შოუბიზნესი

როგორ შეცვალა ხატია ბურჯანაძემ საკუთარი ცხოვრება და რის შემდეგ გახდა ის შოპაჰოლიკი

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:46

ხატია ბურჯანაძე
დაკოპირებულია

კონტენტ კრეატორ ხატია ბურჯანაძეს სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს და მისი ვიდეოები განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. ხატიამ რამდენიმე თვის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში 59 კილოგრამი დაიკლო.

ხატია ბურჯანაძე: 19 წლის ვიყავი, როდესაც წონაში მატება დავიწყე და ყოველ ჯერზე, როცა სხვადასხვა დიეტით რამდენიმე კილოგრამს ვიკლებდი, მერე ორმაგს ვიმატებდი. ენდოკრინოლოგიც დავიხმარე, ნუტრიციოლოგიც, სწორი კვება, ვარჯიში – ყველაფერი ვცადე, თან არაერთგზის, მაგრამ უშედეგოდ. 19 წლის ასაკამდე, მაქსიმუმ, 77 კილოგრამამდე ავდიოდი ხოლმე, ეს ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სასწორმა 90 კილოგრამი რომ მიჩვენა, მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. კიდევ ვცადე დაკლება, შედეგიც მქონდა, მაგრამ მერე ისევ ორმაგად მოვიმატე და საბოლოო ჯამში, 100 კილოგრამს გადავცდი, რის გამოც უკვე დეპრესია დამეწყო. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ოპერაცია გამეკეთებინა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ მივხვდი, რომ სხვა გზით შედეგს ვერ ვიღებდი.

– წონამ ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვია?

– რაღაც პერიოდის შემდეგ წნევები დამეწყო და დაღლილობის გრძნობა გამიჩნდა. ვიფიქრე, რადგან ამასობაში ასაკიც მემატებოდა, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო (იცინის). ასე ვფიქრობდი, სანამ ჩემს ქირურგთან არ მივედი და მან არ მითხრა, არა, შვილო, წნევები არ უნდა გქონდეს, ჯერ ძალიან პატარა ხარ ამისთვისო (იცინის),

– შენს ემოციურ მდგომარეობაზე თუ ახდენდა გავლენას ძველი წონა და საზოგადოების დამოკიდებულებაში თუ იყო პრობლემა?

– თავიდან რომ ვიდეოებით გამოვჩნდი, არ ვიცი, ვინ ან რით გავაღიზიანე, მაგრამ ძალიან ნეგატიურ კომენტარებს მიწერდნენ. ცხოვრებაში არ მქონია რეაქცია ნეგატიურ კომენტარზე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაც, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ და ვისთანაც აზრის საკითხავად არ მივსულვარ, რას ფიქრობს ჩემზე. ამ ტიპის კომენტარებზე გულიანად ვიცინოდი. თუმცა, იყო შეურაცხმყოფელი კომენტარებიც და გიჟი უნდა იყო, რომ ამაზეც გაგეცინოს. ძალიან ცუდადაც გავმხდარვარ მათი წაკითხვისას და მიფიქრია, რით დავიმსახურე ეს ამ ადამიანისგან, რატომ ბედავს ამდენს-მეთქი?! საბოლოო ჯამში, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ამ ადამიანების კომენტარები არ ყოფილა ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი. ბევრმა ჩათვალა, რომ ოპერაცია ბულერების გამო გავიკეთე, თუმცა, მე მათ გამო არასდროს არაფერს ვაკეთებ. მხოლოდ საკუთარი თავისა და სურვილების გამო ვდგამ კონკრეტულ ნაბიჯებს.

– თუმცა არ არის მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი, რადგან პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ რთულია.

– ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი პირველი ნარკოზი იყო და მეშინოდა, ვაიდა, საერთოდ ვეღარ გავიღვიძო-მეთქი (იცინის). ბოლოს, იმ აზრით დავიმშვიდე თავი, თუ მოვკვდები ხომ ვეღარაფერს გავიგებ-მეთქი (იცინის).

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ბევრი ამბობს, რა გენაღვლება, კუჭის ოპერაცია გაიკეთე, ყველაზე მარტივი გზა აირჩიე წონაში დასაკლებადო. ეს არ არის მარტივი გზა, ოპერაციიდან გამხდარი არ გამოდიხარ, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. საკმაოდ დიდი დრო გავატარე სახლში. ოპერაციის შემდეგ, მქონდა ტკივილები, დისკომფორტი. ბევრი უსიამოვნო მომენტი ახლავს ამ პროცესს, მაგრამ ყველა დეტალზე ვერ ისაუბრებ. რთული იყო, მაგრამ იმდენად არა, რომ ვერ გადამელახა. არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. ამ ოპერაციის დროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღით მაინც ტვინი უნდა გათიშო და ემოციებს არ აჰყვე. თმას ხომ არ იჭრი, კუჭს იჭრი და რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი ვერ იქნება, მაგრამ შედეგად ღირს.

– როცა შედეგს ხედავ, რა ემოციებია?

– პირველ თვეში 18 კილოგრამი მქონდა დაკლებული და თავი ისეთი გამხდარი მეგონა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო საბოლოო შედეგი. ახლა რომ ვუყურებ იმ ვიდეოებს მეცინება. ჩემს ძველ ვიდეოებსა და ფოტოებზე კი ვერანაირ მსგავსებას ვეღარ ვხედავ იმ და ახლანდელ ხატიას შორის. თვალების გარდა ყველაფერი შეიცვალა. მიუხედაავდ ამისა, ჯერ კიდევ ვერ გავითავისე, რომ წონაში დავიკელი, თავი ისევ ისეთი მგონია და ტანსაცმლის საყიდლად რომ შევდივარ, ყველაზე დიდ ზომებს ვეძებ (იცინის).

– ისევ სოციალური ქსელების გამოხმაურებები, რაც უკვე ცოტა სახალისოცაა, ანუ ადრე ზედმეტ წონას „გიწუნებდნენ“, ახლა – სიგამხდრეს. მოქმედებს ეს შენზე?

– საზოგადოების აზრი ათ ნაწილადაა გაყოფილი (იცინის). ზოგს უნდა, ისევ ისეთი ვიყო. ზოგი მეუბნება, რომ ძალიან გავხდი და უნდა გავჩერდე. ზოგი მეუბნება, რომ ანორექსია დამემართება. ვეღარ ვიგებ, მაგრამ შევეგუე იმ აზრს, რომ ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები. ერთი ქალია, რომელიც ხშირად მიწერდა კომენტარებს და სახელი და გვარი დამამახსოვრდა. ადრე დამიწერა, ეს ძროხას დაემსგავსაო და ცოტა ხნის წინ მიწერს, შეჩერდი, ანორექსია არ დაიმართოო. ჩემთვის ვფიქრობდი, ჩამოყალიბდი რამეზე-მეთქი (იცინის). მთავარია, ვინმემ შეურაცხყოფა არ მომაყენოს, რადგან ასეთ კომენტარებზე მართლა ცუდად ვხდები. არ ვიმსახურებ, რადგან თავად მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თორემ ვინც მიწერს, „რას ჰგავხარ“, „მახინჯოო“ და ასე შემდეგ, ასეთი რამ არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ბულინგის მსხვერპლი და ამას, ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ ასეთ კომენტარებს ჩემს აუდიტორიასთან ყოველთვის იუმორით ვუდგები და ჩემი აზრით, ადამიანებს ამით დიდ მოტივაციას ვაძლევ.

– შენი ვიდეოები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. როგორ მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ძალიან მომწონს, მაგალითად, როცა ქუჩაში ვინმე მეტყვის, ვაიმე, გიცანიო, ძალიან სასიამოვნოა. უცხო ადამიანები მიზიარებენ ხოლმე თავიანთ ემოციებს და ვგიჟდები ასეთ მომენტებზე. ხშირად ისიც უთქვამთ, რა ვერ დაიღალე ამდენი ვიდეოების გადაღებითო... და არა, არ დავღლილვარ, პირიქით, ძალიან მომწონს, ამიტომაც ვიღებ და ასეც ვაპირებ გაგრძელებას (იცინის).

– როგორ შეიცვალე იმიჯი წონაში კლების შემდეგ?

– ვაიმე, მინდა ყველა მაღაზია სახლში გამოვზიდო, სერიოზული „შოპაჰოლიკი“ გავხდი (იცინის). მანამდე, სადმე რომ შევიდოდი, მეტყოდნენ ხოლმე, შენი ზომა არ გვაქვსო. ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო, რადგან მრავაფეროვანი ტანსაცმელი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ახლა უბედნიერესი ვარ, შევალ და ნებისმიერ ტანსაცმელს მოვირგებ. ამიტომ თითქმის ყველაფერს ვყიდულობ, რაც მერგება (იცინის).

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?

– იცით, ყველაზე მეტად რა მომწონს? ჭარბწონიანი რომ ვიყავი, ფეხს ფეხზე ვერ ვიდებდი და ახლა სულ ფეხი ფეხზეგადადებული ვზივარ (იცინის). ათი სართულიც რომ ავიარო ფეხით, არ ვიღლები და მანამდე ერთი სართულის ავლისას ხუთჯერ ვისვენებდი.

პირველი პერიოდი მეგონა, რომ საჭმელი საერთოდ არ უნდა მეჭამა და ძალიან ბედნიერად, რამდენიმე დღე არ ვჭამდი. ამაზე ჩემი ექიმი გაგიჟდა. ზოგადად, ოპერაციის შემდეგ ჭამა არ გინდა, მე პირადად, ყველაფერი მეზიზღებოდა. ასე ვიყავი, სანამ ცუდად არ გავხდი. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ნორმის ფარგლებში აუცილებლად ჭამონ მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არა. მე შიმშილის შეგრძნება ახლაც არ მაქვს და ხელების კანკალი რომ მეწყება, მერე ვხვდები, რომ საკვები მჭირდება. ამიტომ ვაძალებ თავს ჭამას. მოკლე პერიოდში ამხელა წონას რომ იკლებ, შეიძლება, კანი მოგეშვას და ამიტომ ვარჯიში, მასაჟი, ცურვა, მოკლედ, აუცილებელია სპორტი ცხოვრების წესად აქციო და ახლა ამ პროცესში ვარ. ჯამში 59 კილოგრამი მაქვს დაკლებული და კიდევ 6-ის დაკლება მინდა. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ეს მარტივი პროცესი არ არის, მხოლოდ ოპერაცია არ გაძლევს შედეგს, მას მოფრთხილება და წესების დაცვა სჭირდება, მაგრამ ღირს ამ გზის გავლა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი