ქეთი გომართელი: ჩემი დაბადება წარმოუდგენელი მოცემულობა იყო
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 28.07
მომღერალი ქეთი გომართელი ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მშვიდი ბუნების ადამიანია. როგორც თავად ამბობს, ოცნებაში დროის ხარჯვას, მოქმედება და მიზნებისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმა ურჩევნია.
ქეთი გომართელი: რეალისტი ვარ, ნაკლებად დავფრინავ ცაში. მიწაზე მყარად დგომა, გეგმების დასახვა და მათი ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება ყოველთვის უფრო მეტ სიმშვიდესა და სტაბილურობის განცდას მანიჭებს. არც ბავშვობაში ვყოფილვარ მეოცნებე. დედას შემხედვარეს, რომელიც ქალაქ რუსთავის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებდა, მეც გამიჩნდა სურვილი, მიმებაძა მისთვის და მეზობლების, ნათესავებისა და მეგობარი ოჯახების ბავშვების ჩართულობით, ვაწყობდი კონცერტებს, ვდგამდი სპექტაკლებს და შესაბამისად ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მაშინაც კი, თუ დღეში რამდენიმე „სეანსს“ ვმართავდი (იცინის). 8 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხით მინდოდა, ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრები გამეკეთებინა, რისთვისაც „ჰენდმეიდი“ გასაფერადებლებისა და სახატავი რვეულების გაკეთება დავიწყე, კონკურენტული ფასი დავადე და სკოლას ვამარაგებდი. იმ დროს, დედა უკვე ქალაქ რუსთავის ვიცე-მერი გახლდათ და როდესაც ეს ამბავი გაიგო, სცადა, ჩემი თვალებით დაენახა არსებული პრობლემა და დამხმარებოდა „მიზნის მიღწევაში“. შემომთავაზა, სრულად შეეძინა ჩემი გაკეთებული ნივთები, მე ფასი გავუათმაგე და ისე მივყიდე (იცინის). ვუთხარი: ბავშვებს და მერიას ერთი და იმავე ფასად რატომ უნდა მივყიდო-მეთქი (იცინის). მოკლედ, არარეალურ ოცნებებზე მეტად მიზნების დასახვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უფრო მახასიათებდა. რა თქმა უნდა, მქონდა ბავშვური, ძალიან სუფთა წარმოდგენები სიყვარულზე, მეგობრობასა და ცხოვრებაზე. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი წარმატებული, ლამაზი, ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანი. ვფიქრობ, ცხოვრებამ იმაზე მეტად დამაჯილდოვა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. დღეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანია, წლების შემდეგაც შევძლო ვთქვა, რომ ღირსეულად, საინტერესოდ და შინაარსიანად ვიცხოვრე. ვფიქრობ, ოცნებები, რომლებსაც შრომა და მიზანდასახულობა ამყარებს, არასოდეს მთავრდება – ასაკთან ერთად მხოლოდ უფრო გააზრებული და შინაარსიანი ხდება.
– როდის და რითი მიხვდი, რომ ცხოვრება ისეთი ვარდისფერი არ არის, როგორც ბავშვობაში გვგონია? რა იყო პირველი სირთულე ცხოვრებაში?
– არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს, არ ვნებდები, არ ვეძლევი სასოწარკვეთას და ვცდილობ, ნებისმიერი სირთულე დავძლიო. მიმაჩნია, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე საყვარელი ადამიანის დაკარგვას ეხება. ამ დროს სრულიად უსუსური და უმწეო ვხდები. როდესაც მამა გარდაიცვალა პირველად ვიგრძენი, რამდენად უსამართლო შეიძლება, იყოს ცხოვრება და რამდენად სუსტი შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანი საკუთარი ტკივილის წინაშე.
– ქეთი, რამდენად ადვილად მოდის შენთან წარმატება? საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდები თუ ბევრი შრომა გჭირდება?
– წარმატება, უპირველესად, შრომას, დისციპლინასა და მოთმინებას მოაქვს. რა თქმა უნდა, იღბალს, მხარდაჭერასა და სწორ გარემოსაც თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს – შეიძლება, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე ან ცხოვრებამ ისეთი შესაძლებლობები მოგცეს, რომლებიც გზას გაგიხსნის. ამ მხრივ, უდიდესი საყრდენი ყოველთვის ჩემი ოჯახი იყო – დედა, მამა და ჩემი და, რომლებიც ყველა ეტაპზე ჩემ გვერდში იდგნენ. თუმცა, თუ თავად არ ხარ მზად, ვერცერთ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, რომ წარმატების უდიდესი ნაწილი შრომაა, ხოლო იღბალი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სწორ დროს სწორ კარს გიღებს.
– ასაკის მატებასთან ერთად, რა შეაფასე და რა გადააფასე?
– ასაკის მატებასთან ერთად, ყველაზე მეტად ერთგული ადამიანები და გულწრფელი ურთიერთობები დავაფასე. მივხვდი, რომ დრო ყველაზე ძვირფასია და ის მხოლოდ საყვარელ ადამიანებსა და საჭირო, სასარგებლო საქმეს უნდა დაუთმო. ბუნებრივია, დროსთან ერთად, ჩემი ცხოვრებიდანაც წავიდნენ ადამიანები. ზოგიერთთან გზები თავისით გაიყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება, როცა დავინახე, რომ ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს რადიკალურად სცდებოდა და მათი ბევრი თვისება მხოლოდ იმიჯური და ფასადური იყო. ზოგჯერ ნიღაბს მიღმა ადამიანის ნამდვილი სახე ჩანს და მეც ეს დავინახე. საკმაოდ რთული ეტაპები გავიარე, მაგრამ თითოეულმა გამოცდილებამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლა და იმ ადამიანად მაქცია, ვინც დღეს ვარ.
– ახლა, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და დრომ როგორი ადამიანები შემოგინახა?
– ვფიქრობ, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ერთი მნიშვნელოვანი თავი დასრულდა და იწყება ახალი, რომელსაც დიდი მოტივაციით, ინტერესითა და მოლოდინით ვუყურებ. დრომ კი ჩემ გვერდით მხოლოდ ის ადამიანები დატოვა, რომლებმაც ჩემთან ერთად გაიარეს წარმატებაც, იმედგაცრუებაც და ყველაზე რთული პერიოდებიც. დღეს, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ გულწრფელობას, ერთგულებასა და ადამიანებს, რომლებსაც შენი წარმატება გულწრფელად უხარიათ და ტკივილი საკუთარივით აწუხებთ.
– ამ სეზონზე სად ატარებ ცხელ დღეებს და ვისთან ერთად?
– წელიწადის ყველა სეზონი მიყვარს, თუმცა ზაფხული სიცხის გამო ჩემთვის ყველაზე რთულად გადასატანია. მიუხედავად ამისა, ძალიან მომწონს ნამზეური და ყოველთვის ვცდილობ, უსაფრთხოდ მივიღო, მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში. ზოგადად, ზაფხულისთვის განსაკუთრებული სამზადისი არ მახასიათებს. ერთადერთი, რასაც წინასწარ ვგეგმავ, დასვენების ადგილებია. წელს, დედასთან და დასთან ერთად პორტუგალიაში ვაპირებ გამგზავრებას, შემდეგ კი, გარკვეული პერიოდით, კვიპროსშიც ვგეგმავთ ყოფნას. რა თქმა უნდა, აუცილებლად წავალ ჩემს საყვარელ ბაკურიანშიც. ეს ადგილი განსაკუთრებულია – უამრავი მოგონება მახსენებს მამასთან ერთად გატარებულ პერიოდს და ამიტომ, იქ ყოველი დაბრუნება უამრავ ემოციასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძალების აღდგენა აუცილებელია და ყოველთვის ვცდილობ, გარემო შევიცვალო, ახალი შთაბეჭდილებები მივიღო და მოგზაურობა დავგეგმო, იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მიმიღია, იყო ის, რომ ჩემი დრო მთლიანად დამეთმო ჩემთვის საინტერესო და საყვარელი საქმისთვის, ხოლო საკუთარი თავისთვის მიმეცა შესაძლებლობა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამესვენა, განვტვირთულიყავი და ახალი ენერგია აღმედგინა.
– როგორ ფიქრობ, რამდენად იღბლიანი ხარ და ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– უდავოდ, ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ თავს, ბევრი მიზეზის გამო. დავიწყოთ იქიდან, რომ ვარ შვიდთვიანი, თან ნაყოფის არასწორი მდებარეობის გამო ჩემი დაბადება წარმოუდგენელი მოცემულობა იყო. რადგან გადავრჩი, დავიბადე და მოვევლინე ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი, უკვე იღბლიან ადამიანად ვითვლები. გამიმართლა, რომ უფალმა მარგუნა მშობლები, რომელთა დაუჯერებელ და არარეალურ, პირველ კლასში დაწყებულ სიყვარულზე თაობები საუბრობდნენ. სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე და ლაღი ბავშვობა გამოვიარე. მყავს და, რომელიც ჩემი მშობლების საჩუქარი და ჩემი სიმდიდრეა. ცხოვრების გზაზე შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უახლოეს მეგობრებად იქცნენ და ყველაზე რთულ მომენტებსა თუ სასიხარულო სიტუაციებში მეიმედებიან, მავსებენ, მაძლიერებენ და მაბედნიერებენ. როგორ შეიძლება, იღბლიან ადამიანად არ მივიჩნევდე თავს, როდესაც ცხოვრებამ ეს ყველაფერი საჩუქრად მარგუნა.
– რა არის შენი ცხოვრების დევიზი და რითი იზომება შენი წარმატება?
– ჩემი ცხოვრების დევიზი და მთავარი ღირებულებაა: არასოდეს ვუღალატო საკუთარ პრინციპებს, ნებისმიერ ვითარებაში შევინარჩუნო ღირსება, ადამიანობა და თითოეული ჩემი ქმედებით გავუფრთხილდე ჩემი დიდი წინაპრებისა და მამაჩემის სახელს. ჩემთვის წარმატება მხოლოდ ცნობადობითა და მატერიალური კეთილდღეობით არ იზომება. ნამდვილი წარმატება და უდიდესი ბედნიერება ის სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც ცხოვრების გზაზე ადამიანებისგან ვიღებ და ვგრძნობ. ზოგი ამ სიყვარულს იმიტომ გამოხატავს, რომ მამაჩემის შვილი ვარ და მისი სიკეთე ახსოვთ, ზოგს კი დედაჩემის მიმართ აქვს განსაკუთრებული ნდობა, მადლიერება და სიყვარული. არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი წინაპირობისა და დამსახურების გარეშე აკეთებენ. თითოეული ასეთი დამოკიდებულებისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
– რა თვისება მოგწონს შენში და არის ისეთი, რასაც საკუთარ ხასიათში გამოასწორებდი?
– ყველაზე მეტად მომწონს, რომ ერთგული ვარ როგორც ადამიანების, ისე საკუთარი პრინციპების მიმართ. მიყვარს გულწრფელად, მთელი გულით და ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები იმას, რასაც ვაკეთებ. ასევე, ვაფასებ საკუთარ თავში იმ თვისებას, რომ რთულ და კრიზისულ სიტუაციებში ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, სწორად შევაფასო გარემოება და გამოსავლის პოვნაზე ვიყო ორიენტირებული. მინდა, დროის კიდევ უფრო სწორად განაწილება ვისწავლო. ზოგჯერ მგონია, რომ უფრო მეტის გაკეთება, სწავლა და განვითარება შემიძლია. დღეს განსაკუთრებით ვუფრთხილდები დროს, რადგან ის ერთადერთი რესურსია, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ის სწორ ადამიანებთან ურთიერთობებს დავუთმო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





