შოუბიზნესი

თაკო დოლაბერიძე: დასაკარგი, უნდა დაიკარგოს - მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 05.09

დოლაბერიძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში? ივენთ მენეჯერი თაკო დოლაბერიძე გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თაკო დოლაბერიძე: თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ასე რომ არ იყოს, ვერც ამ პროფესიაში ვიქნებოდი. ადვილი გზა არ გამომივლია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ ამ საუკუნეში ბევრად რთულია ადამიანებთან ურთიერთობა, საქმეში წინსვლა და ასე შემდეგ. დღეს ბევრად მეტი ხელის შემშლელი ფაქტორებია, ვიდრე ჩვენი თაობის დროს იყო. ჩვენ ცოტა კომუნიზმში ჩარჩენილებსაც გვეძახდნენ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არა ამ გზის გავლა, ჩემს პროფესიაში ვერ შევდგებოდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო და შემდეგ შენი საქმის პროფესიონალი.

– სირთულეების გამოვლამ რა გასწავლათ?

– სირთულეებმა ცხოვრება მასწავლა, ადამიანების ამოცნობა მასწავლა. ცოტა ფსიქოლოგიც გავხდი. მეგონა, ყველა კეთილი და ჩემიანი იყო. ვფიქრობდი, რომ ცხოვრების გზაზე ყველა სიკეთეს აფრქვევდა და თურმე, ასე არ ყოფილა. თურმე, შეიძლება, გვერდით გყავდნენ ადამიანები, ვინც რაღაცებში გიშლიან ხელს, თუმცა, ჩემს თავზე ამას ვერ ვიტყვი. პირიქით, მადლობელი ვარ იმის გამო, რომ მეგობრები ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და არიან. ოჯახი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას. სირთულე მდგომარეობდა იმაშიც, რომ სფეროში, სადაც მე აღმოვჩნდი, არ არსებობდა ადამიანი, ვისაც რჩევას ვკითხავდი ან გამოცდილების გაზიარებას ვთხოვდი. დღეს, ამ მხრივ, ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა.

– პროფესიის გარდა, რა არის ის, რის გამოც თავს იღბლიანად მიიჩნევთ?

– იღბლიანი ვარ ჩემი მეგობრების, ჩემი ახლობლების, იმ ადამიანების გამო, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვდა. სკოლიდან მოყოლებული ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდით. ძალიან კარგი თანაკლასელები მყავდა, ყველა ძალიან ჭკვიანი და წარმატებულია, კარგი ოჯახები აქვთ. არავინ მყავს ისეთი, რომ ვერიდებოდე, სიტყვებს ვზომავდე. სხვა ურთიერთობები გვაქვს, სულ ერთად ვართ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მადლობელი ვარ, თუკი ვინმე კარგი ცხოვრობდა ამ ქალაქში თუ ქვეყანაში, ყველას შემახვედრა უფალმა. ალბათ, ეს ღმერთის საჩუქარია.

– მგონია, რომ ურთიერთობები განსაკუთრებით კარგად გამოგდით.

– მგონია, რომ ასეთი იბადები, ან ხარ კომუნიკაბელური, ან – არა. ამაში მამას ვგავარ. მამა იყო ძალიან კომუნიკაბელური. მე მამას გოგოს მეძახდნენ. ყველგან თან დავყავდი. ყველგან, სადაც მივდივარ, დღემდე მამაჩემის სახელით ვსარგებლობ. რა თქმა უნდა, ცუდად არა. მიხარია, რომ დღემდე კარგად იხსენებენ, ძალიან ძვირფასი მოგონებები აქვთ და მგონია, რომ მეც მის გზაზე ვდგავარ, არ მიყვარს უსიამოვნებები. ცხოვრებაა და გვხვდება, მაგრამ სულ ვცდილობ, თავი ავარიდო. დასაკარგი უნდა დაიკარგოს და დამთავრდეს. გასაშვები უნდა გაუშვა: მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც. მე მაქვს ეგ კარგი თვისება. არასოდეს ვარჩევ, რა, რატომ, რისთვის, რანაირად? როგორც კი ვხვდები, რომ რაღაც ხდება და ეს ურთიერთობა არასწორია, ვამთავრებ და აღარ ვიცნობ ადამიანს. შემიძლია, ეს გავაკეთო, შემიძლია, გამარჯობის იქით მასთან აღარაფერი მაკავშირებდეს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, არასდროს დამიწყია მსგავსი სიტუაციების გარჩევა.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– შრომა არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. მე შრომის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გარშემო ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, როგორც საჭიროა. ძალიან მოწესრიგებული ვარ და საოცრად პასუხისმგებლიანი. თუ რამეზე პასუხისმგებლობას ავიღებ, გავაკეთებ კიდეც. თუ არადა, ისეთ რამეზე არ ავიღებ პასუხისმგებლობას, რაც არ შემიძლია გავაკეთო. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ისეთ პასუხისმგებლობებს იღებენ, რომლის შესრულებაც არ შეუძლიათ. მაგალითად, ვერაფრით ვერ მოვიტყუები, რომ კარგი შეფმზარეული ვარ. შეიძლება, სახლში ათასში ერთხელ გავაკეთო კერძი, რაღაც დონეზე ვიცი კეთება და როცა მჭირდება, მოვამზადებ რამეს, მაგრამ არ მჭირდება და არ ვაკეთებ. ვერ დავდგები და ვერ მოვიგონებ, რომ საოცარი კულინარი ვარ. მოგონილი პროფესიები საჩემო არ არის. დღეს მარკეტოლოგებიც არიან, პიარიც, ისიც, ესეც, ყველაფერი ერთად შეუძლიათ, ეს საჩემო არ არის.

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ საკუთარ თავს?

– ამისთვის დრო არასდროს მრჩება. ერთადერთი, ვიცი, რომ ჩემს თავს უნდა ვცე პატივი, ორი-სამი დღე სადმე წავიდე და დავისვენო. ახლახან ხატია შამუგიას დაბადების დღისთვის წამოვედი ქალაქგარეთ. წელიწადში ორჯერ ვახერხებ ორი კვირით დასვენებას. ეს არის ახალი წლის შემდეგ პერიოდში, თებერვალში, ჩვენთვის მკვდარი თვეა და შეგვიძლია, დავისვენოთ და აგვისტოშიც. შაბათ-კვირას თუ გავედი სადმე, ხომ ძალიან კარგი, თუმცა, როცა საერთოდ ვერ ვახერხებ, შუა კვირაშიც, ერთი დღეც რომ იყოს, სამსახურებრივად, ეგრეთ წოდებული, მკვდარი დღე, შემიძლია, მთელი დღე ვიძინო და ვინებივრო.

– ძალიან ბევრი ვიშრომე და ყველაფერი წყალში ჩამეყარა – ეს განცდა გქონიათ?

– ბევრჯერ დავიწყე თავიდან. არ შევეპუე. ძალიან ოპტიმისტი ვარ. პესიმიზმი არ მიპყრობს და ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. არ გამოვიდა? არასდროს ვემორჩილები არასასურველ შედეგს. ზოგჯერ არ გამოსულა, ზოგჯერ არასწორად გამიკეთებია, მაგრამ ამ ყველაფერზე ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ?

– ჩემს თავს ვეუბნები, მერე რა, რომ ასე მოხდა, არა უშავს, ეს ყველა ვარიანტში გამოვა. გამორიცხულია, რომ არ გამოვიდეს. ჩემი თავის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ.

– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

– ჩემი და. ყოველთვის ჩემ გვერდით დგას, ყველანაირ სიტუაციაში. მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავე ვარ თუ არ ვარ, გავაკეთებ თუ ვერა, პრობლემა მაქვს თუ არა, ყველანაირ მოცემულობაში გვერდით მყავს. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა