შოუბიზნესი

თაკო მელიქიშვილი: სანამ ბოლომდე გავხსნი გულს, დრო მჭირდება ადამიანის შესასწავლად

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 21.04

თაკო მელიქიშვილი
დაკოპირებულია

ალბათ, ბევრმა იცის, რომ თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოთი ძალიან დაინტერესებულია და ამ საკითხში უკვე კარგად ერკვევა. საინტერესოა, ვინ არის თავად ის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებებია მასში დომინანტური.

თაკო მელიქიშვილი: ზოდიაქოთი მერწყული ვარ, მაგრამ ასცენდენტი ქალწულში მაქვს – საინტერესო კომბინაციაა! მერწყულებს თავისუფლება, ახალი იდეები და ცვლილებები გვიყვარს, მაგრამ ქალწული ჩემში დეტალებზე დაკვირვებას, სიზუსტესა და სისტემურობას ავითარებს. სანამ მერწყული გეგმავს, ქალწული ზრუნავს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს და შედეგი აუცილებლად დადგეს. ეს კომბინაცია მეხმარება, რომ იდეები მხოლოდ ფანტაზიად არ დარჩეს – ქალწულის სიზუსტე და მერწყულის ინოვაციური ხედვა ერთად მოქმედებს. ახლა ეს ცოდნა ჩემს ახალ პროფესიაში ციფრულ ფსიქოლოგიაში გამოვიყენე. ჩემი მიზანია, ადამიანებს დავეხმარო თავიანთი ცხოვრების სცენარის შექმნაში. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი თავად ქმნის თავის რეალობას და თუ სწორად გაიგებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეუძლია, თავისი ცხოვრება ისეთ ისტორიად გარდაქმნას, როგორიც სურს.

მერწყულებს ცვლილებები გვიყვარს, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს ვასწავლო, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ საკუთარი ცხოვრების რეჟისორები. ეს არის ჩემი გზა — ვეხმარები ადამიანებს, რომ გაიაზრონ საკუთარი ძალა და გამოიყენონ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს პროფესია ჩემთვის არ არის უბრალოდ საქმე – ეს არის ჩემი მოწოდება. მადლობა ყველას, ვინც მენდობა და ამ გზაზე მხვდება! აბა, როგორ?! მერწყულს ხომ ყოველთვის წინ უჭირავს თვალი! სანამ სხვები დღევანდელობაზე ფიქრობენ, მე უკვე ხვალინდელ გეგმებზე ვფიქრობ. ხშირად ისეც ხდება, რომ ის, რაც დღეს ყველასთვის სიახლეა, ჩემთვის უკვე კარგად გააზრებული იდეაა. მომავალი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა და მე მუდამ მზად ვარ ცვლილებებისთვის!

მერწყულისთვის მთავარი სულიერი განვითარებაა. მატერიალური სიმდიდრე შეიძლება, გაქრეს, მაგრამ ის, რაც სულში დავაგროვეთ, სამუდამოდ დარჩება. ჩვენ ყველანი სამყაროს მსახურები ვართ. ჩვენი მიზანია, ჩვენი უნარები და შესაძლებლობები არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ, არამედ სხვების დასახმარებლადაც. ციფრების ცოდნა მაძლევს უნარს, დავინახო, როგორ შეიძლება, ჩემი ენერგია და შესაძლებლობები სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებისთვის მოვახმარო. როცა მატერიალური და სულიერი ჰარმონიაშია, სწორედ მაშინ ხდება ადამიანი საკუთარი ცხოვრების სცენარის ნამდვილი ავტორი. და ეს არის ჩემი მიზანი – ვიყო არა მხოლოდ ჩემი სამყაროს მბრძანებელი, არამედ ვასწავლო იგივე სხვებსაც.

– მერწყულები დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია, მანამდე გადადებენ დაოჯახებას. ასეა თაკოს შემთხვევაშიც?

– თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი მერწყული არ ჩქარობს სერიოზულ ვალდებულებებში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვრცელი კავშირების ეშინია. პირიქით, ჩემთვის ურთიერთობები სიღრმეს, ნდობასა და ემოციურ კავშირს უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომ, სანამ გული ნამდვილად არ მიკარნახებს, რომ ეს „ის“ ადამიანია, ყურადღებით ვაკვირდები. თუმცა, უნდა ვაღიარო – მარტოობა ჩემთვის არასდროს არის სევდიანი. პირიქით, ეს დრო საშუალებას მაძლევს დავფიქრდე, ვიმუშაო საკუთარ თავზე, განვავითარო ახალი იდეები და გავაანალიზო ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. მერწყულები ხომ ბუნებით დამოუკიდებლები არიან და ეს სივრცე ჩემთვის ენერგიის აღდგენის მთავარი წყაროა.

საინტერესოა, რომ ხშირად ყველაზე წარმატებულები სწორედ ინტროვერტი ადამიანები არიან, ვინც მარტოობაში საკუთარ იდეებს აყალიბებს და ამ პროცესში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. მერწყულს ეს თვისება განსაკუთრებულად აქვს – სიღრმისეულ ფიქრში და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავებისას ჩნდება ყველაზე საინტერესო პროექტები და გეგმები. ამიტომ, მარტოობა ჩემთვის არა მარტო სიმშვიდეა, არამედ ახალი შესაძლებლობების შექმნის დროა.

– სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატოა, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნობების გადმოღვრა. ასეა თქვენს შემთხვევაშიც?

– მერწყული სიყვარულში ერთგულია, მაგრამ საკუთარი გრძნობების გამოხატვაში დრო სჭირდება. ჩემთვის სიყვარული სიღრმისეული კავშირია, რომელიც ნდობასა და პატივისცემას ემყარება. სანამ გულს ბოლომდე გავხსნი, დრო მჭირდება ადამიანის შესასწავლად. ამიტომ, შორიდან ხშირად შეიძლება, მორიდებულად გამოვჩნდე, მაგრამ თუ ვიგრძნობ, რომ ეს ნამდვილი კავშირია – ჩემი ერთგულება უსაზღვროა. მერწყული ფიზიკურად შეიძლება იყოს დისტანციური, მაგრამ სულიერად ყოველთვის მიჯაჭვულია იმ ადამიანს, ვისაც გული გაუხსნა.

– ისინი ძალიან გულჩათხრობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ უამრავი მეგობარი, შინაგანად თავს მაინც მარტოდ გრძნობენ...

– რაც შეეხება ურთიერთობებს, მერწყულს გულწრფელობა სისხლში აქვს, მაგრამ ბევრი მეგობრის ყოლა არასდროს იყო ჩემი მიზანი. ჩემთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. ერთი-ორი გულწრფელი და ნამდვილი ადამიანი მირჩევნია, ვიდრე უამრავი ზედაპირული ნაცნობი. მერწყული ხომ თავის სამყაროში ცხოვრობს და ამ სამყაროში ყველა ვერ ხვდება. თუ ვინმეს შეუძლია, ამ სამყაროს კარი გახსნას, მაშინ ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს იქ ყოფნას.

– მერწყულები ძალიან არაპროგნოზირებადები არიან, მათი შეცნობა თითქმის შეუძლებელია...

– მერწყულის ამოცნობა? ნუ ეცდებით! ჩვენ თვითონაც ხშირად ვაკვირვებთ საკუთარ თავს! მერწყული მოულოდნელობებისა და ცვლილებების ნიშანია – ერთი წუთი ერთ აზრზე ვართ, მეორე წუთს კი – უკვე სხვა სამყაროში. პროგნოზირება? დაივიწყეთ! ჩვენ თავად ვქმნით ახალ წესებს და საკუთარ ცხოვრებას სიურპრიზებით ვავსებთ. რაც შეეხება სიჯიუტეს – მე ჯიუტი კი არა, მიზანდასახული და პრინციპული ვარ! როცა რამეს დავისახავ მიზნად, უკან დახევას არ ვაპირებ. ათჯერ რომ არ გამომივიდეს, მეთერთმეტედ ვცდი და მაინც მივაღწევ ჩემსას.

– თუ მერწყული განაწყენდება, ის სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებს, მაშინაც კი, თუ ეს ქმედება თავად მას ავნებს...

– მერწყულს შურისძიება არ ახასიათებს, მაგრამ თუ ვინმემ სერიოზულად ატკინა, სამართლიანობის გრძნობა მას მოქმედებას აიძულებს. ჭრილობების დავიწყება მერწყულისთვის რთულია, თუმცა შურისძიება ჩვენი სტილი არ არის. უბრალოდ, ასეთი ადამიანებისგან მომავალში დისტანციას ვიჭერთ.

– და ბოლოს – მერწყულის თვისება, რომელიც ძალიან მოგწონთ საკუთარ თავში და თვისება, რომელსაც სიამოვნებით გამოასწორებდით...

– მერწყულის თვისებებიდან რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის თავისუფლების სიყვარული და განსხვავებულად აზროვნება. ყოველთვის ვცდილობ, ახალი გზები ვიპოვო და არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. ცვლილებები და სიახლეები ჩემთვის მთავარი სტიმულია ცხოვრებაში. არაფერს შევცვლიდი. ყოველი დღე მადლიერებით იწყება, რაც მაძლევს ძალასა და სიმშვიდეს. მე მერწყული ვარ – თავისუფალი, განსხვავებული და მუდამ სიახლეების ძიებაში. სწორედ ეს თავისუფლება და საკუთარი თავის სიყვარული მაძლევს უნიკალურობას და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა