ლიზი მორი: ძალიან მიყვარს ჩემს დაბადების დღეზე მეგობრებისთვის საჩუქრების დარიგება, ეს ჩემი ტრადიციაა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 47 წუთის წინ
მოცეკვავე ლიზი მორი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე გამორჩეულად უყვარს და ამ დღეს განსაკუთრებული განწყობით ხვდება.
ლიზი მორი: ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი დაბადების დღე და პატივს სცემდეს მას. უფლის მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ამ სამყაროს მოგვავლინა. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა.
თქვენ იცით, რომ მე ისრაელში ვცხოვრობ, აქ ნაკლებად მყავს მეგობრები და თუ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, სიმართლე გითხრათ, ჩემს დაბადების დღეზე აქ ცოტა მოწყენილიც ვარ ხოლმე. უფრო ხშირად საქართველოში ვხვდები ამ დღეს. ძალიან მიყვარს ჩემს ქვეყანაში ყოფნა და დაბადების დღის მეგობრების წრეში აღნიშვნა. ყველას ერთად მოვუყრი ხოლმე თავს, ყველა ძალიან მენატრება და მახარებს მათი ნახვა. შეიძლება, სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდე და მინდა, ყველას ჩახუტება მოვასწრო. განსაკუთრებულ ადგილს ვარჩევ და მათთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებ.
ხშირად ეს სიურპრიზია ხოლმე. ზოგჯერ არავინ რომ არ მელოდება, უცებ ჩამოვალ, წინასწარ არავის ვეუბნები, უცებვე ვარჩევ თავშეყრის ადგილს და ყველა ერთად ვიკრიბებით. შოკში არიან ხოლმე ჩემი მეგობრები, ასე სიურპრიზად როგორ გამოგვეცხადე, წინასწარ რომ არაფერი გვითხარიო.
ძალიან მიყვარს ჩემს დაბადების დღეზე ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრების დარიგება. ისინიც მჩუქნიან და მეც ყველას ვურიგებ, ეს ჩემი ტრადიციაა. რადგან საქართველოში არ ვარ და ყველას დაბადების დღეს ვერ ვესწრები, საკუთარ დაბადების დღეზე ვულაცავ მათაც დაბადების დღეებს და საჩუქარს გადავცემ – ეს ჩემი საყვარელი რიტუალია, რომელზეც კარგად ვხალისობთ ხოლმე.
– წლევანდელი დაბადების დღე როგორ გაატარეთ?
– სხვათა შორის, წელს არ გამომივიდა ეს შეკრება. 26 აპრილს საქართველოში ვიყავი, მაგრამ საერთაშორისო ტურნირი იმართებოდა, სადაც მსაჯად ვიყავი მიწვეული. ორდღიანი ტურნირი იყო და ზუსტად ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა, მთელი დღე იქ გავატარე. ვიფიქრე, სხვა დროს შემეკრიბა მეგობრები დაბადების დღის აღსანიშნად, მაგრამ ჩემი ფესტივალისთვის მოსამზადებელი პერიოდიც დაემთხვა და ვერ შევძელი, რადგან ძალიან დიდ დროს ვუთმობ ჩემ მიერ დაარსებულ ფესტივალს. World Pro Am Dance Festivali და Dance Queen Trophy შარშან დავაფუძნეთ და წელს, ოქტომბრის თვეში, უკვე მეორედ გაიმართება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დაკავებული ვიყავი სამზადისით და სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების დღე დამავიწყდა კიდეც.
– განსაკუთრებულად რომელი დაბადების დღე გახსენდებათ?
– თითქოს, ყველა წელი ერთმანეთს ჰგავს – ერთი და იგივე რიტუალი, მცირედი სხვაობებით, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იყო მართლა ძალიან უჩვეულო დაბადების დღე. მე ბავშობიდან ვცეკვავდი. ჩემი მეწყვილე იყო ელია მორი. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, საქართველოს ჩემპიონები ვიყავით. შემდეგ ჩემი მეწყვილე ელია თავის მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ისრაელში, რის შემდეგაც აღარ მინახავს. გადიოდა წლები და მის შესახებ არაფერი ვიცოდი. შემდეგ ვიღაც ნაცნობისგან შევიტყვე, მითხრეს, ლივანონის ომში იბრძოდა და მგონი, იქ დაიღუპაო. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის.
გავიდა რამდენიმე წელი და ერთ მშვენიერ დღეს, 26 აპრილს, ოჯახთან ერთად, ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი, როცა კარზე ზარი დაისმა. გავაღე და ჩემ წინ ელია მორი იდგა. ეს იყო ყველაზე ემოციური და დიდი საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია. ამ დღის მერე მალევე დავქორწინდით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უფლისგან მონიჭებული ბედი. სასწაული მოხდა. ჩვენ უკვე 30 წელია, ერთად ვართ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.
– რა საჩუქარი გახსოვთ განსაკუთრებულად?
– მე არ მქონია ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი, როგორიცაა მაგალითად, მანქანა, იახტა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი სიმბოლური, სიყვარულით სავსე და ნაფიქრი საჩუქარი მიმიღია, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა, ვინახავ. ჩემთვის თითოეული საჩუქარი ძვირად ფასობს.
– თვითონ თუ გიყვართ საკუთარი თავის დასაჩუქრება?
– კი, ეს ძალიან მიყვარს. საკუთარ თავს პატივი უნდა სცე, უნდა გაახარო. დაბადების დღეზე წავალ, ვიშოპინგებ, კარგ შენაძენს გავაკეთებ, დავისაჩუქრებ თავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ყვავილიც მიყიდია ჩემი თავისთვის, ეს ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს იასამანი და ამ დღეს წელსაც ძალიან დიდი თაიგული ვუყიდე საკუთარ თავს.
– როგორ ხვდებით ასაკის მატებას, სიხარულთან ერთად, სარკეში მეტად ხომ არ აკვირდებით თავს?
– ადამიანს შენი ნაოჭებიც უნდა გიყვარდეს (იცინის). მივესალმები დღევანდელი ცხოვრების მიღწევებს. ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ქალმა უნდა მოუაროს თავს, რომ რაც შეიძლება, გვიან მოვიდეს ასაკის თანხმლები ნაოჭი იქნება თუ სხვა რამ. დღეს ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს და რამდენადაც შემიძლია, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვებრძოლო ასაკს. ბრძოლა ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ვცდილობ, თავს მოვუარო, რომ სიბერე გვიან დადგეს. კარგია, როცა თავს მოვლილ ქალად გრძნობ, ასე უფრო კომფორტულად ხარ საკუთარ თავთან.
– რას ეტყოდით საკუთარ თავს 20 წლის ასაკში?
– საკუთარ თავს 20 წლის ასაკში ვეტყოდი: ნუ იჩქარებ ყველაფრის ერთდროულად მიღწევას, მიეცი შენს თავს შეცდომების დაშვების უფლება. დაიცავი ოქროს შუალედი, ნუ გაიღებ სხვებისთვის იმაზე, მეტს ვიდრე ისინი იმსახურებენ, რაც მეტს გაიღებ, ვალდებულად ჩაგთვლიან და თუ რამეს ვერ შეძლებ, მტრად გადაგეკიდებიან, თუნდაც ყველაზე ახლობლები იყვნენ, არ დაგიფასებენ. სტოიციზმის ფილოსოფიით თუ შევხედავთ, შენ უნდა იფიქრო შენს თავზე, შენს მიზნებზე, იმეგობრო და იტრიალო იმ წრეში, ვინც შენ გაბედნიერებს. თუ იგრძნობ ცუდ აურას, ჩუმად უნდა გაეცალო იქაურობას. ჩემს თავს ვეტყოდი: ლიზი, მიყვარხარ, ისეთი როგორიც ხარ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





