შოუბიზნესი

სოფო ბედია: მასთან უხილავი კონტაქტი მაქვს, იმ ქვეყნიდან მმფარველობს და ანგელოზად მყავს

№4

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 29.01

სოფო ბედია
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში მომღერალმა სოფო ბედიამ საკმაოდ დაიკლო წონაში და სასწაულ ფორმაში ჩადგა. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, მთავარი როლი მისმა ნებისყოფამ ითამაშა. როგორც თავად ამბობს, ახლა ბედნიერების ეტაპზეა და ამაში მისი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით წვლილი. სოფოს ცხოვრებაში იოლად არაფერი მოსულა, წარმატება მხოლოდ საკუთარი შრომით აქვს მოპოვებული. არც ბოროტი ადამიანების ნეგატივს აქცევს ყურადღებას და ცდილობს, სითბო და სიკეთე გაუზიაროს იმ ხალხს, ვინც მის გვერდით დგას და გულშემატკივრობს.

სოფო ბედია: საერთო ჯამში, განვლილი წელი ჩემთვის კარგი იყო, წარმატებული და შემოქმედებითად დატვირთული. ეს წელიც კარგად დაიწყო და იმედია, წლის ბოლომდე ასე კარგად გაგრძელდება. ბავშვობიდან მიყვარს ახალი წელი, განსაკუთრებულად ვემზადები და ჩემი რიტუალიც მაქვს.

– თუ საიდუმლო არ არის რა რიტუალია?

– 12 საათი რომ გახდება, ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვითიშები ერთი წუთი და სურვილებს ვუგზავნი სამყაროს. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ირგვლივ მყოფ საზოგადოებას, მე ამ დროს საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და სურვილებს ვუთქვამ. საახალწლოდ ოჯახში ტრადიციად გვაქვს საჩუქრების გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დეკემბერი გადაღებებითა და კონცერტებით ვიყავი დაკავებული, საახალწლო მზადებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი, ჩემი ხელით ავაწყვე ნაძვის ხე და შვილებისთვის წელსაც მე და მიშა ვიყავით თოვლის ბაბუები (იცინის). ვცდილობდი, ბავშვები გამეხარებინა და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი.

– ტრადიციულად, ახალი წლის დღეებში ყველა წონაში მატებას უჩივის და ამ მხრივ, შენთან როგორაა საქმე? საზეიმო სუფრები შენს წონაზეც აისახება?

– გაგიკვირდებათ და არა. წონაში ნამდვილად არ მომიმატებია, პირიქით, დავიკელი. გასახდომი ჩაის და სწორი კვების წყალობით შვიდი კილო მაქვს დაკლებული. ასე რომ, ძალიან კარგ ფორმაში ვარ (იცინის). ზოგადად, გახდომის მიზნით, არასოდეს მივმართავ ისეთ მეთოდს, რაც ჯანმრთელობას აზიანებს და მავნებელია. მინდა, კიდევ ორი კილო დავიკლო. აზარტში ვარ შესული და მეგობრები მეუბნებიან: აღარ გინდა დაკლება, მარტო სახელი და გვარი ხომ არ უნდა დარჩეო (იცინის). ისეთი აღნაგობა მაქვს, სახელი და გვარი ნამდვილად არ დავრჩები, მაგრამ კარგად გამხდარი ვარ. ახალ წელს მხოლოდ ერთი კოვზი საცივი ვჭამე, სიმბოლურად, ინდაურისა და ქათმის ხორცი კი არ ასუქებს. ცომის მოყვარული ისედაც არ ვარ. კი მიყვარს შემწვარი გოჭი, მაგრამ არ მივეკარე. მიდრეკილი ვარ მომატებისკენ, მაგრამ ადვილად ვიკლებ, თუმცა ვცდილობ, წონა არ გამექცეს. სწორი კვებით სასურველ წონას ადვილად ვინარჩუნებ და თან, ნებისყოფაც მაქვს, რაღაც-რაღაცებზე უარი ვთქვა. ერთადერთი რამ, რაზეც უარს ვერ ვამბობ ხინკალია. ერთ ცალს მაინც შევჭამ, რომ სურვილი დავიკმაყოფილო (იცინის).

– სოფო, შენი ბედნიერება რით იზომება?

– ჩემი ბედნიერების საზომი ჩემი ოჯახი - მეუღლე და შვილებია, ასევე, ჩემი პროფესია, რის გარეშეც ვერ ვიცოცხლებ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემთვის ეს ორი რამ დაბალანსებულია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს სათანადო დროს ვერ ვუთმობ, მაინც ბოლომდე ვცდილობ, ჩავერთო მათ ცხოვრებაში და ვიყო აქტიური დედა. ვცდილობ, არ გამომეპაროს თუნდაც ის წვრილმანი დეტალები, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ოჯახს სჭირდება ზრუნვისა და ყურადღების ფაქტორი და არ მინდა, მოაკლდეს. სულ ვცდილობ, დავაბალანსო კარიერა და ოჯახური ურთიერთობა. მშობლის ჩართულობა აუცილებელია და მინდა, ჩემს შვილებს ჩემი, როგორც დედის, ყურადღება არ მოაკლდეს. საოცარი მამა მყავდა და რაც ის აღარ მყავს, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ შვილებთან ახლოს ყოფნას. ძალიან მაკლია მამა, მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. შეიძლება, ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ მის არსებობას ჩემ გვერდით სულ ვგრძნობ. ეს ის უხილავი გრძნობაა, რომელიც სულ ჩემთანაა. პრობლემა თუ მაქვს ან რამე მტკივა, ამ დროს მამა კიდევ უფრო მეტად მენატრება და ველაპარაკები. პირადი კონტაქტი მაქვს მასთან, რომელიც უხილავია და მისგანაც მფარველობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ის იმ ქვეყნიდან მმფარველობს და ამქვეყნად ანგელოზად მყავს.

– სოფო, ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?

– ბედნიერების ეტაპზე ვარ. ამის მთავარი ღერძი კი ოჯახია და ჩემი საქმე, რაც უზომოდ მიყვარს და ბევრს ვაკეთებ, წარმატებული ადამიანი ვიყო, როგორც კარიერულად, ისე ოჯახში. თუ საყვარელი ადამიანი არ გიწყობს ამ ყველაფერში ხელს, რთულია იყო წარმატებული. არ მინდა, ხალხმა ისე გაიგოს, თითქოს ამას ვფუთავ და მინდა, კარგად წარმოვაჩინო. მაგრამ მე და მიშა, ძალიან ბედნიერები ვართ. ორივე მერწყულები ვართ, ერთ წელში დაბადებული, ერთნაირად გვიხარია და გვწყინს. გადაღება იქნება თუ კონცერტი, სულ გვერდით მიდგას და ყველანაირად მიწყობს ხელს, ვიყო წარმატებული და რეალიზებული. ხშირად ბავშვიც დამიტოვებია მისთვის და მე გადაღებაზე გავქცეულვარ. ძალიან მაგარი მამა, კარგი ქმარი და კარგი შვილია. პოზიტიური ადამიანია, რომელიც არ „დაგგრუზავს“, პირიქით პოზიტიურად განგაწყობს, რომ ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვერდით სტიმული გყავს და ძლიერი კედელი გიდგას. ფიანდაზებით არ ყოფილა ჩემი ცხოვრება დაგებული, ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი სირთულე გადავლახე, ყველაფერს მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიე. ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ მე ქალი ვარ და ძლიერი სქესის მხარდაჭერა მჭირდება. მიშას სახით კი გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მხარს მიმაგრებს, კედელია, რომელსაც შემიძლია, მივეყრდნო. ყოველთვის თანამიგრძნობს და სულ იმას ფიქრობს, როგორ იყოს მისი საყვარელი ადამიანი ბედნიერი, იღიმებოდეს და უხაროდეს. ასე რომ, არ ვიცი, ვისთვის როგორები ვართ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთისთვის კარგები ვართ. არც იმ ნეგატივს ვაქცევ ყურადღებას, რომელიც ბოროტი ადამიანებისგან მოდის, მივეჩვიე. ისინი მეცოდებიან, რომ არ უხარიათ სხვისი ბედნიერება და წარმატება, თორემ, რამდენიც არ უნდა წერონ, იმ ბოროტი კომენტარებით მე ვერაფერს დამაკლებენ. არ მოქმედებს მათი ნეგატიური აზრი ჩემზე. ზოგადად, არ უყვართ ხალხს წარმატებული და ბედნიერი ადამიანები. ძირითადად, ასეთ ბოროტულ კომენტარებს პირად ცხოვრებაში წარუმატებელი, პროფესიულად შეუმდგარი, უბედური ადამიანები წერენ და მეცოდებიან, რომ ბოროტები არიან. გულით ვუსურვებ მათ ისეთი ბედნიერები იყვნენ, ჩვენი ლანძღვისთვის არ ეცალოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა