რეზო ბლიაძე: რთულია ჩემნაირი ტიპის ატანაც, გაგებაც და მოსმენაც
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 13.07
მერწყული ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაში არიან.
რეზო ბლიაძე: 1987 წლის 31 იანვარს დავიბადე, ზოდიაქოთი მერწყული ვარ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ასტროლოგიის ძალიან მჯერა, მაგრამ კარგად ვერთობი. მისი მეცნიერულ დონეზე არ მჯერა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასტროლოგიის მეშვეობით კარგად შეიძლება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების დაპროგრამება, რაც პროფესიულადაც გამოსადეგია და ამ მხრივ, საინტერესოა.
– მერწყული ერთ-ერთ ყველაზე რთულ და წინააღმდეგობებით სავსე ნიშნად მიიჩნევა. რამდენად ეთანხმებით?
– ვეთანხმები, იმიტომ რომ ზოგადად, ბევრი ნიშანი შეიძლება, დაემთხვეს ამ მოცემულობას. დაპროგრამებაში ზუსტად ამას ვგულისხმობ. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ მერწყული არის ჯიუტი, შეუპოვარი, თავისუფალი და ასე შემდეგ, მე თუ ატროლოგიის მჯერა და ამ თვისებებს ჩემს თავთან დავაკავშირებ, ეს ნიშნავს, რომ მე ჩემს ტვინს ვაძლევ ბრძანებას, რომ ასეთი ვარ. რეალურად, გამიგია, რომ მერწყულები თავისუფალი ადამიანები არიან, ბევრი იდეა აქვთ, წლებით ადრე პროგნოზირებენ და რადგან ეს ვიცი, ჩემს თავში ვეძებ ამ თვისებებს. რადგან ვეძებ, შესაბამისად, ვპოულობ კიდეც.
– წინააღმდეგობებით სავსე ხასიათი გაქვთ?
– წინააღმდეგობები საკუთარ თავთან არ მაქვს. საკუთარ თავთან ყველაფერზე შეთანხმებული ვარ. ჩემში ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს. ეს მინდა და ვერ გავაკეთებ – მსგავსი წინააღმდეგობები ჩემში არ არის. თავისუფალი ვარ. წინააღმდეგობები მაქვს, მაგრამ გარკვეულ ნიშნებთან. არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ, წინააღმდეგობაში მოვდივარ, ამას მათი გაცნობისთანავე ან ურთიერთობის დროს ვხვდები. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც პროგრესის წინააღმდეგები არიან. არ მიყვარს, როცა ისეთ ადამიანებთან მაქვს საქმე, რომლებსაც ექსპერიმენტები აშინებთ. „მე სტაბილურობის მომხრე ადამიანი ვარ და ექსპერიმენტს მირჩევნია, ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის“ – ამ შეხედულებების მქონე ადამიანებთან წინააღმდეგობაში მოვდივარ. ძალიან მიყვარს სიახლეები და კარგად ვუგებ ასეთივე ადამიანებს. ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა განსხვავებული ადამიანები.
– რამდენად გახასიათებთ ახალი შეგრძნებების ძიება?
– უფრო ემოციების. მე ემოციების მაძიებელი ადამიანი ვარ. ემოციები ჩემზე ძალიან მოქმედებს და ჩემს შემოქმედებაშიც აისახება. მაგალითად, კარგა ხანს მეგონა, რომ ჩვენი სიმღერა - „ველოსიპედი“ - ჩემი ემოციური მდგომარეობა იყო.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო პირდაპირ კავშირში. ეს იყო ფარისებრის დაავადება, რომელსაც ვუმკურნალე და ეს პირდაპირ იყო კავშირში ნერვებთან. ამ სიმღერაში ვმღერი - მე ნუ მიშლი ნერვებს. ის იყო იმ მომენტში ჩემი ემოციური მდგომარეობა.
რაც შეეხება შეგრძნებებს, ძალიან დროებითია. მგონია, რომ დიდხანს არ ამახსოვრდება ადამიანს. ის კონკრეტულ ამბებთან ერთად მთავრდება. მქონია შეგრძნებები, რომლებზეც ვინმეს რომ ეთქვა, გაქრებაო, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ გაქრა. ემოციები უფრო დასამახსოვრებელია.
- თავისუფლებისკენ სწრაფვა რა დოზით არის თქვენს ხასიათში?
- ეს არის მთავარი. მერწყული თუ შეზღუდული, შევიწროებული და გავლენების ქვეშ არის, ფუნქციას კარგავს. თავისუფალი უნდა ვიყო იდეაში, იუმორში. რაღაცაზე რომ ვხუმრობ, არ უნდა ვფიქრობდე, სადღაც ვიღაცას ხომ არ ვაწყენინე ან შევეხე... ეს თავისუფლება ალაგებს ჩვენს ცხოვრებას. „რადგან ხალხი ასე ფიქრობს, მეც ასე უნდა ვიფიქრო“ - ეს ჩემგან შორს არის, სტანდატებს არ ვექვემდებარები. ხალხი იძახის „არა რუსულ კანონს“ და მეც ეს უნდა გავიმეორო ისე, რომ არ ვიცოდე ჩემი სიტყვების შინაარსი, ეს ჩემთვის მიუღებელია. არ მაინტერესებს, რას ამბობს გარკვეული მასა. რაც არ გვინდა, ვერ გაგვაკეთებინებ, ასეთი ტიპები ვართ.
– რამდენად არაპროგნოზირებადი ხართ?
– ძალიან არაპროგნოზირებადი ვარ. ზოგჯერ იმდენად ვიცი, რას ელოდებიან ჩემგან, რომ სრულიად საპირისპიროს ვაკეთებ და ვიცი, რომ ეს ემოციას გამოიწვევს. არ ვიცი, როდის რა მომინდება. შეიძლება, წამებში მომინდეს წლების ნაფიქრი გადაწყვეტილების შეცვლა. უბრალოდ, ამოვხევ ძველ ფურცელს, ურნაში მოვისვრი და ტვინიდანაც წავშლი.
– ამ ნიშანს ახასიათებს, მოიქცეს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და არ ფიქრობს, რომ ვინმესთან რამე აქვს ასახსნელი...
– აბსოლუტურად ეგოისტური ნიშანია. მე, მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ ჩემი თავიდან გამოვდივარ. მართლა არ მაინტერესებს, ვინ რას და როგორ ფიქრობს. რა მოჰყვება ამას, ზოგჯერ ესეც კი არ მაინტერესებს ან პირიქით, ზოგჯერ მაინტერესებს კიდეც, რა მოჰყვება ჩემს ნაბიჯს.
– საახლობლო წრეს უჭირს ამის მიღება თუ მიჩვეულები არიან?
– სიმართლე რომ გითხრათ, რთულია ჩემთან ურთიერთობა. რთულია ჩემნაირი ტიპის ატანაც, გაგებაც და მოსმენაც. შეიძლება, სხვა ადამიანებიც რთულები არიან, ყველა თავისებურად რთულია. იმავდროულად, ძალიან მსუბუქი ნიშანია. სწორი კომუნიკაციაა საჭირო. უცნაური წინათგრძნობა და ინტუიცია გვაქვს. წინასწარ გვაქვს წარმოდგენილი რაღაცები და ისეც ხდება, როგორც წარმოვიდგენ. იმდენად ხშირად მიმართლდება მოლოდინები, რომ კომუნიკაციის დროს, ძალიან სწრაფად ვატყობ, საით წავა საქმე. თუ ადამიანი ჩემთან გულწრფელი და გახსნილია, საქმეში იქნება თუ მეგობრობაში, მასთან არ მიჭირს, მიადვილდება. 39 წლის ვარ და ამდენწლიანი ძმაკაცობა და მეგობრობა მაკავშირებს ადამიანებთან. მათ არ უჭირთ ჩემთან ურთიერთობა. ვიღაცას რომ გუშინწინ გადავეკვეთე საქმეში და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, თუ ის ჩათვლის, რომ რაც მას უნდა, ის უნდა გავაკეთო, ასეთ ადამიანს შეიძლება, უჭირდეს ჩემთან ურთიერთობა.
– ცოტა ცივ ადამიანებად მიაჩნიხართ. ამის გამო თუ გსაყვედურობენ? თითქოს, მერწყული მხოლოდ საკუთარი თავით არის მოცული.
– მერწყული არ არის მხოლოდ საკუთარი თავით მოცული. აბსოლუტურად სხვა ადამიანებით ვარ მოცული. ადამიანი, ზოგადად, ყველაფერს საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებს. ადამიანი, რომელიც ზრუნავს სხვა ადამიანზე, შეიძლება, თავად განიცდიდეს ან წარსულში განუცდია ზრუნვის დეფიციტი, ამიტომ დღეს ცდილობს, სხვებზე იზრუნოს. თუ ადამიანი ყურადღების, მოფერებისა და სიყვარულის დეფიციტს განიცდი ან განიცდიდი, მომართული ხარ, რომ სხვებზე იზრუნო და გიყვარდეს. თუ ყურადღების დეფიციტს არ განიცდი, თუ უყვარდი და თუ არ უყვარდი, შენთვის ეგეც არ ყოფილა დისკომფორტი, არ გაქვს განსაკუთრებული მზრუნველობა სხვების მიმართ. მქონია განსაკუთრებული მზრუნველობა ადამიანების მიმართ და სადღაც მივხვედრილვარ, რომ აზრი არ აქვს. მე ეს არ მჭირდება, ჩემი არ არის. ამიტომ გვეძახიან ცივებს. ცივები კი არა, რეალურები ვართ. არ მჭირდება იმის გამო ვიღაცის მოფერება, რომ აქეთ მომეფერონ და თავზე გადამისვან ხელი. არ მჭირდება თავზე ხელის გადასმა. არადა, ადამიანების ნაწილი შენგან მოითხოვს თავზე ხელის გადასმას. ეს შენც ხომ უნდა გინდოდეს, შენც უნდა განიჭებდეს სიამოვნებას. ყალბი რომ ხარ, ტყუილად რომ ეფერები ადამიანს, ამას ჯობს საერთოდ არ მოეფერო. ვეგონო ცივი, რატომ უნდა ვეფერო. ვისაც სჭირდება და ვისაც ეკუთვნის ჩემი მოფერება, ვინც ამით ცხოვრობს, იმას რატომ უნდა მოვაკლო ყურადღება?! ვინც მერწყულს ძალიან კარგად იცნობს, ის ხვდება, რომ ურთიერთობაში ძალიან თბილები, ყურადღებიანები და პასუხისმგებლიანები ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვინც მიცნობს, ეს მხოლოდ მან იცის. ვინც ჩვენთვის უმნიშვნელოა, მას არც ვაჩვენებთ ჩვენს ამ მხარეს.
– თუ მერწყულს უპატივცემულოდ მოეპყრობი ან მოატყუებ, ძალიან მოკლე დროში სამუდამოდ გადაგხაზავთ თავის ცხოვრებიდან.
– ჟარგონს გამოვიყენებ, ჩემთვის ზოგჯერ უთქვამთ, ეგეთი „ფეხებზე მკიდია“ როგორ ხარო. ანუ, „ფეხებზე როგორ გკიდია“ ის, რაც გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყოო?! მიზეზი შეიძლება ვიღაცისთვის მცირე იყოს, მაგრამ ჩემთვის რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოხდა და ამიტომ გახდა რაღაც ან ვიღაც უმნიშვნელო. არ მახასიათებს განგრძობითი დეპრესიები. ასწლიანი გაბუტვები, ორასწლიანი ახსნები, როგორ უსმართლოდ მომექცნენ და ასე შემდეგ, მარტივად ვაგვარებ. იმდენად მარტივად, რომ ზოგჯერ გარშემო მყოფ ადამიანებს აღიზიანებთ. ასე მარტივად როგორ შეგიძლია?! შემიძლია, იმიტომ, რომ ძალიან შემეხო, რაღაც დამენგრა. მივხვდი, რომ ტყუილი იყო, შესაბამისად, მაშინვე ყველაფერს ვცვლი, ერთ წამში შევიცვლი შეხედულებებს.
– რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში და რას გამოასწორებდით?
– ვისურვებდი, რომ არ ვიყო ისე ძალიან მიმნდობი, როგორიც ვარ, რადგან ამის გამო ბევრი შეცდომა დავუშვი. ცოტა მეტ ყურადღებას მივაქცევდი საკუთარ თავს და შემოქმედებას, მერე სხვა ყველაფერს. დანარჩენით კმაყოფილი ვარ, როგორიც შემქმნა ღმერთმა, მინდა, ასეთი სახით ვიცხოვრო. ტატუებსაც კი არ ვიკეთებ, არ მომწონს. როგორიც ვარ, ისეთი მივიღე ჩემი თავი. ჩემი გონებრივი შესაძლებლობებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი რაღაცები მომიფიქრებია. ბედნიერი ვარ, რომ ავირჩიე სფერო, რომელიც ძალიან მაბედნიერებს და ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ჩემი მისია მაქვს ნაპოვნი. უბრალოდ, ნაკლებად ემოციური თუ ვიქნები, ჩემთვისვე იქნება უკეთესი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





