შოუბიზნესი

სალომე ჩიტაძე: მაკა ხშირად არ იყო ჩემთან, ქვეცნობიერში ჩამრჩა და მინდოდა, შვილი მყოლოდა, რომ ეს დეფიციტი ამომევსო

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 18.12, 2023 წელი

სალომე ჩიტაძე
დაკოპირებულია

მაკა ზამბახიძის შვილისთვის, მომღერალ სალომე ჩიტაძისთვის ოჯახური გარემო და დედის ამპლუა ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორ ახერხებს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროის შვილის გვერდით გატარებას და დედის პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევას, ამაზე თავად მოგვიყვება.

სალომე ჩიტაძე: არ მიყვარს ჩემი თავის დახასიათება, მით უმეტეს, იმაზე საუბარი, როგორი ვარ სხვისთვის. რთულია, ვთქვა, როგორი დედა ვარ მიქაელისთვის, მაგრამ ვისურვებდი, რომ სამაგალითო დედა ვყოფილიყავი. რატი ქორბუდას მეძახდა ხოლმე, ქორბუდა დედა ხარო (იცინის). ბავშვს ვინმე რომ აიყვანდა ხელში, ქორივით თავზე ვადგებოდი ხოლმე (იცინის). შეიძლება, ცოტა ეგოისტი დედა ვარ, მაგალითად, საშინლად არ მინდოდა, რომ მიქაელი ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა, აუცილებლად ძუძუ უნდა ეჭამა და ამ საკითხთან დაკავშირებითაც კი ძალიან ვეგოისტობდი (იცინის).

– როგორი ბიჭია მიქაელი?

– ძალიან დიდი ადამიანია. უყვარს ადამიანებზე დაკვირვება და ურთიერთობები. მარტივად შედის კომუნიკაციაში. თუ რამეს აკეთებს, უყვარს მისი სხვებისთვის გაზიარება. ძალიან აქტიური ბიჭია, იმდენად, რომ ოჯახში ვერ ვუმკლავდებით (იცინის). ფაქტობრივად, არ იღლება. მეც საკმაოდ ენერგიული და ინტერესიანი ბავშვი ვყოფილვარ და მაკაც. თუმცა, მიქაელი კიდევ უფრო ხმამაღალი ბავშვია. უყვარს ყველაფრის აფიშირება, რასაც აკეთებს.

– რთულია კარიერის შეთავსება ოჯახურ ცხოვრებასთან?

– რა თქმა უნდა. არ მჯერა იმ ადამიანების, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ. ალბათ, იმასაც გააჩნია, როგორი მისწრაფებები აქვს ადამიანს ცხოვრებაში. ვიღაცას კარიერა მეტად იზიდავს და მისი ოჯახურ ცხოვრებასთან შეთავსებაც არ ეჩვენება პრობლემურ საკითხად. მე ძალიან მეოჯახე ადამიანი ვარ. მშვიდი ხასიათი მაქვს და მიყვარს ოჯახში დროის გატარება. ზოდიაქოთი ლომი ვარ და ერთადერთი თვისება, რაც ამ ზოდიაქოს თვისებებიდან მაქვს, ესაა. სხვა მხრივ ლომური ხასიათი ვერ დავიჭირე ჩემში და ვხუმრობ ხოლმე, „ბრაკი“ ლომი ვარ-მეთქი. ჩემთვის კარიერა არ არის ამდენად საინტერესო. მაკა სულ მეჩხუბება ამის გამო: ნახე, რამდენს ვშრომობ და რა შედეგი მოაქვს დაუღლელ შრომასო. ცდილობს, მაჩვენოს, რომ შრომა ფასდაუდებელია და კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ მე უფრო სხვა რამეები მაინტერესებს. მირჩევნია, ოჯახთან გავატარო მეტი დრო, ვიდრე კარიერას მივუძღვნა თავი.

– პატარას დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა კარიერულად?

– კარიერას ვერ დავანებე თავი. მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ მთელ ჩემს ცხოვრებას მას დავუთმობ, ბევრს დავაშავებ საკუთარ თავთან. მე ცოტა სხვა ოცნებები მქონდა კარიერასთან დაკავშირებით. ჩემი მიზანი იყო, გავმხდარიყავი ვეტერინარი. დღემდე არ ვნებდები (იცინის). ვიბრძვი იმისთვის, რომ სწავლა დავამთავრო. მინდა, საჭირო კვალიფიკაცია მივიღო და ოცნება ავიხდინო. ამით მიქაელს ძალიან კარგ მაგალითს მივცემ. დაინახავს, რომ არასდროს არ არის გვიანი საკუთარ ოცნებებს ჩაებღაუჭო. არ უნდა დანებდე, ნებისმიერი დრო კარგია ამისთვის.

– დედიკოს სიმღერებს რომ ისმენს, როგორი რეაქცია აქვს?

– ჩემთან დაკავშირებით ყველაფერს ძალიან ემოციურად აღიქვამს. მე რომ მხედავს, ძალიან ნაზიბროლა ხდება (იცინის). უცებ მკაცრი კაცური ხასიათიდან გადმოერთვება და ფარფატა არსებად იქცევა (იცინის). გაიძახის ხოლმე, დედა მინდაო. ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ. ყველაფრით კმაყოფილია, რაც მე მიკავშირდება, მათ შორის, ჩემი უნიჭო ცეკვაც მოსწონს (იცინის). მის თვალებში ვხედავ, როგორი უანგარო სიყვარული შეუძლია და უბრალოდ, ძალიან ბედნიერია, როცა მის გვერდით ვარ. აქედან გამომდინარე, სიმღერაც მოსწონს ჩემი შესრულებით. დიდ სცენაზეც მიხილა და ესეც მოეწონა. ასევე, ძალიან ბედნიერია ხოლმე ტელევიზორში მაკას და რატის რომ ხედავს. რატიზე, საერთოდ, ჭკუა ეკეტება. საერთოდ, რატის ყველა ბავშვთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და განსაკუთრებული მეგობარია. მიქაელს ძალიან უყვარს მისი ჩახუტება. შეუძლია საათობით არ ასწიოს თავი, ისე ჰყავს დამდნარი ზედ და უბედნიერესია.

– მაკა რამდენად აქტიური ბებიაა?

– მაკა ძალიან კარგი ბებიაა. ფაქტობრივად, ბებიას ვერ დავარქმევდი. მე მაკასნაირი დეიდები მინახავს. ძალიან თბილია, უყვარს მიქაელთან თამაში და დროის გატარება. როცა თავისუფალია, სულ მასთან მოდის, თუ თავისუფალი დღე აქვს, მთხოვს ხოლმე, რომ ბაღში არ წავიყვანო. მის აღზრდაში მაქსიმალურად არის ჩართული.

– შეგცვალათ დედობამ?

– ყოველთვის ცანცარა და გიჟი ვიყავი და ახლაც გიჟი და გადარეული ვარ (იცინის). შეიცვალა ის, რომ პრიორიტეტები ახლებურად დალაგდა. ახლა მიქაელია პირველი ადამიანი, ვის წინაშეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე. ჯერ მიქაელია და მერე ყველაფერი დანარჩენი. მხოლოდ ეს შეიცვალა.

– რთული აღმოჩნდა ახალგაზრდა დედობა?

– გააჩნია, როგორ აღიქვამს ადამიანი სირთულეს. რთული შეიძლება, ვიღაცისთვის წყლის დალევაც იყოს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მე ძალიან მინდოდა დედობა. ბავშვობიდან მოყოლებული ოჯახობანას ვთამაშობდი. ალბათ, რადგან მაკა ხშირად არ იყო ჩემთან ერთად, ქვეცნობიერში ჩამრჩა და მინდოდა, შვილი მყოლოდა, რომ ჩემში ეს დეფიციტი ამომევსო. ერთი წამით არ გამჭირვებია დედის ამპლუის მორგება. მიქაელი ნაადრევად დაიბადა და წონით ძალიან პატარა იყო. ერთადერთი მაკა იყო, ვისაც არ ეშინოდა მისი აყვანა, რადგან ბებიაჩემიც ვერ იჭერდა ხელში და დაბანასთან დაკავშირებით ვერავინ მეხმარებოდა, სამშობიაროშივე ავითვისე ეს პასუხისმგებლობა და თავიდან ბოლომდე ყველაფერს მე ვაკეთებდი. არ მქონია შიშის მომენტი, ერთი წამითაც არ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, შევძლებდი თუ არა. ვერც ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, მეფიქრა, რომ ვერ შევძლებდი. საკუთარი შვილი როგორ ვერ უნდა დამებანა ან როგორ ვერ უნდა ჩამეცმია მისთვის?! ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. არ მიფიქრია, რომ რამეს ვერ გავუმკლავდებოდი. ბოლოს და ბოლოს, გაუტკივარების გარეშე ვიმშობიარე, ამას გავუძელი და პატარა ბავშვს ვერ დავბანდი?! ეს რთულ დავალებად საერთოდ არ მომჩვენებია და ასეა დღემდე, ყველაფერი, რაც ჩემს შვილს უკავშირდება, ჩემთვის დიდი ბედნიერების მომტანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა