გიორგი გაგლოევი: 15 წუთში ჩავალაგე ჩემოდანი და ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავი
ავტორი: ნონა დათეშიძე 52 წუთის წინ
მსახიობ გიორგი გაგლოევისთვის ეს წელი ნამდვილად წარმატებულია. გარკვეული დროის შემდეგ ისევ თეატრის სცენაზე დადგა, საყვარელ საქმეში აქტიურად ჩაება, სერიალშიც ითამაშა, დასასვენებლადაც მოასწრო უცხოეთში წასვლა, წყალქვეშა სამყაროს ხილვა და უახლოესი გეგმებიც დასახა, რომელსაც სულ მალე განახორციელებს.
გიორგი გაგლოევი: იქიდან გამომდინარე, რომ ვარ წყლის ნიშანი, ზოდიაქოთი „მორიელი“, წელიწადში ერთხელ ჩემს თავს სიურპრიზს ვუკეთებ – უფლებას ვაძლევ, რომ წავიდე და ძალიან კარგად დავისვენო საზღვარგარეთ. ასე რომ, ეს ფუფუნება ყოველ წელს მაქვს და როგორც მე მიყვარს, ისე ვისვენებ. მიყვარს მზე, სიცხე, კარგი პაპანაქება ამინდები, ზღვის ადამიანი ვარ. ჩემია ეს ყველაფერი და რა ვქნა. ზოგადად, მირჩევნია, ერთი დღე გავატარო ზღვაზე, ვიდრე ერთი კვირა მთაში.
– წელს, ამ სეზონზე რა სიურპრიზი გაუკეთე საკუთარ თავს, სად იყავი და რითი გაანებივრე?
– მგონი, ახალ პროფესიას ვიძენ – ძალიან მომხიბლა წყალქვეშა სამყარომ და მინდა დაივინგობის პროფესიის შესწავლა. ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე, რისგანაც კი შეიძლება, ადამიანმა ყველაზე მეტი ადრენალინი მიიღოს, ეს არის წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება და წელს ეს ყველაზე დიდი კაიფი იყო, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია და უკვე ორჯერ ვიყავი წყლის სიღრმეში საკმაოდ ღრმად ჩასული. მოკლედ, ამ ზაფხულს ეგვიპტეში გახლდით დასასვენებლად და ფაქტობრივად, წითელი ზღვის ფსკერზე აღმოვჩნდი. იმდენად მიყვარს ეგზოტიკა, იდუმალი სამყარო, ჩვენი ბუნებისა და კულტურისგან განსხვავებული გარემო, ვხუმრობ ხოლმე, მგონი, წინა ცხოვრებაში აფრიკელი ვიყავი-მეთქი. აფრიკაში მესამედ გახლდით და იქ, უდაბნოში, პაპანაქება სიცხეში, ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. პატარ-პატარა ოაზისები და წყალქვეშა სამყარო, მართლაც სასწაულია, ცალკე საოცრებაა. მე პირადად, წყალქვეშა სამყაროს პირველიდან რვა საოცრებათა სიაში პირველს ჩავწერდი. მოკლედ, იმდენად სასწაული გარემოა, ლაყუჩები რომ მქონდეს, წითელი ზღვის ფსკერზე დავიდებდი ბინას (იცინის). ასე რომ, წითელი ზღვის ფსკერიც მოვიარე, აქლემითაც ვისეირნე და უდაბნოს ქვიშაზე – კვადროთიც. სინას მთის უდაბნოში ნანახმა ხედებმა ჩემში ნამდვილი სასწაული მოახდინა – საუკუნეებით უკან დავბრუნდი. გიდმა მითხრა: ახლა სადაც ვდგავართ, ამ უდაბნოს ტერიტორია ერთ დროს, რამდენიმე მილიონი წლის წინ, ოკეანის ფსკერი იყო, წყლით იყო დაფარულიო. არ ვიცოდი და გაოცებული ვიდექი და თითქოს რაღაც სხვა, იდუმალ სამყაროში, მეც მილიონობით წლებით უკან დავბრუნდი. ასე რომ, ზაფხულში მიყვარს შთაბეჭდილებების მიღება.
– ამ ზაფხულს მხოლოდ ეგვიპტით შემოიფარგლები თუ კიდევ ფიქრობ რომელიმე ქვეყანაში ვიზიტს და დასვენებას? და, თუ საიდუმლო არ არის, ვისთან ერთად დაისვენე ეგვიპტეში?
– ეგვიპტეში, მეგობარ გოგონასთან ერთად გახლდით. რაც შეეხება კიდევ დასვენებას, აზიის რომელიმე ქვეყანაშიც მინდა წასვლა, ოღონდ ოქტომბერში. ზანზიბარი მინდა, ვნახო და იმედია, მექნება ამის საშუალება და დროც. მანამდე კი ჯერ კახეთს ვესტუმრები და მერე – აჭარას. ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მე და ჩემი მეგობარი-კოლეგა, ვიწყებთ სატელევიზიო პროექტს მოგზაურობაზე, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიით გავა. ეს პროექტი იგეგმება, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მინდა. ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებთ და ისტორიული და კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას შევეცდებით სატელევიზიო ეთერის საშუალებით, მერე კი, იმედია, უცხოეთშიც გავალთ და ჩავწერთ საინტერესო გადაცემებს.
– როდესაც სამოგზაუროდ გეგმავ წასვლას, წინასწარ საგულდაგულოდ ემზადები?
– წელს ეგვიპტეში რომ წავედი, 15 წუთში ჩავალაგე ჩემოდანი და ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავი (იცინის). მადლობა ღმერთს, არც ფრენის შიში მაქვს და არც ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ ცაში, თუ არ ჩავთვლით ერთხელ ტურბულენტურ ზონაში მოხვედრას და ერთხელ – ქარს, როცა თვითმფრინავს დაჯდომა გაუჭირდა.
– როგორც ვიცი, დაწყებული იყო სერიალის გადაღება, რომელიც სატელევიზიო ეთერში უნდა გასულიყო. ამ სერიალს რა ბედი ეწია?
– ცხრა სერია გადაღებულია, ანუ სერიალის ერთი სეზონი და სექტემბრის შუა რიცხვებში გავა „იუთუბ არხზე“, ასე გადაწყვიტა ჩვენმა რეჟისორმა და მეც ვეთანხმები. ასევე, ერთ-ერთ ობიექტზე, კერძოდ, „ტიფლორში“, დავიწყე მუშაობა საღამოების წამყვანად, სადაც ვაპირებთ „კომედი ვუმენისეულ“ სთენდაფების გაკეთებას და კვირაში ერთელ იქნება ერთსაათიანი კომედიური წარმოდგენა, იუმორით გაჯერებული მიუზიკლი. ახლა დავფიქრდი და ჩემთვის ეს წელი იმდენად აქტიური აღმოჩნდა, მეგობრები მეუბნებიან, ვეღარ გხედავთ, დაკარგული ხარო. მართლაც, იმავდროულად, მიმყავდა ბანკეტები და კორპორატიულები და ძალიან დაკავებული ვიყავი, ფაქტობრივად, ვერავის ვხედავდი. თუმცა, იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ოღონდ იყოს და ორჯერ მეტად დავიტვირთები. ჩემი პროფესიით რომ ვარ დაკავებული, ასმაგად მაბედნიერებს და მეტ ენერგიას მაძლევს. ვარ დაკავებული, მაგრამ შემომთავაზონ კიდევ, არ არის პრობლემა, დავიტვირთები (იცინის). ვარ ენერგიული ადამიანი, ვერ ვიტან უსაქმოდ ჯდომას. მომწონს, როცა ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. ეს მაბედნეირებს, ვიდრე მღლის. ასეთ დროს, ჩემს ენერგიას სწორად ვმართავ და ეს შესრულებულ საქმესაც ეტყობა. აგრეთვე, წელს სოხუმის თეატრის მმართველმა, ეკა შარიქაძემ, დამიძახა – დაიწყეს „ვერის უბნის მელოდიების“ სპექტაკლის დადგმა, სადაც შემომთავაზეს ერთ-ერთი სახასიათო როლი, კერძოდ პოლიცმაისტერის, რომელსაც ცნობილი დოდო აბაშიძე თამაშობდა. ბევრს გაუკვირდა ამ როლში ჩემი ხილვა, მაგრამ ეს როლი გადაკეთებულია – მთავარი პოლიცმაისტერი არის ტანით პატარა და მისი შიკრიკი კი – დიდი ანუ პირიქითაა. ასე რომ, დიდი ხნის მერე, დავდექი სცენაზე. რაც თეატრიდან გამომიშვეს, მას მერე ზუსტად 13 წელი გავიდა და ახლა ისევ სცენაზე ვარ, როგორც მიწვეული მსახიობი. პრემიერა წლის დასაწყისში იყო. სპექტაკლი რეპერტუარში ამ წლის თეატრალურ სეზონზე იქნება და მიხილავთ თეატრის სცენაზე პოლიცმაისტერის მუნდირში გამოწყობილს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





