ლიკა ყაზბეგი: ადრე, ჩემს უცნაურობებს ვერ ვხსნიდი და როცა ანალიზები გავიკეთე, აღმოჩნდა, სწორედ ამ სინდრომის ბრალი ყოფილა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00
ხშირად ადამიანები საკუთარ თავში უცნაურ ქცევებს ვამჩნევთ, თუმცა არ ვაქცევთ ყურადღებას და ვცდილობთ, ცხოვრების დინებასა და ყოველდღიურ მოვლენებს ავუწყოთ ფეხი. ხშირად ეს გამოგვდის, ხშირად – არა. ბევრის ცხოვრებაში მოდის წარმატება, თუმცა საკმაოდ გვიან და ამასაც ჩვენეულად ვუძებნით ახსნას. ლიკა ყაზბეგის ცხოვრებაშიც საკმაოდ გვიან მოდიოდა წარმატება და ის ამას მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანს აბრალებდა, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი უცნაურობები არა ზოდიაქოს, არამედ მისი სინდრომის ბრალია, რომელიც ბავშვობიდან აქვს და მხოლოდ სამი თვის წინ შეიტყო ამის შესახებ.
– რამდენად არის შენში განვითარებული, ეგრეთ წოდებული ქალური ინტუიცია და თუ ხვდები წინასწარ მოსალოდნელ მოვლენებს?
– არ ვიცი ქალური ინტუიციაა თუ არა, მაგრამ ზოგჯერ დავფიქრებულვარ და შემშინებია ჩემი თავის. კერძოდ, ახლობელი ადამიანის სახეზე ხშირად ამომიკითხავს მისი ფიქრები. მის სახეზე წამიკითხავს რა გაიფიქრა იმ წამს. ჩემს პოტკასტშიც გავაჟღერე და ვთქვი, რომ მაქვს ADHD სინდრომი, ანუ როგორც მას უწოდებენ, სამედიცინო ენაზე, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის აშლილობა, რომელიც ქალებში იშვიათია. დავიწყე კურსებზე სიარული, სადაც ამ სინდრომის მქონე ადამიანები შევიკრიბეთ და სწორედ იქ გვასწავლეს საკუთარი თავის მართვა. გვითხრეს: ადამიანს, რომელსაც აქვს ADHD სინდრომი, მისი სხეული და ყურები „ლოკატორებივითაა“ და როცა შედის სივრცეში, ზუსტად იგებს ვის ვისთან როგორი ურთიერთობა აქვს, ვისთან რა აკავშირებს. მოკლედ, ჩვენ, ამ სინდრომის მქონე ადამიანებს, სხვანაირი ხედვა გვაქვს, თავისი გაძლიერებული ინტუიციით. ადრე ჩემს უცნაურობებს ვერ ვხსნიდი და სამი თვის წინ, როცა ანალიზები გავიკეთე, აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სინდრომის ბრალი ყოფილა (იცინის). ასეთ ადამიანებს არ გვაქვს ნეიროტიპური ტვინი და ვხედავთ და აღვიქვამთ იმას, რასაც სხვა ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს. ეს ძალიან კარგია, ხელოვნების სფეროში ჩართული ადამიანისთვის, რადგან უფრო კრეატიული ხარ. ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, დავანებე თავი და 30 წელი ისეთ სფეროში აღმოვჩნდი და შევრჩი, სადაც ეს კრეატიულობა იყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, რაშიც ჩემი ADHD სინდრომი, ამ კუთხით, ძალიან გამომადგა. იმის მერე, რაც ეს სინდრომი დამიდგინდა, საკუთარი თავი ახლიდან აღმოვაჩინე, თითქოს ცხოვრება თავიდან დავიწყე. პასუხგაუცემელი კითხვები ადამიანისთვის ტვირთია, საშინელებაა და ახლა ზუსტად ვიცი, რის გამო და რატომ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი.
– კონკრეტულად, რას გულისხმობ?
– ცხოვრება თითქოს თავიდან დავიწყე, როცა ბევრ რამეს გაეცა პასუხი, მაგალითად, იმას, რომ ბევრ რამეს ვაკეთებდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ ვაკეთებდი. დავდიოდი თერაპიებზე, ფსიქოლოგებთან, სად არ ვიარე და თურმე, ძალიან მარტივი პასუხი ჰქონია ამ ყველაფერს. მერე, ჩემნაირი ბევრი ადამიანი გავიცანი. მშვიდდება და წყნარდება ადამიანი, როცა იცის, მისი კონკრეტული ქცევა რისი ბრალია. ჩემს სფეროში ძალიან წარმატებულ ადამიანად ვითვლები, მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა წარმატება ზემოთ მიექანებოდეს, თვითშეფასება ამ სინდრომის გამო, დაბალია. იმიტომ რომ, რასაც ზოგი მარტივად და ადვილად აკეთებს, შენ ვერ გამოგდის, თუმცა, სამაგიეროდ, კრეატიული ხარ და შეიძლება, ისეთი რამ მოიფიქრო, რასაც ასი წელი სხვა ვერ მოიფიქრებს. ჩემი ნება რომ იყოს, ნეიროტიპური ადამიანი ვიქნებოდი და ცხოვრებაც გამიიოლდებოდა. სხვათა შორის, ბავშვობაშიც ვამჩნევდი საკუთარ თავს, რომ განსხვავებული ვიყავი. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს იმ აწმყოში არ ვიმყოფებოდი. ჩემი მეგობარი რომ მიყვება ჩემს ამბებს, მე როგორც უცხო ყური, ისე ვუსმენ და მერე აღმომიჩენია, რომ ჩემზე ყვება (იცინის). ანუ, მე ვიყავი იქ და ამ დროს ჩემი გონება სხვაგან იყო. როცა ვინმესთან ვსაუბრობ, შეიძლება, გულში, პარალელურად, სამ ადამიანს ველაპარაკებოდე. ჩემს პოტკასტში ამაზე საუბარი ხშირად მაქვს და მინდა, სერიებად წავიდეს. ახლაც, ცნობილი ფსიქიატრის ჩაწერას ვგეგმავ ამ თემაზე. თურმე, რამდენი ხანი არ ვიცნობდი საკუთარ თავს და ახლა ამოვიცანი. მაგალითად, ზარმაც ადამიანს არ აინტერესებს, თუ მის გარშემო ნივთები მიმოფანტულია, მე კი ვწუხვარ, ნერვებს მიშლის, მაგრამ არ ვალაგებ, მერე ვბრაზდები საკუთარ თავზე. ესეც ჩემი სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თუმცა, საბედნიეროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, თუ ენერგია მომეძალა, შემიძლია, ყველაფერი წესრიგში უმოკლეს დროში მოვიყვანო. თუმცა, არის მომენტები, თითქოს პარალიზებული ხარ და შენს თავს ელემენტარულს ვერ აიძულებ, თუნდაც იმას, ჭიქა რომ გვერდით გადადგა. ამის ფონზე, მე რომ ამხელა პროექტებს ვაკეთებდი, ნამდვილად მიკვირს. თუმცა, ამ დროს მოტივაცია თამაშობს დიდ როლს. მოტივაციაზე კი პასუხს აგებს დოფამინი, რომელიც სამწუხაროდ, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ჩვენ, ამ სიმპტომის მატარებელ ადამიანებს, ნაკლები გვაქვს. ამიტომ, სულ დოფამინის ძიებაში ვარ და ჩემი დები ამბობენ, ნამდვილი ექსტრემალი ხარო. ახლა, რომ დავფიქრდი და ვიცი ჩემი სინდრომის შესახებ, ვიცი, ეს ექსტრემი რაში მჭირდება, იმაში რომ დოფამინი მოვიპოვო. მთელი ცხოვრება დოფამინის მოპოვებაში ვარ (იცინის). ამ სინდრომის ანალიზით დადასტურების შემთხვევაში, ფსიქიატრი გინიშნავს წამალს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის. სხვათა შორის, მინდა, ჩემი პოტკასტებით, ამ მხრივ ცნობიერება ამაღლდეს და წამალიც შემოიტანონ. ეს ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ მე თუ დავაჩქარებ, ძალიან კარგი იქნება. ამ სიმპტომის ადამიანს მეხსიერება აქვს გაფანტული, შეიძლება სხვამ რაღაც ისწავლოს სამ თვეში, ჩვენ კი გვჭირდება ორჯერ და სამჯერ მეტი დრო. როცა წიგნს ვკითხულობ ან რაღაცას ვსწავლობ, თითქოს სხეულიდან გავდივარ და ამ სიმპტომის გამო, ხანგრძლივდება წაკითხულის აღქმა თუ სწავლა. ასევე, ახასიათებს საქმის გადადება და შეიძლება, ცხოვრება ამ გადადებაში ისე გაგიფრინდეს, ვერც მიხვდე. მე ამას ვაბრალებდი ჩემს ზოდიაქოს ნიშანს. თხის რქა ვარ და ცნობილია, რომ ამ ნიშნით დაბადებულები წარმატებას აღწევენ, მაგრამ გვიან. მეც ვაბრალებდი ჩემს ზოდიაქოს ნიშანს, რომ წარმატებას ვაღწევ, მაგრამ გვიან და თითქმის ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა, მაგრამ ეს დაგვიანება ADHD სინდრომის ბრალია და ახლა ვიცი. ოპერატიულად, უცებ და სწრაფად ვერ ვახერხებ. სხვათა შორის, ბევრი ადამიანია ამ სიმპტომის მატარებელი, მაგრამ ვერ ხვდება და აუცილებელია დიაგნისტიკის გაკეთება, რომ მისი მართვა შეძლოს. ჩემთვის ამის გაგება შვება იყო, რადგან ნორმალური ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრი უცნაური რამ მჭირდა. ხშირად ვერ ვახდენდი ყურადღების კონცენტაციას და ვერ ვხვდებოდი, რატომ. ახლა კი აღარ მაქვს თვითგვემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გავაცნობიერე, რომ თურმე, უცნაურად ვიქცევი, იმიტომ რომ ჩემი ტვინი, ფიზიონომიურ დონეზე, სხვანაირია. ძალიან ემპათიური ვარ და შემიძლია, სხვა ადამიანის ცხოვრება გავითავისო. ამ სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები ვართ, მაგალითად, როცა ადამიანი რამეს მიყვება, თითქოს მის სხეულში ვსახლდები და მის სიხარულს თუ დარდს ვითავისებ. უსამართლობის შეგრძნებასაც გამძაფრებულად განვიცდი. სხვათა შორის, ასეთი განსხვავებული ტვინი ძალიან გამომაგდა ჩემს სფეროში, რადგან ბევრი წარმატებული პროექტი გამიკეთებია. სულ ვამბობ, ბევრს დიზაინერი ვგონივარ, მაგრამ არ ვარ და რომ ვიყო, ალბათ, შევქმნიდი უნიკალურ კოსტიუმებს. ისე, შეძახილმა ხე გაახმოო და იმდენჯერ დამაბრალეს, არ არის გამორიცხული, დიზაინერობაც დავიწყო და შევქმნა არაორდინარული და უნიკალური კოსტიუმები.
– ლიკა, უამრავი პოტკასტი გამოჩნდა სოციალურ ქსელში. თავად რატომ მოგინდა მისი გაკეთება?
– როგორც აღვნიშნე, ტელე-ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული და ეს პირდაპირ ჩემი პროფესიაა. თან მე ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია, ჩემი ინტერესის სფეროა და როცა პოტკასტებში იწვევდნენ კონკრეტულ ფსიქოლოგს და არ უსვამდნენ იმ კითხვას, რომლის პასუხიც მაინტერესებდა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეუფლებოდა. ბევრი არაჩვეულებრივი პოტკასტია სოციალურ სივრცეში და არაჩვეულებრივი კოლეგებიც მყავს ამ სფეროში, მაგრამ ხშრად მიფიქრია, იქ რომ ვიყო ახლა მე ამას ვკითხავდი სტუმარს-მეთქი. მოკლედ, გადავწყვიტე საკუთარი პოტკასტის შექმნა და არაჩვეულებრივი სტუმრებიც მყავდა საინტერესო თემებით. ახლა ვაპირებ, ისეთი ადამიანები მოვიძიო და მოვიწვიო, ვინც ფართო საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობადები არ არიან, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვთ. ასეთი ადამიანების ძიებაში სულ ვიქნები, მინდა, ჩემი პოტკასტით ბევრი საინტერესო ადამიანი გავაცნო საზოგადოებას. სხვათა შორის, უკვე მესამე თვეა, რაც პოტკასტი მაქვს და დღითი დღე ემატება გამომწერები, კარგად მივდივარ წინ. ჩემი ცნობადობა და კონტაქტებიც ძალიან გამომადგა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





