დათო ლიკლიკაძე: ყველგან სარგებელს ვიღებ — სადაც რაღაც ინგრევა, ჩემ სასარგებლოდ ინგრევა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 49 წუთის წინ
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რას მიუძღვის დათო ლიკლიკაძის წარმატებაში მთავარი წვლილი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
დათო ლიკლიკაძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატების მისაღწევად იღბალსა და შრომისმოყვარეობას თანაბარი წვლილი მიუძღვის. ბევრი ჩემზე მეტად შრომისმოყვარე, საკუთარი საქმის უკეთ მცოდნე და მეტად ნაკითხი ადამიანი მინახავს – მას ჩემზე მეტად ეკუთვნოდა წარმატება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მიიღო. ასეთი ადამიანი კლასშიც მყოლია, კურსზეც და მეგობრებშიც.
ცხოვრებაში იღბალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ გამართლება არ გდევს თან, ცხოვრება ძალიან ძნელია. შრომით რაღაცას აუცილებლად მიაღწევ, მაგრამ იღბლიანი ადამიანი ბევრად მოკლე გზებით დადის. მე სულ მერიდება… იმის გამო კი არა, რომ შრომა არ მიყვარს, ასე ნამდვილად არ არის. შრომა ძალიან მიყვარს, ღამეების თენებასაც არ ვერიდები, როცა საჭიროა და ხანდახან დღე-ღამეში 24 საათიც კი არ მყოფნის, მაგრამ იღბლის გარეშე ზოგჯერ ყველაფერს აზრი ეკარგება.
ტური რომ ავიღოთ: შეიძლება, ერთ დღეს ჩემს კოლეგას ტური ჩაუშალოს კოკისპირულმა წვიმამ. მეორე დღეს მე ჩავიდე იმავე ადგილას, იმავე ქვეყანაში, ისევ კოკისპირული წვიმა იყოს გამოცხადებული, მაგრამ წვიმამ გადაიღოს და მზემ გამოანათოს. ამას შრომისმოყვარეობით რას უშველი?! იღბალი გინდა. ერთი და იგივე ტური შეიძლება, ვიღაცას ჩაუვარდეს, ვიღაცას კი „გაუვარდეს“. ვისაც ჩაუვარდა, იმან, შესაძლოა, მეტი შრომა ჩადო და, როგორც გიდი, ჩემზე მეტად განათლებულია, მაგრამ მე, უბრალოდ, იღბლიანი აღმოვჩნდი. მხოლოდ ამ საქმეს არ ვგულისხმობ – ცხოვრებაში ბევრი რამ მივიღე იოლად და ღმერთის უზომოდ მადლიერი ვარ. ხანდახან მეშინია კიდეც და სულ ვამბობ: რაკი ბევრი რამ მივიღე მოკლე გზით, სამაგიეროდ, რამე ხომ არ უნდა წამართვან-მეთქი. თუმცა არა, მე მართლაც იღბლიანი ადამიანი ვარ და ამის გამო – უსაზღვროდ მადლიერი.
– კიდევ რაში ხართ იღბლიანი?
– ბევრ რამეში ისე გამიმართლა, რომ წარმოდგენაც კი არ შემეძლო. იქაც კი სარგებელს ვიღებ – სადაც რაღაც ინგრევა, ჩემს სასარგებლოდ ინგრევა. იმ დროს რომ არ დანგრეულიყო, შეიძლება, მე მოვყოლილიყავი ნანგრევებში. ალბათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მიუდგები მოვლენებს და რას დაინახავ. იღბალთან მიმართებით მადლიერების გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მე საერთოდ არ მრცხვენია იმის თქმა, რომ სწორედ ფულის გამოსამუშავებლად ვშრომობ. ებრაელებს აქვთ კარგი ნათქვამი: პრობლემა, რომელიც ფულით გვარდება, პრობლემა კი არა, ხარჯიაო. მაგრამ, როცა ძვირფასი ადამიანი მიდის შენი ცხოვრებიდან, ამას ფულით ვერ უშველი.
ასეთი რამ მეც გამომიცდია — იმნაირი იღბლიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცუდი არაფერი ხდება-მეთქი, ამას ნამდვილად არ ვამბობ. როგორ შეიძლება, აბსოლუტურად ბედნიერი ვიყო, როცა მამა აღარ მყავს?! ამქვეყნიდან მამაჩემის წასვლამ დაანგრია ჩემი აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა, მისი არყოფნა ყოველთვის მიშლის ხელს სრული ბედნიერების განცდაში. იმაზე დარდიც, დედა ავად არ გახდეს ან არ მომიკვდეს, არასდროს მაძლევს ბოლომდე სილაღის საშუალებას. ამ შიშებით დაბადების წუთიდან ვცხოვრობ – უკვე 50 წელია, მაქვს შიში, დედა არ მომიკვდეს. ეს ყველა ბავშვის შიშია. ზოგმა სძლია ამ განცდას, მე კი – დღემდე ვერა. ბუნებრივია, ეს ემოციები ხელს მიშლის სრულ ბედნიერებაში. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ მაინც ყველაფერს საჩუქრად ვიღებ.
90-იან წლებში ჩვენს ოჯახს რომ უჭირდა, დღეს ვიცი, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო. სწორედ ამის წყალობით დავაფასე შრომა, იღბალი, ის, რომ არ მშია და რომ ჩემს შვილს შეუძლია, მთხოვოს იმის ყიდვა, რაც უნდა. მე „მიყიდესაც“ კი ვერ ვამბობდი, რადგან ვიცოდი, რომ ფული არ გვქონდა. ჩემი შვილი შეკითხვასაც კი არ მისვამს – პირდაპირ მეუბნება, რისი ყიდვა სურს. ამ ბავშვს არ აქვს შიში, რომ მამა ამას ვერ იყიდის. მე კი ეს შიში მქონდა.
ახლა დილემის წინაშე ვარ – ვშიშობ, შვილს ვეყვარები თუ არა ისე, როგორც მე მიყვარდა მამა და მიყვარს დედა – ყველაფრის გარეშე. დედას მეზობელი ხაჭაპურს რომ მიაწოდებდა, ხელში დაიჭერდა, ვითომ საუბრისას ჭამას არ იწყებდა და, რეალურად, მე მინახავდა – ხაჭაპური იქნებოდა თუ ნამცხვრის ნაჭერი, ყველაფერი ჩემთვის და ჩემი დისთვის უნდოდა. საჭმელი კი არ გვიჭირდა, მაგრამ ამას თავისი სიტკბო ჰქონდა. ეს გაჭირვება იყო ადამიანად ქცევის გაკვეთილი. ამ გაჭირვებამ მასწავლა, როგორ უნდა ავტირდე იქ, სადაც ასატირებელია. ეს მართლაც დიდი საჩუქარია, რომელსაც ჩემს შვილს ვერ ვუკეთებ. ჩვენ დღეს, პირიქით, სახლიდან საკვებს ვყრით. ამის გამო ვჩხუბობ: ისეთი რამ მაინც გადავყაროთ, რასაც ძაღლი შეჭამს, სხვა არაფერი-მეთქი. მრცხვენია — როგორ შეიძლება საჭმელი მოგრჩეს და ეს რესურსი ასე გახარჯო?! ეს გაუგებარია მეუღლისთვის, შვილისთვის. მე კი ის გამოცდილება რომ გავიარე, რაღაცები ვისწავლე. ვშიშობ, ეს დაბრკოლება რომ არ გაუვლია ჩემს შვილს, ცუდს ხომ არ ვუკეთებ?! გაჭირვებამ არა მხოლოდ ფიზიკურად გადაგვარჩინა, არამედ, ადამიანური თვალსაზრისითაც, კაცებად გვაქცია.
შეიძლება, ოჯახის დამსახურებაცაა, მაგრამ ჩვენ დავცინოდით ჩვენს გაჭირვებას, ჩვენს არქონას. ფეხით რომ მივდიოდით სადმე, ვხუმრობდით ხოლმე – ვითომ „ლიმუზინით“ მივდიოდით. მერე, სახლი რომ ვიყიდე, რაღაც რომ შევიძინე – ერთი, ორი, სამი – ეს დიდი ბედნიერება იყო. მე ხომ არაფერი მქონდა?! ვისაც სახლებს წინაპრები უტოვებენ, ამას ჩვეულებრივად იღებენ – თვითონ რომ არ უწევთ ყიდვა, არ ვიცი, ისინი ისე ბედნიერად გრძნობენ თუ არა თავს, როგორც მე?! მე ასმაგად ბედნიერი ვარ, ასე მგონია. თუმცა, მხოლოდ სახლის გამო არა – ელემენტარულის გამოც ბედნიერი ვარ. ის რამხელა ბედნიერებაა, რომ ფულს ვშოულობ საქმისგან, რომელიც მსიამოვნებს?! რა პრობლემაა – ფულის მოსაპოვებლად ისეთ საქმესაც გავაკეთებდი, რაც, შესაძლოა, არ მსიამოვნებდეს, მაგრამ გამიმართლა, რომ ასე არ არის. ზამთარში ქუთაისში რომ თოვს, მე სადმე თბილ ქვეყანაში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აუზზე წამოწოლილი ქოქოსის წვენს ვწრუპავ და ამას მუშაობას ვეძახი. ცოლი გადარეული მყავს (იცინის). მე ჩემი საქმე სიამოვნებად ვაქციე და არ ვიცი, რა არის დასვენება. შვებულებაში ერთი სამსახურიდან იმიტომ გავდივარ, რომ მეორე სამსახურში ვიმუშავო.
– რთულ და წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარებათ?
– არავინ და არაფერი, საკუთარი თავის გარდა. როცა საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, ყველა პრობლემა მაშინ დავძლიე. ჩემი გვარისაც კი მრცხვენოდა, ვფიქრობდი: ლიკლიკაძე რა გვარია-მეთქი... ჩემი ცხვირიც არ მომწონდა, არც ჩემი ხმა, არც გარეგნობა, მაგრამ მერე ასე მივუდექი: როგორ მიხდება ეს ცხვირი, რამდენ როლზე დამიძახეს სწორედ მისი დამსახურებით, როგორ ვუყვარვარ ხალხს, როგორ ყველა მცნობს და მიმახსოვრებს?! ჩემი ხმა? მისი დამსახურებით „ალოს“ რომ ვიტყვი, უკვე მცნობენ... თურმე, ამ ხმისა და ამ გარეგნობის გაყიდვაც შეიძლება! გვარი? ლიკლიკაძე – როგორი ჟღერადია! ლამაზი გვარია, უცხოეთში ძალიან მოსწონთ, გვარში მარცვალი რომ მეორდება. ბევრჯერ უთქვამთ, რა მაგარი გვარი გაქვსო.
მოკლედ, ყველაფრის შეყვარება დავიწყე. ჩემს ფიზიკურობაზე კი არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ, რაც არის, იმისი შეყვარება დავიწყე: შევიყვარე ჩემი, თუნდაც, შეუხედავი სხეული, ჩემი გვარი, ჩემი შეცდომები – იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემია!
ამასთან ერთად, ყველა დაბრკოლება მივიღე, როგორც გამოწვევა – ესე იგი, ასეა საჭირო. რაღაც რომ ხდება, ვფიქრობ ხოლმე: შეიძლება, დედა უნდა მომკვდარიყო და ღმერთს ეს რომ თავიდან აერიდებინა ჩემთვის, სწორედ ამიტომ გამომიგზავნა რაღაც შედარებით მცირე პრობლემა-მეთქი; რა კარგია, რომ ასე მოხდა! რა კარგია, რომ იქ დამიწუნეს, იქიდან გამომიშვეს, იქ უარი მითხრეს... სხვანაირად რომ მომხდარიყო, ალბათ, რაღაც ბევრად ცუდი მოჰყვებოდა. ჩემს თავს ვეთამაშები, კი არ „გამირეკია“, უბრალოდ, ჩემს თავს ვეუბნები, რომ კოსმოსი რაღაცებს მიბალანსებს. ჩემთვის ეს მიდგომა იდეალურად მუშაობს. რაღაც პრობლემაა? ესე იგი, ეს ჩემი ცხოვრებისთვის აუცილებელი იყო და რა კარგია, რომ ყველაფერმა ამ კონკრეტულ პრობლემაზე გადაიარა და სხვა, უფრო ცუდი რამ არ მოხდა.
თუმცა, რაც უნდა იღბლიანი იყო, თუ შრომისმოყვარე არ ხარ, დიდხანს ვერ „გაქაჩავ“. მინახავს ადამიანები, რომლებმაც ვერც ნიჭი გამოიყენეს და ვერც იღბალი. თუ იღბალიც გაქვს და შრომისმოყვარეც ხარ, აი, მაშინ მიდის ცხოვრება მართლაც კარგად.
40 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. მანამდე ყველა პროფესიასა და სამსახურში წარმატებული ვიყავი, 38-39 წლის ასაკში კი ვფიქრობდი, ალბათ, პირად ცხოვრებაში დამჩაგრა ღმერთმა-მეთქი. ძალიან მინდოდა, ოჯახი, ცოლი და შვილი მყოლოდა. მადლობა ღმერთს, ამაშიც ძალიან გამიმართლა – არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი მყავს. დღეს ყველაფერი მაქვს: სამსახური, საკუთარი შრომით მოპოვებული ფული და უძრავი ქონება. არ მშია და არ მწყურია. მეტი არაფერი მინდა – არც მეტი ფული და არც მეტი სახლი. სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





