სალომე გოგიაშვილი: მითხრა, თუ გამომყვები, ამ ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებო
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 27.07, 2022 წელი
სალომე გოგიაშვილი თავის ცხოვრებაზე, პირადსა თუ საქმიანობაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს. თუმცა, არასოდეს ულაპარაკია ზებუნებრივ ნიჭზე, რომელიც მას მემკვიდრეობით წინაპრისგან ერგო. ამის შესახებ მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იციან და ამ ნიჭის წყალობით, ზოგიერთს გამოუვალ სიტუაციაში დახმარებია კიდეც. რა ზებუნებრივ ნიჭსა და დახმარებაზეა საუბარი, ვინ არის ადამიანი, ვისგანაც ეს უნარი შთამომავლობით ერგო და ვინ სთავაზობდა მას ამ შესაძლებლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და „სხვა“ ცხოვრებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სალომე გოგიაშვილი: ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი, თუმცა, ხალხმა ყველაზე მეტად ჩემს ინტუიციაზე იხალისა. მინდა, გითხრათ, რომ მაგიური ძალა შთამომავლობით გადმომეცა. ჩემი დიდი ბებია, დედის მხრიდან, ლავრენტი ბერიას პირადი მკურნალი და მრჩეველი გახლდათ, მისტიკურ საკითხებში. საოცარ წამლებს ამზადებდა, თუმცა, სამწუხაროდ, რეცეპტები დაკარგულია. ორად ორი რეცეპტი შემოგვრჩა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ესენია ძირმაგარის უებარი წამალი და საყმაწვილო. ყველაფერს მცენარეებით ამზადებდა. სხვა უამრავთან ერთად, ონკოლოგიურ დაავადებებსაც შველოდა და გული მწყდება, რომ არცერთი რეცეპტი აღარ არსებობს. მკურნალობის ნიჭთან ერთად, ნათელხილვის უნარიც ჰქონდა, მოვლენებს წინასწარ ხედავდა. არ მგონია, ბერიას დედის გვერდით ისეთი ადამიანი დაეყენებინა, რომელიც ძლიერი არ იქნებოდა. როგორც ვიცი, ბერიას ოჯახში გაჩნდა ბავშვი მძიმე დიაგნოზით, რომელსაც ჩემი დიდი ბებია, ნინა, მკურნალობდა და საკმაოდ კარგი შედეგიც ჰქონდა, ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამ ქალზე საოცარი ისტორიებია შემორჩენილი, რასაც მეც მიყვებოდნენ.
– როგორც მივხვდი, შენი დიდი ბებია, გარდა იმისა, რომ ბერიას ოჯახის მკურნალი და ნათელმხილველი იყო, მათი ნდობით აღჭურვილი პირიც იქნებოდა. ლავრენტი ბერიაზე თუ ჰქონდა გავლენა?
– როგორც ჩანს, ჰქონდა. არაერთი ოჯახი გადაარჩინა დახვრეტას და ეს მეამაყება.
– ხილვების, გამძაფრებული ინტუიციის, მოვლენათა გააზრება-დანახვისა თუ ნათელხილვის ნიჭი გენეტიკურად შენზეც გადმოვიდა. პირველად როდის შეამჩნიე საკუთარ თავს უცნაურობა?
– ბებიასთან დიდ დროს ვატარებდი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და პანაშვიდების დროს მე სახლიდან გამარიდეს. რომ დავრუნდი და მოვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხრეს, სტუმრად არის წასულიო. მერე მიყვებოდნენ ჩემები, თურმე, ლოგინის ქვემოთ ვძვრებოდი, იქ ვთამაშობდი და უმეტეს დროს იქ ვატარებდი. რომ დაინტერესდნენ და მკითხეს: ლოგინის ქვეშ რატომ ხარ ამდენ ხანს და იქ რატომ თამაშობო, ვუპასუხე, ბებიაჩემს ველაპარაკები-მეთქი.
– რეალურად ხედავდი გარდაცვლილის სილუეტს?
– მე არ ვიცი, რეალურად ვხედავდი გარდაცვლილის სილუეტს, ნამდვილად მესმოდა მისი ხმა თუ, უბრალოდ, წარმოსახვა იყო, მაგრამ ფაქტია, ასე უცნაურად ვიქცეოდი. სხვათა შორის, ერთხელ აუზზე წამიყვანა მამამ. პატარა ვიყავი, ცურვა არ ვიცოდი და გადავხტი. ჩავიძირე, უკან ვერ ამოვდიოდი, თვალები გახელილი მქონდა, ზემოთ ვიყურებოდი და თან, ვფიქრობდი: ნუთუ, არავინ მიშველის?.. უცებ წელზე ხელების ძალა ვიგრძენი, გავიხედე და დავინახე კაცი, რომელმაც წყლიდან ამომაგდო. რომ ამოვყვინთე, მამაკაცი დავინახე. ეს ხდებოდა წამებში. მერე, ძალიან დიდხანს ვეძებე იმ ადამიანის მიმსგავსებული ტიპაჟი, ვინც სიკვდილს გადამარჩინა და წყლიდან ამომიყვანა და სახლში ვიპოვე წმიდა გიორგის ხატი. დავაკვირდი და მივხვდი, ეს იყო, ვინც დახრჩობას გადამარჩინა. დღესაც მაქვს ის ხატი. მამაოს რომ მოვუყევი, მითხრა: წმიდა გიორგი შენი მფარველი ანგელოზია და იმ მომენტში მან გადაგარჩინაო.
– მომავლის ფაქტების განჭვრეტა და მკითხაობაც შეგიძლია?
– ძალიან მორწმუნე ვარ და მკითხაობის არ მჯერა. ესაა ადამიანის ფსიქოლოგიაზე აწყობილი, ანუ როცა ადამიანი მკითხავთან მიდიხარ, ან გათხოვება გინდა, ან რამე გიჭირს ან პრობლემა გაქვს, ან ჯადო გაქვს და მოხსნა გინდა (იცინის). რაც მე მაქვს, ეს ხილვაა და არა მკითხაობა. ამას ხშირად არ ვაკეთებ, რადგან ბევრს არ ესმის. ჩემი ქმარიც კი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს უნარს და ექვსი თვის წინ, რომ დავისვი წინ და ვუთხარი, გეხვეწები, თავი გადაიღე-მეთქი, დამცინა, სისულელეებს ნუ მელაპარაკებიო. არადა, ვინც იცნობს, იცის, როგორი ჯანმრთელია. მოკლედ, დავაძალე, გადავიღეთ და მადლობა ღმერთს, გადავრჩით, დროულად აღმოვაჩინეთ, პატარა და უმნიშვნელო პრობლემა, რომელიც შეიძლება, დიდ პრობლემაში გადაზრდილიყო. რეალურად, რაც ვუთხარი, ის აღმოჩნდა და ექიმიდან რომ გამოვიდა, ორივე ხელი ასწია და მითხრა: ახლა ნამდვილად მჯერა შენი ნიჭისო (იცინის). ხშირად, როცა ქუჩაში უცხო ადამიანს ვხედავ, ზუსტად ვხვდები, რა სტკივა და რა პრობლემა აქვს, თუმცა ვერ მივალ, ვერ ვეტაკები და ვერ მივახლი. სხვათა შორის, როცა ადამიანი წინ ზის და მას ვაკვირდები, უდიდეს ენერგიას ვხარჯავ და ცუდად ვხდები. უბრალოდ, თუ პრობლემა მეგობარში დავინახე და მისი მოგვარების გზას ვხვდები, აუცილებლად დავეხმარები. ჯადოქარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მაქვს ხილვები და ის ყოველთვის მართლდება.
– შენი ამ ნიჭის გამო სპეციალისტისთვის არ მიგიმართავს?
– საკუთარ თავზე როცა ვიგრძენი მაგიური ძალების მოზღვავება და მოჭარბებული ენერგიის მართვას ვერ ვახერხებდი, ასეთი ფაქტი მოხდა: ერთმა გავლენიანმა პირმა, რომელიც ჩემი ახლო მეგობრების მეგობარია, დახმარება მთხოვა. კერძოდ, მეგობრებმა მითხრეს, პრობლემა აქვს და შენ, კარგად რომ დაფიქრდე, რას იტყვი, რაში ხედავ გამოსავალს, რა უნდა მოიმოქმედოსო. ვუთხარი: ძალიან ნუ დამიჯერებს, არ ვარ ჩემს ძალებსა და ნათქვამში დარწმუნებული, მაგრამ ასე ჯობია მოიქცეს-მეთქი. დამიჯერა და სრულიად შოკში იყო ყველა, რადგან ისეთი ვერსია ვუთხარი, რაც არც სწორი იყო და არც უნდა გაემართლებინა. მოკლედ, ისე დალაგდა ყველაფერი, როგორც მას სურდა. ამ კაცმა საზღვარგარეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ჩამოიყვანა ცნობილი ეზოტერიკოსი და შემახვედრა, რომ კონსულტაცია გამევლო. დიდხანს ვისაუბრეთ და ამ ქალმა მითხრა: ჩემთან წამოდი, ბევრ რამეს გასწავლი, შენ კიდევ არ იცი, რამხელა ნიჭს ფლობ და ცოდო ხარო. მაქვს პერიოდები, უცბად მივარდება წნევა, ფაქტობრივად, ლოგინად ვვარდები. ამ ქალმა ამიხსნა, რომ ეს არის მოზღვავებული ენერგიის ბრალი, რომელიც სწორად უნდა გადავანაწილო და ეს მე არ ვიცი.
– რატომ თქვი უარი გაყოლაზე?
– მითხრა: თუ გამომყვები, ასე ვეღარ იცხოვრებო. თუ რამე ნიჭი მაქვს და ვინმეს შემიძლია, დავეხმარო, მე მირჩევნია, დავეხმარო ჩემებს, ვიყო კარგი დედა, კარგი მეგობარი და კარგი ცოლი. მე ამით ვარ კმაყოფილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან