შოუბიზნესი

მარიამ გაფრინდაშვილი: იმაზეც ვბრაზდები, რომ ბოლომდე ვერ შევირგე ჩემი შვილის დაბადება

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19 წუთის წინ

მარიამ გაფრინდაშვილი
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა. მარიამმა ოჯახი შექმნა, მისი მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაია გახლავთ და წყვილი, პირველი შვილის – ლუკას მშობლები გახდნენ.

სამწუხაროდ, მხოლოდ ბედნიერი ამბები არ ყოფილა, მარიამი დიდი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას მისი და ემსხვერპლა.

მარიამ გაფრინდაშვილი: ნიკოს ძალიან ბევრი წელია, ვიცნობ. ჩვენ არაერთხელ გადავკვეთილვართ და ასევე, საერთო წრე გვყავს. ამ ურთიერთობაში იყო წყვეტა, ერთმანეთს ვესალმებოდით, მაგრამ მეტი არაფერი. შემდეგ ისე მოხდა, რომ თავიდან გადავიკვეთეთ და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ნიკო, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარი და საიმედო ადამიანია.

– რას ამბობს შენი საქმიანობიდან გამომდინარე სირთულესთან დაკავშირებით?

– ნიკოსთვის არ არის უცხო ჩემი პროფესია, კარგად ესმის ამ საქმის. მასაც ბევრი მეგობარი ჰყავს ამ წრეში, იცის ჩვენი დატვირთული გრაფიკიც და ჩვენი პროფესიის სირთულეებიც. რომ არ ჰქონოდა მიმღებლობა და ამ ნაწილში ერთმანეთის რომ არ გვესმოდეს, დღეს ერთად ვერ ვიქნებოდით. ჩემი სამსახური, უბრალოდ, სამსახური არ არის; ზუსტად ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ნიკო, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ადამიანი, რომელიც პატივს სცემს და იღებს იმას, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის მე არ მთხოვს, რომ შევიცვალო ან ცხოვრება შევცვალო, არ მიყენებს ულტიმატუმებს: „თუ გინდა, რომ ერთად ვიყოთ, არ გააკეთო ის, რაც გიყვარს“. ანალოგიურად, მე ვიღებ მის ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის და როგორიც მას უყვარს – აკეთებს იმას, რაც უყვარს. მე რომ პროფესიაზე უარი უნდა ვთქვა და ნიკო ავირჩიო, დარწმუნებული ვარ, ეს დღის წესრიგში არასდროს დადგება. პირიქით, ხშირად, როცა მე გაბრაზებულზე ვამბობ: „დავიღალე და აღარ მინდა, ან ხომ არ დავასრულო“, ის ძალიან მამხნევებს.

– როცა გაიგეთ, რომ მშობლები ხდებოდით, როგორ შეიცვალა ყველაფერი?

– მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის გოგო არ ვარ, პირდაპირ ვამბობ, მართლა ვერ გავიაზრე. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და მართლა დღესასწაული გვქონდა, როცა ეს ამბავი გავიგეთ, ორივე ოჯახისთვის საოცარი ამბავი იყო. თან ნიკოს და-ძმა არ ჰყავს, დედისერთაა და პირველი შვილიშვილი ოჯახში დიდი ამბავი იყო. ერთადერთი, რაც ვიფიქრე, ისაა, რომ არ ვყოფილიყავი გოგო, რომელიც ამ ეტაპის „შერგებას“ ცდილობს. ისევ ისე, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ბოლო წუთამდე სულ მოძრაობაში ვიყავი. ერთ დღეს ეთერში ვიჯექი და მეორე დღეს დაგეგმილ საკეისროზე წავედი. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ორსულობაც არ მქონდა რთული. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მერე დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს, 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ეს მოხდა, თუმცა, მანამდე ყველაფერი მარტივად და მხიარულად იყო – ერთი დღეც კი არ ამიღია დასასვენებლად.

ჩვენ ხუთი დედმამიშვილი ვართ. ყველა დედმამიშვილს უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩემს ოჯახს ვინც იცნობს, მართლა ყველამ იცის, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ, წყვეტა არ გვაქვს, სულ ჩართულები ვართ ერთმანეთის ცხოვრებაში. მე მართლა დღემდე ვერ დავიჯერე, რომ ჩემი და აღარ არის, ვერ გავიაზრე, რაც მოხდა. ისეთი უსამართლობის განცდა მაქვს, არ ვიცი, როგორ აღვწერო. ჩვენი მთლიანობა დაირღვა – რაც მე ძალიან მიყვარდა და მეამაყებოდა, სადაც ყოველთვის გავრბოდი. ეს განუზომელი ტრაგედია იყო. მარტში მოხდა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ დღემდე ვერ ვიჯერებ და შეიძლება, შაბლონური სიტყვებია, მაგრამ ჯერ კიდევ სიზმარი მგონია. ჩემმა ტვინმა ვერაფრით მიიღო. რაღაც ეტაპზე საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეცხოვრა, კარგი რამე რატომ უნდა გამეკეთებინა.

– კარგი რატომ უნდა გამეკეთებინაო, თქვი, მაგრამ როგორც ვიცი, მის მიმართ, ვისი მიზეზითაც ეს მოხდა, დიდი ადამიანობა გამოიჩინეთ...

– კი, პირველ რიგში, ჩემმა მშობლებმა გამოიჩინეს. მე მართლა ვამბობ – როდესაც ნასვამი ჯდები საჭესთან, ხარ პოტენციური მკვლელი! ჩემი დის ამბის მერე მანქანას სწრაფად მიმავალს რომ ვხედავ, მინდა, დავეწიო და ვთხოვო, შეანელოს…

ეს ადამიანი იყო მთვრალი. კი, ჩემს თვალში ის პოტენციური მკვლელია, მაგრამ განზრახვა მას ასეთი, რა თქმა უნდა, არ ჰქონია. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის არ ეჩივლათ. უბრალოდ, რადგან ის იყო მთვრალი და არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ბუნებრივია, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღმოჩნდა ციხეში, თუმცა ჩვენი ჩივილის საფუძველზე – არა. ამაზეც ხშირად ვფიქრობ: ამ ადამიანს 7 წელი მიუსაჯეს, ჩემი და დღეს ცოცხალი აღარ არის. მას ორი არაჩვეულებრივი შვილი დარჩა. თვითონ იყო სიცოცხლით სავსე და ჰქონდა უამრავი გეგმა. ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს სიკვდილზე და მე, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მართლა მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, რამე დამმართნოდა – ხან დარბევის ეპიცენტრში ვარ, ხან სად, მაგრამ ჩემი და ისეთი ადამიანი იყო... არ ვიცი, ყველას პატრონი. თან თავად ამბავიც ისე მოხდა... ფეხით რომ წამოსულიყო და ეს ავტომობილი იქ არ ყოფილიყო, სახლში ზუსტად ორ წუთში იქნებოდა. უბრალოდ, ეს ბიჭი რომ ნასვამი ნახა საჭესთან, თავიდან გაუშვა, მერე თავის მეგობარს უთხრა: აუ, მთვრალია, რამე არ დაემართოსო და მოაბრუნა – მისი შვილის მეგობარი იყო. ზუსტად ორ წუთში მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

– ნაცნობი იყო, შვილის მეგობარი?

– კი, ასეა. ჭიათურა ძალიან პატარა ქალაქია. ჩემი და სახლში ადიოდა, შვილისთვის რაღაცები ჰქონდა ნაყიდი. წვიმდა. მანქანა დაინახა, რომელსაც თავის შვილის მეგობარი მართავდა. მას შეუთავაზებია: სახლში აგიყვანო. კარგიო. ჩემს დას უთქვამს, მაგრამ რომ შეხედა, ნასვამი იყო, არ ჩაუჯდა, გაუშვა. ჩემი და თვითონ არ მართავდა მანქანას, ეშინოდა და არ ჯდებოდა საჭესთან. ზუსტად ერთ წუთში, ვისთან ერთადაც იყო ჩემი და, იმისთვის უთქვამს: რამე არ დაემართოს, ბავშვი მთვრალი გავუშვითო. მოაბრუნა და 30 წამში ადგილზე მოკლა ამ ბიჭმა. ჩემთვის ის მკვლელია, ამას ვერ გაექცევა. მე ჩემი მშობლების ადგილას არ ვიცი, გამოვიჩენდი თუ არა ამ დიდსულოვნებას. დედაჩემმა იმაზეც ინერვიულა, ამ ბიჭს 7 წელი რომ მიუსაჯეს.

– თან როგორი ამბავია — თითქოს, თავის სიკეთეს შეეწირა.

– ზუსტად ამიტომ ვეღარ ვხვდები – არ ვიცი, კარგს გააკეთებ თუ ცუდს, ასე ხდება? ჩემს დას ეს არ უნდა დამართნოდა. ალბათ, არავის არ უნდა დაემართოს ასეთი რამ, მაგრამ ჩემი და ჩემია და მე ამიტომ ვამბობ ასე. ეს მართლა მეხის გავარდნა იყო. ჩემს დას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობდა, ის მედიკოსი იყო და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო იმედი. დღემდე ისეთ ისტორიებს ვისმენ, რაც აქამდე არ ვიცოდი. მას დარჩა ორი შვილი – სანდრო და ლევანი, რომელთაც მისი იმედი ჰქონდათ. ძალიან დიდი უსამართლობა მოხდა. როგორც უნდა, ისე გაიგონ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ ღმერთზე. საერთოდ არაფრის აღარ მჯერა. ამას რომ ვამბობ, ვიღაცები მლანძრავენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ძალიან გაბრაზებული ვარ.

– როცა ეს მოხდა, შვიდი თვის ფეხმძიმე იყავი. არ ვიცი, ამ დროს საერთოდ იმის გააზრება თუ შეიძლებოდა, რომ ბავშვზე უნდა გეფიქრა…

– სამწუხაროდ, მე ვერ ვიფიქრე, ოღონდ მართლა. ეს ჩემთვის იმხელა შოკი იყო, თუ დამიჯერებთ, თბილისიდან ჭიათურაში როგორ ჩავედი, არ მახსოვს. არ მეუბნებოდნენ სიმართლეს, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ჩემი და ცოცხალი იყო, მე კი არ უნდა წავსულიყავი ჭიათურაში, ის უნდა წამოეყვანათ თბილისში, მე კი აქ მისთვის ექიმი უნდა მომეძებნა. ისე გავიარე გზა, მართლა არ მახსოვს. იმ მომენტში, პირდაპირ ვიტყვი, არ მიფიქრია შვილზე. საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, ამ ტრაგედიის მასშტაბს ვერ ვიაზრებდი და ვერ ვიჯერებდი. ისევ ადამიანები, ისევ დედაჩემი, რომელიც ამხელა ტრაგედიაში იყო, ნიკო და ჩემი დედმამიშვილები – რომ მეორე ტრაგედია არ მომხდარიყო. იმ მომენტში, მომავალ სიცოცხლეზე შაბლონური ტექსტები ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო.

ჩემს შვილზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერავინ ვერავის ცვლის. შვილი შვილია, მაგრამ ჩემს გულში იმ ადგილს, რაც ირმას აქვს, კიდევ ხუთი შვილი რომ გავაჩინო, ვერავინ ამოავსებს. ყველას თავისი ადგილი აქვს. ჩვენ, უბრალოდ, ცხოვრებას ვაგრძელებთ.

– როგორი ბიჭია ლუკა?

– ვხუმრობ, მგონი, სამშობიაროში შეგვიცვალეს-მეთქი, იმიტომ, რომ უმშვიდესი ადამიანია (იცინის). არ ვიცი, ჩვენი შვილი ასეთი რანაირად არის. რომ მეუბნებოდნენ, ახლა დაიწყებ ღამეების გათენებასო – არაფერიც, ძალიან კარგად გვძინავს. ძალიან მშვიდი და საყვარელი ბავშვია, იმედია, ასე გააგრძელებს. ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, სხვანაირი ბედნიერება შემოიტანა. უფრო მზრუნველი გამხადა, მინდა, ყველაფერი გავუკეთო და ეს ერთი წამითაც არ მეზარება. თუმცა, არ ვარ დედა, რომელიც სტერილურად ზრდის ბავშვს, ფოტოს არ აჩენს სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ – ამ ამბავს ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ კანონზომიერებას: შვილი გყავს, უნდა იზრუნო მასზე და ყველაფერი გაუკეთო. სამსახურში ზუსტად იმავე გრაფიკით ვმუშაობ. ბებიებიც გვეხმარებიან და ნათესავი ქალბატონიც, ძალიან ჩართულია ნიკო – საუკეთესო მამაა. ვამტკიცებ, რომ გარეგნულად მე მგავს. დანარჩენები არ მეთანხმებიან, მაგრამ მე მტკიცებულებად ჩემი ბავშვობის ფოტოებს ვიყენებ, სადაც ზურგით ვდგავარ (იცინის). აი, საჯაროდაც ვამბობ, რომ მე მგავს, ამ დროს – საერთოდ არ მგავს, მამას ჰგავს ძალიან (იცინის). მთავარია, ხასიათით არ დამემსგავსოს, დანარჩენს ავიტანთ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი