შოუბიზნესი

სანდრო შელია: მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, თუნდაც ხელში იარაღი ავიღო

№3

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 25.01, 2023 წელი

სანდრო შელია
დაკოპირებულია

ახლა წარმოგიდგენთ ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც აშკარად შეატყობთ არაქართულ გარეგნობას. თითქოს იტალიელია, თითქოს ფრანგი, თითქოს ესპანელი, არ ვიცი, ვის ჰგავს, მაგრამ უცხოელს კი ჰგავს. მოკლედ, ეს ქართველი ალექსანდრე, იგივე სანდრო შელიაა, დედით უკრაინელი, ბიზნესმენი, შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი, რასაც ასევე, ვერ ვიფიქრებდი მისი გარეგნული მონაცემების მიხედვით. აქაც, ის ხან მოცეკვავე მეგონა (ბალერონი), ხან მომღერალი, ხან პიანისტი, ხან ვინ და ხან - ვინ, ოღონდ არა ტექნიკური საკითხების სპეციალისტი, არა პოლიტოლოგი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყველას ძალიან მოსწონს, ქალებს, რა თქმა უნდა, კიდევ ის, რომ ის ახალგაზრდა, ლამაზი პიანისტის, თათია შარანგიას ყოფილი მეუღლეა. თათიასა და სანდროს ერთი საერთო შვილი - ანდრიუშა ჰყავთ. თუმცა ჩვენ პირად თემას ნაკლებად შევეხეთ, რადგან ამაზე სალაპარაკო და ახალი არაფერია. ისინი კარგა ხანია, დაშორდნენ. სანდრო შელიას საინტერესო ცხოვრების (ალბათ, უფრო პროფესიული ცხოვრების) გზა აქვს, სადაც ის დიდი ხანია, შედგა. თუ როგორ? ერთად გავიგოთ.

სანდრო შელია: თითქმის 20 წლის განმავლობაში ამერიკაში ვცხოვრობდი. ბნელი 90-იანების დროს, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი დიდი ოცნება გახლდათ ამერიკაში სწავლის გაგრძელება. ამერიკა იყო და არის ჩემი საოცნებო ქვეყანა. ეს ქვეყანა იზიარებს ჩემს მთავარ ფასეულობებსა და იდეალებს - თავისუფლებას, მიზნისკენ სწრაფვას, შრომით და შეუპოვრობით შექმნილ უსაზღვრო შესაძლებლობების პოტენციალს. მაშინ, ფინანსური თვალსაზრისით, ეს შეუძლებელი იყო ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე მიზნის მისაღწევად. საათობით ვუყურებდი ამერიკულ ფილმებს, ვესაუბრებოდი აქ, თბილისში მცხოვრებ ამერიკელებს, ვმეცადინეობდი, რომ ენა იდეალურად მცოდნოდა. 1996 წელს გავიმარჯვე გაცვლითი პროგრამის კონკურსში 300-ზე მეტ მონაწილეს შორის. ასე აღმოვჩნდი გამარჯვებულ ოთხეულში. მაშინ, ჩემი გატაცება პროგრამირება იყო და უკვე მრავალ კონკურსში მქონდა მოპოვებული გამარჯვება, თუმცა ამერიკაში დავინტერესდი პოლიტოლოგიით და უნივერსიტეტი 2 წელიწადში, ორმაგი დატვირთვის ხარჯზე დავამთავრე 19 წლის ასაკში. მახსოვს, ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული ვიყავი „ალეგენი კოლეჯის“ 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში. განსაკუთრებით მეამაყებოდა, რომ მივიღე ჯილდო წლის საუკეთესო სადიპლომო ნაშრომისთვის პოლიტოლოგიაში, რადგანაც ჩემი სადიპლომო თემა იყო აფხაზეთი და რუსი „სამშვიდობოების” მაშინდელი თვალთმაქცური როლი. პირველი უცხოელი სტუდენტი ვიყავი, ვინც პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ეს ჯილდო მიიღო. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ამერიკაში წარმატებული კარიერა მქონდა. ასევე, დავამთავრე „ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის“ მაგისტრატურა და ამერიკის მოქალაქეც გავხდი. ბოლოს ვაშინგტონში, ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტში აკრედიტაციის უფროსი დირექტორი ვიყავი.

- და ეს ყველაფერი მიატოვე, ასეთი შრომით, წვალებით მოპოვებული კარიერა, რაზედაც ოცნებობდი. ოცნებები ისევ ჩვენი მიზანდასახულობითა და თავდაუზოგავი შრომით ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ბედი არაფერ შუაშია და ლანგრით არავინ არაფერს მოგვართმევს. ვინ იცის კიდევ როდის გექნება ასეთი შანსი?!

- როდესაც მომავალი (უკვე ყოფილი) მეუღლე გავიცანი, პატარა ბავშვები ჰყავდა. ამერიკაში ჩემთან მათი გადმოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ამერიკაში ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში. აქ ცხოვრებისა და კარიერის ხელახლა დაწყება მომიწია. ერთადერთი, რაც გამოვიყოლე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება იყო.

- რაზე გწყდება გული აქ ყველაზე მეტად?

- მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.

- თავი მოტყუებულად და დამცირებულად თუ გიგრძნია როდისმე?

-ეს ცხოვრებაა. ცხოვრებაში ასე ხდება სულ, ყველა მოვუტყუებივართ და იმედებიც გაუცრუებიათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ ირგვლივ ადამიანების სწორად შერჩევა. ნდობა არის ისეთი რამ, რის მოპოვებაც ძალიან რთულია, ხოლო დაკარგვა - წამებში ხდება და სამუდამოდ.

- „ფეისბუქზე“ საერთო ქრონიკაში იმ დღეს შენი ფოტო გამოჩნდა წარწერით - „რუსულ ტანკთან“. როგორ და რატომ წახვედი იქ? ასეთი გაბედული ხარ, არ შეგეშინდა?

- ბევრი მეგობარი, ნათესავი მყავს უკრაინაში. დედით უკრაინელი ვარ. ამ საახალწლო დღესასწაულების ფონზე, მართალი გითხრათ, სულ ვგრძნობდი გარკვეულ უხერხულობას ამ ქვეყანასთან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ რაღაცას, ვხალისობთ, ჩვენი მეგობრები გადარჩენისთვის იბრძვიან. ჩვენი საერთო მტერი მათ თავს ესხმის. იქ სიცივეა, სიბნელეა იმიტომ, რომ რუსეთი უბომბავს ინფრასტრუქტურას. შეიძლება, შენთვის მიდიოდე ქუჩაში, ამ დროს გვერდით ბომბი აფეთქდეს და სიცოცხლეს გამოემშვიდობო. რუსი ოკუპანტები ხოცავენ ბავშვებს, სჩადიან საზარელ დანაშაულებს - როგორ შეიძლება, ამ დროს კომფორტულად იყო? რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ნაწილიც ოკუპირებულია იგივე მტრის მიერ, მაგრამ ზოგიერთნი ჩვენს საზოგადოებაში ამას თითქოს ივიწყებენ. „მშვიდობით სავსე ქალაქი” - ეს ლოზუნგიც ამ ვითარებაში ჩემთვის ცინიზმით არის სავსე. ბედობის შემდეგ დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები, ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი აპირებდნენ მეორე დილით უკრაინაში წასვლას. გადაწყვეტილება იმ საღამოსვე მივიღე, რომ გავყოლოდი და მეორე დილით უკვე ერთ თვითმფრინავში ვიჯექით ვარშავის მიმართულებით. გადავწყვიტე, ეს საახალწლო პერიოდი უკრაინელ ხალხთან ერთად გამეტარებინა, განსაკუთრებით კი, ქართული ლეგიონის, ჩვენი მამაცი ჯარისკაცების გვერდით. გზა კიევისკენ რთულია. პოლონეთიდან ბევრი საათი მიდიხარ ავტობუსით ან მატარებლით. ამ დროს თვალწინ იშლება ჩაბნელებული უკრაინის ხედები და ცრემლი გადგება, განსაკუთრებით, როცა დედაქალაქთან ახლოს, ბუჩას და ირპინს გაივლი. საკუთარი თვალით ხედავ იმ სისასტიკეს, განადგურებულ სახლებს და ქუჩებს, რაც აქ პუტინის რუსეთმა მოიტანა. უკრაინაში ამჯერად საბრძოლველად არ წავსულვარ. თუმცა, იქ მკაფიოდ გიჩნდება განცდა, რომ ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება და როდესაც შენს ქვეყანას თავს ესხმიან, არ გაქვს სხვა გზა, უნდა აიღო ხელში იარაღი და იომო. ასე მოიქცა უკრაინელი ერი და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ისინი გაიმარჯვებენ.

- არ ვიცი, მაგრამ ასე ჩანს, რომ ძალიან ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე, წარმატებებისთვის ისევ სწავლობ, სულ შრომობ.

- ჩვენი ცხოვრება და ბედიც ჩვენს ხელშია. საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივი სწრაფვა თვითგაუმჯობესებისთვის, ვფიქრობ, არის ამ ცხოვრების ნამდვილი არსი.

- როგორ იღებ გადაწყვეტილებებს, სპონტანურად თუ ბევრს ფიქრობ? შენს სამომავლო გეგმებზეც გვითხარი.

- არის გარემოებები, როდესაც სპონტანურ გადაწყვეტილებებს ვიღებ, მაგრამ ისინი ძირითად სტრატეგიას და ჩემს ფასეულობებს ემსახურება. ბევრი რამ დაგეგმილი მაქვს და მიყვარს მიზნების დასახვა, მათ მიღწევაზე მუშაობა, თუმცა არასდროს არ უნდა გამოტოვო მოულოდნელი შესაძლებლობები და ისინიც უნდა გამოიყენო. რაც შეეხება გეგმებს, ვაპირებ ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენას, ჩემი რესურსის გამოყენებას საქართველოს საკეთილდღეოდ იმ არენაზე, სადაც ჩავთვლი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ვიქნები. საქართველო ახლა გარდამტეხ გზაჯვარედინზეა და საჭიროა, ჩვენმა ხალხმა გაიტანოს ის, რაც მოსახლეობის უმრავლესობას სურს - დემოკრატია, ევროპასთან დაახლოება და დასავლური გზა. ამისთვის მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, თუნდაც ხელში იარაღი ავიღო მტრისგან ქვეყნის დასაცავად.

- დაშორების შემდეგაც არ შეგინელებია ყურადღება ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ, თათიას შვილებთან, დასთან, მშობლებთან.

- ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად, ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა