თაკო კორინთელი: ჩემმა ქმარმა უთხრა სტილისტს, თმის გადაპარსვა გვინდაო, დაბრძანდითო, მე არა - ჩემს ცოლსო, გაგიჟდა - რას ამბობთ, ამ გოგოსო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 11.11
ტელეწამყვანი თაკო კორინთელი რამდენიმე დღის წინ სრულიად ახალი იმიჯით, თმაგადაპარსული მოგვევლინა და უცებ მოექცა ყურადღების ცენტრში. ახალი სტილი ძალიან მოიხდინა, უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა და რაც მთავარია, ოცნება აიხდინა.
თაკო კორინთელი: ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. სიმართლე რომ გითხრა, მთელი ცხოვრება, 32 წლის განმავლობაში, უშველებელი, ხუჭუჭა თმით დავდივარ და ამიტომაც იყო ყველასთვის მოულოდნელი თმა რომ გადავიპარსე. სხვებისთვის კი არა, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. ვაღიარებ, ყოველთვის ძალიან მინდოდა, თავი გადამეპარსა, მაგრამ ვერ ვბედავდი, მიჭირდა ამხელა თმის გამეტება. გარშემო მყოფებიც სულ მეუბნებოდნენ, არ გაბედო, ერთი ქალის ფასი თმა გაქვს და არ შეიჭრაო. განა მე არ მიყვარს ჩემი თმა, პირიქით, ძალიან მიყვარს, ამიტომ, სურვილის მიუხედავად, აქამდე ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა.
ბოლო პერიოდში, ისიც ყველამ შეამჩნია, რომ წონაში მოვიმატე. შეამჩნიეს და თან გადამაყოლეს, რამ გაასუქა ასეო (იცინის). ყველას შეიძლება, რაღაც წამლის მიღება დასჭირდეს და მეც დამჭირდა ჰორმონული წამლის მიღება. ჰორმონები რომ ასუქებს, ყველამ კარგად ვიცით და სანამ ამ წამალს ვიღებდი, დიდი წონის ვიყავი. ახლა, ნელ-ნელა კლებისკენ მივდივარ, მაგრამ ამ წამლებისგან რომ გავსუქდი, არავის გამოჰპარვია (იცინის). რატომაც არა, ჩემი აზრით, პუტკუნა უფრო საყვარელი ვიყავი, ვიდრე გამხდარი (იცინის).
– საერთოდ, მართლა ძალიან გამორჩეული გარეგნობა გაქვს და ორივენაირად ძალიან ლამაზი ხარ.
– მთლად ასეთი ამბიციები არ მაქვს, მაგრამ მართლა მგონია, რომ პუტკუნა ძალიან უწყინარი და საყვარელი ვიყავი. ამიტომ, ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა ამ ხალხს (იცინის). ახლა ამ ჰორმონებს აღარ ვსვამ, მაგრამ ბევრმა იცის, რომ როცა ამ სახის წამალს იღებ, თმის ხარისხი გიფუჭდება, კანზეც მოქმედებს, წონაზეც და ასე შემდეგ. წონაზე ვთქვით და თმის ხარისხიც ძალიან გამიფუჭდა. სხვისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მე ვიცოდი, როგორ გაფუჭდა. მირჩიეს, ძალიან მაგარი იქნება, თუ გადაიპარსავ, ჯანსაღი თმა ამოგივაო.
– გითხრეს, რომ კარგი იქნებოდა, გადაპარსვა და გაგახსენდა, რომ ისედაც ძალიან გინდოდა ამის გაკეთება...
– არ გამხსენებია, არასდროს დამვიწყებია (იცინის). უბრალოდ, მიზეზი მომეცა და დავიწყე, უნდა გადავიპარსო, მჭირდება, სხვა გზა არ მაქვს-მეთქი (იცინის). მე და ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ორი კვირის წინ თურქეთში ვიყავით წასულები, მის დაბადების დღეს დავამთხვიეთ. ერთ-ერთ საღამოს ვსეირნობდით და უცებ სალონი დავინახეთ. მეუბნება, მოდი, შევიდეთ და ახლავე გადაიპარსეო. ზოგადად, ორივეს ასეთი ხასიათი გვაქვს, ძალიან სპონტანურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უცებ ვიტყვით: მოდი, ახლა აქ წავიდეთ და მივდივართ ან მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ და ვაკეთებთ. გვიანი საღამოს მიუხედავად, სალონი ღია იყო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მაშინვე სალონს მივაშურეთ (იცინის). თურქ სტილისტს ჩემმა ქმარმა უთხრა, თმის გადაპარსვა გვინდაო და დაბრძანდითო, ანიშნებს სკამზე. მე არა, ჩემს ცოლსო და გაგიჟდა, რას ამბობთ, ამ გოგოსო? (იცინის) რომ გადამპარსა, მერე გვეუბნებოდა, დაგვიტოვეთ თმა, ჩვენ გადავყრითო და უკაცრავად, ჩემი თმა შინიონებისთვის დაგიტოვო, ეგრე არ არის-მეთქი (იცინის). თმაც წამოვიღე და ძალიან ბედნიერიც წამოვედი. ერთადერთი, ჯერ კიდევ ყურზე ვისვამ ხელს, მგონია, რომ თმას ვიწევ, ამას ავტომატურად ვაკეთებ, სხვა ყველაფერი ძალიან მარტივია. ზედმეტი აღარაფერი მჭირდება. 45 წუთი ვუნდებოდი თმის დაბანას. ხუჭუჭა თმას სპეციფიკური მოვლა სჭირდება. დაბანის შემდეგ გაშრობასაც თავისი წესი აქვს. ხვეული თმის კრემი სჭირდება, მერე მუსი, მერე ზეთი, მერე დიფუზორი, დამატენიანებელი და ასე შემდეგ. მართლა ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამის გამო არ ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რამდენად მარტივი ყოფილა ცხოვრება (იცინის). ხუთ წუთში ვიბან თავს. ერთი პირსახოცის გადასმა და მშრალია (იცინის).
– სინანული საერთოდ არ ყოფილა?
– პირველი რამდენიმე დღე, შეიძლება. ალბათ, იმდენად მინდოდა ამის გაკეთება, რომ გადაწონა ყველაფერი. ბავშვობაშიც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ახლა, როგორც კი მიზეზს მოვკარი ყური, ჩავეჭიდე და გულწრფელად რომ ვთქვა, სტილის შეცვლა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ისე მოხდა, რომ რადიკალურად პირველად შევიცვალე სტილი. მცირე ცვლილებები აქამდეც იყო, მაგრამ ასეთი - არა. ახლა მივხვდი, რომ ცხოვრებაში პერიოდულად ასეთი რადიკალური გადახალისებები აუცილებელიც კია. ეს ხასიათზეც მოქმედებს, ხალისი მომემატა.
– როგორც ვნახე, ეთერში პარიკით იყავი, ტელევიზიას აქვს რაიმე შეზღუდვა?
– არა, შემიძლია ასე დავჯდე ეთერში და სამსახურში ყველა მეუბნება, დაჯექი, რა კარგია, როგორ გიხდებაო. სისულელეა, რასაც ახლა ვამბობ, რადგან ბევრი ადამიანი ზის ეთერში გადაპარსული თავით, მაგრამ ჩემი თავი ასეთი სტილით ეთერისთვის არაესთეტიკურად მიმაჩნია. პარიკით უფრო კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მხოლოდ ის ორი საათი მახურავს (იცინის). ახლა ათასი გიჟური იდეა მაქვს, მინდა, ვარდისფერო პარიკი გავიკეთო, მერე კიდევ – ფერადი და ასე შემდეგ. სერიოზული გასართობი მომეცა (იცინის).
– სოციალურ ქსელში ახალი იმიჯით ფოტოების გამოქვეყნებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არა?
– კი, კი. ორად გაიყო აზრები. სულ პირველად ორი კვირის წინ ავტვირთე ფოტო სთორიზე, როგორც კი სალონიდან გამოვედი. უცებ საოცრება მოხდა. ორი საათის განმავლობაში სამჯერ დავტენე ტელეფონი. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. უცებ ისეთი რეაქციები მოჰყვა, თავიდან ძალიან შემეშინდა. ბევრი უაზრო კომენტარიც იყო: „ვაიმე, ავად ხარ? შვილო, რა გჭირს“... ძალიან კარგად ვარ. პრობლემები ვის არ ჰქონია, მეც მქონდა მინიმალური, რის გამოც წონაში მოვიმატე, მაგრამ უტაქტობაა, ადამიანს რომ წერ: „შვილო, ავად ხარ?“ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დავდე პოსტი ახალი იმიჯით და ისეთი საოცარი ტალღა წამოვიდა, ვერ აღგიწერთ. მეშინოდა-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა საზოგადოება ჩემს ახალ სტილს, სამწუხაროდ, ჩვენ გვჩვევია ადამიანების პრესში გატარება და მაინტერესებდა, საზოგადოების რეაქციები. დავპოსტე, დავჯექი და ერთ წუთში უკვე უამრავი მოწონება და გული ჰქონდა. მივხვდი, რომ კარგად მიიღეს, მაგრამ მერე ისეთი სიყვარული და სითბო, იმდენი კომპლიმენტი მოჰყვა ამ სიახლეს, რომ გაოცებული ვარ და დღემდე ასე გრძელდება.
P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია ანა მესხი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან