სოფო მეძმარიაშვილი: არ მიყვარს სტაბილურობა, ქაოსური უნდა იყოს ჩემი ცხოვრება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:30 25.07

მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი თევზების ნიშანს წარმოადგენს. მართალია, თავად ზოდიაქოთი დაინტერესებული არ არის, თუმცა მისი თვისებების ძირითადი ნაწილი ნამდვილად ემთხვევა თევზების ნიშნის თვისებებს.
სოფო მეძმარიაშვილი: 16 მარტს დავიბადე, ზოდიაქოთი თევზები ვარ. ცხოვრების ამ ეტაპზე ასტროლოგიით დაინტერესებული არ ვარ, უბრალოდ, სადმე თევზების შესახებ თუ შემხვდება ინფორმაცია, წავიკითხავ.
– თევზები ძალიან მეგობრული ადამიანები არიან. ეთანხმები?
– კი, ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ადამიანებთან საერთო ენას ადვილად ვპოულობ და ძალიან მეგობრული ვარ.
– თევზები ძალიან მეოცნებეები არიან, ხშირად შეიძლება, საკუთარ ფანტაზიებშიც ცხოვრობდნენ...
– ძალიან რეალისტი ვარ, მაგრამ თან, სულ ვოცნებობ. ცალკე საკითხია რამდენად მჯერა მათი ახდენის, მაგრამ ჩემს გონებაში სულ რაღაც ოცნებები ტრიალებს (იცინის). რაც შეეხება ფანტაზიებს, მე დღემდე ჰარი პოტერის სამყაროში ვცხოვრობ (იცინის). თოვლის ბაბუებზე რომ ვუყურებ ფილმებს, თუ ძალიან რეალურად არის გადაღებული, სადღაც გულის სირღმეში ერთი პროცენტით იმედის ნაპერწკალი მიჩნდება, იქნებ მართლა არსებობდეს-მეთქი (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ეს რამეში ხელს მიშლის, უფრო თავს ვირთობ ამით.
– ძალიან ცვალებადი ბუნება უნდა გქონდეს, რადგან თევზები საოცრად არასტაბილურები არიან, ძალიან სწრაფად ეცვლებათ ხასიათი.
– ასეა, ძალიან სწრაფად მეცვლება ხასიათი. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, სამეგობრო წრეში ფანტასტიკურ განწყობაზე ვიყო, ძალიან კარგად ვერთობოდე, მაგრამ მეორე დღეს მათსავე წრეში ხმა არ ამოვიღო, ჩემთვის ვიჯდე და საერთოდ არ ვიყო ხასიათზე. არ მჩვევია, სხვებს კარგი დღე ჩავაშხამო, მაგრამ ასეთ განწყოაბაზე მყოფს თუ გამიღიმია, ძალდატანებით და არა კარგი ხასიათის გამო, რა ვქნა, არის ასეთი მომენტები. ან მომისურვებია რამის ჭამა, მიყიდია და უკვე აღარ მნდომებია. ჩემი ხასიათის ცვლილებას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. შეიძლება, უცებ ცხოვრებისეულმა დარდებმა შემომიტიოს და წამებში ძალიან პესიმისტი გავხდე. მერე ასევე, წამებში – ძალიან ოპტიმისტი და ასე შემდეგ (იცინის).
– თუ სიყვარულსა და თანაგრძნობას არ იღებენ, საკუთარ თავში იკეტებიან და შეიძლება, დეპრესია დაემართოთ.
– კი ბატონო, მე ვარ ადამიანი, ვისაც მუდმივად სჭირდება სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა საყვარელი ადამიანებისგან, თუნდაც ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვიერი იყოს, დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ. მე ის ზოდიაქო არ ვარ, რომელიც მარტო მთებს გადადგმას. შეიძლება, მარტომ გადავდგა, მაგრამ ზურგსუკან მეგობრები უნდა მამხნევებდნენ, ვინმე სიტყვიერ ძალას უნდა მაძლევდეს, თორემ გაკეთებით შეიძლება, ყველაფერი მარტომ გავაკეთო. ჩემთვის მთავარი მოტივაციაა. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, უნდა შეგექე, რომ რაღაც საქმე მეორე დღეს უკეთესად გამეკეთებინა. თუ დამძრახავდი რამის ცუდად გაკეთებისთვის, გამორიცხული იყო, იმ საქმეს კიდევ მივბრუნებოდი. ხომ ამბობენ, ქება აფუჭებს ადამიანსო, მე პირიქით, დიდ მოტივაციას მაძლევს.
დეპრესიას რაც შეეხება, ცხოვრებაში რა ქარტეხილი არ გამომივლია, ალბათ, როგორც ყველას, ძალიან რთული პერიოდებიც მქონია, თუმცა, ვერც ოჯახის წევრები და ვერც მეგობრები, ვერ გაიხსენებენ ჩემს დეპრესიულ პერიოდს, როცა გონს მოსასვლელად მათი ჩართულობა დამჭირდა და მით უმეტეს, ფსიქოლოგის. მაქსიმუმ, დავჯდე, გადაბმულად 4-5 დღე სერიალებს ვუყურო და სახლიდან არ გავიდე. ჩემი საყვარელი სერიალის ყურება ძალიან მეხმარება.
– რაც შეეხება პროფესიას, სწორად გაქვს არჩეული, რადგან თევზები კარგად ახდენენ თავის რეალიზებას მუსიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში...
– კი, ასეა, თუმცა ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში რთული პერიოდია. ერთი წელი, ფაქტობრივად, გაჩერებული ვიყავი, თორემ ნამდვილად ვფიქრობ, რომ პროფესია სწორად ავირჩიე. თავიდან რომ ვიღებდე ამ გადაწყვეტილებას, ისევ თეატრალურში ჩავაბარებდი.
– თევზები მძიმედ აღიქვამენ კრიტიკას. ასეა?
– კრიტიკის მიღება, მგონია, რომ ყველა ადამიანისთვის რთულია. თუმცა, კრიტიკასაც გააჩნია და იმასაც, თუ ვისგან იღებ მას. პირადად მე, ახლობელი ადამიანი რომ მაკრიტიკებს იმასთან დაკავშირებით, რაც მგონია, რომ კარგად გავაკეთე, უფრო მწყინს. ასმა უცხო ადამიანმა რომ მითხრას, ნაკლები რეაქცია მექნება. თქმასაც გააჩნია, თორემ ყველაფერს გავიგებ. იმასაც გააჩნია, რას ეხება კრიტიკა. თუ ეს ჩემს ხასიათს ეხება, რომელსაც ვერ გამოვასწორებ, მაშინ არ უნდა გამაკრიტიკო, თორემ ძალიან გავბრაზდები (იცინის). რა გავაკეთო, ადამიანი ბუნებას ვერ შეიცვლის.
– თვითონაც არ უყვართ სხვისი გაკრიტიკება.
– გაკრიტიკება კი არა, სულ ვიღაცის გამართლებაში ვარ და ამიტომ, მიზეზებს ვუძებნი მათ ქცევებს. ადამიანსაც გააჩნია. თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაუშვა შეცდომა და მეოთხედაც იმეორებს, მერე უკვე, რაც არ უნდა მცირე შეცდომა მოუვიდეს, რთულად მივიღებ. თუ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგ დამოკიდებულებაში არიან ჩემთან, უცებ რაღაც შეეშლებათ, ყოველთვის ვცდილობ, გამართლება მოვუძებნო. თუ აქამდე კარგად იქცეოდა, კარგი მეგობარი იყო, მის ახლანდელ ნაბიჯს, ალბათ, ჰქონდა რაღაც მიზეზი. პირველივე შეცდომაზე ადამიანს არ დავკარგავ. პირველი კი არა ისეთები მიპატიებია ადამიანისთვის, რომ...
– ამბობენ, რომ თევზები ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიშანია ურთიერთობაში. ზოგჯერ თვითონაც ვერ ხვდებიან რა ხდება, მის ცნობიერში და შესაბამისად, სხვებსაც უჭირთ მისი გაგება...
– ახლა მეგობარი მეუბნება, რომ კი, ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, თუ რა მინდა, მაგრამ მაინც გარკვევადია (იცინის). საერთოდ, ვხედავ, რომ ზოგ ადამიანთან ურთიერთობა ფამილარობას მოითხოვს, უფრო სწორად, ის ადამიანები გკარნახობენ ამ ფორმას.
და ეს ადამიანი შეიძლება, იყოს შენი უფროსი ან სხვა, უნდა „მოეფერო“, რაღაც კარგი უთხრა, შეაქო... მე ეს არ შემიძლია. თუ რამე სათქმელი მაქვს, პირდაპირ ვეტყვი და არ შევიკავებ თავს იმის გამო, რომ მაგალითად, ჩემი უფროსია. პირდაპირობა ყველაფერს მირჩევნია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ რატომღაც ყველას ჩემთან მოსდის კონფლიქტი ან მეჩვენება. ამ დროს, ყველაზე მეტად ვნერვიულობ.
– წესით, როგორც ამ ნიშნის წარმომადგენელს, ძალიან უნდა გიყვარდეს თავგადასავლები და არა სტაბილურობა.
– არ მიყვარს სტაბილურობა, ვერაფრით ვერ ვიცხოვრებ გაწერილად – როცა იცი, როგორია ყოველი დღე, ყოველი თვის ბოლო თუ დასაწყისი, ზაფხული, ზამთარი და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრება ქაოსური უნდა იყოს. იქ, სადაც ხმაური, ხალხი, მაღაზიები და აქტიური ცხოვრების ტემპი არ არის, მე ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია მშვიდ გარემოში. ამერიკაში ვიყავით მე და ოთო და მთელი ერთი თვე ვკამათობდით. ის ამბობდა, მე ნიუ-ჯერსიში ვიცხოვრებდი კერძო სახლში, ტბა, სიმშვიდე, სიწყნარეო და ამ დროს, მე მინდა ზედ მეხუთე ავენიუზე ვიცხოვრო, სადაც „შანელის“ მაღაზია, ხმაური, მანქანების სიგნალები და მუდმივად ქაოსია. სიმშვიდე ასი წლის შემდეგაც მეყოფა (იცინის). ჩემს ცხოვრებაში მუდმივად რაღაც ახალი უნდა ხდებოდეს, თორემ ერთფეროვანი ყოველდღიურობა ძალიან მომბეზრდება.
– თევზებს შეუძლიათ სხვისი ემოციები ისე ახლოს მიიტანოს გულთან, როგორც საკუთარი...
– კი და სხვათა შორის, ეს ხელს მიშლის ჩემს პროფესიაში. არა მხოლოდ სხვა ადამიანის ემოციები შეიძლება გავითავისო ისე, როგორც საკუთარი, არამედ პერსონაჟის, რომელსაც ვთამაშობ. თუ მას ძალიან სტკივა, მე ამას ისეთი სიმძაფრით განვიცდი, რომ შეიძლება, ცუდად გავხდე. ერთ-ერთ სპექტაკლში გადაზედმეტებული ემოციისგან, ანუ, იმდენად შევედი ჩემი პერსონაჟის მდგომარეობაში, რომ ცრემლებმა დამახრჩო და ტექსტი ვეღარ წარმოვთქვი. ისე შემეცოდა ეს გოგო, რომლის როლსაც ვთამაშობდი, რომ ვიდექი და ცრემლებს ვყლაპავდი (იცინის). ეს ძალიან ხელის შემშლელია, მსახიობს ემოციის კონტროლი უნდა შეეძლოს. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, დრამის თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, მთელი ემოცია გარეთ გამომაქვს და ალბათ, ამიტომაც არასდროს ვვარდები დეპრესიაში. მთელ ჩემს ემოციებს მაყურებელს გადავცემ და ამიტომაც არ მოდის დეპრესია ჩემამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან