რა არის დოდონა ნამორაძის ყველაზე დიდი გამარჯვება და რა ვერ აყენებს ტკივილს მას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:30
დოდონა ნამორაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის დოდონა ნამორაძე?
დოდონა ნამორაძე: მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ყველაზე უკეთ მუსიკაში იპოვა. ჩემთვის სიმღერა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის ჩემი ენა, გზა და ადამიანებთან ურთიერთობის გულწრფელი ფორმა.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა შრომის, გამართლების, სიყვარულისა და მადლიერების. საკმაოდ მგრძნობიარე, მაგრამ იმავდროულად ძლიერი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მშვიდი, მაგრამ შინაარსიანი. უნდა მქონდეს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვიყო, მაგრამ იმავდროულად ინტერესის ნაკლებობას არ უნდა განვიცდიდე. მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემს საქმეში ყოველთვის ვგრძნობდე თავისუფლებას. ჩემთვის ბედნიერება მხოლოდ წარმატება არ არის. ბედნიერებაა, როდესაც გყავს საყვარელი ადამიანები, აკეთებ იმას, რაც გიყვარს, დგახარ სცენაზე და გრძნობ, რომ შენმა ხმამ ვიღაცის გულამდე მიაღწია. რომ შევაჯამოთ, საოცნებოა ცხოვრება, რომელიც მოიცავს ბალანსს, ოჯახს, სიყვარულს, მოგზაურობას, განვითარებასა და შინაგან სიმშვიდეს.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხართ?
– ვფიქრობ, დაბალანსებულად. შემიძლია, ემოცია თავისუფლად გამოვხატო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შევიკავო კიდეც. ცხოვრებისეული გამოცდილებები ძალიან მეხმარება. საკმაოდ პატარა ასაკიდან მარტო ვცხოვრობ და დამოუკიდებელი ვარ, როგორც ფინანსურად, ისე სხვა მხრივ. ანუ, გულჩვილობა და ემოციურობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სუსტია. ზოგადად, დიდად მტირალა არ ვარ, მაგრამ მიტირია ადამიანის სიკეთეზე, ღრმა მელოდიაზე და ასე შემდეგ.
ყველაზე ემოციური სცენაზე ვარ. ჩემი აზრით, მსმენელი ყველაზე მეტად მაშინ გიჯერებს, როცა შენ თვითონაც გჯერა იმის, რასაც მღერი. იყო ხელოვანი ნიშნავს, რომ იყო ემოციური, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავის მოთოკვაც შემიძლია.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?
– ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი შემდეგი ბიონსე, რიჰანა, არიანა გრანდე და ასე შემდეგ. დღევანდელ რეალობაში ჩემი თავისთავადი მიზანი ცნობადობა აღარ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, მსმენელმა ჩემი ხმა და გულწრფელობა დაიმახსოვროს. თუ ოდესმე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გავხდები, ეს პოპულარობის ხიბლის გამო არ მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა მუსიკამ ადამიანებს რაღაც ნამდვილი აგრძნობინოს.
ჩემთვის ცნობადობა პასუხისმგებლობაა, რადგან ცნობილი ადამიანები სხვებზე გავლენას ახდენენ. ეს გავლენა უნდა იყოს კეთილი, ღირსეული და შთამაგონებელი. რაც უფრო ცნობადი ხდები, მით მეტი გავლენა გაქვს სხვებზე და შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ბიონსეს მასშტაბის ცნობადობა აღარ მინდა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სულიერი სიმშვიდე და დარწმუნებული ვარ, ასეთი ცნობადობის შემთხვევაში, ეს აღარ მექნება (იცინის). საქართველოში სადმე თუ მცნობენ და ამის გამო ცოტა დაძაბული ვარ, ბოლომდე მშვიდად ყოფნისთვის, ვიცი, რომ შემიძლია, წავიდე მაგალითად, ბალიზე, სადაც არავინ მიცნობს. როდესაც ბიონსესავით პოპულარული ხარ, წასასვლელი აღარსად გაქვს (იცინის). ამიტომ შენს საკუთარ სახლსა და სივრცეში უნდა გამოიკეტო, რაც სასურველი ნამდვილად არ მგონია.
– რას მიიჩნევთ საკუთარი თავის მცდარ ნაბიჯად?
– ალბათ იმას, რომ გარკვეულ ასაკში ძალიან მიჭირდა უარის თქმა. შეიძლება, არ მინდოდა რაღაცის გაკეთება, მაგალითად, კონკრეტული სიმღერის შესრულება, მისი რეპერტუარში შეტანა, მაგრამ რადგანაც მთავაზობდნენ ან მთხოვდნენ, უარს ვერ ვამბობდი. საკუთარზე მეტად სხვის აზრს ვუსმენდი. ამას მცდარ ნაბიჯად ვთვლი. ბედნიერი ვარ, რომ მყავს მუსიკალური ოჯახი, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა და მაქსიმალურად ცდილობდნენ ასე არ მომხდარიყო. ასევე, იყო პერიოდი, როცა ზედმეტი ფიქრი მახასიათებდა იმის გამო, თუ ვინ როგორ მიიღებდა ჩემს გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებს, არჩევანს, ჩაცმას და ასე შემდეგ. დღეს კარგად მესმის, რომ ხელოვანს საკუთარი შინაგანი ხმა უნდა ჰქონდეს.
– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?
– ორი რამ – პირველი, ახალი ბენდი მყავს. ეს არის ჩემი პირველი ბენდი, რომლის თითოეული წევრი თავად ავარჩიე მოსმენების შედეგად. ჩემი წინა ბენდი, უსაყვარლესი ადამიანები, უკვე ბენდად არსებობდნენ, როცა თანამშრომლობა დავიწყეთ. და მეორე – ვიწყებ საკუთარ შემოქმედებაზე მუშაობას, რომელსაც სულ მალე მოისმენს საქართველო.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?
– ძალიან იშვიათად მემართება უხერხული შემთხვევები, შეიძლება, იმიტომ, რომ ძალიან უკომპლექსო ვარ და ასეთად არაფერს აღვიქვამ. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა სცენიდან ჩამოვვარდი და ესეც ძალიან საყვარლობა იყო (იცინის). ფეხი წამიცდა და გადავვარდი, მაგრამ ხალხი ძალიან ახლოს იდგა სცენასთან და დაბლა არ დავვარდნილვარ, მათ ჩამოვეყრდენი (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად არ მიმაჩნია პოპულარულობა, ჩემი რეალური გამარჯვება არის ის, რომ ჩემს 125 000-იან გამომწერიან გვერდზე რომ შემოდიხარ, ერთ ნეგატიურ კომენტარს ვერ ნახავ. ვხედავ, რომ ვუყვარვარ ჩემს ხალხს და ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ქართველი მსმენელი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია, რადგან მუსიკალური ქვეყანა ვართ. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ პერსონალურად, როგორც ადამიანის და ასევე, ჩემი როგორც შემოქმედის მიმართ, დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. ვცდილობ, ეს შევინარჩუნო და მაქსიმალურად მართალი ვიყო ჩემს მსმენელთან. ასევე, ჩემს გამარჯვებად მივიჩნევ იმ ფაქტსაც, რომ სხვა ქვეყანაში არ წავედი არაერთი საინტერესო შემოთავაზების მიუხედავად.
რაც შეეხება მარცხს, როცა ბაკალავრიატზე ვსწავლობდი, თითქმის ყველა საგანში 100 ქულა მქონდა და ჯიპიაი უმაღლესი მაჩვენებლით დავასრულე სწავლა. ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ და პარალელურად ბევრ საქმეს ვარ მოდებული. ამის შედეგია ის, რომ ერთ–ერთ საგანში 80 ქულაც ავიღე და ძალიან მრცხვენია ჩემი თავის. ამწუთას ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მარცხი.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– ჩემს საყვარელ კომენტარს გავიხსენებ, რომელმაც ასევე ყველაზე მეტად მატკინა გული. ჩემს სიმღერაზე ერთი ადამიანი წერდა, ეს გოგო რა სულ ფონოგრამაზე მღერისო. ძალიან მეტკინა გული, რა შემატყო, რომ ფონოგრამაზე ვმღერი-მეთქი, ამას ჩემს მსმენელს არასდროს ვაკადრებ, მაგრამ თუ ადამიანს ჰგონია, რომ ფონოგრამაზე ვასრულებ, ესე იგი, კარგად ვმღერი (იცინის). ამიტომ, თან გული მეტკინა, თან ძალიან გამიხარდა და დღემდე არ ვიცი, რომელი უფრო მეტად.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ზუსტად მახსოვს, 4 წლის წინ, 21 წლის ვიყავი... ჩემი ოჯახი ახალი წასული იყო საზღვარგარეთ და მე ვირუსი შემეყარა. მანამდე ყოველთვის დედა მყავდა გვერდით და ვიცოდი, რამე რომ დამმართნოდა, დამეხმარებოდა. მაშინ გავაცნობიერე, რომ გვერდით არავინ მყავდა, ვინც საჭიროების შემთხვევაში, უცებ წამალს მომაწოდებდა და შიშებში წავედი. ვფიქრობდი, ცუდად რომ გავხდე, რა მეშველება-მეთქი (იცინის). ეს იყო ერთდღიანი, მაგრამ საკმაოდ მძაფრი შიში. მის შემდეგ იმდენი რამ გადავიტანე, რომ ყველაფერს მივეჩვიე (იცინის).
– რამის ფობია გაქვთ?
– საშინელი ფობია მაქვს. ვგიჟდები, ისე მიყვარს ძაღლები და შემიძლია მოვეფერო კიდეც, მაგრამ ზოგის ძალიან მეშინია, თუ ყეფა დაიწყო, ხომ – საერთოდ. ასეთი ძაღლი ერთ მეტრში რომ მომიახლოვდეს, მაშინვე გული წამივა. არ ვაჭარბებ, მართლა ასეა. ეს შიში ბავშვობიდან მომყვება. ჩემ გვერდით ადამიანმა რომ ხუმრობით დაიყეფოს, შეიძლება, ამაზეც გული წამივიდეს. იმედია, ამ ინფორმაციას ბოროტი ზრახვებით არავინ გამოიყენებს (იცინის).
– ყველაზე დიდ ტკივილთან რა ასოცირდება?
– მიჭირს ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. საბედნიეროდ, ახლობელი ადამიანები კარგად მყავს. ორი ბებო მყავს, ერთი პაპა. მეორე პაპა დავკარგე რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი.
სხვა ყველაფერს ძალიან მარტივივად ვუდგები. შემიძლია, უბრალოდ, არ ვინერიულო და შესაბამისად, ტკივილსაც ვერაფერი მაყენებს. საბედნიეროდ, ცხოვრებაში მტკივნეული გამოცდილებები არ მქონია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





