შოუბიზნესი

ქეთი სვანიძე: აქამდე რომ მოვსულიყავი, ბეწვის ხიდზე გავდიოდი ცხოვრებისეულადაც და პროფესიულადაც

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 54 წუთის წინ

ქეთი სვანიძე
დაკოპირებულია

ქეთი სვანიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ქეთი სვანიძე?

ქეთი სვანიძე: ქეთი სვანიძე არის ერთი რიგითი მოქალაქე, მსახიობი და ჩვეულებრივი მოკვდავი, როგორც ყველა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– პროფესიიდან გამომდინარე გიპასუხებთ: საოცნებო ცხოვრება ის არის, რომ საკუთარი საქმით ვიყო ბედნიერი, ვიყო დაკავებული და მქონდეს შესაძლებლობა, მეტი ადამიანის გული გავახარო თუ დავეხმარო. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რამეცაა – ბევრი ვიმოგზაურო, კარგად ვიყო და ჩემი საქმითა თუ ოჯახით ვისიამოვნო.

– რამდენად ემოციური ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ. ხანდახან ზედმეტობაშიც გადამდის ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი გავაკონტროლო. ბოლო დროს განსაკუთრებით გულჩვილი გავხდი – ყველაფერზე მეტირება, თუმცა არტისტებს ეს თვისება გვახასიათებს. ემოციების გარეშე ჩვენი საქმე არ გამოვა. ხანდახან ზედმეტად ემოციურიც ვარ – შეიძლება, ეს კარგი არ არის, მაგრამ ვაღიარებ, ასეა. ვცდილობ, ემოციები მოვთოკო, რომ სხვებისთვის შემაწუხებელი არ გახდეს.

– ბედნიერების ცრემლებით როდის გიტირიათ?

– როცა შვილი შემეძინა. ეს განსაკუთრებით ამაღელვებელი დღე იყო და ამაზე დიდი ემოცია ცხოვრებაში არ არსებობს. მართლა რომ ბედნიერი ხარ და შენ თავს საოცრება ხდება... ეს დღე და ეს მომენტი შეუდარებელია ყველა დედისთვის – როცა შენს შვილს პირველად დაინახავ.

– ტკივილით გამოწვეული ცრემლი?

– ასეთი ძალიან ბევრია... უახლოესი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული. ეს ის არის, რასაც ვერ გავექცევით და რაც ცხოვრების თანმდევი, გარდაუვალი ნაწილია.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში მილიონები რომ მოგეგოთ?

– ახლა, ამ წუთას, ჩემი მეგობარი მძიმე სენს ებრძვის – მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ. გარდა იმისა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი (რასაც, ალბათ, ყველა გააკეთებდა), ყოველთვის განსაკუთრებით განვიცდი მათ გამო, ვინც ამ მძიმე სენს ებრძვის. სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება ასეთი ისტორიები და განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და ახალგაზრდების გამო განვიცდი. პირველ რიგში, ამ ადამიანებს ამოვუდგებოდი გვერდში. მინდა, სწორად გამიგოთ: ხშირად მაქვს რიდი და დანაშაულის შეგრძნებაც კი, როცა მე კარგად ვარ, ვიღაცის შვილი კი ცუდად არის. როცა მსგავს ამბავს ვიგებ, იმდენად რთულია ეს ყველაფერი, თითქოს ის დღე ჩემთვის დაკარგულია. იმ გვერდებსაც კი ამოვშლი ხოლმე, სადაც ეს ინფორმაცია მხვდება – იმდენად ცუდად ვხდები და ისე მოქმედებს ჩემზე. ძალიან მრცხვენია, რომ მე კარგად ვარ მაშინ, როცა სხვას ასე უჭირს. ალბათ, ლატარიაში რომ მოვიგო, პირველ რიგში ამ ადამიანებს დავეხმარებოდი და ცოტა დავმშვიდდებოდი, რომ მათთვის რაღაც გავაკეთე.

არა მხოლოდ მათ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრს სჭირდება თანადგომა და ბევრ ბავშვს აკლია ბედნიერი ცხოვრება. აუცილებლად ჩემს კოლეგებსა და ნიჭიერ ადამიანებსაც გავუმართავდი ხელს, ვისაც საშუალება არ აქვს – მომღერალი იქნება თუ მოცეკვავე, ჩემს წვლილს შევიტანდი მათ განვითარებაში.

– არის ქეთის ოცნება მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა?

– არ არსებობს მსახიობი, ვისაც ეს ოცნება არ აქვს და, რა თქმა უნდა, არ მრცხვენია ამის თქმა. რატომაც არა?! ჩვენი პროფესია სახალხოა, ხალხს ემსახურება და ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, თუ ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც მსოფლიო მასშტაბით გახდება პოპულარული – თუნდაც კინოში ან თეატრში, რაც ცოტა რთულია. თვითონ პროფესია მოიცავს ამას. არ მინდა, ამბიციურად გამიგოს მკითხველმა, მაგრამ ყველა მსახიობის, მომღერლისა თუ მხატვრის ოცნებაა, თავისი პროფესიით იყოს წარმატებული და ცნობადი.

– ორი მომენტი რომ გამოვყოთ: ყველაზე დიდი გამარჯვება და მარცხი?

– მარცხი ბევრი ყოფილა ცხოვრებაში – თუნდაც ის, რომ უკმაყოფილო ვყოფილვარ საკუთარი თავით, შესრულებული როლებით და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი გამარჯვება კი მაყურებლის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ის ადამიანები კი, რომლებიც საოცარ ნეგატივს წერდნენ, სად გაქრნენ, არ ვიცი. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს – განსაკუთრებით ზაფხულში, შვილთან ერთად ბევრს ვსეირნობ. სრულიად უცხო ადამიანებისგან ისეთი სიყვარული დავინახე, რომ ჩემთვის ეს ნამდვილი გამარჯვებაა.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და, პირიქით, ისეთი, რამაც გული გატკინათ?

– გულის ტკივილით დავიწყებ: ალბათ, არ ვიმსახურებდი ამდენ ნეგატივს, რაც „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას მოჰყვა. ასეთ რამეებს ისეთი ადამიანები წერდნენ, რომელთაც არცერთი ჩემი ნამუშევარი არ უნახავთ და არ იციან, რას ვაკეთებ, ვინ ვარ ან რა ვარ (ამით იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველაფერს კარგად ვაკეთებ). თუნდაც ეს კონკრეტული როლი არ უნახავთ და მგონია, რომ ბევრს ზედმეტი მოუვიდა.

საბედნიეროდ, ბევრჯერ გამიგია ჩემზე, რომ ძლიერი და მომთმენი ვარ, ვიღაცისთვის მაგალითიც კი ყოფილა ჩემი სიძლიერე. ეს არაერთხელ უთქვამთ და ძალიან გამხარებია. ამ ნეგატივზეც ხშირად აღუნიშნავთ: „ყოჩაღ, რომ გაუძელი და მყარად გააგრძელე წინსვლა“. ვთვლი, რომ ესეც უნდა გამოსცადო ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო და ამან შენს პროფესიაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. არ მეგულება ადამიანი, ვისზეც ეს არ იმოქმედებდა და, რა თქმა უნდა, ჩემზეც იმოქმედა, მაგრამ მე ვიცი, რას ვაკეთებ. ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა და კიდევ მეტის კეთების სურვილი მომცა – იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ერთი ნეგატიური სიტყვა მაინც ჰქონდა დაწერილი, ჩემივე საქმით შევუცვალო დამოკიდებულება და დადებითად განვაწყო.

– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– ცუდად არ მინდა გამიგონ, რასაც ვიტყვი: პატარაობიდანვე იმდენად ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი... ალბათ, ბევრი მცდარი ნაბიჯიც გადამიდგამს ცხოვრებაში და შემშლია, მაგრამ აქამდე რომ მოვსულიყავი, იმდენად ბეწვის ხიდზე გავდიოდი ცხოვრებისეულადაც და პროფესიულადაც, ვერ ვიხსენებ, რომ რაღაც კატასტროფული შეცდომა დავუშვი. რა თქმა უნდა, შეცდომები დამიშვია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზედმეტადაც კი ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და დღესაც ასე ვარ. დიდი დოზით ვარ თვითკრიტიკული და ეს, ალბათ, არ შეიძლება – ცხოვრებას ართულებს, თუმცა ხანდახან კარგ შედეგებსაც იღებ. არ შეიძლება, საკუთარ თავში ყველაფერი მოგწონდეს – განსაკუთრებით ჩემს ასაკში, როცა კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი. არაჩვეულებრივ, ჩემზე ბევრად უფროს არტისტებთან მაქვს ურთიერთობა და ისინი არ არიან თვითკმაყოფილები. ასეთ დროს როგორ შეიძლება, მე ვიყო? ვფიქრობ, რომ როცა კმაყოფილი ხარ, რაღაცებს აღარ აკეთებ ისე, როგორც საჭიროა, თუმცა ზოგჯერ გადამეტებული თვითკრიტიკაც არ შეიძლება.

დიდი შეცდომა ნამდვილად არ დამიშვია. ერთი რამ კი იყო: კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა და ამისთვის სათანადოდ ფრთები არ შესხმულა. თუმცა მადლიერი ვარ, რომ თეატრში მოვხვდი. დრამატული თეატრის მსახიობობა და პარალელურად სიმღერა მარტივი არ არის, მაგრამ ვთამაშობ სპექტაკლში „მარია კალასი“, სადაც ისეთი სირთულის არიის შესრულება მიწევს, რომ მხოლოდ მომღერალი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ვერც გამებედა. მადლიერი ვარ იმით, რომ ბევრ სპექტაკლში მომიწია სიმღერა და მაყურებელი, რომელიც სპექტაკლზე მოვა, ჩემს შესაძლებლობებს ნახავს. ასე რომ, მაქვს საშუალება, ის დანაკლისი შევივსო, რასაც თავის დროზე ფრთები ვერ შევასხი.

– შეიძლება, ოდესმე ამის დროც მოვიდეს?

– კი, ალბათ, არასდროს არის გვიან... სხვათა შორის, ეს ფიქრები ხშირად მაწუხებს და მინდა, ამ მხარეს მივხედო – რატომაც არა?! დღეს ბევრი მსახიობი მღერის და რატომ არ შეიძლება, მეც ვიმღერო?! ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და, თუ მოსახდენია, მოხდება. ასეთი რაღაცების მჯერა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არა ისე, რომ სახლში იჯდე და არაფერი გააკეთო. მე ყველაფერს ვაკეთებ, უფრო სწორად, ვცდილობ, გავაკეთო და ალბათ, მოხდება კიდეც. მოლოდინები მაქვს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ცხოვრებისეული შიშებიდან ყველაზე დიდი დედის დაკარგვის შიშია. რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბავშვობიდან სულ მქონდა მშობლის დაკარგვის შიში, რაც ალბათ, ყველას აქვს. ჰქონია პერიოდები, როცა ძალიან ცუდად ყოფილა და ეს შიშები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა. შვილი როცა გიჩნდება, მერე ეს შიში მასზეც გადადის – რომ შენი შვილი იყოს კარგად. ყველა დედის მთავარი ფიქრი, ალბათ, ეს არის. ამ მხრივ, სულ ფორიაქში ვარ და არასდროს ვარ მშვიდად. ხანდახან შეიძლება, ისე აჰყვე ამ ფიქრებს, რომ უაზრობაშიც კი გადაგივიდეს.

– ყველაზე დიდი ტკივილი – სულიერი თუ ფიზიკური?

– ბევრჯერ ყოფილა დიდი ტკივილიც და დიდი ემოციაც... ასე ცალკე გამოყოფა მიჭირს. ბავშვობიდან რაც მახსოვს, აფხაზეთიდან რომ გადმოვედით, ერთი წელი დეიდასთან ვცხოვრობდით. ზღვაზე აკვიატება მქონდა, დედას სულ ვეკითხებოდი, სად არის ზღვა-მეთქი – მიჩვეული ვიყავი ზღვის ხმას. ტყუილად არ ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვებს არაფერი ავიწყდებათ...

ის დღე არასდროს დამავიწყდება, სტუდქალაქში ბინა რომ მივიღეთ. ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემი სახლი და დავბრუნდით. აივანზე რომ გამოვედი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ იქ, აფხაზეთში, ვეღარ დავბრუნდებოდი – იმ ადგილას, რასაც მთელი წელი ველოდებოდი და რაზეც სულ კითხვებს ვსვამდი. ეს ემოცია ძალიან ნათლად და მტკივნეულად მახსოვს. მართალია, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დღესაც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება ის ტკივილი. იმ დღეს თითქოს რაღაც დასრულდა და მივხვდი, რომ აქაურობას უნდა შევგუებოდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი