შოუბიზნესი

სალომე კახეთელიძე: განსხვავებულ შეგრძნებებზე უარს არასდროს ვამბობ

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:10

სალომე კახეთელიძე
დაკოპირებულია

სალომე კახეთელიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის სალომე კახეთელიძე?

სალომე კახეთელიძე: ძალიან ინტერესიანი, ცხოვრების მოყვარული და ენერგიული ადამიანი.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც თავად ვქმნით ჩვენსავე ცხოვრებას. ამიტომ ვცდილობ, იმ დეტალებზე გავაკეთო აქცენტი, რაც მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს, უარყოფითზე კი არ ვკონცერტრირდე. რამე კონკრეტულზე არ მიოცნებია, მაგრამ მრავალფეროვნება მიყვარს და მინდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე ახალი გამოწვევები მქონდეს. ასეც არის ხოლმე. თუ საკუთარი სურვილები გააზრებული გაქვს, მერე იზიდავ კიდეც იმას, რაც გინდა.

ალბათ, საოცნებოა ცხოვრება, როცა ირგვლივ ბევრი მეგობარი გყავს, შენ გარშემო მხიარულება, სიყვარულია და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომას გრძნობ.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ძალიან რთული იყო რაღაცების გაკეთება, მაგრამ ჩემი მომავლისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. იმის გამო, რომ რთული იყო და ძალიან ვიხარჯებოდი, არ გავჩერებულვარ. თანახმა ვიყავი ღამეებიც მეთენებინა იმისთვის, რომ სამომავლოდ კეთილდღეობა მომეპოვებინა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ. შორიდან არ მეტყობა, არ მიყვარს სხვებისთვის ჩემი ემოციების ჩვენება. როცა ვნერვიულობ, თავი ხელში ამყავს, მაგრამ ამას ძალით არ ვაკეთებ, ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ პირიქით, ყველას ძალიან თავდაჯერებული ვგონივარ. ეს იმის შედეგია, რომ საკუთარ ემოციებს მარტივად ვერ ვუზიარებ ყველას, თუმცა, სინამდვილეში, ბევრი რამ იხარშება ჩემს გულში და მინიმალურმა შემთხვევამაც კი შეიძლება, განსაზღვროს ჩემი დღე როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. სინამდვილეში იმდენად ემოციური ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე.

– როდის იტირა სიხარულის და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით?

– ახლახან ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში ვიყავი გადაღებაზე. ცუდად მყოფი პატარები რომ დავინახე, ძალიან განვიცადე. ერთ-ერთის დიაგნოზი მითხრეს, მართლა ადგილზე მოვკვდი... ძალიან განვიცადე და ვტიროდი...

სიხარულის ცრემლებით როდის ვიტირე, არ მახსენდება. განა არ განმიცდია ძლიერი სიხარული, უბრალოდ, არ მახსენდება, მეტიროს. როცა ძალიან ბედნიერი ვარ, უზღვავი ენერგია მაქვს და არ ვიცი, რაში დავხარჯო, ამიტომ სულ ახალ-ახალ საქმეებს გამოვუძებნი ხოლმე ჩემს თავს.

– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– პირველ რიგში, ძალიან მიჭირს საკუთარ თავს ვაპატიო, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან თვითკრიტიკული არ უნდა ვიყო და ჩემს თავს ისე უნდა მივუდგე, როგორც მეგობარს. მაგალითად, მეგობარს შეცდომის გამო ხომ არ გავკიცხავ და ვცდილობ ჩემს თავსაც ანალოგიურად მოვექცე. ამიტომ სულ ვამბობ ხოლმე, კარგია, რომ ეს შეცდომა დავუშვი, ახლა ვიცი სამომავლოდ როგორ აღარ უნდა მოვიქცე. ყველაფერი გამოცდილებაა, რომელიც ძალიან გვეხმარება.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება გააღვიძოს ეს თვისება თქვენში?

– როდესაც ვხვდები, ადამიანი ნამდვილად ბოროტია და ზურგსუკან რაღაცას შემთხვევით კი არ აკეთებს, არამედ გამიზნულად ცდილობს, შენზე ცუდი ისაუბროს, ერთმანეთს რაღაცები მიაბ-მოაბას და ისეთი რამ თქვას, რაც რეალობას არ შეესაბამება. ასეთ დროს ნამდვილად სასტიკი ვარ (იცინის). სისასტიკე იმაში გამოიხატება, რომ ამ ადამიანთან ყველაფერს ვწყვეტ, არანაირი ურთიერთობა არ მექნება მასთან, რადგან თავისი რეალური სახე გამოავლინა. წერტილი ისმება, მაგრამ გულისტიკივილი არ მავიწყდება, რადგან ზოდიაქოთი მორიელი ვარ. შურისძიება არ მახასიათებს, ბოროტებას ვერასდროს გავუკეთებ ადამიანს, უბრალოდ, ყოველთვის ძალიან მტკივნეულად მახსენდება, რაც გამიკეთა და ის, უბრალოდ, ჩემთვის აღარ არსებობს. ასეთი ადამიანის იგნორით, მე პირადად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რომ მისგან მეორედ აღარ მეტკინება.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ერთი ბიჭი შემხვდა საქმიანი წინადადებით. ცოტა ეჭვი მეპარებოდა, ნეტავ სხვა რამეში ხომ არ არის საქმე-მეთქი, ვფიქრობდი... თუმცა მომიყვა, რომ ვიღაც გოგო მოსწონდა და სიმართლე რომ ვთქვა, გამიხარდა, რადგან ეს ისტორია მოყვა, ჩავთვალე, რომ ჩემ მიმართ არ ჰქონდა სხვა დამოკიდებულება და მართლა საქმიან შეხვედრაზე ვიყავი. თავს ვიმშვიდებდი, მე არ მოვწონვარ-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში არ აღმოჩნდა ასე, თურმე, დაბნეულობისგან მოუყოლია ეს ამბავი და მერე თავში ხელები ურტყამს (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რომ შემიძლია, ცხოვრებაში მაქსიმალურად ვკონცერტრირდე იმ საკითხებზე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და ამით სამომავლოდაც დადებით განწყობებს ვიზიდავ. უარყოფითზე დიდხანს ფიქრიც არ შემიძლია. ვცდილობ, ყოველთვის მადლიერებისა და კმაყოფილების განცდა მქონდეს. თუ რამით კმაყოფილი არ ვარ, ვცდილობ, რეალობა მე თვითონ შევცვალო. ეს მიმაჩნია გამარჯვებად. ასეთი მიდგომით ცვლილებების მოხდენის ძალა გეძლევა.

დიდ მარცხად არაფერი არ მიმაჩნია. რა მომენტშიც შეწყვეტ ოცნებას, პოზიტიურად ფიქრს და დადებითი რაკურსით აღარ უყურებ სამყაროს, ალბათ, მაშინ ხარ დამარცხებული. ბევრი პატარ-პატარა მარცხი არსებობს, მაგრამ მთავარია, ამან არ დაგთრგუნოს. არა უშავს, ცხოვრებაში მარცხი „მოსულა“. ბევრჯერ უნდა დამარცხდე და ფეხზეც წამოდგე. მარცხი მხოლოდ მცდელობებისა და განვითარების შეწყვეტა მგონია.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინა?

– ორივე ძალიან ბევრჯერ მსმენია. უარყოფითიც არაერთხელ გამიგია, მაგრამ მე ხომ ვიცოდი რეალობა. ცუდად არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ როცა ადამიანი უსაფუძვლოდ ცუდს ამბობს ჩემზე, ესე იგი, რაღაც თავად აწუხებს და მის მდგომარეობაში შევდივარ. ისიც ვიცი, რომ ცუდს, მით უმეტეს, განზრახ, არ გავაკეთებ. ამიტომ არ ვიმსახურებ ასეთ ლაპარაკს, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი, პრობლემა მასშია და არა ჩემში.

რაც შეეხება დადებითს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, როდესაც ხაზს უსვამენ ჩემს შინაგან დამოკიდებულებას საქმისა და კარიერის მიმართ.

– რისი კეთება გსიამოვნებთ პროფესიული საქმიანობის მიღმა?

– კვებას ვაკონტროლებ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ვცდილობ. ძალიან მსიამოვნებს ვარჯიში. ბევრი გადაღების გამო დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება ხოლმე, ვცდილობ, საკუთარ თავს ეს სიამოვნება მივანიჭო.

– რამის ფობია თუ გაქვთ?

– ჩიტებისა და საერთოდ, ბუმბულიანი და ნისკარტიანი არსებების მეშინია (იცინის). სადმე მკვდარი ფრინველი თუა, აუცილებლად მე უნდა დავინახო და არ ვიცი, რატომ ხდება ასე.

– ყველაზე დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი...

– ყველაზე დიდი ტკივილი, ალბათ, ადამიანებში იმედგაცრუებას უკავშირდება. ასევე, საყვარელი ადამიანების დაკარგვას, გარდაცვალებას.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– სიახლეებისთვის ყოველთვის მზად ვარ. ბავშვობიდან ასეთი ხასიათი მაქვს. სულ მინდა, რაღაც ახალი გამოვცადო. მე ვფიქრობ, რომ ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე და დღემდე ამ თვისების გამო ვაკეთებ ამ საქმეს. ყველა სიუჟეტი სიახლესთან არის დაკავშირებული, ხან ცხენზე ვზივარ, ხან მოტოციკლს ვმართავ მიუვალ ადგილებში, ბავშვობაში ხან საიდან ვხტებოდი, ხან – საიდან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მუდმივი მზაობა მაქვს და ექსტრემალურ და განსხვავებულ შეგრძნებებზე უარს არასდროს ვამბობ. პატარა რომ ვიყავი, უფროსებს ყველაფრის ბუნტისთავი მე ვეგონე, რადგან თამამი და უშიშარი ვიყავი. სადმე რამე რომ მოხდებოდა, ყველაფერი მე მბრალდებოდა, თუმცა ყოველთვის ასე ნამდვილად არ იყო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი