შოუბიზნესი

რამდენი წელი დააკლო სპორტმა თეონა დადეშქელიანს და რატომ ამბობს ის უარს პირად ცხოვრებაზე

№40

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:30

თეონა დადეშქელიანი
დაკოპირებულია

არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც წარმატება, ოცნების გარეშე, ერთი გაბედული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მოდის. ეს შესაძლოა, იღბალია, მაგრამ მასთან ერთად, უდავოდ იმ შრომის შედეგია, რაც მას წინ უძღვის. სწორედ ასეთი ადამიანია თეონა დადეშქელიანი, რომლის ცხოვრების სტილი ერთმა გაბედულმა ნაბიჯმა რადიკალურად შეცვალა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ბოდიბილდერად მიიჩნევა და საერთაშორისო თუ მსოფლიო კონკურსებზე მისი ნავარჯიშევი და დახვეწილი სხეულის ფორმებით უდიდეს აღფრთოვანებასა და წარმატებებს აღწევს.

თეონა დადეშქელიანი: ბავშვობაში ზედმეტად აქტიური და მეტიჩარა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზოდიაქოს ნიშნით ლომი ვარ და ეს ბოლო თვისება, ალბათ, ამის ბრალია (იცინის). ძალიან მიყვარდა პუბლიკა, ზეიმები, ცეკვა. მსიამოვნებდა, რომ მიყურებდნენ და ტაშს მიკრავდნენ. მეოცნებე არასდროს ვყოფილვარ, უფრო ფიქრი მიყვარდა, სიტუაციების წინასწარ წარმოდგენა და ახლაც ასეთი ვარ.

– იმაზე თუ გიფიქრია, რომ ერთ დღეს დიდ სცენაზე ახვიდოდი და მაყურებელს შენი სხეულის ფორმებით გააკვირვებდი?

– ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვი, მეც მინდოდა ვყოფილიყავი პოპულარული, მემღერა, მეცეკვა, სილამაზის კონკურსზე გამოვსულიყავი. ასეთი სურვილები მქონდა ათ წლამდე, მერე ხასიათი შემეცვალა და მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი გავხდი. სკოლა შევიცვალე და ალბათ, გარემოს შეცვლამ გამოიწვია ჩემი ხასიათის ცვლილება, რომელიც 35 წლამდე გამყვა. სხვათა შორის, კარგი მოსწავლე ვიყავი და დღემდე რასაც ვაკეთებ, მაქსიმალურად კარგად უნდა გავაკეთო ან საერთოდ არ მოვკიდო ხელი. მაქსიმალისტი ვარ და ასეთი ვიყავი ბავშვობიდან. სკოლა რომ დავამთავრე, ოჯახი კმაყოფილი იყო ჩემი არჩევანით, რადგან იმ პერიოდისთვის სოლიდური პროფესია ავირჩიე, საკმაოდ პოპულარული და პრესტიჟული – საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატიის განხრით. მოკლედ, მეგონა, მაგარი პოლიტიკოსი დავდგებოდი, მარგარეტ ტეტჩერად წარმომედგინა თავი და ჯავახიშვილში ჩავაბარე. (იცინის) თუმცა, მალევე მივხვდი, ეს არჩევანი ჩემი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენდა.

– სანამ სხვა კითხვაზე მიპასუხებ, თემას გადავუხვიოთ – ახლა რომ ფიქრობ, როგორი პოლიტიკოსი იქნებოდი?

– ახლა რომ ვფიქრობ, რაღაც მომენეტებში ძალიან დიპლომატიური, სამართლიანი და მომრიგებელი ვარ, სიმშვიდე შემაქვს სიტუაციებში, მაგრამ მომენტებში ძალიან ფეთქებადი ვარ და აქედან გამომდინარე, იმდენად რადიკალური ფეთქებადობა მაქვს, კარგი პოლიტიკოსი ნამდვილად ვერ ვიქნებოდი (იცინის). სხვათა შორის, ერთი პერიოდი ფარმაციის წარმომადგენელიც ვიყავი, დამატებით ცოდნის მიღება მომიწია. შემდეგ მარკეტინგში გახლდით და იქაც მომიწია სწავლა და რა გარემოშიც მოვხვდი, იმ გარემოში რაღაც ვისწავლე და ავითვისე. ჩემი კომპანიაც მქონდა და იმის დირექტორიც ვიყავი. ქიმწმენდა და სამრეცხაო გავხსენი, რომელიც სასტუმროებს ემსახურებოდა, მაგრამ პანდემიის დროს, კარანტინის პერიოდში, დახურვა მომიწია. სრულიად შემთხვევით სპორტდარბაზში მოვხვდი. მაშინ არც გონებაში მქონდა, იდეაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე ბოდიბილდინგში ვიქნებოდი წარმატებული. ერთადერთი, ბავშვობაში მიყვარდა ტელევიზორში ვარჯიშების ყურება, სერიალებში რომ ვარჯიშობდნენ გოგონები, მათ ვბაძავდი, სახლში განტელებით ვვარჯიშობდი. მაშინ, ბოდიბილდინგსა და ტრენერობაზე არც კი მიფიქრია. ძალიან გამხდარი ვიყავი და სპორტდარბაზში წონის მოსამატებლად დავიწყე ვარჯიში, რომ სხეული ცოტა კუნთით შემევსო. მერე სპორტდარბაზის მენეჯერიც გავხდი და ნავარჯიშევ სხეულს რომ ხედავდნენ, ბევრი მოდიოდა ჩემთან რჩევის საკითხავად. გადავწყვიტე, ეს პროფესიაც ამეთვისებინა, გავიარე კურსები და ტრენერი გავხდი. ჩემი თანამშრომელი გოგონა ემზადებოდა შეჯიბრებისთვის და მაშინ გავიფიქრე, მეც ხომ არ მოვემზადო-მეთქი. ზოგადად, რასაც ვიტყვი, იმას ვასრულებ, არ მიყვარს სიტყვის გატეხვა, თვე-ნახევარი ვივარჯიშე და 2022 წელს თბილისის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. შემდეგ სომხეთში ტარდებოდა საერთაშორისო კონკურსი და ვთქვი: რატომაც არ ვცადო-მეთქი და იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ (იცინის). პრინციპში, ჩემი სრულიად შემთხვევითი წარმატება, რასაც არ წარმოვიდგენდი, გახდა იმის საბაბი, რომ სპორტის ამ სახეობას სერიოზულად მოვეკიდე და დღეს საკმაოდ წარმატებული და ცნობადი ვარ ამ სფეროში. რომ იტყვიან, თვალსა და ხელს შუა გავხდი ცნობადი, სამაგალითო და სხვებისთვის მისაბაძი. რომ ვგრძნობ, ვიღაც მიყურებს, მესმის, რომ ჩემი სხეული ბევრი გოგონას ინსპირაციის საბაბი გახდა და ვარჯიში დაიწყო, ეს უდიდეს სტიმულს მიჩენს. მოულოდენლად, დაუგეგმავად მოხდა ჩემი ბოდიბილდინგით დაინტერესება და ამან უდიდესი პასუხისმგებოლობა დამაკისრა.

– ხშირად გიწევს უცხოეთში კონკურსებზე ჩასვლა და გამარჯვების გარეშე, არ მახსოვს იქიდან დაბრუნებულიყავი. ხომ არ ყოფილა შემოთავაზება, დარჩენილიყავი რომელიმე ქვეყანაში და მომავალში მათი სახელით გეასპარეზა?

– უცხოეთიდან, ძირითადად, შეჯიბრებებზე მიწვევენ და ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ. სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ვერც წარმომიდგენია. სხვათა შორის, წელს საკმაოდ დატვირთული წელი მაქვს. გასული წლის ნოემბერში გავიმარჯვე საქართველოს ჩემპიონატში, ამ წლის მაისში დამიფინანსდა ევროპის ჩემპიონატი და საკმაოდ წარმატებული გამოსვლა მქონდა: 40 გოგონაში, ექვსეულში გავედი. ამის მერე, ვიყავი სომხეთში, ამიერკავკასიის მასშტაბით საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილი ავიღე. შემდეგ თურქეთში – პირველი ადგილი, შემდეგ საქართველოში – ისევ პირველი ადგილი და ახლა, რამდენიმე დღეში მალტაში მივემგზავრები. ოქტომბრის ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატზეც მიწევს წასვლა. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული, აქტიური და წარმატებული წელია. არ მინდა, თავის ქებად ჩამეთვალოს, მაგრამ ვინც იცის, დამეთანხმება, რომ სულ რეჟიმში ყოფნა, სხეულის შენარჩუნება როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, ძალიან რთულია. და, ზოგადად, ძალიან რთულია ამ სპორტში დიდხანს გაჩერება, ამდენი ტურნირისა და შეჯიბრების გადაბმა, რასაც მე ვახერხებ. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ზოგიც ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს. მე კი მხნედ მივყვები და ესეც ძალიან ფასობს ამ სპორტში, რომ მიუხედავად დატვრთვისა, შემიძლია, სხეულის ფორმის შენარჩუნება. ვცდილობ, რა შეჯიბრებაც არ უნდა ჩატარდეს და შემომთავაზონ, ყოველთვის მზად ვიყო.

– ახლა რომ შეწყვიტო ვარჯიში, რა მოუვა შენს სხეულს და წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

– 40 წლის ვარ და ჯერჯერობით ნამდვილად არ მიფიქრია, თავი დავანებო ვარჯიშს. ზოგადად, ვარჯიშის შეწყვეტა ძალიან რთულია, ორგანიზმი ამ დროს თითქოს იმტვრევა – კუნთი იშლება, იწყება ტკივილი და ამ შეგრძნების ატანა არ არის მარტივი. სპორტიდან როცა წავალ, ვარჯიშს თავს ნამდვილად არ დავანებებ, რადგან თავად პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მგონია, წლების შემდეგაც ისევ სცენაზე ვიდგები. სხვათა შორის, 60-70 წლის ქალი ბოდიბილდერები დგანან სცენაზე და საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. ვარჯიში და სწორი კვება, მინერალები, ვიტამინები – ეს ყველაფერი გაჯანსაღებს, გაჯანმრთელებს, ენერგიას გმატებს, ხასიათზეც დადებითად მოქმედებს, კანის ხარისხიც საუკეთესო ფორმაშია, სხეულის სხვანაირი აღქმა ხდება და ეს ყველაფერი ასაკსაც აკლებს. კიდევ ვამბობ, 40 წლის ვარ და ზოგი, მაქსიმუმ 35 წელს მაძლევს, ზოგიც 25-ს (იცინის). რომ ვამბობ, 40 წლის ვარ-მეთქი, ბევრს უკვირს.

– მამაკაცების მხრიდან თუ გრძნობ ყურადღებას, რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– იმდენად დაკავებული ვარ სპორტით, სამსახურითა და შეჯიბრებებით, რომ ნამდვილად არ მცალია პირადისთვის (იცინის). სხვათა შორის, ბოდიბილდინგი საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია, საკმაოდ ბევრ ფინანებს მოითხოვს, ამიტომ, უნდა იმუშაო და ივარჯიშო, ესაა ჩემი ყოველდღიური რუტინა. იმდენად გადართული ვარ ამაზე, ჩემთვის პირადი ცხოვრება აქტიური არ არის. ადრე მასკულინური ვიზუალი არ მოსწონდათ, მაგრამ ახლა ტენდენცია შეიცვალა. სცენაზე სულ სხვანაირი ვჩანვარ, ცხოვრებაში კი, ერთი სიფრიფანა გოგო ვარ (იცინის). ასე რომ, ნელ-ნელა დამოკიდებულება შეიცვალა და ქალს სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ დადებითად აღიქვამენ. ბევრი დადებითი მესიჯიც მომდის და ბევრი მამაკაცის ინტერესიც მიგრძნია, მაგრამ მე ამ ეტაპზე პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია. მქონდა ერთი პატარა, სამწლიანი სასიყვარულო ეპიზოდი, მაგრამ სპორტში წამოსვლის გამო დავასრულე. მგონი, სწორედ იმ ურთიერთობის დასრულებამ მომცა სტიმული და ჟინი, ჩემი თავი მეპოვა და მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე და მივმხვდარიყავი, რომ ჩემი მისია ეს იყო. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება – ამის მჯერა. აუცილებლად იქ მიდიხარ, სადაც უნდა იყო. ყოველთვის ინტუიციურად ვხვდები, სად, რა, როდის. ინტუიცია თავად მიბიძგებს – ახლა ეს უნდა გააკეთო, შეგიძლია, საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღო და ეს მოგიტანს წარმატებას... ასე რომ, ინტუიციას ყოველთვის ვუგდებ ყურს და ძალიან ბევრ საკითხში მიმართლებს კიდეც.

– არ ნანობ, რომ სპორტს შესწირე პირადი ცხოვრება? წლები რომ სწრაფად გადის და უკან მოიხედავ, ამაზე გიფიქრია?

– ეს კი, მაგრამ მეც ვერ აღვიქვამ ჩემს ასაკს (იცინის). არ ვნანობ, სპორტს რომ შევწირე ჩემი პირადი ცხოვრება. ჩემი ოჯახის წევრები უფრო განიცდიან ჩემი პირადი ცხოვრების არქონას, ვიდრე მე. არის ხოლმე შემოძახილები: თეონა, დაანებე თავი ამ სპორტს და მიხედე პირადს! (იცინის). დამიჯერეთ, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც ჩემი შრომით მივაღწიე. ამ რვა წლის განმავლობაში ძალიან კარგი ადამიანი შემოიკრიბა ჩემ ირგვლივ, მაფასებენ, მათგან დიდ სითბოს, პატივისცემას, აღფრთოვანებას ვგრძნობ და მიმაჩნია, სწორედ ესაა ჩემი მთავარი წარმატება, რაც ამ სპორტმა მომიტანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი