა დამაფინანსა და თქვენც დაგეხმარებათო. იმ ხალხს უჭირს იმის გაგება, რომ ახლა რომ აქ ცხოვრობ, იმხელა შემოსავალი აღარ გაქვს. რადგან მსოფლიო ვარსკვლავი ხარ, მილიონერი ჰგონიხართ. შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარები და ერთი პრინციპი მაქვს – როცა ადამიანს უჭირს, ვაძლევ გარკვეულ თანხას და მერე უკან აღარ ვართმევ. რამდენიც შემიძლია, ვაჩუქო, იმდენს ვაძლევ. როცა ადამიანს თანხა აქვს დასაბრუნებელი, გაგირბის. ქუჩაში თუ დაგინახა, რომ არ შეგხვდეს, მეორე მხარეს გადავა, არ მოგიკითხავს და ასე შემდეგ – სულ პრობლემებია. რამდენჯერაც გავასესხე, აღარ დამიბრუნეს, ამის გამო ერთმანეთიც კი დაგვიკარგავს. ადამიანს ფულს რომ ასესხებ, გვერდს ჩაგივლის, არც მოგიკითავს ან მოგიკითხავს და იმასაც კი არ შეიმჩნევს, რომ შენი ვალი აქვს და მოცემა აგვიანდება, თითქოს არაფერი მსგავსი, არც ახსენებს ამ თემას და ბრაზდები. არადა, ხომ შეიძლება, ადამიანურად მოიბოდიშო მაინც, რომ პირობას ვერ ასრულებ?! იქნებ გეუბნები, რომ საერთოდ აღარ მინდა და გჩუქნი, მაგრამ – არა. ამიტომ გადავწყვიტე, როცა საშუალება მაქვს და ადამიანი მცირე თანხას მთხოვს, ვაძლევ და ვეუბნები, რომ ვჩუქნი. როცა ჩუქნი მეორედ გაუჭირდება მოთხოვნა. დიდი თანხების გაცემის საშუალებაც აღარაა და გამოცდილებამ ჭკუაც მასწავლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან