შოუბიზნესი

შორენა იმნაძე: რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მოკლდება ჩემი კაბების სიგრძე

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 55 წუთის წინ

შორენა იმნაძე
დაკოპირებულია

მომღერალი შორენა იმნაძე ადამიანებს ხალასი იუმორის, ბუნებრიობის, გურული სიხალისისა და თბილი ხასიათის გამო უყვართ. ცხოვრებაში ბევრი ბარიერი, წინაღობა და პრობლემა გადალახა. ბედში ორჯერ არ გაუმართლა, თუმცა ამბობს, რომ მაინც ბედნიერია, რადგან გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანები. მას ხშირად იწვევენ ემიგრანტები და სცენაზე მისი გამოჩენა, საქართველო იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს.

– ქალური ინტუიცია თუ გშველის წარმატების მიღწევაში და ზოგადად, შეგრძნებებით თუ ხვდები მოსალოდნელ მოვლენებს?

– ქალური ინტუიცია უკვე აღარც მახსოვს, რა არის. წარმატებაში ჩემი ხასიათი მშველის. შეგრძნებებს რაც შეეხება, კარგიც მქონია და ცუდიც. თუმცა, სადაც მივდივარ, თუ გადავწყვიტე წასვლა, მთლად რომ ჩამოინგრეს ყველაფერი, მაინც წავალ. ამ შემთხვევაში შეგრძნებებს ყურს არ ვუგდებ.

– განვლილმა წლებმა და ცხოვრებამ რა გასწავლა?

– ცხოვრებამ, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მასწავვლა ის, რომ მიუხედავად ჩემი განვლილი რთული გზისა და სირთულეებისა, არასოდეს დამიკარგავს ხასიათი, ადამიანობა და ვიყავი ის, რაც ვიყავი. არასოდეს ვიყავი მოჩვენებითი და არასოდეს ვიტყუებოდი. ალბათ, ამიტომ ვუყვარვარ უფალსაც და ადამიანებსაც. როცა უკან ვიყურები და ვიხსენებ ჩემს განვლილ გზას, მიუხედავად ჩემი ბევრი შეცდომისა, მაინც ბედნიერი ვარ. სწორედ ის შეცდომები რომ არ ყოფილიყო, დღეს მე ეს შორენა არ ვიქნებოდი.

– ყველაზე მეტად შენს სახასიათო თვისებებში რა მოგწონს და რას გამოასწორებდი?

– ჩემს ხასიათში მომწონს ის, რომ ვარ ძალიან პოზიტიური. გამოვასწორებდი იმას, რომ ზედმეტად მიმნდობი ხასიათი მაქვს და ძალიან ვენდობი ადამიანებს, რაც მერე გულისტკენის საბაბი ხდება. ვიცი, ასეთი არ უნდა ვიყო, ხშირად მინდოდა გამოსწორება, მაგრამ ამ თვისებას ჩემს ხასიათში ვერ ვასწორებ. რაც ვიყავი და როგორი ხასიათიც მქონდა, ახლაც ის ვარ, იმავე ხასიათით და თვისებებით. გურული ვარ და ჩემმა ორივე მხრიდან გურულმა გენეტიკამ ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ვარ ძალიან სწრაფი, ძალიან მხიარული და ალბათ, ძალიან საყვარელი (იცინის). ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები, ასეთი სისწრაფე არ ვარგა-მეთქი, მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ ასე ჯობია. ყალბ ადამიანად ყოფნას, მირჩევნია, რაც ვარ, ისეთი ვიყო და არ ვითამაშო.

– როგორ ფიქრობ, რამდენად გამართლებული ცხოვრება გაქვს და ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?

– ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში. ერთი კარგი, უბრალო გოგო ვარ, ყველას ვუყვარვარ, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს ყველაზე დიდი გამართლებაა. ასევე, ვარ ჯანმრთელი, ვარ ბედნიერი იმით, რომ მყავს ძალიან კარგი შვილები, კარგი მეგობრები, არაჩვეულებრივი დედა, დები და ახლობლები და ამაზე მეტი ბედნიერება არის რამე? მაგრამ რაც შეეხება ქალურ ბედნიერებას, პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, მეორე ქმარსაც დავცილდი. გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სხვადასხვა ენერგეტიკის ადამიანები ვართ. ასე რომ, ვერ შევეწყვეთ ენერგეტიკულად, მას თავისი ცხოვრების გზა აქვს, მე – ჩემი.

– საკმაოდ დაკავებული გრაფიკი გაქვს და დასვენება თუ მოასწარი?

– სულ დაკავებული ვარ. სულ მინდა, ჩემს შვილებთან ვიყო და უკვე თხუთმეტი წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ. ორი წელია, რაც ზაფხულობით ჩამოვდივარ ქობულეთში და ვმუშაობ. სექტემბრიდან კი რომ დამეწყება გადარბენები, მომავალ ზაფხულამდე ბევრ ქვეყანაში მომიწევს ფრენა, ემოგრანტებთან ჩახუტება და ჩემი სიმღერით მათი ოდნავ მაინც გახალისება. სულ დაკავებული ვარ, მაგრამ მიყვარს ეს პროცესი – ის, რომ ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ, მიყვარს, რომ გამოვდივარ და ტაშით ინგრევა ყველაფერი. აი, ეს მიყვარს უზომოდ და მაბედნიერებს ყველა ის ადამიანი, ვისაც მე ვუყვარვარ. სხვათა შორის, ზაფხული მიყვარს განსაკუთრებულად. სანამ ეს სეზონი დადგება, დავდივარ სავაჭრო ცენტრებში და ვყიდულობ ნაირ-ნაირ, ფერად-ფერად კაბებს. და, რაც ასაკი მემატება, მით უფრო მოკლდება ჩემი კაბების სიგრძე (იცინის). მიყვარს ზაფხული, რადგან როგორც გითხარით, ამ სეზონზე საქართველიში მიწევს მუშაობა. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და სიხარული, დაღლასთან ერთად. ძალიან ვიღლები, მაგრამ მიყვარს ჩემი მსმენელი და მათგანაც იმავეს ვგრძნობ. მთელი ზაფხული მე და უნიჭიერესი ლოლა წერეთელი ქობულეთში ვმუშაობთ ერთად. მეკითხებიან ხოლმე, მთაში გიყვარს დასვენება თუ ზღვაზეო. მთა მიყვარს ძალიან, მაგრამ სულ ზღვაზე მიწევს ყოფნა.

– ზაფხულის სეზონი რომ მალე სრულდება, ამაზე გწყდება გული?

– ზაფხული რომ მთავრდება, სიახლეებით იწყება მშვენიერი შემოდგომა, ამიტომ გული არ მწყდება. ზოგადად, ჩემთვის ზაფხული მალე არ მთავრდება, რადგან სამი თვე ზღვაზე ვარ. ისე კი წელიწადის ყველა დრო მაქვს დაკავებული, სულ მუშაობა მიწევს და ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი. თუმცა, არასდროს ვწუწუნებ, პირიქით, მსიამოვნებს. ალბათ, ერთი დღე რომ არ ვიმუშაო, გავაფრენ, ვერ მოვალ აზრზე, რა ხდება ჩემს თავს. მიეჩვია ორგანიზმი ასეთ რიტმში მუშაობას. გეტყვით, რომ დასვენება თურქეთში მიყვარს, სადაც ფეხი ავიდგი და ის ჩემი მეორე სამშობლოა. ყოველ ზაფხულს, ათი დღე თურქეთში ვისვენებ, ვსეირნობ, ვტკბები იქაურობით. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თურქეთი ყველას მირჩევნია – ბოდრუმი, სტამბოლი, ანტალია. და, რაც წლები გადის, ვხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერია, ადამიანებს ვაფასებ მათი ადამიანობით და არა პროფესიით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი