შონზო: მამაჩემი მომაწყობდა ხოლმე მაღალანაზღაურებად სამსახურებში და მე ვიპარებოდი
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
ქუჩაში რომ გააჩეროთ უცხო ადამიანი და ჰკითხოთ, ზურა გაჩეჩილაძეს იცნობო, დაფიქრდება. საკმარისია, შონზო ახსენოთ, რომ დაუფიქრებლად გეტყვით: შონზო ვინ არ იცის, ყველა იცნობსო. მისი დამახასიათებელი ვიზუალი, ხმა თუ მანერა, ერთი ნახვით გამახსოვრდება. ის წლების წინ გამოჩნდა ეკრანზე და მას მერე, მისი პოპულარობა არასდროს განელებულა.
შონზო: დედა მათემატიკის სპეციალისტი მყავდა, ლექტორი იყო, სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა და აქედან გამომდინარე, უფრო ტექნიკური საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება. სულ პატარაობაში კი, რასაც ახლა ვაკეთებ და რასაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი, ის მინდოდა გამოვსულიყავი. გართობა, მხიარულება მომწონდა, ადამიანები რომ ჩემს კომპანიაში კარგად გრძნობდნენ თავს და ჩემს ხუმრობებზე ეცინებოდათ, ძალიან მომწონდა.
– მავნე და ცელქი ბავშვი თუ იყავი?
– ჩემი თავისთვის არ მივნია, უფრო თამაშის დროს, ბავშვობაშიც ტანადი რომ ვიყავი, რამდენიმე ჩემი მეგობარი მყავს დაზიანებული (იცინის). დახუჭობანა, დამალობანას ვთამშობდით, ჩვენი მოგონილი თამაშებიც გვქონდა და თუ თოვლი მოვიდოდა, სააკაძის მოედნიდან რომ დავეშვებოდით, ვახუშტის ხიდამდე ვსრიალებდით. ერთ ჩემს მეგობარს, ციგით დავეჯაზე და ფეხი მოვტეხე (იცინის). არ მინდოდა, უბრალოდ, თავი ვერ შევიკავე, დავეჯახე და ფეხი მოსტყდა. ზოგადად, ტანად დიდ ადამიანებს არ აქვთ თვითდამკვიდრების პრობლემა, რადგან ისედაც დიდები არიან, სტრესებიც ნაკლები აქვთ და კეთილებიც არიან, მეც ასეთი ბავშვი ვიყავი. ტანად დიდი ადამიანი ბოროტი არ მინახავს.
– სკოლაში როგორ სწავლობდი და რომ დაამთავრე სწავლა, რომელ პროფესიაზე შეაჩერე არჩევანი?
– სკოლაში ხუთი წლის შევედი და ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ქართულ ენაში გამომყვა მხოლოდ ოთხიანი, დანარჩენი სულ ხუთიანები მყავდა. სკოლაში თეატრალურ დადგმებს ვაწყობდით, სკოლის დირექციაც ძალიან გვიჭერდა მხარს და გვეხმარებოდა. იმპროვიზებული დრამწრეც გვქონდა და საინტერესო სპექტაკლებს ვდგამდით, მუსიკალურ ნომრებს ვიგონებდით, ვხალისობდით და ვმხიარულობდით. სტუდენტობის პერიოდში, „მანსანკანის“ თამაში რომ დავიწყე, მერე გავიაზრე, თურმე, რამდენი ახალგაზრდა ყოფილა ამ საქმით დაკავებული. როცა სკოლა დავამთავრე და პროფესიის არჩევანზე მიდგა საქმე, სახლში დიდი აჟიოტაჟი და აურზაური მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მე აღარ მინდოდა ტექნიკური მიმართულება და მეცნიერობა და სამსახიობო კარიერა ავირჩიე.
– რომელი იყო პირველი სამსახური და თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე?
– სტუდენტობის დროს „იბერვიზიაში“ დავიწყე მუშაობა. მაშინ 18 წლის ვიყავი. იუმორისტულ გადაცემა „პარანოიას“ ვაკეთებდით და ჩვენი არსებობის განმავლობაში ხუთი იუმორისტული გადაცემა გამოვუშვით, იმ დროისთვის უცნაური იუმორით სავსე. შემდეგ ამას მოყვა რადიო, ტელევიზია „202“ და ამ გზას დავადექი. მოკლედ, სტუდენტობის დროს დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და ავიღე პირველი ხელფასი, იმდენი, რომ მე და დრუპიმ ვიყიდეთ თითო კოლოფი სიგარეტი და ერთი ბოთლი „კოკა-კოლა“ დავლიეთ. (იცინის) კი ვმუშაობდი, მაგრამ მატერიალურად ოჯახი მეხმარებოდა. თუმცა, ახალგაზრდას რომც გდებოდა ჯიბეში ფული, ვერც დახარჯავდი, ისეთი პერიოდი იყო, სამაგისო არაფერი ხდებოდა. ყოველდღიური ფული, რასაც ოჯახში ვართმევდი, მყოფნიდა იმაში, რომ მეტროთი მევლო, ფენოვანი ხაჭაპური მეჭამა და სიგარეტი მეყიდა, რომელსაც ვმალავდი (იცინის).
– ვის უმალავდი სიგარეტის მოწევას?
– სიგარეტის მოწევა სკოლის ბოლო კლასში დავიწყე და კარგა ხანს ვმალავდი. სახლში ჩემზე რომ არ ეეჭვათ, თანაკლასელებს დავცინოდი, ეწევიან-მეთქი. ჩემს სადარბაზოსთან სკამი იდგა, კედელი ეფარებოდა და ჩემი სახლიდან არ ჩანდა. დავჯექი, ამოვიღე სიგარეტი, მოვუკიდე და მამაჩემი დამადგა თავზე (იცინის). როგორ მეთქვა, არ ვეწევი-მეთქი, როცა ხელში სიგარეტი მეჭირა და პირიდან ბოლს ვუშვებდი (იცინის). ერთი კი მითრა: აკი არ ვაფუილებო? (იცინის)
– როდის მიხვდი, რომ უკვე პოპულარული და ცნობადი ხარ?
– „იბერვიზიაში“ გადაცემა „პარანოიას“ კეთების დროს, მეტროთი დავდიოდი და პირველი გადაცემიდან ორი დღის შემდეგ, მეტროს ვაგონში ბიჭმა შემომხედა, რაღაც გადაულაპარაკა გვერდით მდგომ ბიჭს, შემომხედეს და გაიცინეს. ეგრევე მივხვდი, რომ გადაცემა ჰქონდათ ნანახი და მიცნეს. იმას კი არ მივხვდი, რომ პოპულარული ვარ, იმას მივხვდი, რომ გადაცემიდან მიცნეს.
– საკმაოდ რთულ პერიოდში მოგიწია ახალგაზრდული წლების გატარება. იმ დროიდან რა მოგყვება?
– საშინელი პერიოდი იყო. წარმოიდგინეთ, ყოველდღე რომ ფანჯრიდან გესმის ავტომატის კაკანი. შესაბამისად, ეს რომ აღვიქვი, როგორც მოცემულობა, ჩავთვალე, რომ ეს არის რეალობა და ამ რეალობაში უნდა ვნახო გამოსავალი. დღემდე მომყვება ის, რომ როცა სტრესული სიტუაცია იქმნება და ჯგუფი ვართ ერთად, ამ დროს ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და დალაგებული აზროვნებით გამოვირჩევი, პანიკა არ მემართება. გამობრძმედილი ვარ იმ პერიოდიდან გამომდინარე, რაც 90-იანებში გამოვიარე. დიდი დოზით მაქვს გამომუშვებული თვითგადარჩენის ინსტინქტი საფიქრალშიც და მოქმედებაშიც და დღემდე ასე ვარ, სტრესი ჩემთვის მოქმედების იდეალური ველია. სტრესის დროს ვხდები ათასჯერ უფრო მობილური, გადაწყვეტილებების მიმღები. ამას იმდენად მივიჩნევ ცხოვრების მოცემულობად, რომ ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და ასე ვცხოვრობ ახლაც. დალაგებული, გაწონასწორებული გარემო, ყველაფერი რომ წესრიგშია და თავისით მიდის, ეს ჩემთვის მოდუნება და სიკვდილია. როცა მღვრიე სიტუაციია, ტექტონიკაა და რაღაც ხდება, ჩემში გადარჩენის რეჟიმი ირთვება და ვფიქრობ, როგორ ვიმოქმედო, როგორ დავლაგდე, სხვებსაც როგორ ვუშველო.
– ასეთი თვითგადარჩენის ინსტიქტები ხშირად ირთვება შენში?
– ჩემში თვითგადარჩენის ინსტიქტები გამუდმებით, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ირთვება. ვერ დავიკვეხნი და ვერ ვიტყვი, არაფრის მეშინია-მეთქი, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, არ დავეცემი და რაღაცას მოვიფიქრებ. ჩემს ხასიათს გადასარევად გაიგებთ იმით, ახლა რასაც გეტყვით: წარღვნა რომ მოხდეს, წყალდიდობა და ირგვლივ ყველაფერი დაემხოს და დაინგრეს, მე ჩიპი მაქვს ჩართული, რომ მე კიდევ მოვიფიქრებ ამ მოცემულობიდან გამოსვლისთვის რამეს.
– ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– გამიმართლა იმაში, რაზეც ვისაუბრე. სხვათა შორის, მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, სამჯერ მქონდა მცდელობა, სხვადასხვა სპეციალობაში მეცადა ბედი. მამაჩემი მაწყობდა კარგად ანაზღაურებად სამსახურებში და მე ვიპარებოდი. ერთხელ – კომპანიაში, სადაც მეტალო-პლასტმაისის კარ-ფანჯრებს აკეთებდნენ, მეორედ – ბანკში და მესამედ – პოლიციის ორგანოში. სამივე შემთხვევაში მოხდა ის, რომ თხუთმეტი წუთით გავჩერდი და მივხვდი, აქ რომ დავრჩე სუიციდით დავამთავრებ ცხოვრებას და ყველაზე უბედური ვიქნები-მეთქი. ეს რომ არ გავაკეთე და არ ვიმუშავე იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო და ვაკეთებ დღემდე იმას, რისი კეთებითაც სიამოვნებას ვიღებ, ზუსტად ესაა გამართლება. ყველას ვურჩევ: იმ საქმეს ჩაეჭიდონ და გახდნენ პროფესიონალები, გურუები და ყველაზე მაგრები, რაც მართლა მაგრად მოსწონთ და რისი კეთებაც აბედნიერებთ. შესაბამისად, საქმეც კარგად გამოუვათ, სიახლეებიც ბევრი იქნება მათ ცხოვრებაში, იქნებიან ბედნეირები და ირგვლივაც ბედნიერ გარემოს შექმნიან სხვა ადამიანებისთვის. იმ საშინელ პერიოდში მივხვდი ამას, როცა არ დავუჯერე მამაჩემს, არ დავიწყე მუშაობა ბანკში, სადაც თანამშრომლებიც გამაცნეს, ოთახიც გამომიყვეს, მაგიდასთანაც დამსვეს და ზუსტად თხუთმეტ წუთში გავიპარე. ზოგადად, გაპარვები მაგრად მიყვარს (იცინის). ბავშვობაში წყნეთში, ბანაკში დამტოვეს. ფილმი მქონდა ნანახი, სადაც ბანაკიდან ბავშვები იპარებიან. თან, არ მიდნოდა იქ დარჩენა, არც მხიარულება იყო და თან, კომუნისტი პედაგოგების რეჟიმში ცხოვრებას ვერ ავიტანდი. თან, რეჟიმში დასვენება რა ფენომენია, დღემდე არ მესმის. მოკლედ, გამახსენდა ის ფილმი და გამოვიპარე. ჯერ ერთ ხეს ამოვეფარე, მერე – მეორე ხეს, მესამე ხეზე ავძვერი და დავზვერე სიტუაცია და ბოლოს ავედი ავტობუსში, რომლის ბოლო გაჩერებაც იყო, იდგა და ელოდებოდა მგზავრებს. ალბათ, 6-7 წლის ვიყავი და რომ შემამჩნია მძღოლმა მარტო ბავშვი, დიდხანს გაჩერდა, ალბათ, ელოდებოდა, ვინმეს რომ მოეკითხა. გადათვალეს ბანაკში ბავშვები, ერთი აკლია, ვინ? ვინ და გაჩეჩილაძე! გამოქანდნენ გზაზე და ავტობუსში აღმომაჩინეს. მთავარი, რომ გავპარულიყავი და გავცილებოდი ტერიტორიას, სადაც რეჟიმი იყო, ეს შევასრულე და უკან ბედნიერი სახით წამოვყევი.
– ამის გამო თუ დაისაჯე?
– რომელი ხის უკანაც ვიმალებოდი, იმ ხეზე სახტუნაოთი მიმაბეს და დაბინდებისას ამხსნეს. ბავშვებს ფუნთუშები მოჰქონდათ, ხომ არ გშია, ჭამეო. მე კიდევ მიხაროდა, თავგანწირულის როლი რომ მერგო – გმირულად ვიყავი მიბმული და ყველას თვალწინ დავისაჯე (იცინის).
– ვიცი, მეგობრული მამა ხარ და როგორი ბაბუა ხარ შვილიშვილისთვის?
– ჩემი შვილის მეგობრები ამბობენ: ჩვენი ძმაკაცი უფრო ხარ, ვიდრე ჩვენი ძმაკაცის მამაო. ნოემბერში, გიორგობას, 55 წლის ვხდები. ჩემი შვილი, გიორგი, 30 წლის ხდება. მისი შვილი, ანუ ჩემი შვილიშვილი, დაჩი კი – 3 წლის. ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, შვილიშვილთან კი ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. დაჩიც ჩემსავით მამით იმერელია და დედით – გურული, იუმორშიც მე მგავს და რომ გაიზრდება, გიორგიზე მაგარი ძმაკაცები ვიქნებით. მადლობელი ვარ, რომ ჩემი განვლილი გზა არ იყო ია-ვარდით მოფენილი და ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. სწორედ, ამის გამო ჩამომიყალიბდა ის ხასიათი, რაც მაქვს და ეს მენტალიტეტი, რაც გამაჩნია, ასევე, ფასეულობები, რაც შევიძინე ამ გზის განმავლობაში ბევრ რამეზე დაკვირვებით. განვლილმა გზამ გამომბრძმედა, იყო ჭკუის მასწავლებელი. თუმცა, უკან არ ვიხედები, მიყვარს წინ ყურება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





